დასავლური მედია იტყობინება, რომ შაბათს ჩატარებული არჩევნების უკან ორი მამაკაცი იდგა, რომლებიც თავიანთ პარტიებს აკონტროლებდნენ: ერთი - საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მეორე - მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი. რამდენად შეცვალა ამ არჩევნებმა პოლიტიკურ ძალთა გადანაწილება საქართველოში? ამის შესახებ For.ge-ს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ესაუბრა.
სოსო ცინცაძე: პოლიტიკურ ძალთა გადანაწილებაზე საუბარი ზედმეტია, რადგან ასეთი ძალები ჩვენთან არ არსებობს. არსებობს ერთი პოლიტიკური ძალა, ახლა კი ნაცმოძრაობა იმუქრებოდა, რომ არ შევიდოდა პარლამენტში, რაც ყველაზე დიდი სიბრიყვე იქნებოდა, რაც კი ამ პარტიას ჩაუდენია ოდესმე. ამით გამოდიოდა, რომ ამ ოთხი წლის განმავლობაში, ანუ ახალ არჩევნებამდე „ნაცმოძრაობა“ ვერ გაძლებდა. თანაც, პარლამენტში შეუსვლელობით ეს პარტია ნებაყოფლობით უარს იტყოდა მძლავრ ფინანსურ რესურსზე, სახელმწიფო დაფინანსებაზე. ამას გარდა, გაურკვეველია „ნაცმოძრაობის“ ტელევიზიის - „რუსთავი 2“-ის ბედიც. მიაქციეთ ყურადღება, სამი პარტია გავიდა პარლამენტში, სამივეს საკუთარი ტელევიზია გააჩნდა, ეს ნიშნავს, რამხელა მნიშვნელობა აქვს ქართულ პოლიტიკაში საკუთარი მასობრივი ინფორმაციის ორგანოს. თუ როგორ დამთავრდება „რუსთავი 2“-ის სასამართლო პროცესები, ამაზე შეიძლება ვიმკითხაოთ, მაგრამ „რუსთავი 2“-ელებისთვის არცთუ სასიამოვნო ტონალობაში. ამიტომ პარლამენტის გარეშე ოთხ წელიწადში გაქრებოდა „ნაცმოძრაობა“, დაემართებოდა ის, რაც დაემართა ალასანიას და რაც თვითონ დამართა საკუთარ თავს პაატა ბურჭულაძემ. ამიტომ ნაციონალები შევლენ პარლამენტში.
წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ რჩებოდათ მხოლოდ ქუჩის ოპოზიციონერობა, რაც პოლიტიკური სუიციდის ტოლფასი იქნებოდა ნაცმოძრაობისთვის.
- ეს ქუჩის ოპოზიციონერობაც აღარ იქნებოდა, ისინი ნელ-ნელა რესურსს დაკაგავდნენ და 200 პარტიას თუ არა, იმ 2-3 პარტიას დაემსგავსებოდნენ, რომელიც დღეს არჩევნებში მონაწილეობდნენ, მაგრამ ყველამ კარგად ვნახეთ მათი რესურსები. სააკაშვილი მშვენივრად გრძნობდა თავს „ქრისტიან-დემოკრატებთან“ პარტნიორობაში, ერთ კამპანიაში იყვნენ. რა დაკარგა სააკაშვილმა იმით, რომ „ქრისტიან-დემოკრატები“ შეუშვა პარლამენტში?
„მოქალაქეთა კავშირიც“ შეხმატკბილებული იყო ასლან აბაშიძესთან.
- რასაკვირველია, ისედაც მე არა მგონია, გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს „ოცნებისთვის“, თუ რას იტყვიან დასავლეთის დემოკრატიული წრეები, არასამთავრობოები, ეუთოს დამკვირვებლები და არა უბრალოდ - დასავლეთის ხელისუფლება.
აშშ-ის საელჩომ დღეს გაავრცელა განცხადება, რომ ეთანხმება საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებებს, რომ ეს არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ და კარგად ორგანიზებულ გარემოში.
- მაგრამ მათ არ უთქვამთ, რომ ეს იყო თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. ცალსახად ყველა ევროპელმა დამკვირვებელმა აღიარა, რომ არჩევნები იყო კონკურენტუნარიანი, კარგად ორგანიზებული, მაგრამ ეს არ იყო თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. ის, რომ მშვიდ გარემოში ჩატარდა და კარგი ორგანიზებით, რუსეთის არჩევნები ორი კვირის წინ რომ ჩატარდა, ისე ორგანიზებული და მშვიდი იყო, რომ ამერიკას მოენატრებოდა და ევროპის ნებისმიერ ქვეყანას შეშურდებოდა.
