„არა მგონია, ამერიკელებმა ამერიკელი „ჟირინოვსკი“ აირჩიონ პრეზიდენტად“

„არა მგონია, ამერიკელებმა ამერიკელი „ჟირინოვსკი“ აირჩიონ პრეზიდენტად“

ამერიკელები შფოთავენ. ბარაქ ობამა აფრთხილებს თანამემამულეებს, რომ აშშ-ის, ისევე, როგორც მთელი მსოფლიოს ბედი, საფრთხის ქვეშაა.

ობამა მოუწოდებს ამერიკელებს, მხარი ჰილარი კლინტონს დაუჭირონ, რადგან დონალდ ტრამპი ადამიანის უფლებებისთვის საფრთხეს წარმოადგენს. არის თუ არა ამერიკა საფრთხეში, ამის შესახებ For.ge-ს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ესაუბრა.

რესპუბლიკის ბედი ახლა თქვენს ხელშია“, - რას ნიშნავს ობამას მოწოდება საკუთარი ხალხის მიმართ და რატომ იცვლება ძალთა თანაფარდობა სრულიად გაუგებარი მოვლენის - ტრამპის სასარგებლოდ? ბოლო გამოკითხვების თანახმად, ტრამპმა 1%-ით გაუსწრო ჰილარი კლინტონს.

- მოულოდნელი რამ მოხდა გასული პარასკევის შემდეგ, როდესაც ჰილარი კლინტონი 8-10%-ით უსწრებდა ამ „ამერიკელ ჟირინოვსკის“, დონალდ ტრამპს და დღეს უკვე ყველაფერი შეიცვალა. ჩვენთვის, აღმოსავლელი ხალხისთვის, აზიელებისთვის გაუგებარია ამერიკაში მიმდინარე პროცესები. ამერიკის ფბრ-ის ხელმძღვანელმა, ჯეიმს კომმა ჯერ კიდევ სამი თვის წინ მოხსნა ჰილარი კლინტონის წინააღმდეგ ყოველგვარი კითხვები. საუბარია იმაზე, რომ, როდესაც ჰილარი კლინტონი სახელმწიფო მდივანი გახდა, მას სახლში დაუდგეს დაცული სერვერი, ელექტრონული ფოსტა, რომელითაც მას სახელმწიფო მიმოწერა უნდა ეწარმოებინა. ამავე დროს, ჰილარი კლინტონს ჰქონდა თავისი პირადი ფოსტაც. დღეს ეს ქალბატონი ამტკიცებს, იმისთვის, რომ ეს ორი ფოსტა არ არეოდა ერთმანეთში, ხშირად საკუთარ ფოსტასაც იყენებდა სამსახურეობრივი მიმოწერისთვის. მაგრამ ეს ყველაფერი მოხდა რვა წლის წინ. ჯეიმს კომის უწყებამ, ანუ ფბრ-მა ეს ყველაფერი ჯერ კიდევ სამი თვის წინ შეისწავლა და განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ კლინტონმა გამოიჩინა წარმოუდგენელი უყურადღებობა, მისი საქციელი არ შეიცავს დანაშაულს. ჰილარიმ კანონი არ დაარღვია და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე არ აღიძვრება. შესაბამისად, ეს სკანდალი განელდა.

ახლა კი, როცა არჩევნებამდე ორი კვირაა დარჩენილი, უცებ ჯეიმს კომი ამ თემაზე კვლავაც აკეთებს საჯარო განცხადებას. ის წერილს სწერს კონგრესს და ეს მაშინ, როცა იუსტიციის მინისტრი დაბეჯითებით ურჩევს, არ მისწეროს წერილი კონგრესს. წერილში წერია, რომ ახლა კიდევ გამოჩნდა ჰილარი კლინტონის ახალი წერილები, ამიტომაც გამოძიება განახლდაო. ე.ი. დახურული საქმე ხელახლა გაიხსნა. ამ დროს, ამერიკის კანონმდებლობით, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელს კატეგორიულად ეკრძალება რაიმე ზეგავლენა მოახდინოს არჩევნების შედეგებზე. სამი-ოთხი თვის წინ ამ საქმის აღძვრას სხვა ელფერი ჰქონდა, მაგრამ ახლა, როცა სულ რაღაც ორი კვირაა დარჩენილი არჩევნებამდე და აქვეყნებ კლინტონის შესახებ მასალებს, უკვე საეჭვო ელფერს იძენს. თანაც, შეიძლება ამ მასალებში აღმოჩნდეს, რომ კლინტონმა კანონი დაარღვია და ის სისხლის სამართლის დამნაშავეა. კომი იქვე წერს, მე ვერ ვიტყვი, ეს არის თუ არა დანაშაული, მაგრამ, ამავე დროს, დასძენს, ვერც იმას ვიტყვი, რამდენი ხანი დამჭირდება გამოძიებისთვისო. გამოძიება შეიძლება გაგრძელდეს 1-2 თვე ან უფრო მეტიც.

