„მივიღე გადაწვეტილება დროებით გავიდე პოლიტიკიდან“, - ირაკლი ალასანია პოლიტიკიდან წავიდა. ალასანიამ საკუთარი კანდიდატურა მოხსნა გორის 41-ე მაჟორიტარული ოლქის არჩევნებიდან, სადაც პირველადი მონაცემებით, 19,38%-ით მეორე ადგილი აიღო და მეორე ტურში უწევდა მონაწილეობის მიღება. ალასანიასთან ერთად „თავისუფალი დემოკრატები“ პარტიის წევრმა ალექსი პეტრიაშვილმაც დატოვა. „თავისუფალი დემოკრატების“ გადაწყვეტილებას, პოლიტიკური ეთიკის
თვალსაზრისით, სამაგალითოს უწოდებს ექსპერტი რამაზ საყვარელიძე, თუმცა აქვე ამბობს, რომ ალასანიას პოლიტიკიდან წასვლა დასანანია.
for.ge რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.
ბატონო რამაზ, როგორ ხსნით ირაკლი ალასანიას და ბუკა პეტრიაშვილის გადაწყვეტილებას, მიგაჩნიათ, რომ ამ ვითარებაში ეს იყო საუკეთესო გადაწყვეტილება?
რამაზ საყვარელიძე: პოლიტიკაზე პრინიციპული უარი არ უთქვამთ, მაგრამ გავიმეორებდი დათო უსუფაშვილის მოსაზრებას, რომ არჩევნები თავისი შედეგის მიხედვით, ყველა შეგნებულ პარტიას აიძულებს, გადახედოს მიზეზს, რატომ ვერ მიიღო ის შედეგი, რისკენაც ისწრაფვოდა. ეს არ ეხება მარტო მათ, ვინც ვერ გადალახა 5%-იანი ბარიერი. ამ მხრივ ყველაზე წარმატებულ „ქართულ ოცნებასაც“ აქვს დასაფიქრებელი, რადგან მისი ამოცანა უფრო ამბიციური იყო, ვიდრე 48%-ის მოპოვება პროპორციულ სისტემაში. ასე რომ, ყველა პარტიას თავისი პოზიციების გადასინჯვის ამოცანა უდგას.
გადასიჯვის ერთადერთი გზა შეიძლება პოლიტიკისგან დისტანცირება იყოს?
- რა თქმა უნდა, რადგან ეს პირველად არ ხდება და ალბათ, არც უკანასკენელად. თავისთავად, პოლიტიკურ შეგნებაზე და პასუხისმგებლობაზე მიუთითებს, როდესაც მარცხის შემდეგ პოლიტიკური ლიდერი ტოვებს იმ პოზიციას, რომლისთვისაც ის იბრძოდა როგორც მაჟორიტარულ, ასევე პროპორციულ სისტემაში. ამ შემთხვევაში „რესპუბლიკელების“ და „თავისუფალი დემოკრატების“ პოზიცია სამაგალითოა პოლიტიკური ეთიკის თვალსაზრისით. უადავოა, რომ ალასანიას პოლიტიკიდან წასვლა დასანანია, მაგრამ ეთიკურობის თვალსაზრისით, პოლიტიკური პასუხისმგებლობის თავის თავზე აღება, სწორია.
დავით უსუფაშვილი თვლის, რომ პოლიტიკიდან წასვლის დრო ახლა ნამდვილად არ არის. ალასანიას გადაწყვეტილება მხოლიდ იმით აიხსნება, რომ ვერ შეძლო ბარიერის გადალახვა? მიზეზი, რატომაც ალასანია დაუპირისპირდა მმართველ ძალას, ეს იყო თავდაცვის სამინისტროს 5 მაღალჩინოსანის დაკავება, რომლებიც დღემდე პატიმრობაში რჩებიან...
- ციხეში მყოფი ადამიანები არ უხსენებია, თუმცა, ალბათ ლოგიკური იქნებოდა ეს ფაქტი გაეხადა ერთ-ერთ მიზეზად, არც საგარეო კურსი დაუყენებია ალასანიას კითხვის ნიშნის ქვეშ. პრინციპში, გადაწყვეტილება ჩამოაყალიბა, როგორც თავისი პირადი გადაწყვეტილება და ამ ბრძოლაში მიღებული შედეგით. ამ გადაწყვეტილებაში ფაქტებით სპეკულირება არ მომხდარა. რითი არის განპირობებული, ეს როგორც პეტრიაშვილმა, ისე ალასანიამ და სხვებმა უნდა ახსნან. შეიძლება დრობით სხვა ინტერესი გაუჩნდათ, სადაც უფრო წარმატებული იქნებიან, როგორც ეს ალასანიამ თქვა. ადამიანის ცხოვრებაში პოლიტიკა არ არის ერთადერთი ღირებულება, რომლისთვისაც ძალისხმევას არ იშურებს. ვიცით, რომ იმპერატორებიც კი ხანდახან კომბოსტოს მოყვანას ამჯობინებდნენ სახელმწიფოს მართვას, შეიძლება რაღაცა ასეთი კომბოსტო მათაც ჰქონდეთ თავიანთ ცხოვრებაში.
„მივიღე გადაწვეტილება დროებით გავიდე პოლიტიკიდან, არ ვიქნები პოლიტიკაში, მაგრამ ვრჩები ჯარისკაცად“, - ეს განცხადება ნიშნავს, რომ ალასანიამ პოლიტიკაში შემოსასვლელი კარი ღიად დატოვა?
- შეიძლება თვითონაც არ აქვს გადაწყვეტილი და არც უნდა დახუროს რომელიმე შანსი და მათ შორის პოლიტიკის მიმართულებით შემდგომი მოძრაობის შანსი. მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ამოვიკითხე ლიდერის მაღალი პასუხიმგებლობის მოტივი - გამარჯვება ვერ მოიპოვა და ამიტომ მიდის, ვირდე ის, რომ მას მომავალში რაღაცა ეგულება და ამიტომ მიდის.
ასეთივე განცხადებით წავიდნენ პოლიტიკიდან „ახალი მემარჯვენეებიც“, ვხადავთ, რომ ქართული პოლიტიკური ველი მათ უკვე არ ღებულობს, შესაძლებელია, ალასანიას შემთხვევაშიც ანალოგიური ვითარება მოხდეს?
- ზოგადად, ადამიანები არაფრისგან დაზღვეული არ არიან, მათ შორის პოლიტიკური სუბიექტები და პარტიებიც, რა თქმა უნდა, შეიძლება განმეორდეს, მაგრამ საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება მემარჯვენეების პასიურობით, როგორც მიშა იტყოდა, არ ჩამოშლილა. ქართული პოლიტიკა აგრძელებს ცხოვრებას. ნუ ვიქნებით ნურც იმათი მსაჯული, ვინც წავა და ნურც იმ კატასტროფის მომლოდინე, რომ ამ წასვლით შეიძლება გამოუსწორებელი რამ მოხდეს ქვეყნის ცხოვრებაში.