„არც ეს პარლამენტია ისე მონოპარტიული, როგორც სურთ, რომ წარმოაჩინონ“

„არც ეს პარლამენტია ისე მონოპარტიული, როგორც სურთ, რომ წარმოაჩინონ“

ამ არჩევნების შემდეგ ზოგიერთს ნაღვლიანი ტონალობა შეერია ხმაში და ერთგვარ მონანიებასაც შეუდგა. კერძოდ, „რესპუბლიკური პარტიის“ ყოფილმა წევრმა პაატა ზაქარეიშვილმა უხმაუროდ დატოვა პარტია და „2030“-ს განუცხადა, რომ „რესპუბლიკელები“ სახელისუფლო პარტიას წარმოადგენდნენ, ამ დროს კი გადამეტებულად ოპოზიციურად იქცეოდნენ, ხშირად უსამართლოდ ლანძღავდნენ „ქართულ ოცნებას“, ნაცვლად იმისა, რომ საკუთარ თავზე აეღოთ პასუხისმგებლობა.

არჩევნებმა ცალკეული პარტიების ბედი თუ უბედობა განაპირობა. „მრავალპარტიული პარლამენტი არ შედგა და, გარკვეულწილად, ეს იყო საზოგადოების დაკვეთა“, - მიიჩნევს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი.

სინამდვილეში, რა იყო საზოგადოების დაკვეთა და დარჩა თუ არა ოპოზიციურ ფლანგზე „ნაცმოძრაობა“ უალტერნატივო ძალად, ამის შესახებ For.ge-ს ექსპერტი ზაალ  ანჯაფარიძე ესაუბრა.

ჩვენი საზოგადოება მესამე ძალის მოლოდინში იყო. ამის მიუხედავად, არჩევნებმა მონოპარტიულობის შედეგი აჩვენა. ამ ფაქტის შეფასებისას გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ მრავალპარტიული პარლამენტი არ შედგა და ეს საზოგადოების დაკვეთა იყო. იზიარებთ მის შეფასებას?

- ვერ დავეთანხმები ბატონი მარგველაშვილის ამ განცხადებას, თითქოს მრავალპარტიული პარლამენტი არ იყო ჩვენი საზოგადოების დაკვეთა. თუნდაც იმიტომ, რომ არჩევნებამდე ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვები აჩვენებდა, რომ პარლამენტში გადიოდა დაახლოებით სადღაც ოთხი-ხუთი პოლიტიკური პარტია. როგორც ცნობილია, სოციოლოგიური გამოკითხვები ასახავენ საზოგადოებრივ განწყობებს და, მათ შორის, ბატონი მარგველაშვილისთვისაც უნდა აესახათ ეს განწყობა. თუმცა მოხდა ისე, რომ უშუალოდ არჩევნების წინ ჩვენს საზოგადოებაში შემოსულმა გარკვეულმა საინფორმაციო ნაკადებმა ამომრჩეველს დაანახა ის საშიშროება, რაც მათ შეიძლება ჰქონოდათ, თუკი ნაცმოძრაობა ხელისუფლებას დაუბრუნდებოდა. ასეთი მოლოდინი იქმნებოდა თავად ნაციონალების მხრიდან.

მეორე მხრივ, არასწორად წარიმართა თვითონ იმ პოლიტიკურ პარტიებში განვითარებული მოვლენები, რომლებიც მიიჩნეოდნენ ალტერნატიულ მესამე ძალად. ვგულისხმობ იმავე პაატა ბურჭულაძესა და მის გაერთიანებაში მიმდინარე მოვლენებს. ასევე, იმას, რომ თვითონ იმ პარტიებმა, რომლებიც, გამოკითხვების თანახმად, უნდა მოხვედრილიყვნენ პარლამენტში, აირჩიეს არასწორი საარჩევნო სტრატეგია და ტაქტიკა. ყველაფერმა ერთობლიობაში განაპირობა ის, რომ მათ ვერ შეძლეს ბარიერის გადალახვა. თორემ საზოგადოების დაკვეთა არ იყო მონოპარტიული პარლამენტი.