ეს გავლენას მოახდენს ამერიკის არჩევნების შედეგებზე?

- პრაქტიკულად, უკვე მოახდინა გავლენა, რადგან ჰილარის მიმართ სიმპათია შემცირდა. კომიმ ესეც არ იკმარა და კიდევ ახალი მასალები გამოაქვეყნა ჰილარი კლინტონის მეუღლეზე. საქმე ისაა, რომ პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა 2001 წელს, ანუ 15 წლის წინ, შეიწყალა „დემოკრატიული პარტიის“ ერთ-ერთი სპონსორი მილიარდერი. ცხადია, პრეზიდენტის უფლებაა, ვის შეიწყალებს, მაგრამ 2005 წელს დაიხურა ეს საქმეც. 15 წელი გავიდა მას მერე და კომიმ ეს მასალები ისევ გამოაქვეყნა. აქ უკვე თვითონ ამერიკელების ტყავში უნდა ჩავსხდეთ ქართველები, რომ გავიგოთ, რას ნიშნავს ეს მამხილებელი მასალები. საქართველოში ღიად წერენ ზოგიერთ მინისტრზე ან პარლამენტარზე, რომ ის ქრთამს იღებს, დანაშაულის ჩამდენია, მაგრამ ვინ აქცევს ყურადღებას? გამოძიებაც არ იწყება, ამერიკელმა კომიმ კი ეს გამოძიება ჯერ კიდევ სამი თვის წინ დაიწყო გაზეთში გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით. ამერიკაში ძიებები რომ იწყება, წლობით მიმდინარეობს. უოტერგეიტის სკანდალიც ასეთი იყო. ყველა ამბობს, რომ კლინტონმა გამოიყენა საკუთარი თანამდებობა, მაგრამ ეს არ არის დანაშაული. მას სახელმწიფოსთვის ზიანი არ მოუტანია. თუმცა ტრამპი და მისი გუნდი ირწმუნება, რომ თეორიულად ჰილარი კლინტონს შეეძლო საკუთარი ფოსტა რაღაცის დასამალად გამოეყენებინა. სახელმწიფო ფოსტით ის ყველაფერს ვერ გაგზავნიდა, რადგან ყველასთვის ცნობილი გახდებოდა. თუმცა, ამ ბრალდების მიუხედავად, ასეთი დარღვევები არ აღმოჩენილა და ამ დროს 62 ათას წერილზეა ლაპარაკი.

ჰილარი კლინტონს შიდა წრეებიდან ინტრიგას უწყობენ, რომ განწირული იყოს დასამარცხებლად?

- დიახ. ეჭვი არ მეპარება, რომ ჯეიმს კომი ღიად ეხმარება დონალდ ტრამპს და ამაში რუსეთის ხელიც იგრძნობა.

ცხადია, ჰილარი კლინტონის ხელისუფლებაში მოსვლა რუსეთს არ აწყობს. ტრამპისგან განსხვავებით, კლინტონი ამერიკას იზოლაციონიზმისკენ წაყვანას არ ჰპირდება და, სავარაუდოდ, მოკავშირეების დაცვაზეც უარს არ იტყვის.

