„ნაციონალების დაბრუნება საზოგადოების ისეთ დაპირისპირებას გამოიწვევს, რომელიც შესაძლოა, მოვლენათა სირიის სცენარით განვითარების წინაპირობა გახდეს“

„ნაციონალების დაბრუნება საზოგადოების ისეთ დაპირისპირებას გამოიწვევს, რომელიც შესაძლოა, მოვლენათა სირიის სცენარით განვითარების წინაპირობა გახდეს“

რატომ დუმან ნაციონალების პროვოკაციებზე ჩვენი დასავლელი პარტნიორები, რატომ მართავს ჩვენს შიდა პროცესებს ოდესის გუბერნატორი და იცოდა თუ არა გივი თარგამაძემ, რომ მას აფეთქებას უპირებდნენ?! ამ საკითხებთან დაკავშირებით For.ge-ს ექსპერტი ვაჟა ბერიძე ესაუბრა.

რა დაგვანახა ნაციონალების აქციამ, რომელზეც დამსწრე საზოგადოების რაოდენობას პოლიტიკური გემოვნების მიხედვით ითვლიან - 12 ათასიდან 60 ათასამდე? შეიძლება თუ არა, რომ ამ აქციას ეწოდოსვარდების რევოლუცია 2“, როგორც სააკაშვილს სურს ასეთად წარმოჩენა და რა რესურსები დარჩა სააკაშვილს .. „ქოციანობისდასასრულებლად?
-ამ აქციის გადაჭარბებულად შეფასება მიზაშეწონილი არ იქნება. იგი უნდა განვიხილოთ წინასაარჩევნო კამპანიის კონტექსტში. ბუნებრივია, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ რჩება გავლენიან პარტიად ქვეყანაში. მას აქვს გარკვეული ადამიანური რესურსი, საზოგადოების გარკვეული მხარდაჭერა და საკმაოდ წონადი ფინანსური რესურსი, რაც საშუალებას აძლევს მობილიზება გაუკეთოს ადამიანთა საკმაო რაოდენობას. მე არ გავამახვილებდი ყურადღებას მობილიზებული ხალხის რაოდენობაზე.

ანუ მიტინგზე მიმსვლელთა რაოდენობა არ განსაზღვრავს ცალკეული პოლიტიკური ძალის მომხრეთა რაოდენობას?

- მიტინგზე მიმსვლელთა რაოდენობა თავისთავად მნიშვნელოვანი ფაქტორია, მაგრამ ამით საზოგადოების განწყობის გაზომვა არ იქნებოდა სწორი. ცხადია, ამ ადამიანების ნაწილი თავისი მრწამსის, მსოფლმხედველობის, შეხედულებების მიხედვით, „ნაცმოძრაობის“ მტკიცე მხარდამჭერია. თუ ჩვენ გაყალბებულ და გაუყალბებელ სოციოლოგიურ კვლევებს შევაჯერებთ და საკუთარი ხედვის პარამეტრებში გავზომავთ, ეს არის ჩვენი საზოგადოების 10-15%, რომელიც ნაციონალების ხელისუფლებიდან ჩამოშორების შემდეგ არ შეცვლილა, ცოტა მოაკლდა, თორემ არ მომატებია. ამ რაოდენობის მობილიზება ნაციონალებს მიტინგზეც შეუძლიათ, მარსზეც შეუძლიათ მოაწყონ. ელექტორატის 10% ცოტა არ არის და ეს აქცია მხოლოდ იმ პრიზმაში უნდა განვიხილოთ, რომ მის ორგანიზებაზე დიდი ადამიანური და ფინანსური რესურსი დაიხარჯა. ხოლო რას ნიშნავს ეს ჩვენი პოლიტიკური პროცესისთვის, ამას სულ სხვა ფაქტორები და მიდგომები განაპირობებს და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, აქ 20 ათასი ადამიანი იდგა, 40 ათასი თუ 60 ათასი.

