გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმე გახსნილია. დადგენილია სავარაუდო ეჭვმიტანილი, კუდ–ის ყოფილი თანამშრომელი დავით ხეჩუაშვილი, რომელიც თარგამაძის მანქანის აფეთქებამდე უკრაინაში იმყოფებოდა. გამოძიება გრძელდება, მიმდინარეობს დამატებითი საგამოძიებო მოქმედებები მტკიცებულებების მოპოვების მიზნით.
დათო ხეჩუაშვილთან ერთად სამართალდამცველების ობიექტიში მოხვდა ხეჩუაშვილის ნათესავები და როგორც შსს–ს მაღალჩინოსანმა for.ge–ს განუცხადა, იკვეთება ნათესაური წრე, შესაბამისად, ამ მოტივით ჩატარდა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე თბილისის მასშტაბით – გლდანის მე–3 მ/რ, ქერჩის 22 და ორთაჭალაში, დიდი ხეივნის ქუჩაზე ერთდროულად რამდენიმე სპეცოპერაცია.
საერთო ჯამში დაკავებულია 2 ადამიანი, მათ შორის დავით ხეჩუაშვილის ცოლის ძმა ბორია ჩაგუნავა, რომლის სახლში პოლიციამ ხეჩუაშვილის კუთვნილი ცეცხსასროლი იარაღი ამოიღო. ასევე ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ დაკითხვაზე გადიყვანეს მისი ძმა, მიხეილ ჩაგუნავა, რომელიც წარსულში სოდ–ში, შემდეგ მუშაობა თავდაცვის სამინისტროში გააგრძელა. ამჟამად ჩაგუნავა სიგარეტების საწყობში მუშაობს.
რაც შეეხება დაკავებულ ბორია ჩაგუნავას ის ამ დრომდე თავდაცვის სამინისტორს სამედიცინო დეპარტამენტში მუშაობს. ბორია ჩაგუნავას საცხოვრებელ სახლიდან თითქმის 10 საათიანი საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულ იქნა ცეცხლსასროლი იარაღი, ასევე საგამოძიებო მოქმედების მიზნით პოლიციამ ოჯახის კუთვნილი კომპიუტერი და მობილური ტელეფონები წაიღო.
ბორია ჩაგუნავას მეზობლები დადებითად ახასიათებენ და გამორიცხავენ მის კავშირს თარგამაძის მანქანის აფეთქებასთან. დაკავებულმა ჩაგუნავამ და ასევე მისმა მეუღლემ გამოძიებას დაუდასტურეს, რომ იარაღი მათი ოჯახის ნათესავის, დავით ხეჩუაშვილის საკუთრებაა. არსებული ინფორმაციით, გამოძიებასთან თანამშრომლობას გეგმავს ჩაგუნავების და, რომლის მეუღლის საკუთრებაშიც იმყოფებოდა აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი.
რაც შეეხება დავით ხეჩუაშვილს, მოახერხა თუ არა მან ქვეყნიდან გასვლა, ძალოვან უწყებაში ჯერ–ჯერობით კომენტარს არ აკეთებენ. ეჭვმიტანილის მამა, ანზორ ხეჩუაშვილი აცხადებს, რომ მისი შვილი ერთი კვირაა რაც რუსეთში იმყოფება.
„ის ვითომ მონაწილეობდა შევარდნაძის წინააღმდეგ ტერაქტში. წავიდა ძიება და რომ ვერაფერი დაუმტკიცეს, მერე გამოუშვეს. ამის მერე იყო მუხროვანი, იქაც გაამართლეს. ჩემი შვილი აქ არ არის და როგორ მონაწილეობდა აფეთქებაში? სამუშაოდ არის წასული რუსეთში. უკრაინაში რა უნდოდა, მოსკოვში იყო წასული“, – აცხადებს ანზორ ხეჩუაშვილი.
for.ge–ს ინფორმაციით დავით ხეჩუაშვილზე გამოძიება 315–ე მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გავიდა. ჩვენი ინფორმაციით, ხეჩუაშვილი დანაშაულის შემსრულებელია და როგორც ჩვენი წყარო ამბობს, სავარაუდოდ მან ფინანსური სარგებელიც მიიღო.
შს მინისტრის განცხადებით, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა ისეთი უტყუარი მტკიცებულებები აქვს გამოძიებას მოპოვებული. გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, ეს მტკიცებულებები ადასტურებს იმ პირთა კავშირს დანაშაულთან, რომლებიც გამოძიების პროცესში არიან იდენტიფიცირებულები.
„დაახლოებით, სამი დღის განმავლობაში ჯოჯოხეთური შრომა გასწია შსს-ს თანამშრომლებმა, ასევე სუს-მა და პროკურატურამ. ჩვენ უმოკლეს დროში შევძელით იმ პირების იდენტიფიცირება მოგვეხდინა, ვინც ეს საზარელი დანაშაული ჩაიდინეს. საგამოძიებო პროცედურები ახლაც, ყოველ წუთს მიმდინარეობს და ყოველ საათში ახალ–ახალი დეტალები ირკვევა. დეტალების გახმაურებისგან თავს შევიკავებ, ვინაიდან ნებისმიერმა ჩემმა კომენტარმა შეიძლება დააზიანოს გამოძიების მიმდინარეობა“, – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
მინისტრის თქმით, საქმის ფიგურნატების ნაწილი მიმალვაში იმყოფება. რაც შეეხება ინფორმაციას იმის თაობაზე, მიდის თუ არა დარჩო ხეჩუაშვილის კვალი უკრაინაში, შს მინისტრი პასუხის გაცემისგან თავს იკავებს.
„ამ ეტაპზე ძალიან ბევრი რამ არის უკვე ცნობილი, მაგრამ მე თავს შევიკავებ დეტალების გამჟღავნებისგან. უკვე ზღვა ინფორმაცია გვაქვს ამ დანაშაულის შესახებ“, – აცხადებს გიორგი მღებრიშვილი.
თავდაცვის მინისტრის განცხადებით, მიმდინარეობს ინტენსიური ღონისძიებები გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებაში ბრალდებული პირის დასაკავებლად. ლევან იზორია აცხადებს, რომ ახლო მომავალში საზოგადოება უფრო მეტ ინფორმაციას მიიღებს.
„თქვენ იხილეთ კონკრეტული მტკიცებულებები, რომელიც ცხადყოფს კონკრეტული პიროვნების ბრალეულობას და სავარაუდოდ, სწორედ ის არის მონაწილე ამ დანაშაულში. ბუნებრივია, გამოძიება გაგრძელდება. ახლა მიმდინარეობს ინტენსიური ღონისძიებები მისი დაკავებისთვის, მიმდინარეობს ასევე ძებნის ოპერაცია. ასე რომ, საზოგადოება უფრო მეტ ინფორმაციას მიიღებს ახლო მომავალში“, – აღნიშნა ლევან იზორიამ.
„გვჯერა, ძალიან მალე გავიგებთ, გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეზე სად არის ჭეშმარიტება“, – აცხადებს იუსტიციის მინისტრი, რომლის განცხადებით, ამ საქმის გამოძიებისთვის აქტიური საგამოძიებო ქმედებები განხორციელდა.
„საქმის გახსნა რეალურად მოხდა. ამ საქმის გამოძიებისთვის აქტიური საგამოძიებო ქმედებები განხორციელდა. გვჯერა, ძალიან მალე გავიგებთ, სად არის ამ სისხლის სამართლის საქმეზე ჭეშმარიტება“, – აცხადებს თეა წულუკიანი.