- ცხადია, კრემლს კლინტონი არ აწყობს, მაგრამ თვითონ ამერიკელების ბუნებაა უცნაური. ასე უაზროდ როგორ იქცევიან, რომ ფბრ-ი იწყებს გამოძიებას იმ სტატიის მიხედვით, რომელშიც, სავარაუდოდ, ფულია გადახდილი. შესაძლოა, ტრამპმა ფული მისცა და ჰილარი კლინტონის საწინააღმდეგო სტატია შეუკვეთა რომელიღაც ჟურნალისტს. ამერიკაში ასეთი რამ გავრცელებულია, ფული თუ გაქვს, ნებისმიერ, ყველაზე პოპულარულ გაზეთსაც მოისყიდი.

ეს ობამას სისუსტეც ხომ არ არის, რომ შიდა წრეები ასეთგადატრიალებასუწყობენ მის ფავორიტს?

- ობამა ძალზე სუსტი პრეზიდენტი აღმოჩნდა. თუმცა მთელი უბედურება ის არის, რომ ამერიკელებს არც კლინტონი უყვართ და არც ტრამპი. ამერიკელები ახლა ცუდსა და უარესს შორის ეძებენ არჩევანს.

მაგრამ მესამე კანდიდატი არ ჩანს. სხვათა შორის, თავიდან საუბარი იყო ბერნი სანდერსზე, მაგრამ ჰილარი კლინტონმა საკუთარ პარტიაში შესარჩევ პრაიმერზე ძლივს მოუგო სანდერსს.

- ესეც ფაქტია. უცნაური წესები აქვთ ამერიკელებს, ამერიკის შვიდ შტატს იმის უფლება აქვს, რაც დანარჩენ 43 შტატს არ აქვს. კერძოდ, შვიდ შტატს შეუძლია, პრეზიდენტობის მესამე კანდიდატად წამოაყენონ ის, ვინც უნდათ, ვისაც არც გაუვლია წინასაარჩევნო პრაიმერი, მიაწერონ მისი გვარი და ის აირჩიონ პრეზიდენტად. მართალია, ასეთი რამ არ მომხდარა ამერიკის ისტორიაში, მაგრამ თეორიულად ეს შესაძლებელია.

გამოიყენებენ ამერიკელები ამ შანსს?

- არა მგონია, 7 შტატი ვერ გადაწყვეტს არჩევნების ბედს. მაკკეინმა გუშინ განაცხადა, კი ბატონო, მეც „რესპუბლიკელი“ ვარ, მაგრამ მეც არ მომწონს ტრამპი, არც კლინტონი მომწონსო. ამიტომ, თუ თქვენც არ მოგწონთ, მიაწერეთ სხვა უცხო გვარი და, ვინც გინდათ, ის გახდეს პრეზიდენტი, ოღონდ ტრამპი არ გახდესო. ამერიკელების უბედურება ის არის, რომ ისინი ისეთივე ნეტარმორწმუნე იდიოტებად დარჩნენ საგარეო პოლიტიკაში, როგორც აქამდე იყვნენ. მათ ვერც თეოდორ რუზველტმა უშველა, ვერც ფრანკლინ რუზველტმა, ვერც რეიგანმა და ვერც ვერავინ. არც ეს ქალი მოსწონთ. თანაც, ტრამპი დემაგოგიას არ ერიდება, ამბობს, რა უბედურებაა, ბოლო 30 წლის მანძილზე 22 წელი ორი ოჯახი მართავს ამერიკას - ბუშების და კლინტონებისო. მაოცებს ჩვენი პრესაც, აქ უფრო აინტერესებთ ის, რომელიღაც ჩვენი წერა-კითხვის უცოდინარი მაჟორიტარი რატომ გახდა პარლამენტის წევრი და არ აინტერესებთ, რაც ამერიკაში ხდება. მოვა ტრამპი და მაშინ ნახეთ პუტინის ქმედება. როგორც კი ტრამპი გახდება პრეზიდენტი, რუსეთიდან იმავე წუთში შეწყდება შეთავაზებები საქართველოს მიმართ, მოდით, დავსხდეთ და ვილაპარაკოთო.

ანუ კულტურულად გადაინაწილებენ ტერიტორიებს?

- რასაკვირველია, ტრამპი ახლავე ამბობს, მე საერთოდ არ ჩავერევი საგარეო პოლიტიკაში, ამერიკელებმა უნდა მივხედოთ ჩვენს თავს, ქვეყნის შიგნით ბევრი პრობლემა გვაქვსო. ასეთი მიდგომა იზიდავთ ამერიკელებს. ჩვენ უნდა აღვკვეთოთ უმუშევრობა, მიგრანტებმა შეჭამეს ჩვენი ქვეყანა, მექსიკელები აუპატიურებენ ჩვენს გოგონებსო.