მე მოვისმინე ფანტასტიკური ციფრებიც. ბატონი რურუა მიიჩნევს, რომ 60 ათასი მოქალაქე შეიკრიბა, ნაციონალების სხვა ლიდერები ასი ათასს ასახელებენ, ეს გაზვიადებული ციფრია. ბოლო 30 წელია, ამ მიტინგებს ვაკვირდებით, ვზომავთ, არსებობს გუგლის მეთოდი, სხვა მეთოდებიც. სამწუხაროდ, ჩვენ გვყავს ამ რაოდენობის დათვლის დიდი „ოსტატები“. ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ აქ იყო 10-დან 20 ათასამდე ადამიანი, რაც ქვეყნის მასშტაბით მობილიზებული ადამიანების დიდი რაოდენობაა. ეს არის გარკვეული ძალის დემონსტრირებაც, სიგნალიც ჩვენი შიდა და გარე მეგობრებისა და ავის მოსურნეებისთვის, რომ ასეთი გავლენა „ნაცმოძრაობას“ ისევ აქვს, მაგრამ აქედან ტრაგედიის შექმნა არ იქნება სწორი. სხვა რაკურსი უფრო მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთი მთავარი ოპოზიციური ძალა „ნაცმოძრაობაა“, რომელსაც ხელისუფლებაში მოსვლის პრეტენზია ისევ აქვს. ეს მიანიშნებს, რომ კოაბიტაცია, რომელიც გამარჯვებულ პოლიტიკურ ძალას თავს მოახვიეს ჩვენმა სტრატეგიულმა პარტინიორებმა - შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა, არ იყო სწორი. მართალია, თავის დროზე ვამბობდი, რომ კარგი იყო ხელისუფლების მშვიდობიანი გზით, რევოლუციებისა და გადატრიალებების გარეშე ცვლილება, მაგრამ, როგორც მოვლენათა განვითარება აჩვენებს, რევოლუციური ცვლილების გარეშე ხელისუფლებათა მონაცვლეობა ნაადრევი იყო, რადგან ჩვენ მივიღეთ ისეთი პოლიტიკური სპექტრი ქვეყანაში, რომელსაც დემოკრატიულ განვითარებასთან საერთო არაფერი აქვს. ის კანონდარღვევები, რომელიც ახასიათებს იმავე „ნაცმოძრაობას“ და ეს არის ოდესის გუბერნატორის მიერ საარჩევნო კამპანიის წარმოება საქართველოში, ასევე, აბსოლუტურად გაუგებარი ექსცესები ქვეყანაში და დაპირისპირების პროვოცირება, გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებასთან დაკავშირებული ინციდენტი, მიანიშნებს, რომ დემოკრატიული გზით პროცესების განვითარებისთვის ნაადრევი იყო ხელისუფლებათა მშვიდობიანი მონაცვლეობა.

ის, რომ „ნაცმოძრაობის“ პროვოკაციებზე რეაგირებას არ ახდენენ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, რომლებიც არიან სააკაშვილის პატრონები, ეს ნიშნავს, რომ პოლიტიკური პროცესების წარმართვის მთავარი სუბიექტი ქართველი ხალხი არ არის. შესაბამისად, მომავალ არჩევნებზეც ჩვენ ველით არა ხალხის ვერდიქტს, არამედ საზოგადოებრივი აზრის მანიპულირების გზით ვიღაცისთვის მისაღები შედეგის დადგომის მცდელობას. ეს არის ყველაზე დამაფიქრებელი. ისიც დამაფიქრებელია, რომ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე არჩევნების ოფიციალური შედეგების აღიარებას არ აპირებს საარჩევნო კამპანიის არც ერთი მონაწილე სუბიექტი, ცალკეულ გამონაკლისთა გარდა. ამას ემატება ისიც, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის ავტორიტეტი დაბალია, ავტორიტეტული და მიუკერძოებელი კომპანიების მიერ სოციოლოგიური კვლევები არ წარმოებს, საზოგადოებრივი აზრის გაზომვის შესაძლებლობა არ არის, ხუთი პარტია მიიჩნევს, რომ არჩევნებში ის გაიმარჯვებს. ხოლო, თუ არ გაიმარჯვებს, ისინი თავიანთი მხარდამჭერების ქუჩაში გაყვანას აპირებენ, შესაბამისი არაპროგნოზირებადი შედეგებით, რაც ისეთი მყიფე დემოკრატიისთვის, როგორიც საქართველოა, შესაძლოა, სავალალო შედეგებით დამთავრდეს.

