თურქეთში მეორე სისხლიან გადატრიალებას „ელიან“

თურქეთში მეორე სისხლიან გადატრიალებას „ელიან“

„ძალიან მალე უფრო სისხლიანი ახალი გადატრიალების მცდელობა მოხდება“, - ასეთ სცენარს თურქეთის ყოფილი პოლკოვნიკი ჰასან ატილა უღური წინასწარმეტყველებს.

მისი თქმით, მართალია, თურქეთის ხელისუფლება წარუმატებელი გადატრიალების მცდელობის შემდეგ გამარჯვებას ზეიმობს, თუმცა ქვეყანა შესაძლოა, ახალი გადატრიალების წინაშე აღმოჩნდეს.
სხვათა შორის, ეს ის პოლკოვნიკი უღურია, რომელმაც 15 ივლისს მომხდარი წარუმატებელი გადატრიალების მცდელობის შესახებ წინასწარ აუწყა თურქეთის მოსახლეობას.
ამჯერადაც პოლკოვნიკი ამტკიცებს, რომ გადატრიალების  უკან აშშ იდგება. მისი თქმით, ცალკეული ორგანიზაციები და ქურთისტანის მუშათა პარტია გადატრიალებას ვერ მოაწყობენ, რადგან თურქეთის ხელისუფლებამ ისინი წელში გადატეხა. თუმცა, უღურის მტკიცებით, საეჭვოა ის ფაქტი, რომ ინგლისი ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში მცხოვრებ ტომებს ხვდება. ამას კი შედეგად მოჰყვება, რომ პოლიციის შიგნით მყოფი ჩანერგილი ოპოზიციური ჯგუფები ქურთების მიერ გამართულ შეხვედრებზე ხალხს ცეცხლს გაუხსნიან, 15-20 ადამიანი დაიღუპება და რეგიონის ყველა პროვინციიდან საპროტესტოდ ქუჩაში გამოვლენ ის ადამიანები, რომლებსაც ინგლისის საკონსულო ხვდებოდა.

ყოფილი პოლკოვნიკი მეორე გადატრიალების თარიღსაც ასახელებს. დაძაბულობას ის ნოემბერში ელის.

პარალელურად, უღური ქაოსს სხვა მხრიდანაც ვარაუდობს. კერძოდ,  კვიპროსის ბაზაზე მყოფი ბრიტანული 10 ათასი სამხედრო მოსამსახურე თურქეთში მცხოვრები 50 ათასი ბრიტანელის უსაფრთხოებისთვის თურქეთში შევა და იქ უსაფრთხო ზონებს შექმნის. მოქალაქეებს საჰაერო გზებით გაათავისუფლებს, რაც გადატრიალების მცდელობა კი არ არის, უკვე თურქეთში შეჭრის გეგმაა.

პოლკოვნიკ ჰასან ატილა უღურის შეფასებებს  პროპაგანდისტული ვერსიების ნაირსახეობად მიიჩნევს ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია. For.ge-სთან საუბარში ვახტანგ მაისაია აცხადებს, რომ, ერდოღანის ხელისუფლების დაკვეთით, თურქ პოლკოვნიკს სურს, საკუთარი საზოგადოება მოსალოდნელი განსაცდელების მოლოდინში ამყოფოს და ეს გასაგებიცაა. სხვანაირად ერდოღანი ხელისუფლების კიდევ უფრო გაძლიერებას ვერ შეძლებს.

„არავითარი გადატრიალება თურქეთში მოსალოდნელი არ არის. უკვე ყოველგვარი საფუძველი გამოეცალა გადატრიალებას. უბრალოდ, ერდოღანის ხელისუფლებას უნდა, კიდევ უფრო მოუჭიროს ჭანჭიკები პოლიტიკურ სისტემას, რომელსაც ის უკვე 2002 წლიდან აშენებს თურქეთში. ამ თამაშში ახლა ინგლისიც ჩართეს. როგორც ჩანს, ამერიკა-ინგლისის მხრიდან ანგლოსაქსური შეთქმულების თეორიას ავითარებენ თურქეთში, რაც ძალიან ცუდი თამაშია და არა მგონია, ერდოღანის ხელისუფლების წისქვილზე დაასხას წყალი. ასეთი მანიპულაციებით ერდოღანი კიდევ უფრო აუარესებს მდგომარეობას საკუთარ მოკავშირეებთან და მეგობრებთან. თუ ერდოღანს გააჩნია კონკრეტული ფაქტები ამერიკისა და ბრიტანეთის მიმართ, სჯობს, პირდაპირ გამოვიდეს და განაცხადოს პირდაპირი ტექსტით“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია.

