„იქნებ ამიხსნათ, რატომ უნდა იცოდეს ბავშვმა ქართული ნაწარმოებიდან საზეპიროები?“, - განათლების მინისტრის ასეთმა მოსაზრებამ ამ სფეროს ექსპერტების აღშფოთება გამოიწვია.
ალექსანდრე ჯეჯელავა განათლების სისტემის უმთავრეს პრობლემად „უინტერესო სკოლის“ არსებობას მიიჩნევს და ამბობს, რომ მისი მიზანია, სკოლა გაცილებით უფრო საინტერესო გახდეს, ვიდრე ის დღესაა და ორ წელიწადში ეს ასეც იქნება.
„კონტენტი რეალობას აბსოლუტურად აცდენილია. იქნებ ამიხსნათ, რატომ უნდა იცოდეს და ისწავლოს ბავშვმა ქართული ნაწარმოებიდან საზეპიროები? – რა თქმ აუნდა, ვერ ამიხსნით, რადგან ამის ახსნა არ არსებობს. სინამდვილეში კი, საზეპიროებს მეხსიერების განვითარებისთვის ასწავლიან, ვინაიდან უწინ, ინტერნეტამდე, მეხსიერება იყო და, შესაბამისად, ეს საჭიროც იყო. ახლა კი აღარ სჭირდებათ, მაგრამ ინერციით, ასე ვთქვათ, „რაზგონით“ მაინც უვითარებენ. ბავშვი რომ გეკითხება „რატომ უხეთქნა ვარსქენმა ასტამი შუშანიკს?“ – შენ ვერ აუხსნი, შანსი არაა. ამიტომ კონტენტი არის უმნიშვნელოვანესი და, თუ ის ვერ მოვარჩინეთ, მასწავლებელიც ავტომატურად შარშია“, - აღნიშნა მინისტრმა და დასძინა, რომ ჩვენი სკოლა ისეთია, მეშვიდე კლასამდე შეაჯავრებენ ბავშვებს, ისე დატანჯავენ და მეთორმეტე კლასში პროფესიონალ ზარმაცს მივიღებთ.
ექსპერტი განათლების საკითხებში მანანა ნიკოლეიშვილი ინტერესდება, საზეპიროების გარეშე ადამიანი როგორ უნდა ჩამოყალიბდეს?! თუ ბავშვმა მშობლიური ლიტერატურის მხატვრული ნაწარმოების მნიშვნელოვანი, ბრძნული ადგილები არ დაისწავლა და არ გაიაზრა, როგორ უნდა ჩამოუყალიბდეს ეროვნული თვითშეგნება? ეს ციტატები ხომ მას მთელი სიცოცხლე ემახსოვრება და გამოადგება ცხოვრებაში?!
მისივე თქმით, მშობლიური ენა და ლიტერატურა ძირითადი საგანია და ამას ეფუძნება ყველაფერი. ეს სისტემა მოშალა სააკაშვილის ხელისუფლებამ, ლომაიამ თავის „რეფორმებში“ გაატარა ის, რომ ქართული ენის გრამატიკა დაწყებითი კლასების შემდეგ აღარ ისწავლება. ეს მაშინ, როცა ქართული ენის გრამატიკაშიც არის საზეპიროები, ანუ წესებია დასამახსოვრებელი და ამ წესებს დაზეპირება სჭირდება.
„ლიტერატურაშიც საზეპიროებს არ სთხოვენ ბავშვებს, გრამატიკული ნორმებიც არ ისწავლება. ამან მთლიანად დაანგრია სხვა საგნებიც, რადგან მათემატიკაშიც ხომ არის დასაზეპირებელი წესები? როგორ უნდა ისწავლო მათემატიკა, თუ თეორია და წესები არ იცი? ფიზიკაში, ქიმიაში ძლიერია ბავშვი და ამ დროს წესს ვერ გეუბნება, კანონი არ იცის. მაგალითად, პითაგორას თეორემა, მენდელეევის პერიოდულობის კანონი. არის ისეთი კანონები, რომელიც ზეპიერად უნდა იცოდე და ამ დროს შენი სიტყვებით რატომ უნდა გადმოსცე? ალექსანდრე ჯეჯელავა როგორ გახდის სკოლას საინტერესოს? თუ საზეპიროებს მოშლის? მათემატიკოსი კაცი ამას როგორ ამბობს? დაუჩემებია, ინტერნეტიო. ხომ წარმოგიდგენიათ, ექიმი შეიყვანო საოპერაციოში, არ იცოდეს ოპერაციის გაკეთება, დაჯდეს, ინტერნეტში უყუროს და ამის მერე გააკეთოს ოპერაცია. ეს ხომ აბსურდია, რომ არ ისწავლო და არ დაიმახსოვრო არაფერი და, რაც დაგჭირდება, ინტერნეტით მოიძიო. თვითმფრინავის პილოტმა ინტერნეტში წაიკითხოს, რომელი მოქმედების შემდეგ რა განახორციელოს?“ - აცხადებს მანანა ნიკოლაიშვილი For.ge-სთან საუბარში და განმარტავს, რომ ნებისმიერი პროფესიის ადამიანი ზეპირად იმახსოვრებს ინსტრუქციებს. თუგინდ დურგალი ავიღოთ, მან ზედმიწევნით იცის, რის შემდეგ რას აკეთებს. ამიტომ, თუ ჩვენ ვებრძვით მშობლიურ ენასა და ლიტერატურას, მაშინ გავხსნათ ფრჩხილები და ეს ვაღიაროთ.