თქვენ აქცენტს აკეთებთ არჩევნების შემდგომ დესტაბილიზაციის საშიშროებაზე, რომელიც შესაძლოა, ბევრ ძალას აწყობდეს და ამ ძალების უკან იდგნენ, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, აშშ-სა და ევროკავშირში სააკაშვილის მეგობრები. თუმცა არჩევნებამდელი პერიოდიც დაზაფრულია, თუნდაც იმით, რომ ნაციონალებს სალაპარაკო მიეცათ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების გამო. მართალია, როგორც ამბობენ, გივი თარგამაძე არ არის კენედი, რომ მისი აფეთქება მნიშვნელოვანი ყოფილიყო, მაგრამ რამდენად რეალურია მოსაზრება, რომ სააკაშვილს სურდა პოლიტიკური ტემპერატურის აწევა და მიტინგის ჩატარება სწორედ გივი თარგამაძის გადიდებული სურათის ფონზე?

- თუ ჩვენ კარგად გავაანალიზებთ ამ პრობლემას, შესაძლო შედეგებს არჩევნების წინ, პასუხი აქვე შეიძლება იყოს. თუმცა იმ ქვეყნების ჩამონათვალში, რომლებსაც არ სურთ არჩევნები მშვიდობიან გარემოში ჩატარდეს...

რუსეთი გამოგვრჩა?

- რა თქმა უნდა, უწინარესად რუსეთს აძლევს ხელს დესტაბილიზაცია საქართველოში, რადგან პრორუსული ძალების პერსპექტივა სამართლიანი და, გნებავთ, უსამართლო არჩევნების ფონზე მათთვის სახარბიელო არ არის. აქ შეიძლება ისეთი შედეგი დადგეს, რაც რუსეთს არ აწყობდეს. ამიტომ ერთ-ერთი დაინტერესებული მხარე სწორედ რუსეთია. ჩვენთან თვითაღიარებული პრორუსული პარტიები, ფაქტობრივად, არ არსებობენ, მაგრამ არის პოლიტიკური სპექტრი, რომელთაც საზოგადოების ნაწილი მოიაზრებს პრორუსულებად. აქვე შევნიშნავ, რომ რუსეთთან ურთიერთობის დალაგების პროგრამული ამოცანა არ შეიძლება იყოს პრორუსულობის განმსაზღვრელი ფაქტორი და საფუძველი, მაგრამ ამას თავი დავანებოთ და ვთქვათ, რომ რუსეთს ხელს აძლევს პრორუსული ძალების წარმატება ქართულ პოლიტიკურ პროცესში, მათი წილის და წონის გაზრდა, რაც მოსალოდნელი არ არის. ეს ერთი დაინტერესებული მხარეა. მეორეა ერთიანი „ნაციონალური მოძრაობა“ და მისთვის სასურველი დესტაბილიზაცია, რადგან წყნარ პოლიტიკურ გარემოში, ნებისმიერი გაყალბებული და გაუყალბებელი საზოგადოებრივი აზრის მიხედვით, ისინი ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდებიან.

არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ ქართული ელიტების უმრავლესობა და ქართული საზოგადოების უმეტესობა მიიჩნევს, რომ ნაციონალების დაბრუნება ხელისუფლებაში კატეგორიულად მიუღებელია. ასე რომც მოხდეს და საზოგადოებრივი აზრით მანიპულირების, ან სოციალური შეჭირვების საფუძველზე (რაზეც პედალირებას აკეთებენ ნაციონალები) ხალხმა ხმა მისცეს ნაციონალების მოსვლას ხელისუფლებაში, ეს გამოიწვევს საზოგადოების ისეთ დაპირისპირებას, რომელიც შესაძლოა, მოვლენათა სირიის სცენარით განვითარების წინაპირობა გახდეს. არა მგონია, ეს გააზრებული არ ჰქონდეთ საქართველოს მეთვალყურეებს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნებიდან-აშშ-დან და ევროკავშირიდან. ამიტომ მათთვის დესტაბილიზაცია საქართველოში მიუღებელი უნდა იყოს. არაერთ ქვეყანაში მათ ჩარევებს დესტაბილიზაცია მოჰყვა (ერაყი, ავღანეთი, იემენი, ლიბია, სირია). ამ ქვეყნებში მოვლენათა განვითარება ძალიან ძნელად და ნელა მიდის უკეთესობისკენ, ხშირ შემთხვევაში, აშკარა უარესობაა.

