მთავრობა სამინისტროების შემცირებას გეგმავს

მთავრობა სამინისტროების შემცირებას გეგმავს

ალექსანდრე ჯეჯელავა სამინისტროების რაოდენობის შესაძლო შემცირებაზე საუბრობს. რაც შეეხება კონკრეტულ ცვლილებებს აღმასრულებელ ხელისუფლებაში, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი აცხადებს, რომ ჯერჯერობით ამაზე გადაწყვეტილებები მიღებული არ არის, თუმცა, მისივე ინფორმაციით, პრემიერი და მისი გუნდი მუშაობს ამ მიმართულებით. როგორც ჯეჯელავა აცხადებს, ასევე, საუბარი არის მთავრობის ოპტიმალური სტრუქტურის შესახებაც.

„ჩვენ ვიცით ქვეყნები, სადაც ჩვენზე მეტი სამინისტროც არის და ქვეყნები, სადაც ჩვენზე ნაკლები სამინისტროა, თუმცა მე არ ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი ცვლილებები არის ამ მხრივ საჭირო. ვფიქრობ, რომ ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება იყოს ოპტიმიზაცია, თუმცა მუშაობის ტემპების დარღვევის გარეშე“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ალექსანდრე ჯეჯელავამ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ზვიად კვაჭანტირაძის აზრით, სამინისტროების გარკვეული ოპტიმიზაცია იქნება გასაკეთებელი, რადგან დღევანდელი სტრუქტურა თითქმის 15 წლისაა. კონკრეტულად რომელი სამინისტროების ოპტიმიზაცია უნდა მოხდეს, კვაჭანტირაძეს საკუთარი მოსაზრება აქვს, მაგრამ ვიდრე გუნდში არ იქნება საკითხი განხილული, საჯაროდ ამაზე ლაპარაკი, სწორად არ მიაჩნია.

„რთული თემაა, ეს უფრო სამთავრობო საკითხია. ჩემი აზრით, ოპტიმიზაციაზე ზრუნვა ყოველთვის საჭიროა. ძალიან მნიშვნელოვანია პრემიერ-მინისტრი რა წინადადებით წარსდგება. თუ იქნება კონკრეტული წინადადება, ამის განხილვისთვის პარლამენტი მზად იქნება და ვალდებულიც. მე მაგალითად, მიმაჩნია, რომ გარკვეულწილად რაღაც ოპტიმიზაცია იქნება გასაკეთებელი იმიტომ, რომ დღევანდელი სტრუქტურა არის თითქმის 15 წლის, თუ მეტის არა“, - აცხადებს ზვიად კვაჭანტირაძე.

ოპტიმიზაციის აუცილებლობაზე საუბრობს მიხეილ მაჭავარიანი, რომლის განცხადებით, 2012 წლიდან სახელმწიფო აპარატის შენახვის ხარჯები მილიარდი ლარით არის გაზრდილი. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის განცხადებით, მათ ჰქონდა გეგმა, რომელიც ითვალისწინებდა არამარტო გადასახადების შემცირებას, არამედ ოპტიმიზაციას იმ გაბერილი აპარატის, რომელიც მისი თქმით, დღევანდელ ხელისუფლებას აქვს.

„2012 წელთან შედარებით, მილიარდით არის გაზრდილი სახელმწიფო აპარატის შენახვის ხარჯები და ბევრი სიპები დაემატა და ბევრი თანამშრომლები დაემატა გამგეობებს. ერთ დღეს ყველა სიპ-ის და ყველა გამგეობის თანამშრომელი რომ მივიდეს თავის სამუშაო ადგილზე, შეიძლება ვერ დაეტიონ, შენობები დაინგრეს, იმდენი თანამშრომელია დამატებული“, - აცხადებს მიხეილ მაჭავარიანი.

for.ge-სთან საუბრისას სამინისტროების რაოდენობის შემცირების აუცილებლობაზე საუბრობენ ექსპერტები და თუმცა მიაჩნიათ, რომ მნიშვნელოვანია მოხდეს დუბლირებული სამინისტროების გაერთიანება და რაც მთავარია, ეს არ უნდა იყოს მექანიკური გაყოფა, არამედ ეს უნდა იყოს დასაბუთებული.

როგორც ექსპერტი რამაზ საყვარელიძე ამბობს, უწყებების შემცირება და ზრდა ყოველთვის იმ კონცეფციაზეა დამოკიდებული, რა კონცეფციითაც ხელმძღვანელობს მინისტრთა კაბინეტი.

