სამეგრელოს პოლიციამ „შეფიცულთა“ ძებნაში ოპოზიციის აქტივისტები დააკავა

სამეგრელოს პოლიციამ „შეფიცულთა“ ძებნაში ოპოზიციის აქტივისტები დააკავა

[ნანა ფაჟავა, სენაკი]

„28 მაისის ღამემ სამეგრელოს მოსახლეობას 37 წელი გაახსენა, როცა ადამიანები საკუთარი სახლებიდან გაურკვეველი მიმართულებით გაყავდათ...ასე მოხდა იმ ღამესაც, როცა სამეგრელოს პოლიციამ რეგიონის თითქმის ყველა რაიონში „უსისხლო სპეცოპერაცია“ ჩაატარა და ოპოზიციის აქტივისტებს თავისუფლება სრულიად უკანონოდ აღუკვეთა...“ – ეს განცხადება მოძრაობა „სოლიდარობა უკანონო პატიმრებს“ სენაკელმა ლიდერმა, ინგა ქარდავამ ჟურნალისტებთან გააკეთა.

დაკავებიდან 3 დღის შემდეგ „პრესაგე.ტვ“–სთან საუბარში „ლეიბორისტი“ რობერტ შალამბერიძე დაკავების დეტალებს თავად იხსენებს და ამბობს, რომ ხელისუფლებისა და ძალოვანების ტერორმა დედაქალაქიდან რეგიონში გადაინაცვლა. 

შალამბერიძე სენაკის პოლიციის თანამშრომლებმა ღამის პირველ საათზე გზაში დააკავეს და განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც მას ოპოზიციის ნაცნობ ლიდერებთან ერთად დაკავებული უცნობი ადამიანებიც ხვდება. ნახევარ საათში  დაპატიმრებულების ნაწილს მიკროავტობუსში, ნაწილს კი ოპერატიულ მანქანაში სვამენ და ზუგდიდში, სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობაში გადაჰყავთ.

ოპერატიულ ავტომანქანაში შალამბერიძესთან ერთად ირაკლი ალასანიას პარტიის სენაკის ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილე, ბადრი კალანდარიშვილი, „სახალხო კრების“ წევრი, ბათუ კანკავა და კიდევ ერთი უცნობი ადამიანი ზის.

მთავარ სამმართველოში ოპოზიციის აქტივისტების დაკითხვა ღამის სამის ნახევარზე იწყება და დილამდე გრძელდება. პირად მონაცემებთან ერთად „გამოძიება“ პარტიული ფუნქციებითაც ინტერესდება და ყველა დაკავებულის „შეფიცულთა რაზმებთან“ შესაძლო კავშირს ეძებს. აღმოაჩინა თუ არა შს სამინისტრომ სამეგრელოში „შეფიცულების“ კვალი,  ან არიან თუ არა ბრალდებულები, უცნობია.

თითქოს, მოწმის სახით დაკითხვაზე მყოფი პირებისთვის გამომძიებლის ვინაობა არავის გაუმხელია. ერთადერთი, „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი ბადრი კალანდარიშვილია, რომელმაც გამომძიებლის გვარს, ალანიას, შემთხვევით მოჰკრა თვალი. კალანდარიშვილს „პრესაგე.ტვ“–სთან დეტალებზე საუბარი არ სურს, თუმცა დაკავების ფაქტს ადასტურებს.

შალამბერიძის ინფორმაციით, ოპოზიციური პარტიების სენაკელი აქტივისტები 29 მაისის დილას გაათავისუფლეს.

დაკავებას გადაურჩა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატებიდან“  რევაზ ხულორდავა. 28 მაისის ღამეს დასაპატიმრებლად მისულ ოთხ პოლიციელს იგი  საცხოვრებელ ბინაში არ დახვდა. დღემდე საკრებულოს წევრს სამართალდამცველებისგან არანაირი უწყება არ მისვლია და არც არავის მოუკითხავს.

სამაგიეროდ, სენაკელ სამართალდამცველებს ტელეკომპანია „მაესტროსა“ და „პრესაგე.ტვ–ის რესპოდენტი, გიორგი გვასალია „მოუკითხავთ.“ როგორც სენაკელები იტყობინებიან,  21 მაისს პოლიციის თანამშრომლები გვასალიას ფიზიკურად მხოლოდ ჟურნალისტებთან გაკეთებული განცხადების გამო გაუსწორდნენ. (http://www.presage.tv/?m=politics&AID=4943) ინტერვიუში იგი იმ ძალადობრივ ფაქტებზე საუბრობდა, რომელიც პოლიციამ „სახალხო კრების“ აქციაზე თბილისისკენ მიმავალი ადამიანების მიმართ გამოიჩინა. ცენტრალურ ავტომაგისტრალზე საპატრულო პოლიციამ მას ავტომანქანა ჩამოართვა და სხვა ტრანსპორტის მსგავსად, ავტოსადგომზე გადაიტანა. სასტიკად ნაცემი  მძღოლი, მომხდარზე საუბარს ძალადობის გამეორების შიშით დღეს თავს არიდებს.

ძალადობას დღეს „მაესტროსა“ და „პრესაგე.ტვ“–ის ჟურნალისტებიც ვერ გადაურჩნენ. ინტერვიუების ჩაწერის დროს, რომელიც ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ხდებოდა, მოულოდნელად თავს დაესხა, როგორც შემდეგ გაირკვა, ნაცმოძრაობის საარჩევნო შტაბის ერთ–ერთი კოორდინატორი, გელა ადამია. მან ჟურნალისტებს მუშაობის ადგილის შერჩევა დაუწუნა და ტერიტორიის დატოვება, შეიძლება ითქვას, სრულიად გაუგებარი მიზეზით, უბრძანა.

ნაცაქტივისტი ადამია რესპოდენტის უკან სენაკის N1 საჯარო სკოლის ფასადის გამოჩენამ გააღიზიანა. „დღეს ბავშვთა დაცვის დღეა, აქ გამოსაშვები გამოცდები მიმდინარეობს და ბავშვებს რატომ აშინებთ ამ კამერით და მიკროფონით?!" – გაბრაზდა ადამიამ. ამ განცხადების სერიოზულობაში მხოლოდ მაშინ დავრწმუნდით, როცა „ნაციონალურმა გმირმა“ „მაესტროს“ ოპერატორს მუშაობის შეწყვეტა უბრძანა და კამერის თავზე დამტვრევით დაემუქრა. რამდენიმე წუთში, მას შემდეგ, რაც ადამია ჟურნალისტებმა პროფესიული საქმიანობისთვის ხელის შეშლასა და მუქარაში დაადანაშაულეს, მან „ჩვენება“ შეცვალა და საკუთარ ქმედებაში „სრული სიცხადე“ შეიტანა: „არ მითქვამს კამერას დავამტვრევ... თავზე დაგამტვრევ მეთქი!“

როგორც ინგა ქარდავა ირწმუნება, „ხელისუფლებისა და შს სამინისტროს მიერ მოგზავნილმა პროვოკატორმა“ ადამიამ კამერა დღეს ვერანაირად დაამტვრია, მაგრამ საღამოს 9 საათისათვის, საკუთარი თავიც და ავტომანქანაც მეზობლის ღობესთან მიამსხვრია...სენაკის საპატრულო ეკიპაჟს არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი „ნაცმოძრაობის“ აქტივისტი მძღოლი რატომღაც არ შეუნიშნავს...