მარტინ სკორსეზეს ახალი პროექტი

მარტინ სკორსეზეს ახალი პროექტი

 ცნობილი კინორეჟისორი მარტინ სკორსეზე უახლოეს მომავალში ახალ სურათზე მუშაობას შეუდგება. ეს ფილმი ლეგენდარული  მსახიობების ელიზაბეტ ტეილორისა და რიჩარდ ბარტონის წინააღმდეგობებით აღსავსე სიყვარულის ისტორიას მიეძღვნება.

 

სურათის გადაღებას კინოკომპანია “Paramount”-ი გეგმავს. ფილმის სცენარი  დაფუძვნებული იქნება მწერლების სემ კაშნერისა და ნენსი შონბერგერის წიგნზე “მძაფრი სიყვარული”. მარტინ სკორსეზემ რიჩარდ ბარტონის ქვრივი სალი ჰიუსაგან მსახიობის პირადი არქივის ნაწილიც შეიძინა.

 

რიჩარდ ბარტონმა და ელიზაბეტ ტეილორმა ერთმანეთი მხატვრული ფილმი “კლეოპატრას” გადაღებების მიმდინარეობისას გაიცნეს. ეგვიპტის  დედოფლის როლის შემსრულებელი მაშინ 29 წლის იყო და უკვე მეოთხედ დაქორწინებულიც ბრძანდებოდა. დაოჯახებული გახლდათ რიჩარდ ბარტონიც.

 

გაცნობიდან მცირე ხანში მსახიობებს შორის სასიყვარულო ურთიერთობა ჩამოყალიბდა. პაპარაცების “დახმარებით” მათი ისტორიის თანამონაწილე მალე მთელი მსოფლიო შეიქმნა. ჟურნალისტური საქმიანობის ეს მიმართულება იმ პერიოდში მხოლოდ ჩამოყალიბებას იწყებდა და ზემოთ დასახელებულმა მსახიობურმა წყვილმა მის შემდგომ განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა.

 

ტეილორისა და ბარტონის ურთიერთობა წინააღმდეგობებით სავსე აღმოჩნდა. ისინი 1964 წელს დაქორწინდნენ. ორივეს რთული ხასიათი აღმოაჩნდა და ათი წლის შემდეგ ერთმანეთს დაშორდნენ. 1975 წლის ოქტომბერში კვლავ ერთად ყოფნა გადაწყვიტეს, მაგრამ ოჯახური იდილია მხოლოდ თექვსმეტი თვის განმავლობაში შეინარჩუნეს. 1976 წლის ივლისში ტეილორ-ბარტონის წყვილი საბოლოოდ გაიყარა.

 

ტეილორისა და ბარტონის მუდმივი კონფლიქტები ჟურნალისტების “სტაბილური შემოსავლის” წყაროს წარმოადგენდა. რიჩარდ ბარტონის გარდაცვალების შემდეგ ელიზაბეტ ტეილორმა რამდენიმე ინტერვიუში აღიარა, რომ მის ცხოვრებაში არსებული მრავალი მამაკაცებისაგან განსხვავებით, რიჩარდი ერთადერთი და განუმეორებელი იყო.

 

ახალ სურათზე მუშაობას მარტინ სკორსეზე უახლოეს მომავალში დაიწყებს. ჯერ-ჯერობით გასარკვევია ამ ფილმში მოწვეული მსახიობების ვინაობაც.

 

თავად კინორეჟისორი პარალელურ რეჟიმში ორი სურათის საგადასაღებო პროცესშია დაკავებული.

 

რამდენიმე დღის წინ დასრულებულ კანის კინოფესტივალზე სკორსეზე სკანდალურად ცნობილ დანიელ კოლეგას, ლარს ფონ ტრიერს მოელაპარაკა და მასთან ერთად ფილმის “ხუთი წინააღმდეგობის” გაგრძელებას გადაიღებს. ამის გარდა მარტინ სკორსეზე ამ დღეებში იაპონიაში იღებს სურათს “სიჩუმე”. ამ დრამის მთავარი მომქმედი გმირები ევროპელი მისიონერები არიან, რომლებიც მე-17 საუკუნეში “ამომავალი მზის” ქვეყანაში ქრისტიანობის გავრცელებას ცდილობდნენ.