თემურ ნანეიშვილი: „ხელისუფლებას ბერკეტები ნაწილ–ნაწილ უნდა გამოვაცალოთ“

თემურ ნანეიშვილი: „ხელისუფლებას ბერკეტები ნაწილ–ნაწილ უნდა გამოვაცალოთ“

ქვეყანაში მორიგი „რევოლუციური მცდელობა“ სისხლისღვრით და მსხვერპლით დასრულდა. ხელისუფლება რუსულ საფრთხეზე მუდმივი აპელირებით ცდილობს იმ სისასტიკის გადაფარვას, რასაც რუსთაველზე ჰქონდა ადგილი. 26 მაისის „აღლუმის“ შემდეგ საქართველოს ჰყავს საკუთარი ხალხის ცემა–ტყეპაში გავარჯიშებული ხელისუფლება,  მარგინალიზებული ოპოზიცია და საზოგადოება, რომლის ხმაც დახშულია. ვინ დარჩა მოგებული, ამის განსაზღვრა მკითხველისთვის მიგვინდვია.

„პრესაგე.ტვ“ „ქართული აკადემიის“ ერთ–ერთ ლიდერ თემურ ნანეიშვილს ესაუბრება.  

როგორ აფასებთ დღევანდელ ვითარებას; რა მოხდა, სად ვართ და საით მივდივართ?

– მორალური კატეგორიებით, მოხდა საშინელება. ეს იყო ადამიანების დასჯის, „ჭკუის სწავლების“ მიზნით ჩადენილი ყოვლად გაუმართლებელი ქმედება. იმის მიღწევა უნდოდათ, რომ სასტიკად ნაცემი კაცი, მეორედ იქ აღარ მისულიყო. ერთ–ერთმა ოდიოზურმა „ლიბერალმა“, ამ განზრახვის თაობაზე პირდაპირ განაცხადა.

რამდენად მიაღწიეს დასახულ „მიზანს“?

– ამის მიღწევა შეუძლებელია, რადგან ძალადობა ყოველთვის უარეს ძალადობას შობს. ხალხმაც უნდა გააცნობიეროს, რომ ეს მიმართულება სრულიად მიუღებელია. ამ გზით სათავეში მოსული აუცილებლად გველეშაპად გადაიქცევა; მორიგი რევოლუციის და კატაკლიზმების შემდეგ, თვითონ მოუწევს ძალადობრივი მეთოდების გამოყენება.

როგორც მიშა თვალსა და ხელს შუა გაგვიფუჭდა, ასე მოუვა სხვასაც. სააკაშვილიც სხვა იდეალებით და მოწოდებებით მოდიოდა და რადაც გადაიქცა - კარგად დავინახეთ.

ბოლო ღონისძიების ლიდერებს ვერ დავუჯერებ, რადგან თავად არიან რეჟიმის შემოქმედნი. როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ, ძალადობას ყოველთვის ამართლებდნენ. ეს ხალხმა ჩემზე უკეთ იცის და თუ ვინმეს ძალით დავიწყება უნდა, მათთან ძალიან დიდი ბოდიში.

მაშინ, რა მიიღო ყოველივეს შემდეგ აქციების ორგანიზატორმა სახალხო კრებამ?

– მიიღო ადამიანების გარკვეული ჯგუფი, რომელიც ჯერ ბოლომდე აზრზე ვერ მოვიდა და ვერ ჩამოყალობდა.

რა თქმა უნდა, მიიღო მმართველების მიმართ გამძვინვარებული პროტესტი. მათ რიცხვში ვარ, ვისაც არ უყვარს და პატივს არ სცემს ამ ხელისუფლებას. ისინი ნამდვილ დიქტატორებად და მოძალადეებად წარმოჩინდნენ. ეს უკვე მერამდენეჯერ დაგვიმტკიცეს; ალბათ, ეს ბოლო წერტილია და მათი ჭეშმარიტი რაობის დადგენას, ანალიზი აღარ სჭირდება.

