რობი უილიამსი, “Take That” და მეთიუ ვონი

რობი უილიამსი, “Take That” და მეთიუ ვონი

ცნობილმა ბრიტანელმა მომღერალმა რობი უილიამსმა გადაწყვიტა რომ ახალ პროფესიას დაეუფლოს. მას საკუთარი თავის კუტიურეს როლში გამოცდა სურს. პირველი ნაბიჯები უკვე გადადგა და მამაკაცებისათვის განკუთვნილი რამდენიმე კოლექციაც შექმნა.

 

ბრიტანელი ჟურნალისტების მტკიცებით, ქართველი დიზაინერი ავთანდილ ცქვიტინიძეს ახლად გამოჩეკილი ინგლისელი კოლეგის ნამუშევარი ბრიტანულ მაღაზიათა ქსელში, “House of Fraser”-ში გაიყიდება.

 

თუ ლონდონში ვერ მოხვდებით იმედი არ გაიტეხოთ. რობი უილიამს ახალი ბიზნესი შესანიშნავად აქვს აწყობილი. მან მოლაპარაკება გამართა ევროპის წამყვან სავაჭრო სახლებთან და მის კოლექციას უახლოეს მომავალში მრავალ ქვეყანაში შეიძენთ. მათი ფასი 35-დან 350 ფუნტ სტერლინგამდე მერყეობს. (40-დან 400 ევრომდე)

 

საინტერესოა რომ რობი უილიამსი პირველი მუსიკოსი არ არის რომელიც ტანსაცმლის დიზაინერობით დაინტერესდა. თავის დროზე ამ სფეროში წარმატებით მოღვაწეობდნენ ქალბატონი ვიქტორია ბექჰემი და ბატონი ლიამ გალახერი.

 

თავად რობი უილიამსი დაუბრუნდა ჯგუფ “Take That”-ს და მასთან ერთად ამ დღეებში საგასტროლო ტურნეში იმყოფება.

 

“Take That”-სათვის დღევანდელი დღე მართლაც რომ გამორჩეულია. დღეს გაიმართება კინორეჟისორი მეთიუ ვონის ახალი სურათის “იქს ადამიანები: პირველი კლასი” მსოფლიო პრემიერა. ამ ფილმის ერთ-ერთი საუნდტრეკი იქნება ბრიტანული ჯგუფის ბოლო ალბომში “Progress” შესული კომპოზიცია “Love Love”. ეს სიმღერა აჟღერდება სურათის ფინალური ტიტრების დროს.

 

საინტერესოა, რომ მეთიუ ვონისა და “Take That”-ის ახლო ურთიერთობები ოთხი წლის წინ დაიწყო. მაშინ რეჟისორმა თავისი ფილმისათვის “ვარსკვლავური ფერფლი” გამოიყენა ჯგუფის კომპოზიცია “You Rule The World”. ეს სიმღერა სურათის დიდ ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ ისეთი პოპულარული გახდა, რომ 2007 წლის ბრიტანულ ხუთ საუკეთესო მუსიკალურ კომპოზიციათა რიცხვში შევიდა და “Virgin”-ის ჯილდოც დაიმსახურა ნომინაციაში “წლის საუკეთესო სინგლი”.