ულვაშიანი ჯენტლმენი

ულვაშიანი ჯენტლმენი

დღევანდელ წერილში ლეგენდარული ქართველი კალათბურთელი ოთარ ქორქია მსურს გავიხსენო. ბატონი ოთარი ერთ-ერთი იმ პირველთაგანია რომელმაც ჩვენს ქვეყანაში სპორტის ამ სახეობის განვითარებასა და პირველ საერთაშორისო წარმატებებში დიდი წვლილი შეიტანა.

წინა საუკუნის 40-იანი წლების მიწურულს და 50-იან წლებში ქართული კალათბურთი საბჭოთა კავშირში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. თბილისის „დინამომ“ იმდროინდელი იმპერიის ჩემპიონატი რამდენჯერმე მოიგო. რასაკვირველია გუნდის გამარჯვებების მთავარი შემოქმედი ოთარ ქორქია გახლდათ.

ქართველმა კალათბურთელმა საერთაშორისო დონეზეც გაითქვა სახელი. მისი დამსახურება იყო სსრკ-ის ნაკრები ევროპის პირველობის გამარჯვებული რამდენჯერმე რომ გახდა. უცხოელი სპორტული ჟურნალისტები ოთარ ქორქიას მსოფლიო კალათბურთის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ცენტრალურ თავდამხმელად ასახელებდნენ. 1951 წელს ფრანგმა ჟურნალისტებმა მას „ულვაშიანი ჯენტლმენიც“ კი შეარქვეს.

 ბატონი ოთარ ქორქია ჩვენი წერილის მთავარი გმირია. მკითხველს მის მოგონებებს წარმოვუდგენ, რომელიც სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული ინტერვიუებიდან ამოვიღე.

„სუსტი და მაღალი ვიყავი, ხშირად ვცივდებოდი და მეგობრებმაც „გრიპუსა" შემარქვეს. ეს იყო ჩემი პირველი მეტსახელი.

ქუთაისში კალათბურთის თამაში ეგრეთ წოდებული მესამე ლეგიონის დასახლებაში დაიწყეს, სადაც სამხედრო ნაწილი მდებარეობდა. მოთავე გივი კილაძე გახლდათ, მრავალმხრივი სპორტსმენი და დიდებული პიროვნება, რომელიც ნიჭიერ ბიჭებს ქუჩა-ქუჩა ეძებდა და სხვადასხვა სექციებში აბარებდა. ბატონი გივი წყალბურთელიც იყო, კალათბურთელიც, ფეხბურთსაც თამაშობდა, მძლეოსანთა შორისაც ხშირად ნახავდით - განსაკუთრებით ბირთვის კვრა იზიდავდა... ერთი სიტყვით, სპორტზე უზომოდ შეყვარებული ადამიანი იყო.

მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე ძალიან გაგვიჭირდა. თუმცა, მარტო ჩვენ კი არა, მთელ ქვეყანაში არავის ულხინდა. ამიტომ კალათბურთს ჩამოვშორდი. როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, დროებით - ქუთაისის საკონსერვო ქარხანაში დავიწყე მუშაობა. ვარჯიში ოცი წლისამ განვაახლე, 1943 წელს. ბატონი გივი კვლავ ბავშვებთან მუშაობდა, ქუთაისის „დინამოს" კი მისი მეგობარი ალეკო მესხი ავარჯიშებდა.

გივი კილაძის გარდა ანანო ხვინგიაც უნდა ვახსენო. ის სპორტსაზოგადოება „სპარტაკის" თავმჯდომარე გახლდათ, არანაკლებ დიდი პიროვნება და გადასარევი კაცი. დიდ საქმეებს იყო შეჭიდებული, მისი ძალისხმევით ბევრი ქუთაისელი ახალგაზრდა გადაურჩა მსოფლიო ომს. მე, როგორც „მავნებლის" შვილს, კომკავშირში არ მიღებდნენ, თუმცა ბატონმა ანანომ არ გამწირა - მამის „დანაშაულის" გამო შვილმა პასუხი არ უნდა აგოსო.

იმ წლებში ძალიან პოპულარული იყო ეგრეთ წოდებული რვა ქალაქის ტურნირი, რომელიც საკავშირო პირველობის პარალელურად იმართებოდა და ძალიან პოპულარული იყო. ამ შეჯიბრებაში მონაწილეობის მისაღებად პატარა ქალაქებს შორის საკვალიფიკაციო ტურნირი იმართებოდა, ფინალურ ეტაპზე კი მუდმივად თამაშობდნენ მოსკოვის, ლენინგრადის, კიევის, თბილისის და ბალტიისპირეთის რესპუბლიკების ნაკრები გუნდები. 1945 წელს ქუთაისის ნაკრებმა რვა ქალაქის ტურნირში მესამე ადგილი დაიკავა.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ქუთაისის „დინამო" თითქმის დაიშალა: რამდენიმე მოთამაშე ომს შეეწირა, იმედისმომცემი ახალგაზრდების უმეტესობა კი თბილისში გადმოგვიყვანეს. ჩემი მეგობარი და კალათბურთზე უზომოდ შეყვარებული სულიკო თორთლაძე ყველაზე პირველი წამოვიდა - „ნაუკაში" მიიპატიჟეს.