ამიტომ ტრამპი კედელს აღმართავს მექსიკასთან და იმეგობრებს პუტინთან. ნუთუ ჰილარი კლინტონი მწვავე პოზიციას შეინარჩუნებს პუტინთან?

- საბჭოთა კავშირის 70-იანი წლის ისტორიაში მოსკოვს ყოველთვის უჭირდა „დემოკრატებთან“ ურთიერთობა. კრემლი ადვილად აგვარებდა პრობლემებს „რესპუბლიკელებთან“, იმავე ეიზენჰაუერთან, ნიქსონთან. ამიტომ კლინტონი არ დაუთბება პუტინს. რასაკვირველია, ომს არავინ დაიწყებს არც უკრაინის გულისათვის, მაგრამ აქ სხვა პრობლემაა - ევროპა დღეს პოლიტიკური იმპოტენტია. ევროპას სჭირდება ის, რაც იყო 1945 წლის შემდეგ - მარშალის გეგმა. ნატო რა არის? რომ ევროპამ მორჩილად აღიარა ვაშინგტონის ლიდერობა, ვაშინგტონი ჩაუდგა მას სათავეში, მაშინ იყვნენ ძლიერი პრეზიდენტები -ეიზენჰაუერი, ნიქსონი. დღეს კი ასეთი პრეზიდენტი აღარ არის, მაგრამ კლინტომა შეიძლება ევროპა გააერთიანოს.

სხვათა შორის, დონალდ ტრამპიც ამხელს ნატოს, სადაც შემავალი ქვეყნები საწევროებს გულუხვად არ იხდიან.

- რა არის, იცით? პარადოქსული ვითარებაა. ნატოს წევრი 18 ქვეყანა საერთოდ არ იხდის გადასახადს და ვაშინგტონი ჯიბიდან ძალით თუ ამოათრევინებს ნატოს საწევროებს. ევროპელები იძახიან, ჩვენ რუსეთი არ გვემუქრება და ამიტომ ფულს აღარ გადავიხდითო. ეს პოპულარული თემაა, გამოდიან ევროპელი ლიდერებიც და საკუთარ ხალხს ეუბნებიან, რა გირჩევნიათ, პენსიები, სოციალური დახმარებები გავზარდოთ თუ ნატოში საწევრო გადავიხადოთ, როდესაც ჩვენ არავინ გვემუქრებაო?! სადღაც არაბეთში არაბული სახელმწიფო იბრძვის, ეს დავაფინანსოთ, თუ ევროპელები გაცხოვროთ კარგად? ცხადია, ევროპელები ამბობენ, მთელი მსოფლიოს დედაც ვატირეთ, მთავარია, ჩვენ ვიცხოვროთ კარგადო. ამიტომ ლიდერი სჭირდება დასავლეთს. ევროპაში ასეთი ლიდერი არ არის, რომლის ლიდერობასაც აღიარებდა მთელი ევროპა, როგორიც იყო დე გოლი, ჩერჩილი, მარგარეტ ტეტჩერი. ასეთი ლიდერი ცოტა ხნით იყო აღმოსავლეთ გერმანელი კომკავშირელი ქალი - მერკელიც.

ტრამპი ამბობს, რომ ვაშინგტონში დააშრობს კოპრუფციის ჭაობს. ცოლ-ქმარ კლინტონების მიმართ კითხვები აქვს, რომ მათი ფონდი დიდძალ თანხებს ქაჩავდა.

- მართალია, არსებობს კლინტონის ფონდი, რომლის ანგარიშზეც 2 მილიარდი დოლარი ირიცხება, მაგრამ აქ არავითარი კორუფცია არ არის. უბრალოდ, ეს ძალზე ადვილი საპროპაგანდო საშუალებაა, ტრამპის მიერ გაშვებული მესიჯებია. თვითონ ტრამპის ყველაზე ახლო მრჩევლები არიან რუსეთიდან გაქცეული რუსი ებრაელები, რომლებმაც დააარსეს რუსეთ-ამერიკის სავაჭრო ორგანიზაცია, ჩაჰყავთ რუსეთიდან ებრაელი პროპაგანდისტები, ასეთი ადამიანები ამერიკიდანაც ჩაჰყავთ რუსეთში და ამით არიან დაკავებულნი. კლინტონის შტაბი ორჯერ გატეხეს რუსმა ჰაკერებმა და მასალები გაიტანეს. მაინც არა მგონია, ამერიკელებმა ეს „ჟირინოვსკი“ აირჩიონ. ეს რა ხალხია, ვერ გავიგე.