პრინციპში, კაცმა რომ თქვას, არც ეს პარლამენტია ისე მონოპარტიული, როგორც სურთ წარმოაჩინონ. მოდით, ობიექტურნი ვიყოთ, ამ პარლამენტში მეტ-ნაკლებად არის წარმოდგენილი ჩვენს საზოგადოებაში არსებული თითქმის ყველანაირი მსოფლმხედველობრივი, იდეოლოგიური, პოლიტიკური და ღირებულებითი სეგმენტი.  „ნაცმოძრაობას“ აქვს თავისი ღირებულებითი სისტემის ნიშა, „პატრიოტთა ალიანსს“ - თავისი და „ქართულ ოცნებას“ - თავისი ნიშა. იქ არიან როგორც ტრადიციონალ-კონსერვატორები, ასევე, შედარებით ლიბერალურად განწყობილები. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ჩვენს უკან გარდამავალი სახელმწიფოა და ჯერ დემოკრატიული პოლიტიკური სტრუქტურა არ არის საკმარისად გამყარებული, მე ვფიქრობ, ეს შედეგი არცთუ ცუდ შედეგად შეიძლება მივიჩნიოთ მრავალპარტიულობის კუთხით.

მაგრამ ფაქტია, რომნაცმოძრაობასოპოზიციურ ფლანგზე კონკურენტი აღარ ჰყავს. ამის შესახებ საუბრობენ ექსპერტებიც, რომ ძირითადი პარტიები, რომელთაც შეეძლოთ ამ ფლანგზე შეევიწროებინათნაცმოძრაობა“, აღარ არსებობს. ეს ჩვენი პოლიტიკისთვის მტკივნეული პროცესი არ არის?

- სადღეისო მდგომარეობით, შეიძლება ითქვას, რომ ეს მართლაც ასეა. რა თქმა უნდა, დღეს ნაცმოძრაობას ამ ფლანგზე კონკურენტი არ ჰყავს, რადგან სამი პარტია რომ ავიღოთ, რომელთაც ჰქონდათ ბარიერის გადალახვისა და პარლამენტში მოხვედრის შანსი, ამ პარტიებში, ფაქტობრივად, მიმდინარეობს უფრო დაშლის პროცესი, ვიდრე შენების. ამის მიუხედავად, ვფიქრობ, ასეთი მდგომარეობა დიდხანს არ გაგრძელდება, თანდათან მოხდება პოლიტიკური ძალების კრისტალიზაცია და, ალბათ, არენაზე გამოვლენ ახალი პოლიტიკური ჯგუფები. ალბათ, მოხდება ახალი პოლიტიკური ცენტრის ფორმირებაც. ეს ობიექტური აუცილებლობაა, რადგან საზოგადოების მოთხოვნა ამაზე არსებობს. უბრალოდ, საქმე ის არის, რომ ხალხის წიაღიდან ვერ გამოვიდნენ ახალი ლიდერები, რომლებიც ახალ იდეოლოგიას, ახალ პოლიტიკურ დღის წესრიგს შესთავაზებდნენ საზოგადოებას. ვნახოთ, რა იქნება მომავალში.

თქვენ ამბობთ, რომ არენაზე გამოვლენ ახალი პოლიტიკური ჯგუფები, მაგრამ მათ მოზღვავებას ისიც ხომ არ შეუშლის ხელს, რომ ძველი ლიდერები ასე იოლად ტოვებენ პოლიტიკას, ან კიდევ პოლიტიკაში ადგილმონაცვლეობენ?

