„ორ კაცს ნაჯახი ჩაარტყეს თავში, შევასწარით ტყეში და ამით გადავრჩით“

„ორ კაცს ნაჯახი ჩაარტყეს თავში, შევასწარით ტყეში და ამით გადავრჩით“

ჩინური კომპანიის წარმომადგენლებმა სოფელ ზვარეში რამდენიმე მუშა „არმატურებით“ სცემეს. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. შემთხვევა გუშინ ღამით ჩინელების მხრიდან გამოვლენილი აგრესიით დაიწყო და დღეს დილითაც გაგრძელდა, როცა „არმატურითა“ და რკინის იარაღებით შეიარაღებულმა ჩინელებმა ალყა შემოარტყეს ქართველ დასაქმებულებს. საბედნიეროდ, ქართველებმა ტყეში გაქცევით უშველეს თავს, თუმცა მათი ნაწილი საავადმყოფოში მძიმე დაზიანებებით მაინც მოხვდა.

მთლიანობაში, ჰისპიტალიზირებულია 5 მუშა და 2 ადგილობრივი მაცხოვრებელი. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია რკინიგზელთა ახალმა პროფკავშირებმა გაავრცელა.

რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების წარმომადგენელმა ილია ლეჟავამ For.ge-სთან საუბარში მომხდარის დეტალები გაიხსენა და განმარტა, რომ პროფკავშირების წარმომადგენლები დღესაც შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან და სხვადასხვა საავადმყოფოდან აწვდიან დაშავებულთა ამსახველ ფოტომასალასა და ინფორმაციას. მისი თქმით, შვიდი დასაქმებულის მდგომარეობა ძალზე მძიმეა. ილია ლეჟავა შსს-საც მიმართვს, დაუყოვნებლივ დააკავონ ზვარეს ობიექტის ადგილობრივი მენეჯმენტი და აღნიშნულ ინციდენტს შესაბამისი კვალიფიკაცია მიანიჭონ, რადგან აქ უბრალო ცემაზე არ არის საუბარი. ფაქტები აჩვენებს, რომ საქმე გვაქვს დასაქმებული ადგილობრივების სხეულის დაზიანებებთან, რაც ჩინური კომპანიის მენეჯმენტის მხრიდან ჯგუფურმა თავდასხმამ გამოიწვია.

„მუშები ყვებიან, რომ „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს“ წარმომადგენლები ცივი იარაღით იყვნენ შეიარაღებულნი და ისე უსწორდებოდნენ ადგილობრივებს. ამ ყველაფერს წინა დღის ინციდენტი უძღოდა, როცა ადგილობრივ მაცხოვრებელ ორ გლეხს ტყიდან შეშა გამოჰქონდა. ჩინური კომპანიის წარმომადგენლებს ეგონათ, რომ შეშა მათი კომპანიის კუთვნილება იყო. კომუნიკაცია ვერ შედგა, ვერ იკითხეს ჩინელებმა და ვერც უპასუხეს ქართველებმა. შესაბამისად, ჩინელებმა ქართველებს პირდაპირ მოსთხოვეს, შეშისგან დაეცალათ ავტომობილი. ამას მოჰყვა ფიზიკური დაპირისპირება. ჯგუფურად შეკრებილი, არმატურით შეიარაღებული ჩინელები ფიზიკურად გაუსწორდნენ ადგილობრივ ორ მაცხოვრებელს. ამასთან დაკავშირებით შრომითი დავა არსებობდა, გაფიცვებიც იყო და პროფკავშირებიც ჩართულნი ვიყავით ამ საქმეში. კომუნიკაციის პრობლემის შესახებ არაერთხელ გავაფრთხილეთ შს სამინისტროც, პროკურატურაც და საქართველოს რკინიგზაც, რომ იქ საჭირო იყო ქართულ ენაზე მოსაუბრე წარმომადგენლის ყოფნა. ეს არ შესრულდა და შედეგად მივიღეთ სავალალო მდგომარეობა. აქ ყველას პასუხისმგებლობა იკვეთება“, - აღნიშნა ილია ლეჟავამ.

