“ავატარი” და ეკოლოგია

“ავატარი” და ეკოლოგია

რამდენიმე თვის შემდეგ ამერიკელი კინორეჟისორი ჯეიმს კამერონი შეუდგება მსოფლიო კინოს ისტორიაში ყველაზე შემოსავლიანი სურათის, “ავატარის” გაგრძელების გადაღებას.

 

წინა კვირას რეჟისორი სამხრეთ კალიფორნიაში იმყოფებოდა და მომავალი სურათის საგადასაღებო ადგილი შეარჩია. მას ადგილობრივები “MBS Media Campus”-ის სახელით იცნობენ და ცნობილია ჩინებული ეკოლოგიური პირობებით. დაუბინძურებელი წყალი, “მწვანე” ტექნოლოგიები, არაჩვეულებრივი ბუნებრივი პირობები და შესანიშნავი ლანდშაფტი. ყოველივე ეს გადამწყვეტი აღმოჩნდა ჯეიმს კამერონის მიერ გაკეთებულ არჩევანში. საინტერესოა, რომ ამ ადგილას თავის დროზე გადაიღეს ორი გახმაურებული სურათი – “კარიბის ზღვის მეკობრეების” ერთ-ერთი ფილმი და “რკინის ადამიანი”.

 

ჯეიმს კამერონს განზრახული აქვს რომ მომავალი “ავატარი” ეკოლოგიური ტექნოლოგიების დახმარებით გადაიღოს. ახალი სურათის დიდ ნაწილს მზის ბატარეებიდან გამომუშავებული ენერგიის წყაროს დახმარებით გადაიღებენ. ამ მიზნით კინორეჟისორმა ხუთ მილიონ დოლარად ღირებული სპეციალური მოწყობილობა უკვე შეიძინა.

 

“ავატარის” გაგრძელება მსოფლიოს ეკრანებზე 2014 და 2015 წლის ზამთრის თვეებში გამოვა. მის მთავარ სიუჟეტურ ხაზს ამ დრომდე მკაცრად ასაიდუმლოებენ. ცნობილია, რომ სურათის მთავარი არსი ბუნების შენარჩუნებისათვის დაუღალავი ბრძოლა და სამყაროს დაბინძურება-განადგურების წინააღმდეგ ადამიანის პასუხისმგებლობის საკითხი იქნება.

 

ჯეიმს კამერონის გადაწყვეტილებით, მომავალი სურათის კინოგაქირავებიდან შემოსული თანხის გარკვეული ნაწილი სხვადასხვა ეკოლოგიური პროექტების დაფინანსებას მოხმარდება.

 

წინა “ავატარი” დიდ ეკრანებზე 2009 წელს გამოვიდა. მან თავის შემქმნელებს 2,8 მილიარდი დოლარი სუფთა მოგება მოუტანა. ამ მაჩვენებლით ეს სურათი მსოფლიოში დღემდე გადაღებულ ფილმებს შორის ყველაზე მომგებიანი აღმოჩნდა. “ავატარის” ბიუჯეტი მხოლოდ და მხოლოდ 240 მილიონი დოლარი იყო.