საქართველოში ხალხიც და ისტებლიშმენტის უმრავლესობაც პროდასავლური განწყობისაა დღესაც, მიუხედავად სიდუხჭირისა. ასეთ ვითარებაში, ექსპერიმენტების ჩატარება და დესტაბილიზაციისკენ წაბიძგება ყოვლად მიუღებელია. ჩემთვის აბსოლუტურად გაურკვეველია, რომ მათი პატრონაჟის ქვეშ მყოფი სააკაშვილი და „ნაცმოძრაობის“ სხვა ლიდერები დესტრუქციული მოვლენების პროვოცირებას ახდენენ საქართველოში. ამიტომ მთავარია, ეს კარგად გავიაზროთ, როცა 8 ოქტომბერს არჩევანს გავაკეთებთ.

ფიქრობთ, რომ ახლაც სააკაშვილისა და რუსეთის ინტერესები ერთმანეთს გამიზნულად ემთხვევა და ამ სცენარით გივი თარგამაძის მოშორებაც დაიგეგმა? საინტერესოა, რა ნიშნით შეირჩა გივი თარგამაძე? იმიტომაც ხომ არა, რომ თარგამაძეს მოიაზრებდნენ სააკაშვილის მარჯვენა ხელად. 2010 წელს უკრაინაში მიმდინარე პროცესებს მართავდნენ სააკაშვილი და გივი თარგამაძე. იმხანად უკრაინის საპრეზიდენტო კანდიდატი მიხაილ ბროდსკი ამბობდა, რომ იულია ტიმოშენკო და მიხეილ სააკაშვილი დაქირავებული ქართველების მეშვეობით უკრაინაში არჩევნების ჩაშლას გეგმავდნენ და ამ წარგზავნილებს შორის სააკაშვილის პირადი მეგობარი გივი თარგამაძე გამოირჩეოდა.

- ამ შემთხვევაშიც, რუსეთისა და სააკაშვილის ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა. ასეთი დამთხვევა პირველი არ არის. 2008 წლის ავანტურა პროვოცირებული იყო რუსეთისა და ოსი სეპარატისტების მხრიდან, მაგრამ აგრესია განახორციელა სააკაშვილმა. რუსეთისთვის ეს ხელსაყრელი აღმოჩნდა, რადგან ამ კონფლიქტით რუსეთმა 1999 წლის სტამბოლის შეთანხმების შედეგების ლიკვიდაცია მოახდინა, როდესაც საქართველოსა და დასავლეთის დიდი ძალისხმევით ელცინი აიძულეს, საქართველოდან სამხედრო ბაზები გაეყვანა, რასაც შემდგომ რუსული პოლიტიკური ისტებლიშმენტი ძალიან ნანობდა. ამ გზით ჩვენს ტერიტორიაზე რუსებს დარჩათ ორი ბაზა. ფაქტობრივად, ისინი დაბრუნდნენ სამხრეთ კავკასიაში, რადგან მათი ყოფნა გიუმრის ბაზაზე და სომხეთში ნაკლებად ეფექტური იყო. საქართველო კი, სტრატეგიული თვალსაზრისით, სრულიად სხვა არეალია. ეს გამარჯვება მათ სააკაშვილმა ხონჩით მიართვა და ეს დამთხვევა არ არის შემთხვევითი. ის, რომ სააკაშვილი ამერიკელების ნდობით აღჭურვილი პიროვნებაა, სულაც არ გამორიცხავს ძალიან რთულ, დახვეწილ და მრავალუცნობიან ამოცანას რუსეთთან მიმართებით, როცა ის შეიძლება ორივე ფრონტზე იღვწოდეს.

ანუ ორმაგი აგენტის ცნებას მივადექით?

