ქართული საზოგადოება ისევ ორად გაიყო, მიზეზი ჯერ არშექმნილი საკონსტიტუციო უმრავლესობაა. „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ასოცირებული საზოგადოების წარმომადგენლები თვლიან, რომ ერთი პარტიის ხელში საკონსტიტუციო უმრავლესობის თავმოყრა გზას უხსნის იმ რეალობას, რომელიც ქვეყანამ განვითარების ბოლო 25 წლის მანძლზე უკან მოიტოვა.
ასე არ ფიქრობენ უმრავლესობაში. ვიცე-სპიკერის მანანა კობახიძის განცხადებით, საკონსტიტუციო უმრავლესობის თემაზე ხელოვნურად აწეული ვნებათაღელვა არ ცხრება „ნაციონალური მოძრაობისა“ და მათთან ასოცირებული ექსპერტების მხრიდან, რაც მისივე თქმით, მხოლოდ საარჩევნო კამპანიის ნაწილია და მეტი არაფერი.
„საზოგადოება გონიერია და ზუსტად იცის, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა საშიშია მაშინ, თუკი ხელისუფლების გაცხადებული პოლიტიკაა - „ნულოვანი ტოლერანტობა“, „ყველანი ციხეში“, „ხელი არ აგიკანკალდეთ, ისე ესროლეთ“, „ორი გვამი მინდა“, „მეტი დაკავებული-მეტი პრემია“ - ასეთი ხელისუფლება ამ უმრავლესობის გარეშეც საშიშია“, - აცხადებს მანანა კობახიძე.
მისივე თქმით, როცა ხელისუფლება ადამიანის უფლებების დაცვაზეა ორიენტირებული, ადამიანის სიცოცხლე და ღირსება მთავარი პრიორიტეტია, იქ საკონსტიტუციო უმრავლესობა მხოლოდ შესაძლებლობაა, მიიღო ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც ჩვენი ქვეყნის სტაბილურ, მშვიდობიან განვითარებას უზრუნველყოფს.
„ეს არის საშუალება ქვეყნის ძირითად კანონში გავასწოროთ ყველა ის ხარვეზიანი ნორმა, რომელიც ხელისუფლების დანაწილების პრინციპს ბოლომდე ვერ უზრუნველყოფს და რაც, თავის დროზე, კონკრეტული პარტიის და მათი ლიდერების პერსონალურ ახირებებზე იყო მორგებული“, - აღნიშნა მანანა კობახიძემ.
პარლამენტის წევრი, რესპუბლიკელი ვახტანგ ხმალაძე ამბობს, რომ თუ საკონსტიტუციო უმრავლესობამ ყველა ნაბიჯი სწორად გადადგა, ეს ძალიან ეფექტიანი მმართველობა იქნება, რადგან კანონების მიღებაზე დიდი დრო არ დაიხარჯება.
როგორც ხმალაძემ „2030“-თან საუბრისას აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ 75%-იანი, ან დიდი ალბათობით, კიდევ უფრო მეტპროცენტიანი უმრავლესობა ექნება, რაც ნიშნავს, რომ ამომრჩეველმა ამ ერთ პარტიას სრული ძალაუფლება, კონსტიტუციის შეცვლის შესაძლებლობა გადასცა.
„ეს პარტია ცდუნების წინაშე აღმოჩნდა, როცა შეუძლია, არავის მოელაპარაკოს, არავის არაფერი შეუთანხმოს და ოპოზიციამ რაც უნდა თქვას, ყველაფერი ერთპიროვნულად გადაწყვიტოს. ხიფათი სწორედ ამაშია. ისტორია გვიჩვენებს, რომ ერთპარტიული უმრავლესობა ამგვარად მოქცევის ცდუნებას დიდხანს ვერ უმკლავდება. ამის მაგალითი ორჯერ გვქონდა. პირველი ეს იყო „მრგვალი მაგიდის“, მეორე კი - „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლება“.
თუ უმრავლესობის მქონე პარტია არასწორ გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს თავად ამ პარტიას დაარტყამს და მისი ლუსტრაცია მოხდება. 4 წელი იყო ოპოზიციაში „ნაციონალური მოძრაობა”, მათი მხრიდან საკანონმდებლო პროცესის მიმართ კონსტრუქციული მიდგომა არ მახსენდება. ამიტომ, არანაირი საფუძველი არ მაქვს ვიფიქრო, რომ ახალ პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობა“ კონსტრუქციული იქნება“, - განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.
რა საფრთხეს ხედავენ ერთი პარტიის ხელში საკონსტიტუციო უმრავლესობის თავმოყრა, ამ საკითხზე „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ასოცირებული საზოგადოების წარმომადგენლების მხრიდან დამაჯერებელ განმარტებებს ითხოვს კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე, რომლის განცხადებით, თუ საკონსტიტუციო უმრავლესობას მიიღებს „ქართული ოცნება“, მოხდება უბედურება, ამიტომ მხარი უნდა დაუჭიროთ „ნაციონალურ მოძრაობას“, ამ მოტივით ადგილი აქვს ამომრჩევლის დაშინებას.
„თავისთავად, საკონსტიტუციო უმრავლესობა არ არის კარგი, მით უმეტეს ჩვენნაირ ქვეყანაში, რადგან საფრთხე, რომელიც რეალურად არსებობს, არის ის, რომ ქვეყანა წავიდეს ავტორიტარული მმართველობისკენ, მაგრამ ვისაც არ ახსოვს, გავახსენებ, რომ 2004-2008 წლებში, როდესაც ქვეყანაში ჩამოყალიბდა ავტორიტარული სისტემა, საკონსტიტუციო უმრავლესობა არ ჰქონდა „ნაციონალურ მოძრაობას“.