1946 წლის მიწურულს მეც თბილისში გადმოვედი, 1947 წლის იანვრიდან კი „დინამოს" წევრი გავხდი. ყველა დიდ წარმატებას ამ გუნდის მაისურით მივაღწიე და საბჭოთა კავშირის ნაკრებშიც „დინამოდან" მოვხვდი. 40-იანი წლების მიწურულს და 50-იან წლებში ქართული კალათბურთი ერთ-ერთი საუკეთესო იყო მთელ საბჭოთა კავშირში, საბჭოური კი, თავის მხრივ, ევროპაში.

სსრკ ნაკრების შემადგენლობაში 1947 და 1951 წლებში ორჯერ მოვიგე ევროპის ჩემპიონის ტიტული, 1949 და 1951 წლებში კი სტუდენტთა მსოფლიო თამაშები. 1952 წელს, ჰელსინკის ოლიმპიადაზე, ჩვენი გუნდი ოქროს მედლის ერთ-ერთ მთავარ პრეტენდენტად ითვლებოდა, მაგრამ ფინალში ამერიკელებთან დავმარცხდით - 25:36. იმ ტურნირზე ამერიკელებმა ორჯერ გვაჯობეს. ფინალამდე ჯგუფში 58:86 მოგვიგეს.

ყველაზე მეტი ქულა, თუ არ მეშლება, ჩილესთან 78:60 მოგებულ შეხვედრაში ჩავაგდე -  38. ფინელებთან და მექსიკელებთანაც კარგად ვითამაშე - 25-25 ქულა მოვიპოვე. ნახევარფინალში ურუგვაელებს ვაჯობეთ 61:57 და 21 ქულა მივითვალე. ამერიკელებთან პირველ შეხვედრაში, ერთ-ერთი მეტოქის უხეშობის გამო, ხელის გული გამისკდა და ამიტომ მათთან, ბრაზილიელებთან და ბულგარელებთან მთელი ძალით ვერ ვითამაშე, შესაბამისად, ძალიან ცოტა ქულა დავაგროვე. საერთო ჯამში, იმ ოლიმპიადით უკმაყოფილო არ ვიყავი - მეც და მთელმა გუნდმაც ყველაფერი გავაკეთეთ რაც შეგვეძლო.

როცა ფინალში ხარ, მეტოქეს მნიშვნელობა არ აქვს, სულ რომ ათი თავით შენზე ძლიერი იყოს, მაინც ოქროზე ფიქრობ. ამერიკელებთან გადამწყვეტ მატჩში წაგებას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა, ერთ-ერთი კი არასწორი სელექციაც იყო - მწვრთნელებმა რამდენიმე ძლიერი კალათბურთელი არ წაიყვანეს ფინეთში, რაც შეცდომა იყო. ამას გარდა, მათ დატვირთვის დოზირება არ იცოდნენ - ექვსკვირიან შეკრებაზე ბოლომდე გვწურავდნენ. სხვათა შორის, მე და ნაკრების კიდევ ერთმა ქართველმა წევრმა ნოდარ ჯორჯიკიამ დასკვნითი შეკრების ბოლო ათ დღეს ავადმყოფობა მოვიმიზეზეთ და ჯერ რამდენიმე დღე დავისვენეთ, შემდეგ კი მხოლოდ მსუბუქად ვივარჯიშეთ. ამით ძალა დავზოგეთ.

1955 წელს უნგრეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატს ჩვენი ნაკრები ბოლო სამი პირველობის გამარჯვებულის რანგში შეხვდა. ფავორიტები ვიყავით, ოქროს მედლების მოგებაც შეგვეძლო, მაგრამ ჩვენმა მწვრთნელმა კონსტანტინ ტრავინმა ქვეყნის ხელისუფლების და პირადად პირველი პირის ნიკიტა ხრუშჩოვის პოლიტიკა - რუსების ფონზე სხვა ერების შევიწროვება - გუნდშიც გაატარა, შედეგად კი მხოლოდ ბრინჯაოს მედალი მიიღო. იმის ნაცვლად, რომ იმ წლების ყველა მოწინავე ბალტიისპირელი და ქართველი კალათბურთელი მიეწვია, ნაკრების ნახევარი არცთუ მაღალი დონის რუსებისგან დააკომპლექტა, რომლებმაც ლიდერები ვერ ჩაანაცვლეს. ფინალურ ჯგუფში ყველაზე ძალიან უნგრელებთან და ჩეხოსლოვაკიელებთან გაგვიჭირდა და საბოლოოდ სწორედ მათ ჩამოვრჩით. არადა, ხომ გეუბნებით, საუკეთესო შემადგენლობით რომ ვყოფილიყავით, ისინი უშანსოდ იქნებოდნენ.