საბჭოთა კავშირის დროიდან მოყოლებული, თავისუფლების ხარისხი არჩევნების დროს ჩვენში მეტ-ნაკლებად მოიკოჭლებდა და წინასწარ ვიცოდით, ვინ გაიმარჯვებდა. თუმცა თამარ ჩერგოლეიშვილი, ბოკერიას მეუღლეც კი აღიარებს, რომ ამ არჩევნებმა 2003 წლის 2 ნოემბრისგან განსხვავებით, მიიღო დასავლეთის ლეგიტიმაცია. საინტერესოა, თუ აქამდე „ქართული ოცნება“ დასავლეთის მხრიდან მუდმივ წინააღმდეგობას აწყდებოდა სააკაშვილისა და მისი გარემოცვის ხელშეუხებლობის მოტივით, ამჟამად დასავლეთი „ოცნების“ მიმართ პოზიტიური რატომ გახდა? ამ არჩევნების საფუძველზე შეგვიძლია ვთქვთ, რომ სხვა ეტაპზე გადადის „ოცნება“ - დასავლეთის ურთიერთობა?
- ახლა თვითონ დასავლეთსაც უჭირს, დასავლეთის ირგვლივ ფასეულობებისა და ღირებულებების მატარებელი ქვეყნების რაოდენობა შაგრენის ტყავივით მცირდება. ამ დროს საქართველოს შეყვანა შავ კომპიუტერში არავის აწყობს. მათი შეფასებით, მთლიანობაში მაინც ლეგიტიმური იყო ეს არჩევნები. ცხადია, ინგლისის არჩევნებივით სამართლიანი ვერ იქნებოდა ჩვენი არჩევნები. ახლა ბევრს ლაპარაკობენ, რომ გარიგდნენ „ნაციონალები“ და „ოცნება“. თუ მართლა მოხდა გარიგება, ქვეყნისთვის ეს კარგია. აქამდე ეს ორი პარტია ერთმანეთს განიხილავდა, როგორც მტრებს. მტერთან გარიგება არ ხდება, მტერთან განადგურებამდე მიდის ბრძოლა, ახლა კი ძალიან კარგია, თუ კონკურენტები გახდნენ.
თუ ასე მოხდა, ეს „ქართულ ოცნებას“ რეიტინგს დააკარგვინებს ქართველი ერის თვალში, რომელიც სამართლიანობის აღდგენას დღემდე ელოდება?
- რაც შეეხება ქართველი ხალხის სურვილებს, ცოტა ჩამოვიდეთ დედამიწაზე, ქართველი ხალხი არის ის ხალხი, რომელიც ყოველ სამ-ოთხ წელიწადში ჯერ ზვიადი-ზვიადის იძახდა, მერე ედვარდი-ედვარდის, შემდეგ მიშა-მიშას და ახლა ბიძინა-ბიძინას. ქართველი ხალხი ლიდერს მიჩვეული არ არის, ქართველი ხალხი ბელადს არის მიჩვეული, ლიდერსა და ბელადს შორის კი ის განსხვავებაა, რომ სიცოცხლის ბოლომდე ბელადი მუდმივია, ხოლო ლიდერი იცვლება. აგერ, „რესპუბლიკურ პარტიას“, რომლის ამომრჩეველიც მე არ ვარ, მე-7 ლიდერი ჰყავს, მაგრამ არის პარტიები, რომელთაც დღიდან დაარსებისა, ერთი ბელადი ჰყავთ. გარდა ამისა, მორიდებით ლაპარაკობენ, მაგრამ ვრცელდება ხმები, რომ „ოცნების“ გარდა, ყველა პარტიის დამკვირვებლები გაიყიდნენ. საქართველოში ჭორი ჭორზე მეტია, უკვე თანხასაც ასახელებენ, თუ რა ღირდა დამკვირვებლის მოსყიდვა-3-დან 5 ათას ლარამდე. დღეს საქართველოში ყოველი მეათე გაიყიდება 3 ათას ლარად, მაშინ, როცა იცის, რომ მისი პარტია მაინც აგებს არჩევნებს და ამ თანხას მშიერი ადამიანი სახლში წაიღებს.
მე არ ვიცი, ეს ინფორმაცია რამდენად რეალურია, მაგრამ, თუკი ეს მავნე ტრადიცია გრძელდება, მაშინ გავიხსენოთ, რომ გაყიდვები, კოორდინატორების ინსტიტუტები, ფულით მიზიდული ქუჩიდან აყვანილი „აქტივისტები“ „ნაცმოძრაობის“ თანმდევი იყო.
- „ნაცმოძრაობის“ დროს არ ყიდულობდნენ. „ნაცმოძრაობის“ დროს უბრალოდ ართმევდნენ, „ნაცმოძრაობა“ ამაზე ფულს არ დახარჯავდა, „ნაცმოძრაობის“ დროს არჩევნების მეორე დღეს ბიულეტენებს სანაგვეზე პოულობდნენ.
