თურქეთის საზღვართან უზარმაზარი რიგია

თურქეთის საზღვართან უზარმაზარი რიგია

სარფის გამშვებ პუნქტზე ისევ დიდი რიგია და საზღვარზე გადაადგილება შეფერხებულია. ოფიციალური პირები პრობლემას ტექნიკურ ხარვეზს უკავშირებენ, მაგრამ მედიაში სხვა ინფორმაციებიც ვრცელდება.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ, გვიან ღამით საზღვრის გადმოკვეთა რიგში მდგომმა საქართველოს 300-მდე მოქალაქემ შეძლო. თურქმა მებაჟეებმა და ჟანდარმერიამ მოქალაქეების იდენტიფიცირება ქართული მხარის დახმარებით შეძლეს.

სარფის სასაზღვრო პუნქტზე, თურქეთის მხარეს პრობლემა 26 ოქტომბერს, საღამოდან შეიქმნა. სარფში საქართველოს მხარეს მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ისევ არ შეუძლიათ თურქეთის საზღვრის გადაკვეთა. რაც შეეხება თურქეთის მოქალაქეებს, მათ შეუძლიათ სასაზღვრო კონტროლის გავლა როგორც საქართველოს, ასევე თურქეთის მხარეს.

თუმცა ვრცელდება სხვა ინფორმაციაც, რომლითაც დასტურდება, რომ კომპიუტერული გაუმართაობა მხოლოდ ოფიციალური ვერისაა. თურქული მედია სარფის გამშვებ პუნქტთან ასაფეთქებელი მოწყობილობის აღმოჩენის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.

ბეჭდური გამოცემების მიხედვით, დაკავებულია ერთი პირი, რომელსაც აფეთქების მოწყობა ჰქონდა განზრახული. ფაქტი ოფიციალურად ჯერ არც ერთ მხარეს არ დაუდასტურებია. მედიის ინფორმაციით კი, დაკავებულ პირს შაჰიდის ქამარი ეკეთა და ის თავის აფეთქებას გეგმავდა.

საბაჟოზე აჭარის მთავრობის მეთური და საქართველოში თურქეთის კონსული ერთობლივად იმყოფებოდნენ. „როგორც საქართველო ასევე თურქეთის მხარე ერთობლივი ძალებით ვცდილობთ ამ პრობლემის მოგვარებას. არის ტექნიკური ხარვეზები, რის გამოც ჯერ უცნობია როდის გადაწყდება ეს საკითხი, იქნება ეს ერთ თუ რამდენიმე საათში. არის კომპიუტერული სისტემა, რამაც გამოიწვია ეს პრობლემა“, - აღნიშნა თურქეთის გენერალურმა კონსულმა იასინ თემიქანიმ.

აჭარის მთავრობის მეთაურის განცხადებით, პრობლემა მხოლოდ სარფის საბაჟო პუნქტს არ ეხება. ზურაბ პატარაძის თქმით, ანალოგიური პრობლემები არის ყველა საზღვარზე, მათ შორის საერთაშორისო აეროპორტებში. ეს არის თურქეთის მთელს ტერიტორიაზე არსებული სისტემური პრობლემა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი თურქეთსა და საქართველოს შორის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე შექმნილი ვითარების თაობაზე სპეციალური განცხადება გაავრცელა.

„უკვე რამდენიმე დღეა, თურქეთსა და საქართველოს შორის სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე მოქალაქეების გადაადგილება შეზღუდულია. აღნიშნული შეფერხება გამოწვეულია საპასპორტო კონტროლის, ე.წ. POL NET-ის სისტემის გათიშვის გამო და ვრცელდება არა მარტო სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე, არამედ მთელი თურქეთის მასშტაბით სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე. ამჟამად, პრობლემის აღმოსაფხვრელად მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები, თუმცა სისტემის გამართვის ზუსტი დრო უცნობია. ამჟამინდელი ინფორმაციით, საბაჟო-გამშვები პუნქტი მუშაობს შეფერხებით, ვინაიდან დოკუმენტების კონტროლი უფრო მეტ დროს მოითხოვს, ვიდრე სისტემის მუშაობის პერიოდში“, - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებმაც თურქეთის საზღვარი გადაკვეთეს პასპორტით, რომელშიც დატანილია საზღვრის კვეთის შტამპი და ფიქსირდება შესვლის თარიღი, თურქეთიდან საზღვრის გადმოკვეთა საქართველოს მიმართულებით უფრო მარტივად ხორციელდება, ვიდრე, საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ქვეყანაში შესულები არიან ID ბარათის საფუძველზე.

ასევე, საქართველოდან თურქეთის მიმართულებით საზღვრის გადაკვეთა შეუძლიათ თურქეთის რესპუბლიკაში ცხოვრების ნებართვის მქონე მოქალაქეებს.