ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა იუნესკომ კაცობრიობის არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობად აღიარა. ეს გადაწყვეტილება ეთიოპიის დედაქალაქ ადის-აბებაში მიიღეს.
ამ აღიარების მნიშვნელობის შესახებ For.ge-ს ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორი ავთანდილ არაბული ესაუბრა.
ქართული ანბანის სამი სახეობის (ასომთავრული, ნუსხური, მხედრული) ცოცხალი კულტურა საუკუნეების განმავლობაში ქართული დამწერლობის ევოლუციის საფუძველზე ჩამოყალიბდა. დღეს კი იგი იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაშია შეტანილი. იუნესკოს ამ აღიარებას რა მნიშვნელობა აქვს საქართველოს, როგორც მაღალი კულტურის მქონე ქვეყნის, იმიჯის განმტკიცებისთვის საერთაშორისო დონეზე?
- ძალიან მნიშვნელოვანი აღიარებაა. ეს რიგით მესამე ნომინაციაა. პირველად აღიარეს ქართული ფოლკლორი, მეორედ ღვინის ქვევრის კულტურა საქართველოში და მესამე აღიარებაა ქართული დამწერლობის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა. ეს გულისხმობს იმას, რომ საქართველოს მთელი ისტორიის განმავლობაში უწყევეტად არსებობდა ქართული დამწერლობის სამი სახეობა, რომელიც თავისი სტრუქტურით დამოუკიდებელი ანბანებია. ისინი თანაარსებობდნენ და არ შეწყვეტილა არც ერთის არსებობა. ამით ხაზი გაესმის იმას, რომ ქართული კულტურა მთელი ისტორიის განმავლობაში ურღვევი და მთლიანია. ასეთი ნომინაციების დროს, ჩვეულებრივ, აქცენტი გადატანილია არა იმდენად ისტორიულ ღირებულებაზე, რამდენადაც იმაზე, რომ ეს კულტურა დღესაც ცოცხალია. ვთქვათ, ქვევრში ღვინის დაყენების ტრადიცია ნიშნავს, რომ ამ ტრადიციას დღესაც მისდევენ. სხვანაირად ასეთი ნომინაცია არ ენიჭება.
ქართული დამწერლობის უწყვეტობის აღიარების მიზნით რომელ ასპექტზე გაამახვილეთ ყურადღება ქართველმა მეცნიერებმა?
- მეორე წელია, მიმდინარეობს ეს პროცესი. უპირველესად, ქართული კულტურა უნდა გამოცხადებულიყო არამატერიალური კულტურის ძეგლად და ამას შარშან მივაღწიეთ. ეს ნომინაცია დოკუმენტურად საკმაოდ რთულად გასაფორმებელი იყო, ამას ახლდა მთელი რიგი დოკუმენტაცია. კულტურის სამინისტროს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები, არაჩვეულებრივი სპეციალისტები იყვნენ ამ საქმეში ჩართულნი. ასევე, ჩვენი სამეცნიერო დაწესებულებების წარმომადგენლები, მათ შორის, ენათმეცნიერების ინსტიტუტი, რომელსაც მე განვაგებ, აქტიურად იყო ამ პროცესში ჩართული. ფაქტია, რომ დოკუმენტი უნაკლოდ მომზადდა. შესაძლოა, პარალელი არ ვარგოდეს, მაგრამ, როგორც სტრასბურგის სასამართლოში პროცედურები ხანგრძლივია, იუნესკოშიც უამრავი ნომინაციაა წარდგენილი და ათასიდან, ალბათ, ათიოდე თუ მტკიცდება. ჩვენც რიგს ველოდებოდით და, როდესაც განიხილეს, მიანიჭეს კიდეც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი ჩვენს დამწერლობას. სრულყოფილი დასაბუთება სჭირდებოდა იმას, რომ ქართული დამწერლობა მსოფლიო დამწერლობათა შორის ერთ-ერთი უნიკალურია. ძალიან მცირე რაოდენობაა ასეთი დამოუკიდებელი დამწერლობის, სულ რაღაც ათიოდე ერთეულს ითვლის. მოგეხსენებათ, ასომთავრული უხსოვარი დროიდან შეიქმნა. ჩვენ არ ვიცით, როდის შეიქმნა, მაგრამ მეხუთე საუკუნიდან უკვე მოგვეპოვება ასომთავრული ძეგლების მყარი დოკუმენტაცია, როგორც ეპიგრაფიკული, ისე საარქივო მასალა. ამის შემდეგ შემოდის ნუსხა-ხუცური, რომელიც ძალზე განსხვავებულია თავისი სისტემით ასომთავრულისაგან. ასომთავრული ორხაზოვანია, ნუსხური კი - ოთხხაზოვანი; ამასთან, ასომთარული მრგვლოვანია, ნუსხა-ხუცური კი კუთხოვანი. ნუსხური გადასაწერად უფრო მოსახერხებელი იყო.
