რუსეთის სახელმწიფო დუმის თავდაცვის კომიტეტმა ოკუპირებულ აფხაზეთთან ე.წ. ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნის თაობაზე შეთანხმების რატიფიცირებას მხარი დაუჭირა.
მოსკოვსა და სოხუმის მარიონეტულ რეჟიმს შორის შეთანხმებას ხელი 2015 წლის ნოემბერში მოეწერა. აღნიშნული დოკუმენტის თანახმად, ჯარების გაერთიანებულ დაჯგუფებაში შევა ოკუპირებულ ტერიტორიაზე განლაგებული რუსული სამხედრო ბაზა, ასევე - ორი აფხაზური მოტომსროლელი ბატალიონი, საარტილერიო და საავიაციო ჯგუფები, ასევე - სპეცდანიშნულების ცალკეული ქვედანაყოფი. ე.წ. ჯარების გაერთიანებულ დაჯგუფებას რუსული სამხედრო ბაზის წარმომადგენელი უხელმძღვანელებს.
აღნიშნული ფაქტის შეფასებისას ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ამით რუსეთმა უკვე „სამართლებრივ“ ჩარჩოში გადაიყვანა ის პროცესი, რომელიც დაწყებული იყო 2015 წელს. რუსეთმა აფხაზეთში შექმნა საკმაოდ უცნაური სამხედრო ბაზა და გააძლიერა სამხედრო დაჯგუფების სახით.
„თქვენთან საუბრისას ადრეც ვამბობდი, რომ რუსეთი საარმიო დაჯგუფებას შექმნიდა აფხაზეთში, რაც მან უკვე განახორციელა და დააკანონა კიდეც. ეს არის უსერიოზულესი დამოკლეს მახვილი საქართველოს კისერზე, რადგან, ფაქტობრივად, რუსეთს უკვე ჰყავს ცხინვალის რეგიონში მეოთხე ბაზა და აფხაზეთშიც მან უკვე შექმნა გაერთიანებული საარმიო დაჯგუფება. ეს ნიშნავს, რომ ამ დაჯგუფებამ შეიძლება ავტომატურად მოიცვას მთლიანი საქართველო. ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ, თუ განახლდა საომარი მოქმედებები, ეს საარმიო დაჯგუფებები იქნება მთავარი ეპიცენტრი, რომელიც განახორციელებს საქართველოს ოკუპაციას და პოლიტიკური ხელისუფლების შეცვლას, თუკი ამას რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა გადაწყვეტს“, - აღნიშნა ვახტანგ მაისაიამ.
მანვე განმარტა, რომ სამწუხარო ფაქტია, რომ აფხაზეთის მიმართ ყურადღება მოვადუნეთ და აფხაზეთი გაქრა საქართველოს რადარებიდან. ეს წინა ხელისუფლების ბრალია, რადგან მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ მილიტარისტული და რევანშისტული პოლიტიკის წყალობით მთლიანად ჩაშალა ყოველგვარი კავშირი აფხაზეთთან, ხოლო ბოლო ორი წლის განმავლობაში ამ ხელისუფლების პირობებში აფხაზეთის თემა საერთოდ იყო ამოვარდნილი ქართული პოლიტიკური ნარატივიდან. სამინისტრო, რომელიც პაატა ზაქარეიშვილის ხელმძღვანელობით არსებობდა, რას აკეთებდა, ალბათ, თვითონაც არ იცოდა. ჟენევის ფორმატს კი ჰქონდა ფორმალური ხასიათი და ისეთი ადამიანები იყვნენ ჩართულნი ამ პროცესში, რომლებმაც აფხაზეთის თემა არ იცოდნენ.
„არაკომპეტენტური ხალხის გაგზავნა მოლაპარაკების პერიოდში და ამ პროცესის კონსერვაცია ჩვენი ბრალია. რუსეთმა ეს ფაქტი კარგად გამოიყენა, მთლიანად აითვისა აფხაზეთის ველი და აფხაზეთი საქართველოზე საგარეო პოლიტიკური ზეწოლის კონტექსტში გამოიყენა. შემთხვევით არ არის, რომ რუსეთის სათათბირომ ამ შეთანხმების რატიფიცირება საქართველოში საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას დაამხვია. ეს ერთგვარი მესიჯია საქართველოს მიმართ. რამდენიმე ხანში ჩვენ ვნახავთ, რომ ეს სამხედრო ბაზა გადაიქცევა 15-ათასიან საარმიო დაჯგუფებად. ამ შეთანხმებას აფხაზეთში მოწინააღმდეგე არ ეყოლება, რადგან აფხაზეთის როგორც ოპოზიცია, ისე მმართველი პოლიტიკური ძალა შეთანხმებულია რუსეთთან თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაზე. აფხაზებს აფრთხობთ, რომ „ნაცმოძრაობა“ ჯერ კიდევ არსებობს საქართველოს პოლიტიკურ საზოგადოებაში. მათ არ აქვთ გარანტია, რომ „ნაცმოძრაობა“ მეორეჯერ არ მოვა ხელისუფლებაში და არ დაიწყებს სამხედრო რიტორიკით საუბარს აფხაზებთან. ამიტომაც აფხაზები შეეცდებიან პრორუსული მიმართულება გაიმყარონ. თუ ჩვენ არ მოვახდინეთ აფხაზების დამშვიდება და უშუალოდ არ გავედით დე ფაქტო ხელისუფლებასთან პირდაპირ კავშირებზე, არაფერი გამოვა“.
„სახალხო პარტიის“ თავმჯდომარე მამუკა გიორგაძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ აფხაზეთთან ე.წ. ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნის რატიფიცირებით რუსეთი მთელი მსოფლიოს დასანახად კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ საქართველოს პატრონი არ ჰყავს. უფრო მეტიც, მთელმა მსოფლიომ დაინახა, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნების დროს პოლიტიკურ პარტიებს შორის არ იყო არც კონსენსუსი, არც კამათი აფხაზეთის თემის შესახებ, თითქოს ჩვენ ტერიტორიებოკუპირებული ქვეყანა არ ვიყოთ.
„ყველამ დაინახა, რომ საქართველოში აფხაზეთის თემა არ აინტერესებთ. მას შემდეგ, რაც „სახალხო პარტია“ არ არის წარმოდგენილი პარლამენტში, 16 წელიწადია, ამ სამი მოწვევის პარლამენტში კონცეფტუალურად ერთხელაც არ დასმულა აფხაზეთისა და ცხინვალის დაბრუნების საკითხი. მხოლოდ საოკუპაციო ზოლის გადმოწევაზე საუბრობენ ჩვენი პარლამენტარები. ეს კი მთელ მსოფლიოს აგრძნობინებს, რომ ქართველებს აღარ აინტერესებთ აფხაზეთი და ცხინვალი და ქართველების გამო თვითონ რატომ მოიკლან თავი?“, - აცხადებს მამუკა გიორგაძე, რომლის აზრითაც, თუ ჩვენ ამ თემას წინა პლანზე არ წამოვწევთ და დასავლეთს ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხში მხარს არ ავუბამთ, ეს იქნება პირდაპირი მინიშნება, რომ რუსეთის მხარეზე ვართ. ეს იქნება მტკიცება იმისა, რომ ჩვენ არ ვართ პროდასავლელები და იმის გამო, რომ დასავლეთი ფულს გვაძლევს, მას წინააღმდეგობას ვერ ვუწევთ.