ექსპერტი განათლების საკითხებში მარიამ რამინაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ბოლო დროს განათლების მინისტრი რატომღაც ყველა ინტერვიუს ინტერნეტის არსებობას უკავშირებს და ყველა წარმატებას გუგლთან მიბმულად წარმოაჩენს. ასეთი მიდგომა ირონიულია და თვით ინტერნეტის გამოყენებასაც აკნინებს. ბუნებრივია, ინტერნეტის არსებობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია კვლევისა და ინფორმაციის მოძიებასთან დაკავშირებით უნარ-ჩვევების გამომუშავებაში, თუმცა ის, რომ სკოლის წარმატება ერთმნიშვნელოვნად ინტერნეტს დავუკავშიროთ, არაკომპეტენურობაა.
ექსპერტის თქმით, თუ ჩვენ გადავხედავთ მსოფლიო გამოცდილებას, მიუხედავად იმისა, რომ ყველგან ჩვენზე უკეთესად იყენებენ ინტერნეტს, საზეპიროები არსად არ არის უარყოფილი. ეს არ ნიშნავს, რომ საზეპიროები უსაშველო რაოდენობის უნდა იყოს. ყველა დონეზე ჩანს, რომ საზეპიროები ჩვენთვის აღარ არის წამყვანი აქტიობა. ამის ნათელი მაგალითია თუნდაც ერთიანი ეროვნული გამოცდები, სადაც ქართულ და უცხოური ენის გამოცდებში საზეპიროებს აღარ სთხოვენ.
„ვფიქრობ, მინისტრი ეჭვქვეშ აყენებს ეროვნულ სასწავლო გეგმას. არადა, ეროვნული სასწავლო გეგმა მიანიშნებს, რომ სასწავლო პროცესში აუცილებლად გამოკვეთილი უნდა იყოს შედეგი, ხოლო შედეგამდე მისასვლელი გზა უამრავია. ეს ალტერნატივა უნდა დავუტოვოთ მასწავლებელს, როგორც თავისუფალი არჩევანი. ეს შეიძლება მოხდეს საზეპიროებით ან მის გარეშე. ეროვნულ სასწავლო გეგმაში პირდაპირ წერია, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანია არა ცოდნის რაოდენობა, არამედ-ხარისხი, რაც ზუსტად გულისხმობს იმას, რომ მხოლოდ კონკრეტული ინფორმაციის ცოდნა, საზეპიროები არ შეიძლება იყოს ცოდნის მიღწევის ერთადერთი გზა. ინფორმაციის გააზრებას უნდა დაეთმოს დიდი მნიშვნელობა.
ის, რომ ერთმნიშვნელოვნად ავკრძალოთ საზეპიროების არსებობა, ესეც კატასტროფაა. რატომღაც ჩვენ ვცდილობთ მასწავლებლებს მზამზარეული ფორმულა შევუქმნათ და მივაწოდოთ, თუ როგორ გახადონ სასწავლო პროცესი საინტერესო. რეალურად, პრობლემა მასწავლებლისთვის თავისუფლების ხარისხის მინიჭებაშია. მასწავლებელმა უნდა იცოდეს, რომ ის თავისუფალია თავის საგაკვეთილო პროცესში და მისი ერთადერთი დოკუმენტი არის შედეგი. ერთმა და იმავე მასწავლებელმა შეიძლება ერთ კლასთან წარმატებით გამოიყენოს ერთი აქტივობა, მაგრამ მეორე კლასთან განსხვავებული აქტივობა დასჭირდეს, რადგან ერთ კლასში სწავლობენ ბავშვები, რომელთათვისაც განზოგადების, ანალიზის პროცესი ნაცნობია, მეორე კლასში კი გვყავს მოსწავლეები, რომლებსაც უფრო მეტი თავისუფლება და მეტი უნარების მიწოდება სჭირდებათ, რათა შეძლონ მიღებული ინფორმაციის განზოგადება. 60 ათას მასწავლებელს უნდა მოვარგოთ ერთი წესი და როგორ უნდა ვუთხრათ, როგორ ასწავლოს, რომ შედეგზე ორიენტირებული იყოს. ეს ხომ წყლის ნაყვაა?!“, - მიიჩნევს მარიამ რამინაშვილი.