რას უშვება რევოლუცია თავის შვილებს, ანუ „პარანოიდული ბრძოლა“ რუსთაველის გამზირისთვის

რას უშვება რევოლუცია თავის შვილებს, ანუ „პარანოიდული ბრძოლა“ რუსთაველის გამზირისთვის

რა მოიტანა რუსთაველის გამზირისთვის პარანოიდულმა ბრძოლამ - რევოლუციური გზის დამარცხება, თუ არჩევნების მომხრე ოპოზიციური სპექტრის „გაკოტრება? ამ თემაზე პრესაგე.ტვ „ქრისტიან-დემოკატების“ ლიდერს, გიორგი თარგამაძეს ესაუბრა.

მაისის რევოლუციური გამოსვლების შემდეგ გაკოტრდა თუ არა ოპოზიცია?

გიორგი თარგამაძე: რა თქმა უნდა - არა. პრიმიტიული, კატეგორიული და რადიკალური აზროვნების ერთ-ერთი გამოვლინებაა, როდესაც მთელ პოლიტიკურ სპექტრს, ან თუნდაც მთელ ოპოზიციას, ვინმე ერთ ტაფაში ხარშავს. ოპოზიცია მრავალფეროვანია. ეს ერთის მხრივ ჩვენი სიმდიდრეა, მეორეს მხრივ - სისუსტეც. თუმცა, მე მიმაჩნია, რომ არის სიმდიდრე.

ვფიქრობ, გაკოტრდა გზა, რომელიც ქვეყანაში რევოლუციის პროპაგანდას ემსახურებოდა  და რომელიც საზოგადოების ყველაზე გაწამებულ, უსამართლოდ დაჩაგრულ და მოთმინების დეფიციტის მქონე ადამიანების ნაწილში აჩენს ილუზიებს, ძალისმიერი მეთოდებით, ანუ რევოლუციით -ხელისუფლების შეცვლის, სააკაშვილისა და მისი მთავრობის საქართველოდან წასვლის შესახებ. ქრისტიან-დემოკრატებს გვქონდა და გვაქვს ძალიან არგუმენტირებული პოზიცია, რაშიც მეეჭვება, საქართველოში  საპროტესტოდ განწყობილი ადამიანებიც კი არ გვეთანხმებოდნენ, რომ რევოლუციებს ქვეყნისთვის და განსაკუთრებით - საქართველოსთვის, კარგი არაფერი მოაქვს.

მე მოვუსმინე დეპუტატ კარლო კოპალიანის ინტერვიუს. ის მონაწილეობას იღებდა 26 მაისი აქციაში და თავადაც დაარბიეს. ნიშანდობლივი იყო მისი ნათქვამი, რომ  ამ აქციებზე, როგორც ფაქტი, ერთი რამ დააფიქსირა: აქციაში მონაწილეთა 80% და მათ შორის, სცენაზე მდგომი ადამიანები, რომლებიც ორგანიზაციას უკეთებდნენ ამ აქციას, ვარდების რევოლუციის არათუ მონაწილეები, არამედ აქტიური მონაწილეები და, ზოგიერთ შემთხვევაში, ორგანიზატრებიც იყვნენ. მწარე რეალობა ისაა, რომ მათ თავად რევოლუციონერი მთავრობიდან მოხვდათ ხელკეტი და ტყვია, დასახიჩრდნენ და გარდაიცვალნენ ადამიანები. ეს არის სწორედ იმ მწარე რეალობის გამოხატულება, თუ რას უშვება რევოლუცია თავის შვილებს.

სწორედ ეს არის მთავარი არგუმენტი, რატომაც არ უნდა ხდებოდეს ქვეყანაში რევოლუცია. რა თქმა უნდა, უპირველესად იმის გამოც, რომ არ დაიღვაროს სისხლი, არ დაინგრეეს ქვეყანა. არ ღირს არცერთი ადამიანის სიცოცხლე არცერთი შიდაპოლიტიკური მიზნის მისაღწევად. მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა დამთავრდა,  საგარეო მტერი ქვეყნის შიდა პოცესებში აქტიურად არ უნდა მონაწილეობდეს. მსგავსი ამოცანების დასახვა კი მსხვერპლის ფასად, ეს არის დანაშაული ქართული სახელმწიფოებრიობისა და ადამიანების წინაშე.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, განსაკუთრებით იმათ გასაგონად, ვისაც რევოლუციური იდეები ხიბლავს: რაც მოხდა, იმან აჩვენა სწორედ, რომ საქართველოში რევოლუციის რესურსი არ არსებობს, ვინმესთვის - საბედნიეროდ, ვიღაცისთვის - სამწუხაროდ. ჩემთვის - საბედნიეროდ.

კარგით, არ არსებობს რევოლუციის გზა და მეორე გზად განვიხილავთ არჩევნების გზას... თუმცა, როცა უკვე კონკრეტული პარტიების ნდობა-არნდობის საკითხი დგება დღის წესრიგში და მათი წარსულის განხილვა ხდება ცალ-ცალკე, პირადად თქვენზე არის საუბარი, რომ ხართ ხელისუფლებასთან ალიანსში მყოფი პარტიის ხელმძღვანელი...