რაც შეეხება კვიპროსში მოსალოდნელ საფრთხეს, ვახტანგ მაისაიას თქმით, კვიპროსში მართლაც არის ბრიტანული ბაზა, თუმცა ჩრდილოეთ კვიპროსი თურქული ოკუპაციის ქვეშ მყოფი ტერიტორიაა და ის არავის უცნია, როგორც არაღიარების სტატუსის მქონე პოსტსაბჭოთა სივრცეში გაჩენილი რესპუბლიკები.

ექსპერტის თქმით, თურქეთისა და ამერიკის ურთიერთობა კიდევ უფრო უარესდება და შეიძლება სიტუაცია მივიდეს კრიტიკულ ზღვრამდე. ამის მიუხედავად, ვახტანგ მაისაია გამორიცხავს მოარულ ხმებს იმის შესახებ, თითქოს დავუთოღლუმ უნდა ჩაანაცვლოს ერდოღანი. მისი თქმით, მართალია, დავუთოღლუმ დატოვა თანამდებობა, მაგრამ ის რჩება თურქეთის მმართველი „სამართლიანობის პარტიის“ წევრად, გენერალური სამდივნოს წევრად და ჯერჯერობით მას ერდოღანის საწინააღმდეგოდ არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამს.

„ერდოღანმა ამ ეტაპზე შეძლო სიტუაციის მისკენ შემობრუნება და პოლიტიკური სპექტრიც გადაიყვანა თავის მხარეზე. შეიარაღებულ ძალებში მან ჩაატარა სერიოზულ წმენდა და უშუალოდ დაიქვემდებარა ეს ძალები. ამ ეტაპზე ერდოღანი სიტუაციას აკონტროლებს და, თუ მისი ხელისუფლება არ წავიდა პროვოკაციებზე და არ შექმნა სიმულაცია, ისე თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მოხდენა საეჭვოა. დასავლეთი ფრთხილობს, ბოლო ნაბიჯი არ გადადგას, რათა მთლიანად არ გაწყდეს ურთიერთობა თურქეთთან, რადგან გაწყვეტის შემთხვევაში, დასავლეთი თურქეთის სახით დაკარგავს საკმაოდ ძლიერ ბაზისს თავისი გეოსტრატეგიული, გეოპოლიტიკური მიზნების მისაღწევად სხვადასხვა მნიშვნელოვან გეოსტრატეგიულ არეალებში. მათ შორის, საუბარია ახლო აღმოსავლეთზე, შავი ზღვის აუზის არეალზე“.  

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე For.ge-სთან საუბარში თურქეთში მეორე სისხლიანი გადატრიალების მცდელობას გამორიცხავს. მისი თქმით, პოლკოვნიკ უღურის განცხადებები სხვა არაფერია, თუ არა რეპრესიების გამართლების მცდელობა, რომელიც საბჭოთა კავშირის რესპრესიების მსგავსია. ოღონდ საბჭოთა კავშირში დახვრეტები იყო, თურქეთში კი სიკვდილით დასჯა მაინც არ არის და ციხითა და პატიმრობით შემოიფარგლებიან.

„ორი დღის წინ დაზვერვის 86 მუშაკი კიდევ დააპატიმრეს, ამიტომ თურქეთში წმენდა იმ მასშტაბისაა, რომ არათუ გადატრიალების პოტენციალი, უკმაყოფილოთა მიტინგის გამართვის პოტენციალიც აღარ რჩებათ ხელისუფლების მოწინააღმდეგეებს. ეს უბრალოდ პრევენციული გამართლებაა კიდევ ახალი რეპრესიული მანქანის, თორემ უკვე რამდენი ხანია, 30-ათასიანი არმია უდგას თურქეთს კვიპროსზე, ამ დროს  სამხრეთ კვიპროსის დემოკრატიულ რესპუბლიკას 30-ათასიანი არმიაც არ ჰყავს მთლიანად. თურქეთის ქმედებით მთელი მსოფლიო უკმაყოფილოა და ახლა საშუალო რგოლის ჩინოვნიკები, რიგითი პოლკოვნიკები ცდილობენ, წინასწარ გაამართლონ დღემდე არსებული და უფრო მეტად კი სამომავლოდ დაგეგმილი რეპრესიები. რაც შეეხება დავუთოღლუს, მას საგარეო საქმეთა მინისტრობის დროს მეტი კონტაქტები ჰქონდა დასავლეთთან, მაგრამ დავუთოღლუ უფრო მეტად პანთურქისტია, ვიდრე ერდოღანი. დავუთოღლუ საჯაროდ აცხადებდა, აჭარა თურქეთის არისო. ამიტომ არა მგონია, დასავლეთის კაცი ყოფილიყო დავუთოღლუ“.