რეალობას რომ დავუბრუნდეთ, უცხოურ მედიაში ასეთი შეფასებებია, „საქართველო - ეს არის ორი ჩრდილოვანი მამაკაცის დუელი“. როცა საუბარია მიშაზე და ბიძინაზე, რამდენად აისახა მათი ფაქტორი ამ არჩევნებზე და რამდენად განაპირობა „ნაცმოძრაობის“ დაბალი მაჩვენებელი სააკაშვილმა?
- ეს სწორია, თვითონ მიშამაც ვერ მოთოკა ემოციები, უკვე მინისტრებს ნიშნავდა, დეკანოიძე იქნება შს მინისტრიო და სხვა, გარდა ამისა, ჩამოვდივარ საქართველოშიო და დაფრთხა ჩვენი საზოგადოების გარკვეული რაოდენობა. მიშას უსაფუძვლო ტრაბახი რეალურად მიიღეს, თანაც, აქ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა შეთქმულების მუხლით. ესეც ცუდია, რომ ძალიან იოლად ხდება სისხლის სამართლის საქმეების აღძვრა და მერე დავიწყება. მე ის მაინტერესებს, რომ ინტელექტუალური შემადგენლობით ეს პარლამენტი წინა პარლამენტთან შედარებით გაცილებით სუსტი იქნება. წინა პარლამენტს ინტელექტუალურად აკეთილშობილებდნენ „რესპუბლიკელები“, მიუხედავად იმისა, რომ მე „რესპუბლიკელების“ ამომრჩეველი არ ვარ, ვახტანგ ხმალაძის, დათო უსუფაშვილის, ძმებ ბერძენიშვილების გარეშე პარლამენტი ვერ წარმომიდგენია. აბსოლუტური უმრავლესობა უცნობი სახეებია. ხალხი არ იცნობს ადამიანს და ხმას აძლევს, რადგან იმ უცნობ ადამიანთაგან ზოგიერთს რეკომენდაციას უწევს კალაძე, ზოგს - კვირიკაშვილი, ზოგს -ივანიშვილი. ხალხის მასა ენდობა ამ რამდენიმე ადამიანის მიერ შეთავაზებულ აბსოლუტურად უცნობ ხალხს. ამდენი ფეხბურთელი, სპორტსმენი, მკლავჭიდელი... ერთი, მაგიდის ჩოგბურთელიღა აკლიათ, სპორტის ყველა სახეობაა წარმოდგენილი.
სააკაშვილი ხარისხიან „პროდუქტს“ სთავაზობდა ამომრჩეველს?
- იგივეა, სააკაშვილს ვინც უნდოდა, იმას სთავაზობდა ხალხს და ჩვენი ელექტორატი ამას ყლაპავდა, ადრე - შევარდნაძის, უფრო ადრე კი - ზვიადის შეთავაზებულებს. მთავარია, ბიძინამ თქვა, რომ კარგია, ადგნენ და მისცეს ხმა და გვყავს კვაზი მერი-ნარმანია. ასე ხდებოდა შუა საუკუნეებში. მაგალითად, ფრანგებს მე-17 საუკუნეში სჯეროდათ, რომ მეფე პროვინციაში ჩავიდოდა და განუკურნებელ ავადმყოფს ხელს თუ დაადებდა მხარზე, ის მორჩებოდა. თუმცა ზოგიერთები არ მორჩნენ, გარდაიცვალნენ და ეკლესიამ ხელად მონახა გამართლება, მეფე განკურნავს იმას, ვისაც დიდი ცოდვები არ აქვს, მაგრამ ვინც მოკვდა, იმ საზიზღარს იმხელა ცოდვები ჰქონია, რომ მეფის ხელის ხლებამაც ვერ უშველაო. ახლაც ასეთი ბრმა ნდობაა.
თუკი სააკაშვილისგან დისტანცირების სურვილი გაუჩნდა ნაცმოძრაობას, ხომ შეიძლება, „ქართულ ოცნებასაც“ გაუჩნდეს ჩრდილოვანი მართვისგან თავის დაღწევის სურვილი?
- ასეთ მომავალს ვერ ვხედავ, ეს არ მოხდება, ვინაიდან ამას სჭირდება ძალიან მაღალი პოლიტიკური კულტურა. ეს გრძელი გზაა და ეს გზა არავის უნდა. ყველას სურს ოსტაპ ბენდერივით, „უტრომ დენგი, ვეჩერომ-სტულია“.
ინტელექტუალების პარალელურად, საქართველოში მესამე ძალის ჩამოყალიბების სურვილი იგრძნობა. იქნებ, სწორედ მესამე ძალის გამოჩენით იყო ნაკარნახევი „პატრიოტთა ალიანსის“ უკეთესი შედეგები?