„ჩვენ უნდა ვნახოთ კონცეფცია და ამ კონცეფციას კადრების როგორი მობილიზაცია სჭირდება. ასე მარტივად აღებული, რომ შესამცირებელია სამინისტროები, სწორად არ მიმაჩნია. ადრეც იყო ასეთი კამპანია უწყებების შემცირების, მაგრამ დიდი ხეირი არ ყოფილა. ამიტომ, სამინისტროების შემცირებასაც თავისი გააზრება და დასაბუთება ესაჭიროება“, - ამბობს რამაზ საყვარელიძე.

კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე ფიქრობს, რომ მნიშვნელოვანია დუბლირებული სამინისტროების შერწყმა, მაგრამ აქ ლაპარაკი არ უნდა იყოს ერთ, ან ორ სამინისტროზე. ძაბირაძე ფიქრობს, რომ საჭიროა მთლიანად აღმასრულებელი ხელისუფლების რეოგრანიზაცია, უფრო ფართო რეფორმა, ვიდრე დუბლირებული სამინისტროების გაერთიანება.

„თუ ეს რეფორმა იგეგმება, მთავარია ეს არ მოხდეს მექანიკურად, როგორც შს და უშიროების სამინისტროების შემთხვევაში - ეს ხომ მექანიკური გაყოფაა. უნდა მოხდეს უფრო დასაბუთებული გაყოფა. ჩვენს ქვეყანას რომ ამდენი სამინისტრო არ სჭირდება მით უმეტეს დღევანდელ პირობებში, როდესაც კომუნიკაციები იმდენად განვითარებულია, ეს ფაქტია. ბიუროკრატია სხვა არაფერია, მართვის მექანიზმი, მინიმუმადე უნდა დაიყვანო. ეს გამოიწვევს საბიუჯეტო ხარჯების შემცირებას და რაც მთავარია, იქნება გაცილებით ეფექტური, ვიდრე დღეს, ამდენი სამინისტროს პირობებში“, - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.

მისივე თქმით, უწყებების გაერთიანება უნდა მოხდეს გააზრებულად და დასაბუთებულად, რადგან მექანიკურად სამინისტროების შერწყმა და დაშორება არ შეიძლება.

„კონცეპტუალუარდ უნდა მოხდეს აღმასრულებელი ხელისუფლების რეფორმირება. თუმცა, ანალოგიური უნდა გავრცელდეს რეგიონებში, სადაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანი რეფორმებია გასატარებელი, ვიდრე ცენტრალურ ხელისუფლებაში. ასევე პარალელურად უნდა მოხდეს ხელისუფლების დეცენტრალიზაცია. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ უაღრესად რთულად განსახორციელებელი“, - ამბობს ვახტანგ ძაბირაძე.

ოპტიმიზაციის აუცილებლობაზე საუბრობს ექსპერტი გია ხუხაშვილი, თუმცა ამბობს, რომ გააჩნია რა მოდელს შემოგვთავაზებს მთავრობა. მისი თქმით, ჯერჯერობით მთავარი ფუნდამენტური პრობლემაა გადასაწყვეტი, რომ ინსტიტუციურ მართვაზე გადავიდეს ქვეყანა. ხუხაშვილის განცხადებით, არის რიგი სამინისტროები, რომლებიც თავისუფლად შეიძლება დეპარტამენტის ფარგლებში მუშაობდეს.

„ვფიქრობ, რომ მარტივად შეიძლება სამინისტროების რაოდენობის შემცირება, მაგრამ მთავარი არ არის მექანიკური შემცირება, მთავარია, რომ სისტემა იყოს გამართული და ეფექტური. ვფიქრობ, რომ ეს სერიოზული მსჯელობის საგანია და დაველოდოთ მოვლენებს, რას შემოგვთავაზებენ და ჯობია, რომ შემოთავაზებულ პროექტზე ვისაუბროთ. ჯობია, რომ უფრო ეფექტური იყოს, თუმცა, ეს არ არის ერთადერთი პრობლემა, ჩვენ მთლიანად მმართველობითი სისტემა გვაქვს დასალაგებელი.

მთავარი ფუნდამენტური პრობლემა რაც ამ ქვეყანაში დღეს არის გადასაწყვეტი, ეს არის ინსტიტუციურ მმართველობაზე გადასვლა - არა პიროვნებაზე მორგებული, არამედ ინსტიტუტებზე მორგებული. როდესაც აქამდე მივალთ და არ იქნება ეჭვი, რომ სადღაც სხვაგან დევს ძალაუფლება და იქიდან იმართება, მაშინ შეიძლება ამ ქვეყანას რაღაცა დაერქვას“, - აცხადებს გია ხუხაშვილი