ალექსანდრე ჯეჯელავას რეფორმამდელ იდეებს უკვე გამოუჩნდნენ მოწინააღმდეგენი და მომხრეები. ის, რომ მშობელთა კრების ფორმატი მოძველდა და ბავშვების სირთულეებისა თუ მიღწევების საჯაროდ განხილვა არ არის კარგი ფაქტი, ამ აზრს მინისტრთან ერთად ექსპერტთა ნაწილიც იზიარებს. უფრო მეტიც, ზოგიერთები ამას საბჭოურ გადმონაშთადაც მიიჩნევენ. ზოგიერთები კი მინისტრს ურჩევენ, მშობელთა კრების ფორმატს მოეშვას და სხვა არსებითი საკითხებით დაკავდეს, თუნდაც ისეთით, როგორიცაა აკრედიტაციის გარეშე ფუნქციონირებადი თურქული სკოლის პრობლემატიკა.
ფაქტია, რომ მინისტრმა წინასაარჩევნო პერიოდში მოუხშირა შეხედულებების დემონსტრირებას, რამაც ზოგიერთებში ეჭვი გააჩინა, ხომ არ ცდილობს ალექსანდრე ჯეჯელავა სწორედ არჩევნებისთვის მშობელთა და პედაგოგთა გულის მოგებას?!
მინისტრის ერთ-ერთი ასეთი იდეაა, რომ ადამიანს, რომელიც აპირებს ფილოლოგობას, გაუგებარია, რატომ უნდა ვასწავლოთ ფიზიკის ძალიან რთული კომპონენტები.
„ძველი სკოლა იყო მეხსიერების სკოლა. ინტერნეტის გაჩენამდე სკოლის ერთ-ერთი ამოცანა მეხსიერების გავარჯიშება იყო. ყველას გახსოვთ საზეპიროები - ძალიან ბევრი რთული რამ გვაქვს დაზეპირებული. თანამედროვე სკოლა არის აზროვნების სკოლა... ეროვნული სასწავლო გეგმა აუცილებლად უნდა განიტვირთოს. ბავშვი ყველაზე კარგად სწავლობს ბავშვობით - თამაშით, მეგობრობით, ხანდახან ცელქობით და ასე შემდეგ. სანამ ეს ასაკი აქვს, ბავშვი არ უნდა გადავტვირთოთ. ზედა კლასებში კარგია სპეციალიზაცია - ადამიანს, რომელმაც ზუსტად იცის, რომ აპირებს ფილოლოგობას, გაუგებარია, რატომ უნდა ვასწავლოთ ფიზიკის ძალიან რთული კომპონენტები“, - აცხადებს მინისტრი.
For.ge დაინტერესდა, რას ფიქრობენ განათლების მინისტრის ახალ-ახალი იდეების შესახებ ამ სფეროს წარმომადგენლები.
ექსპერტი განათლების საკითხებში მანანა ნიკოლეიშვილი For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ მშობელთა კრება საჭირო და აუცილებელია. მით უმეტეს, რომ ზოგადი განათლების კანონი განსაზღვრავს, რომ ბავშვის აკადემიური მოსწრებისა და მსგავსი საკითხების შესახებ მონაცემები კონფიდენციალური იყოს. ამიტომ ეს მონაცემები დაწერილი სახით, კონვერტში ჩადებული მიეწოდება მშობელს. ასე რომ, კრებებზე არ ხდება ამის განხილვა, კრებებზე ხდება ზოგად საკითხებზე მსჯელობა.
„ეს არ არის საბჭოური გადმონაშთი, მშობელთა ჩართულობის გარეშე ევროპულ და ამერიკულ სკოლას ვერ ნახავთ. ევროპა და ამერიკა სწორედ იმისთვის იკლავს თავს, რომ სკოლებში მშობელთა ჩართულობა გაზარდოს. რაც უფრო მეტად არის მშობელი ჩართული სასწავლო პროცესში, მით უფრო მაღალია იმ სკოლის წარმატება. რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ ფილოლოგობის მსურველს არ უნდა ვასწავლოთ ფიზიკის ძალიან რთული კომპონენტები, პროფილური სწავლება საქართველოში არ შემოუღიათ, გარდა ოთხი სკოლისა - კომაროვის და ვეკუას სკოლებისა, ბათუმშია კიდევ ერთი სკოლა და ქუთაისში ანდრია რაზმაძის სახელობის სკოლა. პროფილურ სწავლებას თუ შემოიღებენ, მერე ილაპარაკონ რომელიღაც საგნის აკრძალვაზე. მანამდე კი ფიზიკა იმ დოზით უნდა ასწავლონ სკოლებში, რა დოზითაც ისწავლება.