ამიტომაც არის ნუსხა-ხუცური დახრილი, კუთხოვანი, რათა გადაწერის პროცესი გამარტივებულიყო. თუმცა ფაქტია, რომ ნუსხური დამწერლობა ასომთავრულის უკვე განვითარებული ფორმებიდან წარმოიშვა.
- დიახ, ნუსხა-ხუცურს გადაწერისთვის იყენებდნენ, მაგრამ ნუსხა-ხუცურის შემოსვლას არ გამოუძევებია ასომთავრული მოხმარებიდან. ის რეგულარულად გამოიყენებოდა და შეუცვლელი იყო ეპიგრაფიკაში. საზედაო ასოები ყველა წიგნში ასომთავრული ანბანით იწერებოდა. მეათე საუკუნიდან შემოდის და მერე თანდათან ძლიერდება დამწერლობის უკვე მესამე სახეობა - მხედრული დამწერლობა. მხედრული დამწერლობა ძალიან ფართოდ გავრცელდა, რადგან საერო ლიტერატურაც დაემატა სასულიერო ლიტერატურას. თუმცა არც მხედრულმა დამწერლობამ არ გამოაძევა დანარჩენი დამწერლობის ნაირსახეობები, არამედ ისინი ჩაანაცვლა და თანაარსებობდა მათთან ერთად. ფაქტობრივად, ფუნქციები გაინაწილეს. სასულიერო სფეროში ასომთავრული და ნუსხა-ხუცური გამოიყენებოდა, ხოლო საერო ლიტერატურაში-მხედრული.
ქართულის გარდა, სხვა დამწერლობის ნაირსახეობა შესულია იუნესკოს ნუსხაში?
- ჯერჯერობით არც ერთი ასეთი ნომინაცია არ არსებობს, ეს პირველი და ძალიან მნიშვნელოვანია. სხვანაირი ნომინაციაც შეიძლება იყოს იუნესკოში, მაგრამ ასეთი ნომინაცია უნიკალურია. განსაკუთრებით ღირშესანიშნავია, რომ დღევანდელ ვითარებაშიც სასულიერო სასწავლებლებში სწავლა და ღვთისმსახურება მიმდინარეობს ძველი დამწერლობების საფუძველზე. ძირითადად აღებულია ნუსხა-ხუცური და დღესაც ეპიგრაფიკული წარწერები კეთდება ასომთავრულით. ახლანდელი ფრესკებიც და ხატწერის ნიმუშებიც ასომთავრულითაა შესრულებული. სახელმწიფო დამწერლობა კი მხედრულია და მეცნიერებაშიც მხედრული დამწერლობა გამოიყენება. კარგია, რომ ბავშვებს სკოლიდანვე ვასწავლით დამწერლობის სამივე ნაირსახეობას. სხვაგან ასე არ ხდება. ამან ძალიან მოხიბლა ჟიური და იუნესკოს წარმომადგენლობა, რომელმაც ეს დამწერლობა მიიჩნია ყველა პუნქტით დამაკმაყოფილებლად და აღნიშნული სტატუსი მიანიჭა.
რა დამცავ ბერკეტს შესძენს ეს აღიარება ქართულ დამწერლობას მათ თვალში, ვინც ჩვენს დამწერლობაშიც გვეცილება?
