პაციენტების თბილისში მკურნალობის ასარიდებლად თიბილოვი რუსეთს საკუთარი ავიაციის შექმნაში დახმარებას სთხოვს. მისი სურვილია, ეთნიკურად ოსი პაციენტები რუსეთის ფედერაციის საავამდყოფოებში გადაიყვანონ.
თიბილოვის თქმით, მეზობელ საქართველოში განვითარებულია მედიცინის ზოგიერთი მიმართულება და რესპუბლიკის მოქალაქეები დე ფაქტო ხელისუფლებას პერიოდულად მიმართავენ საქართველოში სამკურნალოდ გაგზავნის თხოვნით. საქართველოში უფრო მალე შეიძლება გამგზავრება, ვიდრე ჩრდილოეთ ოსეთში და ეს იმ დროს, როდესაც ცხინვალის რეგიონსა და საქართველოს შორის არ არსებობს პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები, ჟენევის დისკუსიების მოედნის გარდა.
თიბილოვი აცხადებს, რომ საქართველოში ჯანმრთელობის სერიოზული პროექტები ფინანსდება და მხარდაჭერილია დასავლელი ქვეყნების მიერ. ამდენად, საქართველოში მკურნალობა იძულებითი ზომაა.
თიბილოვის ამ განცხადების მიუხედავად, აღნიშვნის ღირსია, რომ რუსები აღფრთოვანებით არ ხვდებიან მოსკოვში ჩასული ოსების მკურნალობას. რუსეთის საავადმყოფოები ცხინვალელებს მკურნალობაზე უარს ეუბნებიან. ამის მიზეზი ის არის, რომ რუსეთის კლინიკებში არსებობს ლიმიტი, წლის განმავლობაში რამდენ პაციენტს უმკურნალონ. ეს ლიმიტი უკვე ამოწურულია და ცხინვალის ადმინისტრაციას რუსული კლინიკების წინაშე დიდი ვალი დაუგროვდა.
ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის დიმიტრი სანაკოევის თქმით, თბილისში ტრანსპორტირება გაცილებით მარტივია, ვიდრე ვლადიკავკაზში. ამდენად, ადგილობრივ მოსახლეობას დე ფაქტო მთავრობის მიმართ კითხვები დაუგროვდა, თუ რატომ უშვებენ მათ სამკურნალოდ მაინცდამაინც ვლადიკავკაზში, როცა თბილისში მკურნალობა მათთვის უფასო და მაღალკვალიფიცირებულია?! სწორედ ამიტომ თიბილოვი თავს იმართლებს, ვერტმფრენები არ გვყავს და ოპერატიულად ვერ ვახერხებთ ვლადიკავკაზში პაციენტების გადაყვანასო.
დიმიტრი სანაკოევის ინფორმაციით, წელს სხვადასხვა პათოლოგიებით თბილისში ცხინვალის რეგიონის 550-მა მოქალაქემ იმკურნალა. თუმცა, მთლიანობაში, რამდენ პაციენტს უმკურნალეს თბილისის საავადმყოფოებში ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია.
ფაქტია, რომ თბილისთან დაახლოების პრობლემა არა მარტო თიბილივის წინაშე დგას, არამეც აფხაზებიც შეშფოთებულნი არიან თბილისში ან საქართველოს სხვა ქალაქებში ჩამოსულთა გახშირებული შემთხვევებით, რის გამოც ყოველწლიურად საქართველოს ბიუჯეტიდან დე ფაქტო ტერიტორიაზე მცხოვრებთა მკურნალობისთვის რამდენიმე მილიონი ლარი იხარჯება.
ჯერ კიდევ 2012 წელს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ლეონიდ ლაკერბაია აცხადებდა, რომ აფხაზ ავადმყოფებს საქართველოში სამკურნალოდ აღარ გაუშვებდა. დე ფაქტო პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი კი ირწმუნებოდა, რომ აფხაზეთიდან თბილისში სამკურნალოდ წასვლა ვინმესთან დაახლოების სურვილს არ ნიშნავდა. უბრალოდ, საუბარი იყო ადამიანთა სიცოცხლის გადარჩენაზე.
