150 წლის შემდეგ აზერბაიჯანში ქართული ეკლესია იხსნება

150 წლის შემდეგ აზერბაიჯანში ქართული ეკლესია იხსნება

[ნანა მამარდაშვილი]

უპრეცედენტო ფაქტი დაფიქსირდა, 150 წლიანი ბრძოლის შემდეგ, აზერბაიჯანში ქართული ეკლესია იხსნება. 1 ივნისს ალიბეგოში წმიდა ნინოს ეკლესიას აკურთხებენ. როგორც პრესაგე.ტვ-სთან ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე) უამბო, სახელმწიფოთაშორის შეთანხმებაში დიდი წვლილი აზერბაიჯანში საქართველოს ელჩს თეიმურაზ შარაშენიძეს მიუძღვის.

გთავაზობთ ექსკლუზიური ინტერვიუს ხონაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსთან მეუფე მელქისედეკთან:

- კახის რაიონში არის სოფელი კახინგილო, სადაც არის წმიდა გიორგის სახელობის მოქმედი ტაძარი. მეორე ტაძარი სოფელ ალიბეგლოში გაიხსნება, ესაა წმიდა ნინოს ტაძარი, რომელსაც ჩაუტარდა რესტავრაცია და მზად არის საკურთხებლად.

რამდენი ქართული ოჯახია ამ სოფელში?

- ძალიან დიდი სოფელია, 500-მდე ოჯახი ცხოვრობს, ძალიან ქართველობენ.

არა ერთი ინფორმაცია არსებობს იმის ესახებ, რომ ამ ტერიტორიაზე იდევნება ქართული ენა და მართლმადიდებლობა. ამ ფონზე როგორ მოხერხდა ეკლესიის აღდგენა?

- რა თქმა უნდა, ძალიან რთული სიტუაციაა, მაგრამ პატრიარქის ავტორიტეტმა გაჭრა. მთელი ერთი წლის განმავლობაში ვაწარმოებდით მოლაპარაკებებს, რაც სასიკეთოდ დაგვირგვინდა. ახლახანს შეხვედრა იყო აზერბაიჯანის რელიგიის მინისტრთან ბატონ ორუჯოვთან და შევთანხმდით, რომ 1 ივნისს წმიდა ნინოს ხსენების დღეს ეკლესიას ვაკურთხებთ. ამ მოლაპარაკებებში მონაწილეობას იღებდა აზერბაიჯანში საქართველოს ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე. მინდა გითხრათ, რომ ძალიან კარგად დაიწყო შარაშენიძემ ურთიერთობის მოგვარება.

ანუ, აზერბაიჯანის ხელისუფლების მხრიდან არანაირი წინააღმდეგობა არ ყოფილა?

- 1 ივნისს ეკლესიას ვაკურთხებთ, ამით ყველაფერია ნათქვამი. ამ სოფელში მხოლოდ ქართველები ცხოვრობენ და მთელი სოფელი მოლოდინშია როდის გაიხსნება ტაძარი. როგორც კი შეთანხმება მოხდა, ხალხი თქვა, რომ ეს დღე შვილთაშვილებსაც კი დაამახსოვრდებათ.

პატრიარქი ჩამოვა?

- წინასწარ ვერ გეტყვით... ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიაში შემოვა ეს ტაძარი. ეპარქია ვრცელდება კახის რაიონში, ანუ მოიცავს მთელ ჰერეთს და დედოფლისწყაროს რაიონს. ის, რაც 1 ივნისს უნდა მოხდეს, არის ფაქტი, რომლის მსგავსი სულ ცოტა, 150 წლის მანძილზე არ მომხდარა - მეტი რომ არაფერი ვთქვა, ორი მოქმედი ტაძარი ამ ტერიტორიაზე არ ყოფილა ამ პერიოდში. ეს ძალიან დიდი მოვლენაა, ისტორიული მოვლენა.

ტაძარში წირვა ლოცვა მხოლოდ შაბათ-კვირას იქნება და მსახურებ ადგილობრივი მოსახლეობა გასწევს?

- ტაძარი იქნება მუდმივმოქმედი, ყოველ დღე იქნება იქ მოძღვარი. აზერბაიჯანულ მხარეს შევუთანხმებთ და ისე დაინიშნება მოძღვარი. რაც შეეხება ეკლესიაში მომსახურე ადამიანებს, რა თქმა ადგილობრივები იქნებიან, თუ სურვილი ექნება ვინმეს არც მათთვის არაა დახურული ტაძრის კარი.