„საქართველოში მოვიდა დრო, ძველი ლიდერები გვერდზე გადადგნენ“, - ამის შესახებ მინიშნებას ამერიკის ყოფილი ელჩი საქართველოში კენეტ იალოვიცი აკეთებს.
ელჩის განცხადება საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შედეგებითაა ნაკარნახევი. მისი თქმით, შეერთებულ შტატებში ყოველთვის ასე ხდება - „არჩევნებში წაგებული ადამიანები ჩამავალი მზის სხივების ფონზე უჩინარდებიან“. ამდენად, სასურველია, საქართველოშიც ასე მოხდეს.
შესაბამისად, კენეტ იალოვიცის რეკომენდაციაა, რომ საქართველოში დამთავრდეს მესიების პერიოდი, ქართველებმა გადააბიჯონ დილემას, როცა ორივე მხარეს მყოფი „სიცოცხლეზე დიდი“ ადამიანების გავლენა ჯერ ისევ იგრძნობა. არჩეულ ადამიანებს სისტემატურად არ უნდა სჭირდებოდეთ გვერდზე ყურება და ვიღაც სხვისგან მითითებების მიღება.
For.ge-სთან საუბარში ექსპერტი ვახტანგ მაისაია სრულიად იზიარებს კენეტ იალოვიცის დეფინიციას და აცხადებს, რომ კარგი იქნება, თუკი ბატონი იალოვიცი ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობის მთავარი მრჩეველი გახდება.
ვახტანგ მაისაიას თქმით, ახალი ეპოქა იწყება და ჩვენ შევდივართ არალიბერალური დემოკრატიის ეპოქაში, ანუ ავტორიტარული რეჟიმიდან გადავდივართ არალიბერალური დემოკრატიის ფორმაზე. შესაბამისად, პოლიტიკური კონიუნქტურა ისეა მოწყობილი, რომ ამ გარდამავალ პერიოდში ახალი ლიდერები და ახალი სისხლი გვესაჭიროება.
შეკითხვის საპასუხოდ, საიდან გამოჩნდებიან ახალი ლიდერები, როცა მესამე ძალის შექმნაც კი ვერ მოხერხდა? - ვახტანგ მაისაია გვპასუხობს: „ნუ გეშინიათ, ახალი ლიდერები გამოჩნდებიან. ყველა ქართველს ჰგონია, რომ ის არის პოლიტიკოსი და ის არის პოლიტიკის მეფე. ქართველების პოლიტიკური ამბიციები იმხელაა, რომ დღეს ერთი პოლიტიკური პარტია გაქრება, ხვალ მეორე პოლიტიკური პარტია შეიქმნება და ამის დეფიციტი ნამდვილად არ იქნება“.
„სახალხო პარტიის“ თავმჯდომარე მამუკა გიორგაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ძველი ლიდერების განზე გადგომა კი არ არის მთავარი, არამედ საქართველოში ჯერ უნდა ჩამოყალიბდნენ ბუნებრივი და არა ხელოვნურად შექმნილი ლიდერები. დღეს კი მათი უმეტესობა ჯერ მოდის ხელისუფლებაში და მერე ხდება პოლიტიკოსი. არადა, პირიქით უნდა იყოს, ჯერ პოლიტიკოსებად უნდა ჩამოყალიბდნენ და შემდეგ მოვიდნენ ხელისუფლებაში.
„იალოვიცის ეს განცხადება მკაფიო მინიშნებაა, რომ ამერიკას ყელში ამოუვიდა ქართველი „პოლიტიკოსების“ თამაშები. ძველი ლიდერების განზე გადგომაში, ფაქტობრივად, მიშა და სხვა პიროვნებები იგულისხმებიან, თუმცა მარტო ეს პიროვნებები არ არიან მთავარნი, აქ მოვლენაა მთავარი. დასავლელი დიპლომატი დიპლომატიურ ენაზე გვეუბნება, რომ პასუხისმგებლობის მქონე ჯგუფები უნდა გამოჩნდნენ, ვისაც ქვეყნის ბედი ნამდვილად ანაღვლებს. იალოვიცის ნათქვამი მეტყველებს, რომ ბლეფია „ნაცმოძრაობის“ და „ქართული ოცნების“ პროდასავლურობა, რომ ესენი საბჭოთა ცნობიერების ადამიანები არიან, რომელთათვისაც პოლიტიკა მხოლოდ ბიზნესი და კეთილდღეობაა. საერთოდ, არ ჩანან რეალური ლიდერები, რეალური პოლიტიკა არ იქმნება. ეს ფუყე ტელელიდერები ერთი კვირა რომ არ გამოჩინო ტელევიზიით, არავის გაახსენდება“, - აღნიშნა მამუკა გიორგაძემ და არჩევნების შემდეგ ცალკეულ ლიდერთა პოლიტიკიდან ჩამოცილების ფაქტიც დაგმო.