„ეს არ ნიშნავს, რომ ქართული მედიცინის ტყვეობაში ვართ. მაგალითად, ერთხელ დახმარება ახალშობილს დასჭირდა, მეორედ - ომის ვეტერანს. პაციენტის სოჭში ან მოსკოვში ტრანსპორტირება სახიფათო იყო და საქართველოში გადაიყვანეს“, - აცხადებდა იმ დროს ალექსანდრე ანქვაბი. თუმცა პარალელურად ვრცელდებოდა კონფიდენციალური ინფორმაცია, რომ დე ფაქტო პრეზიდენტი ანქვაბი თავად იწვა თბილისის საავადმყოფიში და მას იმ წლებში შუნტირებაც ჩაუტარეს.
მართალია, მკურნალობისთვის აქ ჩამოსულთა ვინაობა არ ხმაურდება, რათა დე ფაქტო ტერიტორიაზე პრობლემები არ შეექმნათ, მაგრამ მარტო 2015 წლის ოთხ თვეში აფხაზეთიდან გადმოსულ 107 ეთნიკურად აფხაზს დაეხმარნენ.
აფხაზეთის უშიშროების ექს-მინისტრი, გენერალი ლევან კიკნაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ თიბილოვის სურვილი, ეთნიკურად ოსი პაციენტები რუსეთის ფედერაციის საავადმყოფოებში გადაიყვანონ, განუხორციელებელია, ვინაიდან ოსებისა და აფხაზების მოსკოვის რომელიმე კლინიკაში უფასოდ მკურნალობას თავად რუსი ხალხი არ დაუშვებს. უფასო თანხების გამოყოფა ვინმეს მკუნალობის მიზნით ასე ადვილი არ არის. შეიძლება, რუსეთმა გამოყოს თანხა და გადმოუგზავნოს ან დაეხმაროს დე ფაქტო ტერიტორიაზე მცხოვრებლებს, მაგრამ წარმოუდგენელია, მოსკოვის რომელიმე კლინიკაში უფასოდ ამკურნალონ აფხაზი ან ოსი.
„რუსეთმა თანხები რომც გამოყოს, ვინ უმკურნალებს ამ ხალხს? ან აფხაზეთში, ან ცხინვალის რეგიონში სად არის სათანადო აპარატურით აღჭურვილი კლინიკები? არც სპეციალისტები ჰყავთ. ასე რომ, თიბილოვის განცხადება უფრო პოპულისტურია და გათვლილია იმ ადამიანებზე, ვინც შეიძლება დაუჯეროს მაგათ და თბილისის ნაცვლად რუსეთში იმკურნალოს. რა თქმა უნდა, თიბილოვის რეკომენდაციას არ დაუჯერებს ის გაჭირვებული ხალხი, რომელთაც არ აქვთ საიმისო სახსრები, რუსეთში იმკურნალონ“, - აცხადებს ლევან კიკნაძე.
ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია განმარტავს, რომ ეს არის რუსეთის მიერ გამოხატული რბილი ძალის ეფექტი, რათა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საქართველოსთან დამაკავშირებელი ბოლო ძაფიც გაწყვიტოს. რუსების სურვილია, ცხინვალის მოსახლეობამ იაროს არა თბილისში, არამედ რუსეთში. თუმცა ბევრ ოსს სურს, ჩამოვიდეს თბილისში და მიიღოს კვალიფიცირებული სამედიცინო დახმარება.
„რუსები აპირებენ, თამარაშენის ტერიტორიაზე, სამხედრო დასახლებაში დიდი სამხედრო ჰოსპიტალი ააშენონ, დაახლოებით 500-600-კაციანი ადგილით. ეს იქნება თანამედროვე დონეზე აღჭურვილი ჰოსპიტალი, საიდანაც პაციენტების გადაყვანა რუსეთის ცენტრალურ კლინკებში მოხდება. ეს ანექსიის ერთ-ერთი ფორმაა, რათა იქაურები საბოლოოდ მოწყვიტონ საქართველოს. ეჭვი არ მეპარება, რომ რუსები ამისთვის შესაბამის თანხებს გამოყოფენ. არაფერი რჩება, არც სახალხო დიპლომატია და არც სხვა საშუალება, ამიტომ აფხაზებისა და ოსების მკურნალობაც თუ ხელიდან გამოგვეცალა, მთლიანად მოხდება ამ რეგიონის ანექსია. ეს პროცესი დაწყებულია, რასაც მე კარგა ხანია, ყირიმიზაციის პროცესს ვუწოდებ ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე“,-აცხადებს ვახტანგ მაისაია For.ge-სთან საუბარში.