მანვე განმარტა, რომ უცხოელ დამსაქმებელზე რა უნდა ვთქვათ, როცა ქართველი დამსაქმებლებიც ფიზიკურად უსწორდებიან დასაქმებულებს. ეს დისკრიმინაციული შრომის პოლიტიკით აიხსნება. ჩვენი სახელმწიფოს მხრიდან შრომითი პოლიტიკა გაცხადებულია ისე, რომ დამსაქმებლები, ინვესტორები ყველაფრის ბატონ-პატრონები არიან ქვეყანაში. ამიტომაც დამსაქმებლები თავს ბატონებად გრძნობენ და მონებივით ეპყრობიან მუშებს.

For.ge ინციდენტის შედეგად დაზარალებულ, ჩინურ კომპანიაში დასაქმებულ მინდია ოკრიბელაშვილს ესაუბრა. მან დაპირისპირების დეტალები გაიხსენა და აღნიშნა, რომ წინა დღეს ნასვამი ჩინელები გაუსწორდნენ ადგილობრივ მოსახლეობას და ორი კაცი სცემეს. ამის შემდეგ ადგილობრივებმა დახმარება სთხოვეს ჩინური კომპანიის ქართველ თანამშრომლებს, მოგვეშველეთო. ქართველებიც გავიდნენ მისაშველებლად და ამის საპასუხოდ ერთ-ერთ მათგანს ჩინელმა არმატურა ჩაარტყა თავში, რის გამოც ამ ადამიანს თავის ქალის ძვალი ჩაუტყდა და ხაშურის საავადმყოფოში სასწრაფოდ გადაიყვანეს.

„მეორე დღესაც დაპირისპირება სამუშაოს წარმომადგენელმა დაიწყო. ის ხელით შეეხო ჩვენს თანამშრომელს. მანაც დაიყვირა, მიშველეთო, გამოვედით ყველანი და ამის შემდეგ 150 ჩინელი შემოგვესია, ალყაში მოგვაქციეს, დანებს, ნაჯახებსა და კეტებს გვიქნევდნენ, ორ კაცს ნაჯახი ჩაარტყეს თავში. შევასწარით ტყეში და ამით გადავრჩით. მე თავი მაქვს გატეხილი, „რეიკა“ ჩამარტყეს თავში, ვერ მოასწრეს მეტის ჩარტყმა. ზესტაფონის, ხარაგაულის პოლიცია ყველა იქ არის, როგორც ვიცი, ოთხი მანქანა მიდიოდა ადგილზე. ვის წამოსაყვანად მიდიოდნენ, არ ვიცი. დავინახე ისიც, თუ როგორ ჩამოართვა პოლიციელმა ერთ-ერთ თავდამსხმელს ხორცის საჩეხი დანა“, - გვითხრა მინდია ოკრიბელაშვილმა.

ამასთან, აღნიშნა, რომ ხარაგაულის რაიონში ჩინელების მოძალება ყოველდღიურად ხდება. ისინი ემატებიან და ემატებიან, რადგან ხელფასი ქართველებზე ორჯერ მეტი აქვთ, ქართველებზე ნაკლებს მუშაობენ და რა საქმესაც ავალებენ, ის საქმე საერთოდ არ იციან. ჩინელებს ისევ ქართველები უხსნიან რკინიგზის გვირაბში მიმდინარე სამუშაოების დეტალებს და ამ დროს ადგილობრივების მაგივრად ისევ ჩინელები იღებენ ზედმეტ ხელფასს.

„ჩვენ თუ 700 ლარს ვღებულობთ, ისინი 2000 ლარამდე იღებენ. გაცილებით უკეთესად იკვებებიან, ტახტზე წვანან, ჩვენ კი რკინის კოიკები შევიძინეთ და სახლიდან მიგვაქვს საჭმელი. როცა შენი საკუთარი ტყიდან შეშა მოგაქვს და ამ დროს ჩინელი დაგხვდება და გაგლახავს, რომელ ქართველს გაუხარდება? განა მოსაწონია, რომ ადგილობრივ მოსახლეობას აჩერებენ, მანქანის მინებს უმტვრევენ, დაბლა აგდებენ, სცემენ და საკუთარი შეშის დაყრას უბრძანებენ?!“

ჩინელი დამსაქმებლების მხრიდან გამოვლენილ აგრესიას ადგილობრივი მუშები იმით ხსნიან, რომ ცოტა ხნის წინ ქართველი მუშები რამდენიმე დღით გაიფიცნენ და პროტესტის შედეგად ჩინელებთან შრომითი ხელშეკრულების გაფორმებას მიაღწიეს.