- სად არის მესამე ძალა? თავიდან პაატა ბურჭულაძეზე იყო საუბარი მესამე ძალის კონტექსტში, მაგრამ ხომ ნახეთ, ბურჭულაძემ როგორ დაამთავრა? რაც ბურჭულაძეზე ხმები დადის, იმის ნახევარიც რომ მართალი იყოს, არ მინდა მკვეთრი გამოთქმები გამოვიყენო... ცუდი ჭორები დადის ბურჭულაძეზე და მე არ მაქვს მტკიცებულება ამის შესახებ. სამმილიონიან ქვეყანაში ასე ადვილად მესამე და მეოთხე ძალა არ ჩნდება. ეს გამორიცხულია. ტრაგედიად მეჩვენა ის, რომ ყოფილი მკლავჭიდელების, ყოფილი ფეხბურთელების, ყოფილი მომღერლების, ყოფილების მიერ დაწერილი კანონებით უნდა იცხოვრონ ჩვენმა შვილებმა.
თქვენ ინტელექტუალები ახსენეთ, რომელთა გარეშეც პარლამენტი შესაბრალისად გამოიყურება. ინტელექტუალების ნაკლებობას არ უჩიოდნენ „თავისუფალი დემოკრატები“. იქნებ, „თავისუფალ დემოკრატებს“ სთავაზობენ კარგ თანამდებობებს? ამითაც ხომ არ არის განპირობებული, რომ ისინი ტოვებენ თავიანთ პარტიებს, პაატა ბურჭულაძე კი ვერ იღებს გადაწყვეტილებას, წავიდეს თუ დარჩეს პოლიტიკაში და იძახის ვრჩებიო. მაგალითად, საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე განიხილება ვიქტორ დოლიძის კანდიდატურა.
- მიუხედავად ჩემი უარყოფითი დამოკიდებულებისა ალასანიასა და მისი პარტიისადმი, ქვეყნისთვის ძალზე ცუდია, თუ ეს პარტია დაიშლება. ვიქტორ დოლიძეს ახლოს არ ვიცნობ, მაგრამ არა მგონია, ვიქტორ დოლიძე გაიყიდოს თანამდებობაზე. თუ გაიყიდა, ძალიან ცუდი.
სხვათა შორის, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ბოლო პერიოდში ბიძინა ივანიშვილი ალასანიას მიმართ დადებით მესიჯებს გზავნიდა. შესაძლოა, ალასანიასაც სთავაზობენ გარკვეულ პოსტს?
- არა მგონია. ბიძინა ივანიშვილის მესიჯები, ალასანია მეორე ადგილზე იკვეთება, გაუსწრო ნაციონალებსო, აბსოლუტურად უსაფუძვლო იყო, რადგან იმ პერიოდში სხვადასხვა ორგანიზაციის 500-მდე პროგნოზი დაიდო და არც ერთი პროგნოზი არ უწინასწარმეტყველებდა ალასანიას მეორე ადგილს. შეიძლება, ეს იყო ძალზე მარჯვე პოლიტტექნოლოგიური სვლა ივანიშვილის მხრიდან, რომ ალასანიას ყურადღება მოედუნებინა და შეერბილებინა კონფრონტაციული მუხტი, რომელიც მოდიოდა ალასანიას პარტიიდან. გაკეთდა თუ არა ბიძინა ივანიშვილის განცხადება, იმავე საღამოს რომელიღაც დისკუსიაში ვიქტორ დოლიძე ძალიან დამტკბარი იყო „ოცნების“ კანდიდატის მიმართ და მთელ თავის რისხვას უშვებდა ნაციონალებისკენ. ეჭვი მაქვს, ეს იყო ამის მიზანი, რომ არჩევნებამდე დარჩენილ 4-5 დღეში „თავისუფალმა დემოკრატებმა“ ირწმუნეს, რახან ბიძინამ თქვა, ე.ი. ჩვენ გვაძლევენ მეორე ადგილსო. ამ დროს ალასანია ხომ სხვებზე კარგად იცნობდა თავისი ყოფილი უფროსის უნარ-ჩვევებსა და ხასიათს? ხომ იცოდა, რომ ის წყენას ადვილად არ ივიწყებდა? მით უმეტეს, თვითონ ალასანიასთვისაც უცხო არ არის შურისძიება, გამინაწყენდა რაღაცაზე, მე ვერ მომწვდა და ჩემი შვილი მოხსნა სამსახურიდან.
შეგვიძლია ,დავესესხოთ ერთ-ერთ ექსპერტს და ვთქვათ, რომ მოსახლეობის 50%-მა აირჩია მეხანძრე, დანარჩენმა 27%-მა კი-ხანძარი?
- არც მეხანძრე აურჩევიათ და არც ხანძარი, ეს იყო არჩევნები არჩევანის გარეშე.