მომავალი წლის იანვარში 30 წამყვანი გერმანული კომპანიის აქციონერები 20,3 მილიარდ ევროს მიიღებენ დივიდენდების სახით.
როგორც მოელიან, წელს მოწინავე კომპანიები 28,6 მილიარდ ევროს სუფთა მოგებას მიიღებენ და ამ თანხის 71 პროცენტს საკუთარ აქციონერებს დაუბრუნებენ.
გასულ წელს გერმანულმა კონცერნებმა 55 მილიარდი ევრო გამოიმუშავეს და აქედან აქციონერებს მხოლოდ 45 პროცენტი გადაუხადეს დივიდენდების სახით.
ცნობილმა გერმანულმა კომპანიებმა: „დოიჩე ბანკმა“, „დოიჩე პოსტმა“, „სიმენსმა“ და „ფრიზენიუსმა“ წელს დიდი შემოსავალი მიიღეს და მზად არიან მისი მნიშვნელოვანი ნაწილი აქციონერებსაც გაუნაწილონ.
გერმანული კომპანიების ხელგაშლილობის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი ინვესტორებისთვის ოპტიმისტური განწყობის შექმნაა და ამის გამო, ზოგიერთი კონცერნი იმაზე მეტის გაცემასაც აპირებს აქციონერებისთვის, ვიდრე ეკონომიკური მაჩვენებლების მიხედვით უნდა ყოფილიყო.
გერმანულმა კომპანიებმა თავისი ხელგაშლილობით, წამყვან ამერიკულ კონცერნებს გადაასწრეს, რომლებიც საკუთარ აქციონერებს მოგების დაახლოებით, 50 პროცენტს გაუნაწილებენ.