ზუგდიდის ბაზრის „სამთავრობო“ და „ოპოზიციური“ მოვაჭრების  პროტესტი (VIDEO)

ზუგდიდის ბაზრის „სამთავრობო“ და „ოპოზიციური“ მოვაჭრების პროტესტი (VIDEO)

[ნანა ფაჟავა, ზუგდიდიდან]

ხელისუფლებამ მოახერხა და თავის მომხრეებად და ოპონენტებად ბაზრის მოვაჭრეებიც დაჰყო. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსს, ლევან მესხიას თუ დავუჯერებთ, ბაზრის შიდა ტერიტორიაზე მომუშავე მოვაჭრეები ხელისუფლების პოტენციური მომხრეები არიან, გარემოვაჭრეები კი, არა რომელიმე ოპოზიციური პარტიის ან გაერთიანების, არამედ, „უახლესი ტენდენციების“ შესაბამისად, პირადად ნინო ბურჯანაძის.

ცოტა ხნის წინ, მესხია „გარეოპოზიციონერობას“ ასეთივე წარმატებით ზუგდიდის მთავარ ოპოზიციონერს, კახა მიქაიას უკავშირებდა, რომელიც დარბევის შედეგად ნაცემ–ნაბეგვ გარემოვაჭრეებს მუდმივ მხარდაჭერას უცხადებდა. მითუმეტეს მაშინ, როცა ქალაქის ცენტრალურ ბულვარში ექვსთვიანი საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას, პოლიციის მიერ აყრილი გარემოვაჭრეები მიქაიას დახლებს ზედ საკნებთან უშლიდნენ. (http://www.youtube.com/watch?v=UQaUSUR10MU)

მას შემდეგ, გარემოვაჭრეებმა ნებართვის მიღების მოთხოვნით ზუგდიდის მინიციპალიტეტის გამგეობის შენობასთან არაერთი აქცია გამართეს, გამგებელ ქობალიას სახლშიც მიაკითხეს, მაგრამ უშედეგოდ.

გუშინ, ქობალიას უწყებასთან კიდევ ერთი საპროტესტო აქცია გაიმართა– მოვაჭრეები გარემოვაჭრეების წინააღმდეგ. ამჯერად, ბაზრის ტერიტორიაზე მოვაჭრეებმა ხელისუფლებისაგან გარემოვაჭრეების ალაგმვა პირდაპირ მოითხოვეს. როგორც თავად აცხადებდა, პოლიციასთან „კონსულტაციაგამოვლილი“  ლევან მესხია აქციის მონაწილეებს „ჯიუტ“ გარემოვაჭრეებზე „მუშაობის გაგრძელებას“, მათ კანონიერ მოთხოვნაზე კი „კანონის აღსრულებას“ დაპირდა.

ხელისუფლებისგან პირობამიღებული  პროტესტანტები მალევე დაიშალნენ. ზუსტად 15 წუთში კი ბაზრის გარეპერიმეტრი სამართალდამცველებმა დაიკავეს და „კანონის აღსრულებასაც“ დიდი მონდომებით შეუდგნენ. თუმცა, ყველასათვის მოულოდნელად, რამდენიმე წუთით უკან დაიხიეს. როგორც გაირკვა, „სპეცოპერაციის“ გადადების მიზეზი  ტერიტორიაზე მომუშავე ჟურნალისტები გახდნენ, რომლებსაც გარემოვაჭრეები მოსალოდნელი დარბევის ასახვას ვიდეოკამერაზე სთხოვდნენ.

მას შემდეგ, რაც ბაზრის ერთ–ერთ შესასვლელთან ზედამხედველობის სამსახურის „პიკაპის“ ტიპის ავტომანქანა გამოჩნდა,  პოლიციამ გარემოვაჭრეების დარბევა დაიწყო. „ოპერაციის“ დასრულების შემდეგ დააკავეს და წინასწარი დაკავების იზოლატორში მხოლოდ სამი გარემოვაჭრე გადაიყვანეს. რამდენიმე წუთში დაკავებულებს სამედიცინო დახმარება დასჭირდათ. პოლიციის შენობიდან ერთი საათის შემდეგ გამოსული სასწრაფო დახმარების ბრიგადა ქალბატონების ჯანმრთელობის მდგომარეობას დამაკმაყოფილებლად აფასებდა.

სვეტლანა გელანტია და ნანი შეროზია პოლიციამ ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების გარეშე გაათავისუფლა, ხოლო ია თოდუას ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 20–ლარინი ჯარიმის გადახდა დააკისრა და ჩამორთმეული პროდუქტის კონფისკაციაც მოახდინა. 1კგ პომიდორი, 10 კგ კიტრი და 5კგ ბარდა–ასეთია იმ ნადავლის რაოდენობა, რომელსაც ქართულად „კანონის აღსრულების“ შედეგი ჰქვია.

თუ რა ხდებოდა ზუგდიდის ბაზართან 30 მაისს, ნახეთ ვიდეოკადრებში.