ამისთვის კი არ ღირდა უდანაშაულო ადამიანების არც ფიზიკური განადგურების საშიშროების წინაშე დაყენება, არც თავების გახეთქვა.

პარტიებს საყვედურობენ, რომ აქციას გვერდით არ დაუდგნენ. იქ პარტიული სულ რამდენიმე კაცი იყო. დანარჩენი, ცნობადი, საპატივცემულო სახეები იყვნენ, რომლებიც ასეთ პოლიტიკურ ორომტრიალში ახლა ჩაებნენ. მათ მიერ შედგენილ რევოლუციის გეგმას (თან გასაიდუმლოებულს) როგორ უნდა წაყვეს 20 და 30 სტაჟის მქონე პოლიტიკური პარტია - გაუგებარია.

რევოლუცია რაღაც ჩარჩოებში მოქცეული გეგმით არ ხდება. ამას უფრო სპონტანური აჯანყების სახე აქვს ხოლმე. ქალაქში არანაირი რევოლუციური სიო არ ქრის და უცებ, სამ საათზე აჯანყების დაწყება უნდათ. ამ დროს აღლუმის ჩაშლის გეგმა იკვეთება. გეკითხებით, ამით მიშა გადადგებოდა?

ხელისუფლებას ოდნავ ჰუმანისტური მიდგომა რომ ჰქონოდა, აღლუმს სხვაგან ჩაატარებდა, ძლიერმა უნდა დათმოს. ამ შემთხვევაში, კვინტრაძეების გაუბედურებულ ოჯახს არ მიიღებდნენ, როდესაც მამა–შვილი დაიღუპა. ასევე პოლიციელი დაიღუპა და ჩვენ ყველას ვუსამძიმრებთ. უამრავმა ადამიანმა ისეთი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ტრავმა მიიღო. ხელისუფლება ამ დანაშაულს ვერასოდეს ჩამოირეცხავს. მას პირსისხლიანი კაცის „საპატიო“ სახელი მიენიჭა.

რაც შეეხება შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალს. თქვენ პარტიები ახსენეთ. „რვიანი“ საარჩევნო თემაზე მუშაობს, მაგრამ ხელისუფლებისგან პასუხი დღემდე არ მიუღია. მოვლენების რა გზით განვითარებას ელით?

– „რვიანს“ ვგულშემატკივრობ, მაგრამ ჩემი აზრით, დიდი უზნეობა იქნებოდა მომხდარის ფონზე მტარვალ ხელისუფლებასთან დასხდნენ და ლაპარაკი დაიწყონ. კომისია უნდა შედგეს და დამნაშვეები დაისაჯონ. მანამდე, ამ თემაზე საუბრები არ უნდა იყოს. ეს სუფთა ზნეობრივი მომენტია.

თუმცა, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის რომ, მაგიდასთან არ დაბრუნდეს და ეს ქმედებაშიც ჩანს.

- „სახალხო კრება“ ისევ აქტიურობს და ხელისუფლების მხრიდან არანაირ ხელის შეშლას ადგილი არ აქვს. მთავრობა ცდილობს, ამ სათამაშო მოედანს აქტუალობა არ დაეკარგოს.

ოქრუაშვილმა საკუთარ თავს განაჩენი გამოუტანა. ესენი („სახალხო კრება“) ისე მოიქცნენ, არ მგონია გონიერ კაცს ამ გზის გაგრძელების სურვილი ჰქონდეს. მაინც აქტიურობენ და საგულისხმოა, რომ ხელისუფლება ხელს არ უშლის. ეს იმიტომ ხდება, რომ სწორედ ამ მოედანზეა ხელისუფლება ძლიერი.

ხელისუფლებას ძალიან უჭირს უცხოელებთან დაჯდომა და იქ დემოკრატიულ ცვლილებებზე საუბარი. რადგან ამ მოედანზე ლოგიკას და კანონებს ენიჭება უპირველესი მნიშვნელობა. ამიტომ, სურს აქტიურ მდგომარეობაში დატოვოს ის ველი, სადაც დანაშულებრივად დომინირებს. 