ყველაზე კარგი მოგონება? ასეთი ორია და ორივე, გაგიკვირდებათ, მაგრამ კალათბურთს არ უკავშირდება: პირველი მამა რომ ცოცხალი დაბრუნდა და მეორე - სოხუმში მამისეული სახლი რომ დავიბრუნე. მამაჩემი სოხუმელი იყო, იქ დაბადებულ-გაზრდილი. ის ჯერ კიდევ გადასახლებული იყო, როცა სოხუმში ჩავედი ჩვენი სახლის სანახავად. ვიღაც გამოვიდა და უკმეხად მკითხა, ვინ ხარ, რას დაეძებო. ვუპასუხე ვინც ვიყავი და რაც მინდოდა. კიდევ რაღაც მითხრა უხეშად და წავკამათდით. დავტაცე ხელი და შორს მოვისროლე. ამ ამბიდან ზუსტად მესამე დღეს სახლი დავიბრუნე! ერთ კარგ სოხუმელ კაცს ვიცნობდი, გვარად მიჩურინს. სახელი, სამწუხაროდ, აღარ მახსოვს. ის მაღალი ჩინის სამხედრო იყო, აფხაზეთში საკუთარი მეურნეობები ჰქონდა და პროდუქტებით პირადად სტალინს ამარაგებდა. რამდენჯერმე კალათბურთის თამაშისას გვნახა, ჩვენი გუნდის დიდი გულშემატკივარი იყო, ერთი სიტყვით, დაგვიახლოვდა და ძალიან სასიამოვნო ადამიანად დაგვამახსოვრა თავი. ჰოდა, იმ ვიგინდარას გალახვის მერე მას მივაკითხე, ასე და ასეა ჩემი ამბავი, იქნებ დამეხმაროთ-მეთქი. მან, თავის მხრივ, საქმის ვითარება რომ შეიტყო, ნაცნობები შეაწუხა და ხომ გეუბნებით, ზუსტად მესამე დღეს სახლი ჩემი იყო.

დიდების კალათბურთს რომ ჩამოვშორდი, „ნორჩი დინამოელი" ჩავიბარე. ორი ჯგუფი მყავდა და ექსპერიმენტს მივმართე. ერთ ჯგუფს ჩვეულებრივ ვავარჯიშებდი, ტრადიციული წესების დაცვით ორი საათის განმავლობაში, მეორეს კი უცხოური მუსიკის ფონზე. და იცით რამხელა სხვაობა დავინახე - მეორე ჯგუფის ბიჭები ორჯერ უფრო დიდხანს, თითქმის ოთხი საათი ვარჯიშობდნენ და დაღლა არც ეტყობოდათ! ზოგადად, ვცდილობდი ბავშვები უაზრო ვარჯიშით არ დამეტვირთა და მათთვის მეტი თავისუფლება მიმეცა. იცით რით დასრულდა ყველაფერი? უცხოური მუსიკისადმი სიყვარული კაპიტალიზმის პროპაგანდად ჩამითვალეს და სამსახური დამატოვებინეს.

გულისტკენა? რამდენიც გნებავთ, იმდენი იყო, თუმცა ყველაზე ძალიან იცით რაზე მწყდება გული? 1962 წელს „დინამომ" ევროპის ჩემპიონთა თასი მოიგო, ყველაზე მნიშვნელოვანი საკალათბურთო ტიტული, მაგრამ ჩვენი გამარჯვების ამბავი რაღაცნაირად დავიწყებას მიეცა - თითქოს უბრალო თასი მოგვეგოს. წელი წელს მისდევს, ის გამარჯვება კი ძალიან ცოტას თუ ახსოვს. და მის შეხსენებასაც არავინ ცდილობს. აი, ფეხბურთელების მიერ მოგებულ თასების თასს კი ლამის ყოველ წელს აღნიშნავენ. არა, განა რამე ცუდია მათ ტრიუმფში, პირიქით, ვამაყობ ფეხბურთელების წარმატებით, მაგრამ რატომ მხოლოდ საფეხბურთო „დინამო" და არა საკალათბურთო? განა ერთი მეორეს ხელს შეუშლის ან დაჩრდილავს? პირიქით! როცა ორი დიდი გამარჯვება შეგიძლია გაიხსენო და დააფასო, მხოლოდ ერთს რატომ აღნიშნავ? ამაზე მწყდება გული“.