კახა ბენდუქიძე: “ძნელია, უთხრა თანამშრომლებს: “მოდით, ვიმოქმედოთ ძალიან ნაზად”!

კახა ბენდუქიძე: “ძნელია, უთხრა თანამშრომლებს: “მოდით, ვიმოქმედოთ ძალიან ნაზად”!

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი კახა ბენდუქიძე ხელისუფლებაში აღარ არის და ქართველი ოლიგარქის მრავალმხრივი ცხოვრებით ცხოვრობს - გახსნა საკუთარი უნივერსიტეტი, დაკავებული იყო ტელეგადაღებებით და კიდევ ათასი სხვა საქმით, “კომსომოლკასთან” ინტერვიუსთვის კი დრო მხოლოდ შუაღამისას გამოძებნა, რაც სიმბოლურიც იყო, რადგან სწორედ ამ დროს, რუსთაველის პროსპექტზე სისხლი დაიღვარა.

ბატონო კახა, რატომ ირყევა ასე ხშირად საქართველო, ლამის 2 წელიწადში ერთხელ, ახალ-ახალი რევოლუციებს აწყობენ?

- კი არ ირყევა, გვარყევენ, რადგან დემოკრატიულ სახელმწიფოს ვაშენებთ. ამასთან, ოპოზიციასაც აქვს თავისი, თუნდაც არც ისე სრულყოფილი სიმართლე, ილუზია იმისა, რომ შეძლებს, შეცვალოს ხელისუფლება. მაგალითად, პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან საქართველოს არყევენ? არყევენ! უკრაინას, მოლდოვას და ყირგიზეთს? არყევენ და მერე როგორ... უზბეკეთს, მაგალითად? - არა. არც თურქმენეთს. ბელორუსს არყევენ, მაგრამ არ ითვლება, ცოტა შეაქანეს. ეს იმიტომ ხდება, რომ «სტაბილური» პოსტსაბჭოთა ქვეყნები არ ცდილობენ დემოკრატიის აშენებას. რყევები ხდება იმ ქვეყნებში, სადაც დემოკრატიული საზოგადოება ეძებს თავისუფალი აზრის გამოხატვის გზებს, სრულყოფილებას, მათ შორის - არასაპარლამენტო, “ქუჩის” მეთოდებით. ვფიქრობ, ამით განსხვავდებიან ქვეყნები ერთმანეთისგან. 

სამაგიეროდ, დემოკრატიულმა საქართველომ დემონსტრანტების ცემაში სრულყოფილებას ნამდვილად მიაღწია.

- აშკარა იყო, რომ დემონსტრანტებს აღლუმს არ ჩააშლევინებდნენ.

მაგრამ ხომ შეიძლებოდა, მათი უსისხლოდ გაყვანა და არა ალყაში მოქცევა და ცემა.

-შესაძლოა, მაგრამ მაშინ დარწმუნებით უნდა იცოდე, რომ ეს ადამიანები სახიფათონი არ არიან. როცა ტელევიზიასთან იდგნენ ბათუმში, ჩაამსხვრიეს ვიტრინები, დალეწეს მანქანები. შეიარაღებულები იყვნენ დროშის ტარებით, ტრანსპარანტები კი ფარის ფუნქციას ასრულებდა. როდესაც აქციის დაშლის ოპერაციას ხელმძღვანელობთ, ძნელია, უთხრა თანამშრომლებს: “მოდით, ვიმოქმედოთ ძალიან ნაზად”!

ხელისუფლებამ ჩანაწერები გამოაქვეყნა, საიდანაც ჩანს, რომ პოლიციისთვის ცეცხლის გახსნის შემდეგ, პროცესში რუსეთის შეიარაღებული ძალები ჩაერეოდნენ... თქვენ ფიქრობთ, რომ ეს შესაძლებელია?

- ამასწინათ, მიამბეს თქვენი პოლიტოლოგის მიხაილ ლეონტიევის გამოსვლის შინაარსი. ამერიკელებს, თურმე უფლება აქვთ მოკლან ბენ ლადენი, ჩვენ კი - სააკაშვილი. ამიტომაც მე არ ვიცი, რა იხარშება თქვენი ოფიცრების თავებში. ვიღაცას მოსკოვში შეიძლება ეთქვა: ხელსაყრელი დროა, სააკაშვილი ხალხის პროტესტს სისხლში ახრჩობს. ჩვენ გვჭირდება 3 საათი. შევდივართ თბილისში და გადავარჩენთ დემონსტრანტებს»! დავუშვათ, ამის ალბათობა არის სამი პროცენტი, მაგრამ ხომ არის და ვინ არ დაიზღვევდა თავს?

ბურჯანაძის მოსკოვთან კავშირის ალბათობა მეტია?