ხელისუფლება ხედავს, რომ ხალხი დაბნეულია და ავანსცენიდან მისი წასვლა ეჩქარება. ამით სარგებლობენ და ისევ ქუჩის გააქტიურებას ცდილობენ, „რვიანს“ რომ მხარი არ დაუჭირონ და თამაშგარეში დატოვონ. თუმცა, პრობლემა სხვაგვარად არ გადაწყდება. 

მაგრამ ჩამოყალიბებული ავტორიტარიზმის პირობებში, რამდენად შესაძლებელია საარჩევნო გზით რეალური ცვლილებების მიღწევა?

– ხელისუფლებას ბერკეტები ნაწილ–ნაწილ უნდა გამოვაცალოთ. თანდათანობით უნდა დავასუსტოთ. საზოგადოებაში გაჩნდა აზრი, რომ „რვიანის“ მოთხოვნებში მხოლოდ საარჩევნო კოდექსზეა საუბარი. იქ მთელი რვა პუნქტია, სასამართლოზე, მასმედიაზე და ა.შ. მხოლოდ ორი საკითხია, რაც უშუალოდ არჩევნებს შეეხება. სწორედ ამ მოთხოვნებით უნდა მოხდეს ქუჩაში გამოსვლა და მხარს აუცილებლად დაგვიჭერენ.

პირდაპირ გამოგვიცხადეს, დემოკრატიულ მოთხოვნებზე მხარს დაგიჭერთ და ბოლომდე გამოგყვებითო. ეს დასავლეთმა ამ დარბევის დროსაც გაიმეორა. სხვა გამოსავალი, უბრალოდ, არ გვაქვს და ამ გზით უნდა ვიაროთ.

როგორ წარმოგიდგენიათ, ამ მოთხოვნებს არ დათმობს ხელისუფლება და პირდაპირ ერთიანად სკამს შეელევა? ეს ხომ გამორიცხულია.

მეორეს მხრივ, ნორმალური არჩევნების შემთხვევაში ხელისუფლება დაახლოებით ოცდაათ პროცენტს მიიღებს. დღევანდელი ოდიოზური ლიდერები, რომლებიც არანაირ მორალს ანგარიშს არ უწევენ, პარლამენტში დარჩებიან. საბოლოო ჯამში კი, მათ შორის აუცილებლად მოხდება კონფლიქტი.

ამის თქმის საფუძველს რა გაძლევთ?

– ამერიკელები უკვე ძალიან ხშირად ახსენებენ სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას. სააკაშვილის უარი საარჩევნო გარემოს დემოკრატიზაციაზე, ნიშნავს ფაქტობრივ უარს აშშ–სთან გაფორმებული ქარტიის მოთხოვნების შესრულებაზე. ამის ნიშნები იკვეთება.

ამ გზას, თუნდაც - სააკაშვილის უმრავლესობა, მხარს ვერ დაუჭერს. როგორც მან შევარდნაძის ხელისუფლება შიგნიდან დაშალა და ფაქტობრივად სამთავრობო გადატრიალებას ჰქონდა ადგილი, ახლაც იგივე უნდა მოხდეს. მიშას წინააღმდეგ ღიად წასვლას ვერ გაბედავენ, შიგნით კი უკმაყოფილება მწიფდება. ეს უნდა გამოვიყენოთ.

მიშას პოლიტიკურ საფლავში არავინ ჩაყვება. ისინი თავის ცოლ–შვილს არ გადაყვებიან. თუ სააკაშვილს დასავლეთთან ასეთი კონფრონტაცია მოუწია, ამ გზაზე გვერდში არ დაუდგებიან. იციან, რომ ამ შემთხვევაში სხვა გზით მოუწევთ სიარული, რომლის ბოლოშიც ეშაფოტი ელოდებათ.