მისი თქმით, საინტერესოა, რას ნიშნავს მარშით გამოცხადებული გასვლა პოლიტიკიდან?! ამ ხალხს პოლიტიკა რა ჰგონია? შრომითი მოწყობის საკითხი? თუკი მიაჩნიათ, რომ ქვეყანაში ტრაგედია ტრიალებს, მაშინ რატომ მიდიან პოლიტიკიდან, რომელიც ქვეყნისთვის სამსახურს ნიშნავს? არჩევნებამდე არ იცოდნენ, თუ არ ჰქონდათ პოლიტიკური რესურსი? არჩევნების საღამოს რვა საათზე გაახსენდათ პოლიტიკიდან წასვლა?
„ფაქტობრივად, ეს არის გარიგებაზე წასვლა ხელისუფლებასთან, ეს არის მოსახლეობის მიტოვება. ასეთი რამ პირველად არ მომხდარა საქართველოში. ყველა არჩევნების წინ ასე გამოჰყავდათ მოედანზე თოჯინები და კრიტიკულ მომენტში ისინი მიდიოდნენ. სინამდვილეში, თითოეული მათგანის მხრიდან პოლიტიკიდან წასვლა არის მესიჯი ხელისუფლებისკენ, რომ მათ აღარ აქვთ პოლიტიკური ინტერესი, აღარ ებრძვიან ხელისუფალს. ამიტომ ისინი უნდა გამოიყენონ სამსახურში. ეს არის შეფუთული სიმართლე. დღეს გამოდიან პოლიტიკური პარტიები და ლაპარაკობენ, რომ ახალი კოალიციები უნდა გაკეთდეს და ახალი გაერთიანებები. კი მაგრამ, არჩევნებამდე სად იყვნენ? სწორედ არჩევნების წინ იყო შესაძლებლობა, რომ ასეთი გაერთიანებები შექმნილიყო, მაგრამ ეს ხალხი ოთხი წელი ივანიშვილის ფრთების ქვეშ ნებივრობდა, შემდეგ ჰქონდათ იმედი, კვლავაც ამ კეთილდღეობაში გააგრძელებდნენ პოლიტიკურ საქმიანობას და, რომ დაინახეს, რომ გადაგდებულები აღმოჩნდნენ და ივანიშვილმა სწორად შეაფასა მათი ფასი, პოლიტიკიდან წასვლა მოინდომეს“.
„სახალხო ფრონტის“ თავმჯდომარეს, ნოდარ ნათაძეს მიაჩნია, რომ, თუ დასავლელი დიპლომატი გულისხმობს, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება თავიდან ბოლომდე არაკვალიფიციური, კორუმპირებული და უნიჭოა და ახალი ხარისხის ადამიანები უნდა მოვიდნენ, მაშინ ის სწორია, ხოლო, თუ ის გულისხმობს, რომ საქართველოში ახალი ეტაპი დადგა და პატრიოტული სულისკვეთება, რომელიც ტრადიციულად მოსდგამთ ქართველებს, სხვა რაღაცით უნდა შეიცვალოს, მაშინ ის ძალიან ცდება.
„ძველ ლიდერებში ვის გულისხმობს? ძველ ნაგავს, რომელიც დღევანდელ მთავრობაშიც ყრია, თუ ერის სულიერ ლიდერებს, რომლებიც წარსულშიც იყვნენ და მომავალშიც უნდა შენარჩუნდნენ?“, -აცხადებს ნოდარ ნათაძე ჩვენთან საუბარში.