სპეცრაზმელების მიერ თავგაჩეჩქვილ სულიკო ასათიანს მიხეილ სააკაშვილმა პირადად გადასცა ომში დაღუპული შვილის ორდენი

სპეცრაზმელების მიერ თავგაჩეჩქვილ სულიკო ასათიანს მიხეილ სააკაშვილმა პირადად გადასცა ომში დაღუპული შვილის ორდენი

[გვანცა გიორგობიანი]

ჯერ კიდევ უამრავი ადამიანი ითვლება დაკარგულად. გამორიცხული არაა გარდაცვლილთა რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდოს. ხელისუფლება ცდილობს სახურავებზე ნაპოვნი გარდაცვლილი ადამიანების ცხედრები სხვადასხვა გარემოებებს მიაწეროს, თუმცა დარბევის თვითმხილველების მონათხრობები საფუძვლიან ეჭვს ბადებს, რომ სპეცრაზმელებს სასიკვდილოდ ყავდათ გამეტებული საკუთარი თანამოქალაქეები.

ყაჩაღობა, ძარცვა, ცემა, წაქცეულებზე მიშარდვა, შეურაცხყოფა და მკვლელობა - ასე მიულოცეს დამოუკიდებლობის დღე სამართალდამცველებმა მიტინგის მონაწილეებს. თვითმხილველები გამაოგნებელ ფაქტებს ყვებიან, როგორ ამცირებდნენ და აწამებდნენ მათ ის ადამიანები, რომლებიც, წესით საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე უნდა ზრუნავდნენ.      

ნიკა კვინტრაძის და სულიკო ასათიანის ცხედარი თავისუფლების მოედანზე, მაღაზიის სახურავზე იპოვეს და შსს-მ მყისიერად გამოთქვა ვარაუდი, რომ ორივენი მაღალი ძაბვის სადენებს ემსხვერპლნენ. შესაძლოა, ეს ვერსია დამაჯერებელი ყოფილიყო, რომ არა ერთი გარემოება - გაუგებარია, როგორ მოახერხეს ბორკილებდადებულმა ადამიანებმა სახურავზე ასვლა?

კვინტრაძის მეგობარმა ავთანდილ რეხვიაშვილმა დაადასტურა, რომ კვინტრაძეს 26 მაისის დარბევის ღამეს ხელები ჰქონდა შეკრული. რეხვიაშვილის თქმით, სამართლადამცველებმა კვინტრაძეს ხელბორიკლები დაადეს, რის შემდეგაც ის ერთ-ერთ სამმართველოში გადაიყვანეს და სწორედ აქედან იკარგება კვინტრაძის კვალი.

რაც შეეხება სულიკო ასათიანს, რომლის ცხედარიც კვინტრაძის ცხედრის გვერდით იყო აღმოჩენილი, თვითმხილველთა თქმით, ისიც სპეცრაზმელების მსხვერპლი გახდა. ვანელი სულიკო ასათიანის შვილი 2008 წლის აგვისტოს ომში დაიღუპა. მიხეილ სააკაშვილმა გარდაცვლილი გორგასლის ორდენით დააჯილდოვა და ორდენი პირადად გადასცა აწ უკვე გარდაცვლილ სულიკო ასათიანს.

ომში რუსების მიერ დახვრეტილი ბიჭის მამა, სულიკო ასათიანი „სახალხო კრების“ აქციების გამო ჩამოვიდა თბილისში და 26 მაისის ავბედით ღამეს, რამდენიმე ნაცნობთან ერთად, რუსთაველის გამზირზე მიხეილ სააკაშვილის მმართველობას აპროტესტებდა. დარბევის პირველსავე წუთებში იგი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც სასიკვდილოდ გაიმეტეს სპეცრაზმელებმა და 28 მაისს თავგაჩეჩქვილი გადაასვენეს მშობლიურ ვანში.

პრესაგე.ტვ-ის სულიკო ასათიანის ნაცნობი დაუკავშირდა, რომელმაც ასეთი რამ გვიამბო: „არ მოველოდით, რომ ასე სატიკად გავისწორდებოდნენ, გაქცევაც ვერ მოვასწარით. ისე გამეტებით გვირტყამდნენ ხელჯოხებს, რომ სულიკოს თავი გაუჩეჩქვეს. ის მიწაზე ეგდო და ხელბორკილი ედო, თუმცა, ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. შემდეგ, იგი თვალთახედვიდან დავკარგე და ამის შემდეგ, ცოცხალი არ მინახავს. როგორც ჩანს, დასისხლიანებულმა მაინც მოახერხა გაქცევა, მაგრამ სახურავზე როგორ აღმოჩნდა არ ვიცი. შესაძლოა, იქ თავად სპეცრაზმელებმა აიყვანეს და დააგდეს, რადგან თავი ისე ჰქონდა გახეთქილი, ალბათ, სისხლისგანაც დაიცალა.