ცხადია, ტრამპი საფრთხეა ამერიკისთვის, მაგრამ განა ღირებულია ეს არგუმენტი, რომ თურმე 15 წლის წინ ტრამპმა ვიღაცას, ბოდიში ამ სიტყვისთვის, უკანალზე ხელი მოუსვა და ამიტომ არ უნდა აირჩიონ პრეზიდენტად?! ახლახანს გამოვიდა კიდევ 87 წლის კინომსახიობი და ჰიჩკოკმა თავის დროზე მანქანაში ჩემი კოცნა დააპირაო. ამ დროს საწყალი ჰიჩკოკი გარდაიცვალა 1982 წელს. მთელი გაზეთები წერენ, ჰიჩკოკმა ეს როგორ გაბედა, ქალებს როგორ ექცეოდაო. ღმერთმა დაიფაროს, ამერიკაში რომელიმე კორპორაციის უფროსმა მამაკაცმა მეგობრულად ხელი გადახვიოს თანამშრომელ ქალს და მადლობის ნიშნად ლოყაზე აკოცოს, გათავებულია იმის საქმე. მეორე დღეს სასამართლოში დაიბარებენ, ნახევარი ამერიკა აყაყანდება და, როგორც წესი, 200-300 ათასი დოლარი გარანტირებული აქვს ამ ქალს ჯარიმის სახით.

სხვათა შორის, ტრამპი ჰილარი კლინტონს არ შეურაცხყოფს სექსუალური ურთიერთობების გამო, მაგრამ მისი მეუღლის ცოდვებს შეახსენებს დებატებისას.

- ამერიკელებისთვის ეს უცხო არ არის. მთელმა ამერიკამ იცის, ჯონ კენედი როგორ იქცეოდა. თვითონ ჰილარიც არ იყო მაინცდამაინც ანგელოზი. თავის მემუარებში ჰილარი წერს, როგორ ღალატობდა ქმარს და ორივეს საყვარლები ჰყავდა. ჯონ კენედის ანგელოზივით ცოლი ჰყავდა - ჯეკი და მაინც კინომსახიობი არ გაუშვია. მერლინ მონრო ერთდროულად მისი საყვარელიც იყო და ცნობილი განგსტერისაც. ჯონ კენედის მერლინ მონრო რომ მობეზრდა, გადაულოცა თავის ძმას, ბობის. მთელმა ამერიკამ იცოდა ეს, მაგრამ მაშინ ეს არ ითვლებოდა ცოდვად. ეს არის ამერიკული პურიტანიზმი, ამით ქართველებს გვანან. ყველაფერი დასაშვებია, რაც გინდა, გააკეთე, ოღონდ არ უნდა „გააბაზრო“.

თვითონ ჯეიმს კომი აშკარად ეხმარება ერთ მხარეს. ნებისმიერ შემთხვევაში, თუ ჰილარი კლინტონმა გაიმარჯვა, კომის არ აცდება გამოძიება და შეიძლება - ციხეც კანონის დარღვევისთვის, რომ არჩევნების შედეგებზე ზემოქმედებას ახდენდა. კანონის დარღვევა ამერიკაში 9-დან 22 წლამდე ციხეს ნიშნავს. თუ კლინტონი დამარცხდა, მაშინ „დემოკრატიული პარტია“ სიცოცხლეს გაუმწარებს კომის და მას მაინც არ ასცდება სამარცხვინო გადაყენება, მაგრამ ტრამპს ხომ გაამარჯვებინებს? ტრამპმა თუ გაიმარჯვა, ყველასათვის ცხადი იქნება, რომ გაამარჯვებინა ფბრ-ის დირექტორმა კომმა. ამიტომ ამერიკაში საინტერესო პროცესები გველის.