- ამ თემაზე, მე მგონი, დიდი ხანია დამთავრდა საუბარი საქართველოში. ნუ მენდობიან მე, სხვას ენდონ. ჯერ ერთი, ჩვენ რომ ძალიან ბევრი გვენდობა, ამაზე ყველა კვლევა მეტყველებს, ამიტომ, ჩემი თხოვნა იქნება, ყველა პროფესიონალი ჟურნალისტის მიმართ, ჩვენი თუ არ ჯერა ვინმეს, ამ ციფრებს მაინც ჩახედონ და დაინახავენ საქართველოში დღითიდღე, თვიდან თვემდე, წლიდან წლამდე იზრდება რაოდენობა იმ ადამიანებისა, რომლებიც არათუ მხარს გვიჭერენ, არამედ აქტიური თანამებრძოლები და თანამოაზრეები ხდებიან ჩვენი.

ყველა ეჭვი გამოირიცხა, ყველა კითხვის ნიშანმა თავის მნიშვნელობა დაკარგა, რადგან ჩვენ  ჩვენი ნაბიჯებით, ჩვენი გამოსვლებით, აქტიურობით, პრინციპულობითა და ბრძოლისუნარიანობით ხალხს დავანახვეთ, რომ საქართველოში ჩამოყალიბდა ძლიერი ალტერნატიული პოლიტიკური ძალა - „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ სახით.

ნებისმიერი პოლიტიკური ძალის წყაროს წარმოადგენს ხალხი. ამიტომ, არჩევნებისადმი ნიჰილიზმის დათესვა, ეს ყველაზე მეტად სწორედ ხელისუფლებას აწყობს. მე მხოლოდ რამდენიმე ციფრს გეტყვით. არჩევნებში მონაწილეობსას ღებულობს, ამომრჩეველთა მხოლოდ ნახევარი, ანუ 50%. ნაციონალურ მოძრაობას ბოლო არჩევნებში, სრული მობილიზაციის, დაშინების, ფულის ხარჯვის, ადმინისტრაციული რესურსისა და ყველა სხვა მექანიზმის გამოყენებით მხარი დაუჭირა არჩევნებში მონაწილეთა 53%-მა. ანუ არჩევნებზე მოვიდა 50% და ამ 50%-ის ნახევარმა აირჩია ისინი.

ე.ი. თვით ყველაზე ძლიერი მობილიზების შემთხვევაშიც კი, მმართველი პარტია ახერხებს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 25%-ის მობილიზებას. დანარჩენი 75% არის ან ოპოზიციის მხარდამჭერი, ან განსხვავებულად მოაზროვნე, ან ხელისუფლების საწინააღმდეგო შეხედულებების მქონე, ან უბრალოდ, ნეიტრალურ - გაუგებარ პოზიციაში მყოფი ამომრჩეველი. მე მივმართავ სწორედ იმ ადამიანებს,  რომლებსაც თავის დროზე ჰქონდათ გარკვეული იმედები „ნაციონალების“ მიმართ. მაინტერესებს, მათ რა უნდათ - უბრალოდ ძლიერი ხელისუფლება, რომელიც ყველა ნაბიჯზე ახდენს თავისი ძლიერების დემონსტრირებას, თუ მათ სურთ სამართლიანი ძალა იხილონ ხელისუფლებაში, რომელიც საქართველოს თავისუფლებისთვის კონსტიტუციის, ადამიანის უფლებების დაცვისა და ღირსების შენარჩუნებით იბრძოლებს.

ანუ ხალხის პასიურობა არის არჩევნების მთავარი მტერი?

- სწორედ მაგაშია საქმე. თუ ხალხი იქნება აქტიური, თუ ხალხი ამ ბრძოლისუნარიანობას, რომელიც ჩაბუდებულია და სხვადასხვა სახით ვლინდება ხოლმე, თავს მოუყრის და კონცენტრირებას მოახდენს იმ საარჩევნო გზისთვის ბრძოლაში, რასაც ჩვენ და ჩვენი პოლიტიკური პარტნიორები ვთავაზობთ მათ (ასევე არჩევნების დღეს იქნება მობილიზებული), გამარჯვებას წინ ვერავინ დაუდგება.

თუ გაერთიანებულ ქართულ ოპოზიციას აშკარა ღია თანადგომა ექნება ამ საქმეში, ან თუნდაც ცალ-ცალკე ოპოზიციურ პარტიებს, დამერწმუნეთ, რომ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდება ერთპარტიული მმართველობა. ეს ერთპარტიული მმართველობა უბიძგებს ნებისმიერ ადამიანს, მოახდინოს ხელისუფლების უზურპაცია და დაატრიალოს ყველა ის უბედურება, რომლის მომაკვდინებელი აკორდი 26 მაისს განხორციელდა.

პარანოია უწოდეს თქვენს საქციელს „მმართველებმა“, როცა პლენარული სხდომა დატოვეთ „ნაციონალური“ აპლოდისმენტებისა და ტაშის პროტესტის ნიშნად.

- ბატონი წიკლაური ზოგადად შემჩნეულია ამგვარი კომენტარების კეთებაში, განსაკუთრებით მაშინ, როცა ყველაზე მეტად არის საჭირო სულგრძელობისა და სინანულის გამოხატულება ხელისუფლების მხრიდან. სიტყვა „პარანოია“ მე ნამდვილად ვთქვი ჩემს გამოსვლაში, ვიდრე ნუგზარ წიკლაური გამოვიდოდა სიტყვით, რადგან ის, რაც მოხდა რუსთაველის გამზირზე, იყო სწორედ ორი სრულიად  უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალის  პარანოიდული ბრძოლა რუსთაველის გამზირისთვის, რამაც მოიტანა ტრაგედია, სისხლი, ადამიანების ცხედრები. ამიტომ, მე მათ ადგილზე, როგორც მინიმუმ, გავჩუმდებოდი. რა თქმა უნდა, სრულიად მიუღებელია ის აპლოდისმენტები და ტაში, რომელიც გვესმოდა ამ სხდომაზე.