პირადად მე, მხუთავი გაზი რომ გაუშვეს გონება დავკარგე და გონზე საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში მოვედი. საავადმყოფი პრაქტიკულად გადავსებული იყო დაშავებულებით და ათას რამეს ყვებოდნენ. ხალხმა ბოლომდე არ იცის იქ რაც ხდებოდა. რამდენიმე დაზარალებულისგან მოვისმინე, როგორ აყენებდნენ წაქცეულ ადამიანებს შეურაცხყოფას - სპეცრაზმელები წაქცეულებს ჯერ, ცემდნენ და შემდეგ თავზე აშარდავდნენ, მაგრამ ხმამაღლა ვინ იტყვის დამაშარდესო. ბოლოს ყველა, ვისაც სიარული შეეძლო, ფეხზე წამოაყენეს და ხელბორკილდადებულები რუსთაველზე ჩაატარეს. ეს საშინელება იყო.“ - ყვება ჩვენი რესპოდენტი, რომლის ვინაობას, სამწუხაროდ, ვერ ვასახელებთ.

26 მაისის დარბევის შემზარავ ფაქტებს კიდევ ორი დაზარალებული, ერთი კაცი და ერთი ქალბატონი ყვება, რომელთა მონათხრობი პრესაგე.ტვ-ს ელექტრონული ფოსტით მიაწოდეს. მამაკაცის განცხადებით, იგი რუსთაველის კინოთეატრის უკანა მხარეს სცენიდან უყურებდა თუ როგორ სცემდნენ და აწამებდნენ ადამიანებს. შემდეგ ისიც დაიჭირეს და სავენტილაციო მილში ჩატენეს. ქალბატონიც სასტიკად იყო ნაცემი, უჭირდა საუბარი და ცრემლებს ვერ იკავებდა.

„მე ვუყურებდი რუსთაველის კინოთეატრის უკანა მხარეს სცენიდან, როგორ აწამებდნენ ჩვენს ახალგაზრდებს, როგორ აწამებდნენ და სცემდნენ მოხუცებს. მერე, როცა  თვითონ დაიღალნენ და შემოვლა დაიწყეს, ზევით მიპოვეს, შემიკრეს ხელები და „ვენტილაციონი ტრუბაში“ ჩამაგდეს, ტან დააყოლეს - აქ მოკვდებიო. მთელი ღამე იქ ვიყავი. აღლუმი თუ, (ბოდიში ამ სიტყვაზე) ეს მაგათი დებილური პარადი, რომ დამთავრდა, როგორც იყო გამოვძვერი და სახლამდე მივაღწიე.

საშინელი სანახავი იყო, როცა ვუყურებდი, როგორ აწამებდნენ ხალხს, ახალგაზრდებს და მოხუცებს. როცა სპეცრაზმელები შენობაში შევიდნენ, ორმა ახალგაზრდამ უთხრა: აქ მოხუცები, ქალები და ბავშვები არიან და გთხოვთ გაზს ნუ გაუშვებთ, ნუ ცემთ და ჩვენ რაც გინდათ ის გვიყავითო. არც მოუსმინეს, მაშინვე დაერივნენ ყველას და იცით როგორ ცემდნენ? გეფიცებით, შევარდნაძის ხელისუფლებამ როცა მაწამა, ფრჩხილი „პლაცკაგუბცით“ დამაჭრეს და მაშინ არ მიტირია. ამ ყველაფრის შემხედვარე კი ბავშვივით ვტიროდი“.

ქალბატონი იხსენებს: „მომვარდნენ და ცემა დამიწყეს. მთელი ტანი დალურჯებული მაქვს, თავი - გახეთქილი. ბობღვით ვცადე იქაურობას გავცლოდი, მაგრამ წამომეწივნენ და წაქცეული გამქურდეს. აბსოლუტურად ყველაფერი ჩამომაგლიჯეს - ბეჭდები, ჩანთა, ტანსაცმელი და ამასაც არ დასჯერდნენ ფეხსაცმელიც გახადეთო ყვიროდნენ.  ერთმა საყურის  ჩამოგლეჯვა მოინდომა და მეორემ უთხრა ყურები ჩამოვგლიჯოთო. მე ვუთხარი თვითონ მოგცემთ საყურეს, ოღონდ ყურებს ნუ ჩამომგლეჯთ-თქო, ბეჭდები როგორ წამაცალეს აზრზე არა ვარ. ჩემი ტანი რომ ნახოთ, საცოდაობით დაიწვებით. ვუთხარი პირადობები მაინც დამიბრუნეთ-მეთქი და - პირადობა არა, წადი შენი, მოგკლავ ახლაო - დამემუქრნენ“.

პრესაგე.ტვ მოგვიანებით კიდევ ერთი დაზარალებულის ისტორიას და მონაყოლს შემოგთავაზებთ. რეადაქციას უამრავი ადამიანი უკავშირდება, რომელიც ადასტურებს იმ ბარბაროსულ ფაქტებს, რაც სამწუხაროდ, ჩვენმა სამართლადამცველებმა ჩაიდინეს.