- კავშირები რომ არსებობს, ამას არც მალავს. პოკლონნაია გორაზე ძეგლიც კი გახსნა და მნიშვნელოვანი ფრაზაც წამოისროლა. როდესაც ტელეარხებმა გადმოსცეს ინფორმაცია, რომ ოქრუაშვილი მოსკოვშია, მან განაცხადა: „ეს არის ბინძური ინსინუაცია“! რატომ არის მოსკოვში ოქრუაშვილის გამოჩენა ბინძური  ინსინუაცია, ბურჯანაძის გამოჩენა კი - ნათელი დღესასწაული? მას თავადაც ესმის, რომ...

მოსკოვთან კავშირისთვის მას არ აქებენ?

- საქმე ეს არ არის! მე რუსეთთან, რუს ხალხთან ურთიერთობაზე არ ვლაპარაკობ. მე მყავს რუსი ცოლი, მეგობრები, მაგრამ, როცა პოლიტიკური მოღვაწე ხარ იმ ქვეყნისა, რომელიც მეორესთან საომარ მდგომარეობაშია და იქ ჩადიხარ... დიახ, ვიბრძოლეთ, ახლა კი მშვიდობა უნდა დავამყაროთო... არადა, რუსული ტანკები თბილისიდან 30 კმ-ში დგას?!

საქართველოში სულ უფრო მეტ ადამიანს უნდა მოსკოვთან მშვიდობა და მიაჩნია, რომ ამ გზით დაიბრუნებს დაკარგულ ტერიტორიებს.

- იმის გამო, რონ ბურჯანაძე მოსკოვში ჩავიდა, რუსეთთან მშვიდობა ვერ დამყარდება. აი, მას რომ მოეგო არჩევნები და ეთქვა - მესმის, ომში ათასობით ადამიანი დავკარგეთ, მაგრამ მე ვალდებული ვარ, მოვაგვარო ეს ურთიერთობა... გასაგები იქნებოდა.

რისი იმედი ჰქონდა ბურჯანაძეს, მართლა შეეძლო სააკაშვილისთვის ხელისუფლება წაერთმია?

- არა მგონია, მაგალითს მოგიყვანთ - მიპასუხეთ, რას ნიშნავს რუსეთში გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერობა? რას გვაძლევს ეს?

პიროვნულ პოპულარობას არჩევნებზე წარმატების გარეშე.    

- ჩვენთან, გამოცხადებული რევოლუციის თამაშში, ფსონი იყო გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერის პოსტი. ბურჯანაძე ყველაფერს ჩამოვიდა ამისათვის, რადგან ეს თანამდებობა საქართველოში (მოლდოვასა და უკრაინაშიც) შანსს გაძლევს, გახდე სახელმწიფოს მეთაური.

და რა მიიღო ბურჯანაძემ?

- არაფერი. შესაძლებელია, სამხედრო აღლუმი რომ ჩაეშალა, ეჩვენებინა, რა მაგარია და გამხდარიყო მთავარი ოპოზიციონერი, მაგრამ მას ოქრუაშვილმა უღალატა და ეს ყველაფერს ხსნის.

როცა ბურჯანაძემ დაინახა, რომ ის არ ჩამოვიდა, რადგან მან, უბრალოდ, ჩაისვარა, გადაწყვიტა, რომ ცოტაც და, «დამკაში” გავა! «ვინ უნდა იყოს ჩემი კონკურენტი ოპოზიციურ მინდორზე»? - ფიქრობდა იგი და გადაწყვიტა: „უნდა მოვაწყო ისეთი ცუგცვანგი, გამოსავალი არ იყოს. ან ჩავშლი აღლუმს და ნომერ პირველი ვიქნები, ან დამარბევენ და ვიქნები მსხვერპლი და გმირი!“ სხვათა შორის, მან დღეს უკვე თქვა, თუკი ციხეში ჩამსვამენ, გმირი გამოვალო.

თქვენ კი ამბობთ, რომ ვერ მოიგო?!

- რა თქმა უნდა, ვერა! ხელისუფლებამ მიტინგი სასტიკად დაშალა და ყველა კოზირი წაართვა. ის ადამიანები, ვინც სცემეს, ასეთ ექსპერიმენტში მონაწილეობას აღარ მიიღებენ. დემონსტრანტები სამ ნაწილად უნდა გაეყოთ - ამბიციური ლიდერები, ისინი, ვინც გულწრფელად ფიქრობენ, რომ ბურჯანაძე კარგი ადამიანია და ისინი, ვისაც ქუჩაში გამოსასვლელად ფული მისცეს. ახლა, „გულწრფელები“ და „უფასოები“ ასეთ აქციებზე ძალიან ფრთხილად გავლენ. „ფასიანები“ - ძალიან დიდ ფულს მოითხოვენ. ბოლოს და ბოლოს, არიან მოკრივეები, რომლებიც ფულს იღებენ იმაში, რომ ვიღაცამ სცემოს. ეს რევოლუცია მარკესის „გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკას“ მაგონებს. მათ ორი თვით ადრე გამოაცხადეს გამოსვლის თარიღი, ასე კი რევოლუცია არასდროს ხდება. ასე მხოლოდ შოუს აცხადებენ...