პროფილური სწავლებაც რომ შემოიღონ, ფიზიკა მაინც ისევე უნდა ისწავლებოდეს, რა დოზითაც ისწავლება ზოგადი განათლების კუთხით. რა გვინდა, გონებით დავაინვალიდოთ ბავშვები? ეს ხომ მინიმალური ცოდნაა, რაც საჯარო სკოლებშია. ეს სტანდარტები უნდა შეასრულოს ყველამ, გაძლიერებული ჰუმანიტარული იქნება თუ ჩვეულებრივი სკოლა“, - აღნიშნა მანანა ნიკოლეიშვილმა და განმარტა, რომ უკეთესი იქნება, ჯეჯელავამ ავტორიზაციის გარეშე აჭარაში გახსნილ თურქულ სკოლას მიხედოს.
ექსპერტი განათლების საკითხებში დავით ლაგვილავა For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ მშობელთა კრებაზე მოსწავლის სირთულეების განხილვა უნდა აიკრძალოს და ეს ის გამონაკლისი შემთხვევაა, როცა იგი იზიარებს ალექსანდრე ჯეჯელავას აზრს. დავით ლაგვილავაც თვლის, რომ სხვა მშობლების თანდასწრებით, არანაირად არ შეიძლება ბავშვების დახასიათება, რაც კომუნისტური წყობის ცუდ გადმონაშთად უნდა ჩაითვალოს. განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება ბავშვის აკადემიურ მოსწრებას და ყოფაქცევის ნეგატიურ მხარეს.
„თუ საუბარია წახალისებაზე, შექებაზე, ასეთი რამის გაკეთება სხვა მშობლების ან სხვა ბავშვების თანდასწრებით შეიძლება, მაგრამ დანარჩენი პირადი ინფორმაცია ხელშეუხებელია და კანონი იცავს ბავშვს ამ ინფორმაციის გამჟღავნებისგან. მოგეხსენებათ, 2005-დან 2013 წლამდე 51-ე სკოლის დირექტორი გახლდით. ჩემი სკოლის დირექტორობის დროს ყოველთვის იკრძალებოდა ბავშვის ნეგატიურად დახასიათება მშობელთა კრების ფორმატში. ჩვენთან არა მარტო მშობელთა კრებები ტარდებოდა, არამედ მშობლებთან ინდივიდუალური შეხვედრებიც იმართებოდა. გაცილებით მნიშვნელოვანია ინდივიდუალური შეხვედრები. ხოლო, თუკი ორგანიზაციული საკითხებია მოსაგვარებელი და მშობელთა კრებას მოიწვევს კლასის დამრიგებელი, ამის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. დღეს 21-ე საუკუნეა, საინფორმაციო ტექნოლოგიები განვითარებულია და კლასის დამრიგებლებს ყოველდღიურ რეჟიმში, ვაიბერის თუ მეილის საშუალებით მშობლებთან გამუდმებული კონტაქტი აქვთ. თუ მშობელს საკუთარ შვილზე საყვედურს სხვა მშობლების თანდასწრებით ეტყვი, ის მეორედ აღარ დაესწრება მშობელთა კრებას. თუმცა მშობელთა კრების ხელაღებით აკრძალვა არ შეიძლება, ამაზე დაფიქრებაა საჭირო. თვითონ სკოლამ და მასწავლებელმა უნდა გადაწყვიტონ, რა ფორმით აპირებენ მშობლებთან ურთიერთობას. შეიძლება, საერთოდ არ ჩაატარონ კრება, შეიძლება, ინდივიდუალურად ჩაატარონ, ან ინტერნეტის საშუალებით დაუკავშირდნენ მოსწავლის მშობელს“, - აღნიშნა დავით ლაგვილავამ.
ამასთან, იგი მეორე საკითხსაც შეეხო და განმარტა, რომ საჯარო სკოლა ზოგად განათლებას აძლევს მოსწავლეს, ზოგადი განათლება კი ნიშნავს, რომ ბავშვმა ყველა საგანში უნდა მიიღოს ზოგადი ცოდნა. ამიტომ ფიზიკა-მათემატიკის საწყის ეტაპს მომავალი ფილოლოგიც უნდა დაეუფლოს და ფიზიკა-მათემატიკა სკოლებში იმ სასწავლო გეგმის მიხედვით უნდა ისწავლებოდეს, რაც დამტკიცებულია.
„ჩემი აზრით, ჯეჯელავას ბოლოდროინდელი განცხადებები პოპულისტურია, წინასაარჩევნო მომენტს უკავშირდება. ის ბევრ ისეთ რამეს ამბობს, რასაც ვერ განახორციელებს და ცდილობს, არჩევნების წინ მასწავლებლებისა და მშობლების გული მოიგოს“.