- რთულია ამაზე პასუხის გაცემა, ამას სჭირდება სათანადო სოციოლოგიური, მეცნიერული კვლევა, თუ რატომ არის პოლიტიკურ ლიდერთა ასეთი დეფიციტი ჩვენს ქვეყანაში. მე ვფიქრობ, გარკვეულწილად, ეს განპირობებულია იმ მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობით, რაც საქართველოშია. მეორე მხრივ, შესაძლოა, პოლიტიკაში მომსვლელ ახალგაზრდებს არ აქვთ მხარდაჭერა. ისინი ფიქრობენ, რომ თავიანთი ცოდნით, გამოცდილებით, კომპეტენციით ბევრს ვერაფერს მიაღწევენ და თვლიან, მათი მცდელობა, შემოაბიჯონ პოლიტიკაში, წინასწარვე განწირულია. თუ ისინი საკუთარ თავში მონახავენ ძალებს, გარისკავენ და საკუთარ თავს შესთავაზებენ ხალხს, ეს პოზიტიური პროცესი იქნება.

ისევ და ისევ, მაინც მგონია, რომ ამ არჩევნებმა კარგი გაკვეთილი ასწავლა როგორც ამომრჩეველს, ასევე, პოლიტიკურ პარტიებს. ამდენად, პოლიტიკური პროცესები შედარებით მაინც გაჯანსაღდება.

არჩევნების შემდეგ ყოფილრესპუბლიკელებსშორის თვითკრიტიკის ელემენტებმა იმატა. ზოგიერთი მათგანი ნანობს, რომ რატომღაც ძალიან ხშირად იმ ბანაკში აღმოჩნდებოდა, ვინც აკრიტიკებდაქართულ ოცნებას“, ანუ საკუთარ თავს. ამის შესახებრესპუბლიკელებსშიგნით ყოფილა კამათი. თუმცა პარტიაში უმრავლესობას რატომღაც ეგონა, რომ ოპოზიციაში ჩადგომით უფრო მეტ ხმას მიიღებდა. მთლიანობაში, როგორი იყო ბიძინა ივანიშვილის როლი ალასანია-უსუფაშვილის პოლიტიკიდან საბოლოოდ ან ნაწილობრივ ჩამოცილების საქმეში? ხედავთ ამ მკვეთრი გადაწყვეტილებების უკან ბიძინა ივანიშვილის ფაქტორს?

- შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ბიძინა ივანიშვილს ამ საქმეში გარკვეული წვლილი მიუძღვის, რადგან, თუ შეიძლება ასე ითქვას, მან მოვლენებს საკუთარი სახელი დაარქვა ამ პარტიებთან და ამ ლიდერებთან მიმართებით. ვფიქრობ, ამანაც თავისი როლი შეასრულა იმიტომ, რომ ბატონ ივანიშვილს საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილში მაღალი დონის კრედიტი გააჩნია და მის სიტყვას ფასი აქვს. ივანიშვილის მიერ გაკეთებულმა შეფასებებმა ამ პარტიებისა და მათი ლიდერების მიმართ და ამ ლიდერების ისტერიულმა და აბსოლუტურად არაადეკვატურმა უკურეაქციამ მოგვცა ის შედეგი, რაც მოგვცა.

ადვილი დასანახია, რომ ქარიზმა აკლია უსუფაშვილს, მაგრამ ცნობილია, რომ ის ახალი გუნდის შექმნას აპირებს. ამ მწირი ადამიანური რესურსების მქონე ქართულ პოლიტიკაში, რაზეც თქვენც საუბრობდით, მოძებნის კი ისეთ ქარიზმატულ პარტნიორს, რომელიც შემდგომი პოლიტიკური ცხოვრების დასაწყებად გამოადგება?

- არ შემიძლია, ჰიპოთეტურად ვიმსჯელო, თუ რას გააკეთებს უსუფაშვილი პოლიტიკაში. ეს გამოჩნდება მისი პირველი ნაბიჯების შემდეგ. ვნახოთ, რა განაცხადს გააკეთებს, ვის შემოიკრებს ირგვლივ...