საქართველოს12 უვადოდ დანიშნული მოსამართლე ჰყავს. საქართველოს სასამართლოების ისტორიაში, საქართველოს კონსტიტუციის 86-ე მუხლის მიხედვით, პირველად, მოსამართლეთა უვადო გამწესება განხორციელდა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, ის მოსამართლეები, რომლებსაც 3 წლიანი გამოსაცდელი ვადა 29 ნოემბერს ეწურებოდათ, თბილისსა და რეგიონების სასამართლოებში უვადოდ დაინიშნენ.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, კენჭისყრის შედეგად დაინიშნენ:
ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიროტაძე, ნატალია ნაზღაიძე, მურთაზ მეშველიანი, ხათუნა ხომერიკი, ნანა ჭიჭილეიშვილი, ციცინო კიკვაძე, გოჩა ფუტკარაძე, ნინო შარაძე, გერმანე დადეშქელიანი, მერაბ ღვინიაშვილი და ნანა ჯანხოთელი.
კანდიდატების უმეტესობასთან დაკავშირებით საბჭოს გადაწყვეტილება ერთსულოვანი იყო, კანდიდატების მცირე ნაწილს კი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რამდენიმე წევრმა მხარი არ დაუჭირა. უვადოდ დაინიშნა რამდენიმე რეზონანსული საქმის მოსამართლე, მათ შორის მეორე ინსტანციაში „რუსთავი 2“-ის საქმის მოსამართლე ნატალია ნაზღაიძე, რომელსაც სააპელაციო სასამართლოში უვადოდ დანიშვნის საკითხზე მხარი საბჭოს 14-ვე წევრმა დაუჭირა.
ასევე უვადოდ დაინიშნა გორის რაიონულ სასამართლოში გერმანე დადეშქელიანი, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში მუშაობისას გიგი უგულავასა და ვანო მერაბიშვილის საქმის მოსამართლე იყო. მოსამართლეები, რომელიც უვადოდ დაინიშნენ, თანამდებობაზე საპენსიო ასაკის მიღწევამდე იმუშავებენ.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანის ლევან მურუსიძის განცხადებით, იმ 12 მოსამართლესთან, რომელსაც 3-წლიანი გამოსაცდელი ვადა 29 ნოემბერს გასდის, გასაუბრებისას კითხვები არა უშუალოდ რეზონანსულ საქმეებს, არამედ მათი განხილვის მეთოდებს ეხებოდა.
„კონკრეტულ საქმეებზე, რომელიც დღეს უზენაეს სასამართლოში იხილება და საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არაა, არ იქნებოდა სწორი და კორექტული, რომ გვესაუბრა. იყო შეკითხვები, როგორ ართმევენ თავს რეზონანსული საქმეების განხილვას, როგორ იღებენ გადაწყვეტილებებს, ითვალისწინებენ თუ არა საზოგადოების აზრს და ზოგადად, როგორ უნდა მიუდგეს მოსამართლე ამ შემთხვევაში საქმეებს“, - განაცხადა ლევან მურუსიძემ.
მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნას მნიშვნელოვან მოვლენად აფასენებენ სამართლის ექსპერტები. როგორც ლია მუხაშავრია აცხადებს, მართლაც ისტორიული მომენტია, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ის მომენტი, რომ პოლიტიკური წნეხი სასამართლოზე, როგორიც ჩვეულებრივ გვახასიათებდა, აუცილებელია შემცირდეს მომავალი ხელისუფლების პირობებში და ასეთ შემთხვევაში სასამართლოს კუთხით უკეთესი მდგომარება გვექნება.
„როდესაც მოსამართლემ იცის, რომ სამუდამოდ არის გამწესებული და ასე იოლად მისი განთავისუფლება ვერ მოხერხდება, თუ მას აქვს სამართლის შეგრძნება და სინდისი, ეცდება, რომ ნამდვილად კარგი მოსამართლე იყოს. ამიტომ, ეს პრაქტიკა მიღებულია მთელს მსოფლიოში, რომელიც ბევრად უფრო უზრუნველყოფს მის მიუკერძოებლობას და დამოუკიდებლობას.
ამ პრეცედენტით მივიღებთ იმას, რომ ბოლოს და ბოლოს ამ ქვეყანაში შეიქმნება სასამართლო. სასამართლოს უჩნდება შანსი, შეცვალოს ის დამოკიდებულება, რომელიც საზოგადოებას მის მიმართ აქვს. ვისურვოთ, რომ ეს შანსი მათ გამოიყენონ ქვეყნისთვის სასიკეთოდ, იმიტომ, რომ გამართული მართლმსაჯულების და სამართლიანი სასამართლოს გარეშე, სახელმწიფო უბრალოდ არ არსებობს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ლია მუხაშავრიამ.
სამართლის ექსპერტის თემურ მონიავას განცხადებით, განვითარებულ ქვეყნებაში მოსამართლეთა მუდმივი შემადგენლობის არსებობა, სამართლიანობის ქვაკუთხედად მიაჩნდათ. მისივე თქმით, მიშვნელოვანია, რომ მოსამართლე ინიშნება უვადოდ, მაგრამ მეორე მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანია ვინ ინიშნება ამ თანამდებობაზე.
„თუ დიმიტრი გელოვანია, ასეთი მოსამართლის უვადოდ დანიშვნას, უნდა მივესალომოთ, მაგრამ თუ მას წარსული დალაქავებული აქვს, ასეთ შემთხვევაში ჩვენ ვღებულობთ მორჩილ მოსამართლეებს, რაც არ შეიძლება ჩაითვალოს დადებითად. ის, რომ მოსამართლე უვადოდ ინიშნება, ეს აპრობირებული პრინციპია მთელს მსოფლიოში და ნორმალური განვითარებული ქვეყნები მისდევენ ამ ტრადიაციას, მაგრამ იქ საზოგადოება ხელისუფელებას არ მისცემს ასეთი პირების მოსამართლედ მუდმივად დანიშვნის შესაძლებობას.
რა შეეხება საქართველოს, როცა არ არის ნდობა ამ ადამიანების მიმართ, ვღებულობთ ცუდ შედეგს. ეს შეიძლება გამართლებული იყოს მხოლოდ იმ ადამიანებისთვის, ვისაც სურს მორჩილი სასამართლოს ყოლა. მაგრამ როდესაც არ არის ნდობა ამ ადამიანების მიმართ და ამის მუხედავად ხდება მათი სასამართლოში სამუდამოდ გამწესება, ეს ნიჰილისტურ განწყობას ქმნის ამ უწების მიმართ, და ამას დადებითი შედეგი ვერ მოჰყვება“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას თემურ მონიავამ.