- ცხადია, ისინი ამას ხელს ვეღარ შეუშლიან, მაგრამ, ალბათ, მოისურვებენ, რომ მათი დამწერლობის რაღაც ტრადიცია შევიდეს იუნესკოს ნუსხაში. თუმცა სამი სახეობის დამწერლობის თანაარსებობის ტრადიცია მათ ვერ ექნებათ, რადგან სხვაგან ასეთი რამ არ მეგულება. ბაძვა კარგია, შურია ცუდი, რადგან „შური არს წუხილი სხვისა სიკეთესა ზედა“. ქართული სალიტერატურო ენის განვითარებაში მეხუთე საუკუნიდან დღემდე წყვეტა არ ყოფილა. ეს ევოლუციის პროცესი იყო. ჩვენ ძველ ქართულსაც დღესაც ისევე ვსწავლობთ, ვკითხულობთ და გადმოვცემთ, როგორც ძველ სინამდვილეში იყო.
ამიტომაც ჰქვია 15-საუკუნოვანი მთლიანობა.
- რასაკვირველია. სხვაგან ამხელა 15 საუკუნის მანძილზე ორი სხვადასხვა ენა მაინც ჩამოყალიბდა. ჩვენი უნიკალურობა კი იმაშია, რომ სალიტერატურო ენა ურღვევი იყო.
თუკი ამ უწყვეტობას გადავიტანთ ამ დამწერლობის ქმნელი ხალხის, ანუ ქართველების ეთნოსზე, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ პატივს ვცემდით ტრადიციას და ამიტომაც ვინარჩუნებდით უძველესი ქართული ანბანის ნაირსახეობას?
- ეს არის სწორედ ისტორიზმი, ისტორიის პატივისცემა. ახალი სახეობა და ნაირსახეობები იმის გამოხატულებაა, რომ ქართველი სიახლის მოყვარულია, ის განაახლებდა, ახალს, უფრო გაუმჯობესებულს ქმნიდა, მაგრამ, ამავე დროს, ძველს არ ივიწყებდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ტრადიციაა, ისტორიული არ უნდა მოშალო და ისე უნდა განავითარო ახალი. სხვათა შორის, იუნესკოს ეს ნომინაცია ჩვენს სახელმწიფოს დღესაც ავალებს, რომ სახელმწიფო ენას ისე მოუაროს, თანამედროვე ვითარებას ისე უპასუხოს, რომ ისტორიული ღირებულებები არ უკუაგდოს. თუნდაც სასკოლო სწავლების თვალსაზრისით, გვესმოდა, ძველი რა საჭიროა? რად გვინდა აგიოგრაფიული ლიტერატურა? ამ დროს კი ჩვენი ტრადიცია სწორედ ამას აჩვენებს, რომ ჩვენ უნდა ვუერთგულოთ უწყვეტ და ძალიან ძვირფას მემკვიდრეობას.
იუნესკოს არამატერიალური მემკვიდრეობის სიაში თურქეთის, აზერბაიჯანის, ყაზახეთის, ყირგიზეთისა და ირანის მხარდაჭერით, ასევე, შეიტანეს ლავაში, თხელი პური. ეს ხომ არ აკნინებს ქართული დამწერლობის ამ ნუსხაში შეტანის ღირსებას?
- არ აკნინებს, რადგან ნომინაცია შეიძლება იყოს ძალიან მცირე მნიშვნელობისაც. სულიერი და მატერიალური კულტურის ძეგლები ყველა ერთი რანგისა და მასშტაბის ვერ იქნება. მაგალითად, ასეთია ჩურჩხელის დამზადების წესი, ყველის ამოყვანის ტრადიცია. თუმცა შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი აღიარებებიც, როგორიცაა ქართული სასიმღერო ფოლკლორი, ქართული ცეკვა და სხვა.
კიდევ რისი შეტანა იგეგმება იუნესკოს ნუსხაში? ქართული ცეკვების?
- შესაძლოა. ამ საკითხზე მომუშავე ჯგუფს რამდენიმე იდეა აქვს, მაგრამ ამას სჭირდება დიდი შრომა, იუნესკოში გატანა და პოზიციის დაცვა. მაგრამ ახლა ხალისი მეტია, რადგან ქართული ანბანის ნომინაციამ გაამართლა. ასე რომ, ეს მოსალოცი ამბავია.