რას უნდა მიაქციოთ ყურადღება საკვების მიღების დროს

რას უნდა მიაქციოთ ყურადღება საკვების მიღების დროს

საჭმლის მონელებაზე გავლენას ახდენს არა მხოლოდ კერძის გემო და სუნი, არამედ, მისი ვიზუალური მხარეც.

ლამაზად გაწყობილი სუფრა, ჭურჭელი და ხელსახოცები დამატებითი სტიმულია საჭმლის მომნელებელი წვენის გამოსაყოფად. საჭმლის კარგად მონელებისთვის, ასევე, აუცილებელია განწყობაც.

ჭამის დროს ტელევიზორის ყურება, კითხვა ან ლაპარაკი არ არის მიზანშეწონილი, რადგან, ასეთი ორგვარი სიამოვნების შედეგად, საკვების ყლაპვის პროცესი ავტომატური ხდება, ავტომატურად ჭამა კი უკონტროლოა და საზიანო. ჭამის დროს, თქვენი აზრები და ფიქრები მხოლოდ საკვებისკენ უნდა იყოს მიმართული.

საჭმლის მონელებაზე გარკვეულ გავლენას ახდენს ისიც, თუ როგორი განწყობით ჭამთ. საჭმლის მომნელებელი წვენის გამოყოფის შემცირებას წუხილი, უკმაყოფილება და გაღიზიანება იწვევს. ხშირად, სწორედ ასეთ მდგომარეობაში ვსხდებით მაგიდასთან და ვიწყებთ ჭამას. თუ დაიღალეთ ან ინერვიულეთ, ნუ იჩქარებთ დანაყრებას, ჯობია, ნახევარი საათი მოიცადოთ. ნუ შეეცდებით სადილის დროს ოჯახური პრობლემების ან სამსახურებრივი საკითხების გარკვევას.