უსამა ბენ ლადენი 1957 წლის 10 მარტს დაიბადა. 10 მარტს დაბადებულთა შორის აღნიშვნის ღირსები არიან: ჩაკ ნორისი, შერონ სტოუნი, სამუელ ეტო’ო და „ფიფას“ პრეზიდენტი იოზეფ ბლატერი. უსამა ბინ ლადენის გარდაცვალების ოფიციალურ თარიღად 2011 წლის 2 მაისი სახელდება. ამ დღეს სხვადასხვა წელს გარდაიცვალნენ: ლეონარდო დავინჩი და ივან აივაზოვსკი.
ბენ ლადენის საგვარეულო, რომლის გამდიდრებას სათავე უსამას მამამ დაუდო, საუდის არაბეთის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან და მდიდარ ოჯახად ითვლება. „საუდი ბენ ლადენ გრუპი“ საუდის არაბეთის ეკონომიკის მნიშვნელოვან ნაწილს აკონტროლებს, ისეთ სფეროებს, როგორიცაა: მშენებლობა, ნავთობის მოპოვება, გემთმშენებლობა, მასმედია და ტელეკომუნიკაციები.
1991 წელს უსამა ბენ ლადენი სუდანში დაფუძნდა და ბიზნესით დაკავდა. ახალი ტექნიკისა და სამშენებლო ტექნოლოგიების გამოყენებით მას სუდანში ავტოსტრადები გაჰყავდა. მცირე ხანში ბენ ლადენმა სუდანის უდაბნოში 1 200 კილომეტრის გზა გაიყვანა, ათიათასობით სუდანელი დაასაქმა და პირველად დაუკავშირა სუდანის დედაქალაქ ჰართუმსა და უმსხვილეს ქალაქ პორტ-სუდანს რამდენიმე ასეული სოფელი და დაბა. გარდა ამისა, ბენ ლადენი ფარმაკოლოგიით დაინტერესდა და მისი ინიციატივით სუდანში აშენდა აფრიკის კონტინენტზე ყველაზე დიდი ფარმაცევტული ქარხანა კვლევის ინსტიტუტთან ერთად. ბენ ლადენი ჩართული იყო ასევე მონებით ვაჭრობის ბიზნესში. ეს სფერო სუდანში საკმაოდ გავრცელებული იყო და მთავრობაში ნაციონალ-ისლამური ფრონტის მოსვლის შემდგომ უფრო მაღალ მასშტაბებს მიაღწია.
დაფინანსების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წყარო უსამა ბენ ლადენისთვის ნარკობიზნესი იყო. უსამა იძენდა თანამედროვე მოწყობილობებს, ქირაობდა ქიმიკოსებს და მათ სპეციალურად მოწყობილ ნარკოლაბორატორიებში ასაქმებდა. მის მიერ გახსნილი ნარკოლაბორატორიები და ნარკოსაცავები ავღანეთის აღმოსავლეთ ნაწილში, ქალაქ ჰოსტის მახლობლად მდებარეობდა.
ბალკანეთზე, ბოსნიის კონფლიქტის დროს უსამა ბენ ლადენი რამდენჯერმე იყო ჩასული სარაევოში. მან და მისმა ტუნისელმა თანამებრძოლმა მეჰრეზ აოდუნიმ ბოსნიის მოქალაქეობის დამადასტურებელი პასპორტი 1993 წელს ბოსნია და ჰერცეგოვინის პრეზიდენტის ალია იზიტბეგოვიჩისგან მიიღეს.
უსამა ბენ ლადენის სახელი მსოფლიო საზოგადოებისთვის 2001 წლის 11 სექტემბრის ცნობილ მოვლენებამდე ნაკლებად ცნობილი გახლდათ, ბენ ლადენი მსოფლიოში ბევრად ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც ამერიკულმა სპეცსამსახურებმა ის 11 სექტემბრის ტერაქტების ორგანიზატორად გამოაცხადეს.
2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების შემდგომ პერიოდში, ბენ ლადენის გარდაცვალების ოფიციალური ვერსიის გახმაურებამდე, დასავლურ მედიაში ექვსჯერ გამოცხადდა მისი შესაძლო სიკვდილის შესახებ.
უსამა ბენ ლადენი ამერიკულ წყაროების მიხედვით იყო მაღალი. „ეფბიაის” მონაცემებით მისი სავარაუდო სიმაღლე 193-195 სანტიმეტრი, ხოლო წონა 75 კილოგრამი იყო.
უსამა ბენ ლადენი ცაცია გახლდათ და უმეტესად ჯოხის დახმარებით გადაადგილდებოდა.
უსამა ბენ ლადენი ხუთჯერ იყო დაქორწინებული. პირველად ის 1975 წელს თავის მამიდაშვილზე დაქორწინდა. ერთ-ერთი ვერსიით, უსამას მეუღლე თალიბების ლიდერის, მულა მოჰამად ომარის ქალიშვილი გახლდათ.
უსამა ბენ ლადენს 17 ვაჟი ჰყავს, მათგან მხოლოდ ორი – ჰამზა და საადი იყვნენ ჩართულნი „ალ ქაიდას” საქმიანობაში.
არაოფიციალური წყაროებით ვრცელდებოდა ვერსია, რომ უსამა ბენ ლადენმა მამის გარდაცვალების შემდგომ, მემკვიდრეობით 250-300 მილიონი დოლარი მიიღო.
უსამა ბენ ლადენი ლონდონის საფეხბურთო კლუბის, „არსენალის” ქომაგი იყო.
უსამა ბენ ლადენის სიკვდილამდე დასავლურ და არაბულ სამყაროში გავრცელდა ვერსია, რომ მსოფლიოს ნომერ პირველ ტერორისტს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონდა. კერძოდ, ის, რომ ბენ ლადენს ღვიძლი და თირკმელები აწუხებდა. გარდა ამისა ბენ ლადენს მწვავე დიაბეტი და ერთ-ერთი ვერსიით, იშვიათი დაავადება – „მარფანის სინდრომი” ჰქონდა, რომელიც, მხოლოდ მემკვიდრეობით გადაეცემა.