2007 წელს იყო ყველაფერი იმის დაგვირგვინება, რაც შემდგომ წლებში განვითარდა. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოიპოვა საკონსტიტუციო უმრავლესობა და 2010 წელს შეცვალა კონსტიტუცია, რომლითაც ყველა ის სტრუქტურა, რომელიც საჭირო იყო ავტორირატული სისტემისთვის, უკვე გააჩნდა, რეპრესიული ძალოვანი სტრუქტურები და დანაყოფები“, - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.
ძაბირაძის განცხადებით, თუ ხელისუფლება გადაწყვეტს რეპრესიული სისტემის ჩამოყალიბებას, ამას 76 მანდატითაც მშვენივრად მოახერხებენ.
„უფრო სწორედ ჩამოყალიბებაც არ უნდა, რადგან ეს სისტემა არსებობს, რომელიც „ქართულ ოცნებას“ არ შეუცვლია. თუ „ქართული ოცნება“ მოინდომებს, ძალიან მარტივად გადავა იმ სისტემაზე, სხვა ბრძანებები იქნება გაცემული და ჩვეულებრივად აღსდგება ის ავტორიტარიზმი, რომელიც სააკაშვილის მმართველობის დროს გვქონდა. ამიტომ, როდესაც ამაზე აკეთებს აქცენტირებას რომელიმე პოლიტიკური ძალა, თუ საზოგადოების ნაწილი რაღაცნაირად უნდა ჩამოყალიბდეს, გაარკვიოს მაინც როდესაც რაღაცა ხიფათებზე ლაპარაკობს და ისე მოაწერონ ხელი განცხადებას.
„ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრაველსობა სჭიდრება მხოლოდ ერთი მიზნისთვის - შეცვალოს პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის საკითხი, რადგან მისთვის ეს საკითხი 2018 წელს შეიძლება ძალიან დიდი პრობლემა გახდეს. ამიტომ, ურჩევნია, რომ პირდაპირი წესით არჩევა გააუქმოს და აირჩიოს პარლამენტმა. ვფიqრობ ჯობია, რომ კონსტიტუცია გაიმართოს, ვიდრე დავტოვოთ ისე, როგორც არის“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.
როდესაც საუბარია საფრთხეზე, პირველი, რაც ექსპერტ რამაზ საყვარელიძის განცხადებით მეხსიერებაში ჩნდება, ეს არის უახლოესი წარსული, როდესაც კონსტიტუციურ უმრავლესობას „ნაციონალური მოძრაობა“ წარმოადგენდა.
„2008 წლიდან ყველა ის ცვლილება გატარდა კონსტიტუციაში, რაც აწყობდა სააკაშვილს. შედეგად მივიღეთ ძალიან ხარვეზიანი კონსტიტუცია. გიორგი მარგევლაშვილისა და მთავრობის დაპირისპირებაც, ამ ხარვეზის ერთ-ერთი გამოხატულებაა. როდესაც ნაციონალებმა დაკარგეს ძალაუფლება, ვნახეთ, რომ პარლამენტის თბილისში გადმოტანაზეც კი არ თანხმდებოდნენ.
დღესაც, ნაციონალები ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ არ გატარდეს საკონსტიტუციო ცვლილებები და კონსტიტუცია იმ სახით დარჩეს, როგორიც მიშას ხათრით მიიღეს ნაჩქარევად. აი, ასეთი მოტივებით მიღებული კონსტიტუცია გვაქვს დღეს“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.
მისივე თქმით, თუკი კონსტიტუციური ცვლილებები არ მოხდება, ეს კონსტიტუცია ბევრ უბედურებას გადაკიდებს ქვეყანას. საყვარელიძეს აინტერესებს რა უფრო დიდი დანაშაულია - შესაძლო საფრთხე, თუ კონსტიტუციის იმ სახით დატოვება, რა სახითაც ახლა არსებობს და რომლის შეცვლას არ დათანხმდება „ნაციონალური მოძრაობა“?
„ნაციონალებისგან იმის განცხადება, რომ „ქართული ოცნების“ ხელში სახიფათოა კონსტიტუციური უმრავლესობა, ეს მხოლოდ ღიმილის მომგვრელია. თვითონ იყვნენ ამ უმრავლესობის მქონენი და მაქსიმალურად უარყოფითად გამოიყენეს კონსტიტუცია, ახლა კი, სხვის ხიფათზე მიუთითებენ.
მათი მოტივი გასაგებია, მაგრამ სრულიად გაუგებარია იმ პარტიების მოტივი, რომლებიც ყელმოღერებული გაიძახიან, რომ ხმა არ მისცეთ „ქართულ ოცნებასო“. ეს ნიშნავს, რომ ხმას აძლევენ „ნაციონალურ მოძრაობას“. ასეთი შეუგნებლობით და ვითომ პოლიტიკური წაეშმაკობით სახეზე გვაქვს „ნაციონალური მოძრაობის“ შენიღბული მხარდაჭერა. ამ შემთხვევაში ხელმძღვანელობენ არა ქვეყნის კეთილდღეობით, არამედ პოლიტიკური მოტივით. მათთვის მთავარია არ იყოს „ქართული ოცნება“. 4 წლის განმავლობაში „ქართულ ოცნებას“ ძალადობა არ ჰქონია არც ერთი მიმართულებით, მაშინ როდესაც მმართველობის 4 წლის თავზე „ნაციონალურ მოძრაობას“ უზარმაზარი გამოცდილება ჰქონდა დამოუკიდებელი ტელევიზიების დახურვის, საპროტესტო აქციების დაშლის და ანგარიშსწორების“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.