დემონსტრანტებს ვესაუბრე. მათი უმრავლესობა 40- გადაცილებულია, ამბობენ, რომ ხალხი გაღატაკებულია, უმუშევრობაა გამეფებული. გამოგიტყდებით, მოსკოვიდან ქართული ეკონომიკური სასწაული, რომელმაც კორუფცია დაამარცხა, უფრო სიმპათიურად გამოიყურება. აქ კი, ადამიანები რეფორმების ხსენებაზე იციანიან - ქვემოთ კორუფცია არ არის, ზემოთ კი როგორ იპარავენ?..

- შეუძლებელია, ააშენო სისტემა, სადაც ზემოთ მოიპარავენ, ქვემოთ - არა. შეუძლებელია ააშენო სისტემა, სადაც დამპალი წმინდასთან იქნება კავშირში. რა არის კორუფცია? ის წარმოიქმნება სამი მიზეზით: პირველი - უკონტროლობა, მეორე - ფულის კეთების სურვილი და მესამე - მორალური გამართლება, რატომ უნდა მოიპარო ფული. თქვენ ჩემი უფროსი ხართ და იპარავთ, წარმოიდგინეთ? მე ქვეშევრდომი ვარ და არ ვიპარავ, მაგრამ ასე რომ არ გამოდის? ტექნიკურად ვერ მოიპარავთ, თუ საქმეში არ ჩამრთავთ. თანაც, მე ხომ გაკონტროლებთ და ვიცი, რომ იპარავთ, მე კი პატიოსანი ვარ. ეს ხომ უსამართლობაა, ამიტომაც, მეც ვიწყებ მოპარვას და ლპება მთელი სისტემა. ჩვენ ყველანი მაშინ ვიზრდებოდით, როცა საქართველოში კორუფცია ყვაოდა. ის ატრიალებდა მსოფლმხედველობას, ცხოვრებას. ძალიან ძნელი წარმოსადგენია, რომ ის ადგა და გაქრა. ეს იგივეა, გითხრან, რომ ხვალიდან არ იქნება კენტი რიცხვები.  

მოედანზე სხვა ხალხი იყო, მაგრამ თქვენ ძალიან ნატურალურად აღწერეთ ცხოვრება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რუსეთშიც. ჩვენ როგორ უნდა მივხედოთ ამას? რეფორმებით? მაშინ ხომ ჩვენთანაც გამოვა ხალხი ქუჩაში პროტესტის ნიშნად?

- არა აქვს მნიშვნელობა, რომ რუსეთში 140 მილიონი ადამიანია, საქართველოში კი ოთხ მილიონზე ოდნავ მეტი. ყველა რეფორმაც ერთნაირად სასარგებლო არ არის. ყოველთვის იქნებიან დაზარალებულები. დემოკრატიულ საზოგადოებაში კი არსებობს უბრალო ტესტი - არჩევნები. თუ არსებულმა პოლიტიკურმა ძალამ გაიმარჯვა, მაშინ დაზარალებული გამარჯვებულზე მეტი იქნება. 

საქართველოში არჩევნები სამართლიანად ტარდება?

- ცნობილია, რომ ადამიანები, განსაკუთრებით - რეგიონებში, ყოველთვის სახელისუფლებო პარტიას აძლევენ ხმას, რაც გარკვეულ უპირატესობას ქმნის. როგორც ამერიკაშია, თუ პრეზიდენტი რაიმე სისულელეს არ ჩაიდენს, ანდა რაღაც კატასტროფა არ მოხდება, მაშინ მეორე ვადით აუცილებლად ირჩევენ. კლინტონიც კი, რომელსაც სექსუალური სკანდალი აუგორეს, მეორე ვადით იქნა არჩეული, მაგრამ თუკი ხელისუფლებას აქვს 20%-იანი რეიტინგი და მიიღებს 60%-ს, ამ ქვეყანაში, ძალიან მალე, პრაქტიკულად, რამდენიმე დღეში შეიძლება მოხდეს რევოლუცია. რაც მოხდა 2003 წელს საქართველოშიც, როცა ხალხი ისე იყო არჩევნების შედეგებით გაოგნებული, რომ ყველაფრისთვის მზად აღმოჩნდა.