- არ დავარქმევდი ამას ორმაგ აგენტს, უბრალოდ, ორ ფრონტზე იღწვის ბატონი სააკაშვილი, მაგრამ მას არ უნდა დაავიწყდეს, რომ ორ ფრონტზე მებრძოლი პიროვნების საქმიანობა ორივე მხრიდან ეჭვქვეშაა და ყოველთვის გადამოწმებას ექვემდებარება. საკმარისია, ერთ-ერთმა მხარემ ეჭვი შეიტანოს თავისი „მეგობრის“ კეთილსინდისიერებასა და ერთგულებაში, რომ მოცემული სუბიექტის პერსპექტივა განულდეს. რაც შეეხება გივი თარგამაძის დასანან და სამწუხარო ინციდენტს, ისევე, როგორც სოციოლოგიაშია ძალიან საინტერესო ტერმინი, მე ვფიქრობ, ამ აფეთქების ორგანიზატორებიც შემთხვევითი შერჩევის პრინციპით სარგებლობდნენ. ისეთი ადამიანისგან უნდა აერჩიათ სამიზნე, რომელიც შემდეგ თავს დამაჯერებლად დაიჭერდა. მართალია, შთაბეჭდილება იქმნება, რომ თარგამაძემ იცოდა ამის შესახებ, მაგრამ შესაძლოა, არც სცოდნოდა ამ აქტის განხორციელების შესახებ. სულაც არ ვგულისხმობ, რომ მაინცდამაინც „ნაცმოძრაობის“ მიერ იყო ეს ინციდენტი დაგეგმილი და განხორციელებული. ბევრი სხვა ძალაც არსებობს, რომელთაც დაძაბულობა აწყობს. მშვიდი საარჩევნო პროცესი ხელს აძლევს მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ და კიდევ რამდენიმე რესპექტაბელურ პოლიტიკურ ძალას. მათ კი, ვინც მიიჩნევს, რომ გამარჯვების რეალური საფუძველი არ აქვთ, ხელს აძლევს მსგავსი ექსცესები, რომ არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადონ და ხალხი ქუჩაში გაიყვანონ.

შეუძლებელია, ასეთი ინციდენტის ოპერატიულ ცხელ კვალზე გახსნა. როგორც წესი, ამას დრო სჭირდება და ესეც კარგად ჰქონდათ გათვლილი ამ აქტის ორგანიზატორებს. ამიტომ ოფიციალურმა სტრუქტურებმა უნდა იყოჩაღონ და უზრუნველყონ ოპოზიციური ძალების უსაფრთხოება, რომლებმაც შესაძლოა, დესტრუქციული მიზნებისთვის გამოიყენონ ასეთი ფაქტები. ქართული საზოგადოება უნდა იყოს ფხიზლად. თუმცა ქართული საზოგადოების ორგანიზების ფორმა ჯერჯერობით არც არსებობს და დავრჩით ანგაჟირებული, დასავლელი პარტნიორებისგან კარგად დაფინანსებული სამოქალაქო სექტორის ამარა, რომლებიც დამახინჯებულ, პოლიტიკურად მიკერძოებულ ინფორმაციას აწვდიან უცხოელ პარტნიორებს. ჩვენ მივიღეთ სიმახიჯე, რასაც პარტიული ტელევიზიები და პარტიული მედია ჰქვია. საზოგადოების ხელთ არსებული ბერკეტები კი ძალიან სუსტია. თუმცა ქუჩაში ხალხის გაყვანა მხოლოდ პარტიებს, თავისი ფინანსების მოშველიებით არ შეუძლიათ. შესაძლოა, საზოგადოება თვითორგანიზების მეშვეობით, როგორც ეს იყო ვერეს ხეობაში წყალდიდობის დროს, გამოვიდეს ქუჩაში და მაშინ ყველა პარტიას უნდა ეშინოდეს საზოგადოების ასეთი რისხვის. ამიტომ ჩვენს აქტიურობაზე ბევრია დამოკიდებული, არჩევანი უნდა გავაკეთოთ იმის მიხედვით, თუ რომელი პოლიტიკური ძალის მოსვლა შეესაბამება ქართველი ხალხის და საქართველოს ეროვნულ ინტერესებს-სოციალური პრობლემების მოგვარებას, ევროსტრუქტურებისკენ დაბეჯითებულ სვლას.

ჩვენი სუვერენიტეტისა და თვითმყოფადობის გარანტი არის ევროატლანტიკური სივრცე, რომელსაც სერიოზული პრობლემები აქვს, შესაძლოა, სერიოზული სისუსტეებიც, სერიოზული ხარვეზებიც, მაგრამ უკეთესი გზა არ არსებობს ამ ეტაპზე. გარდა ამისა, აუცილებელია, დაიწყოს რუსეთთან ურთიერთობის დალაგების პარალელური პროცესი. ამის გარეშე საქართველოს მომავალი, ტერიტორიული უსაფრთხოების აღდგენა, ეკონომიკის აღორძინება, მშვიდობიანი არსებობა რეგიონში ძნელად წარმომიდგენია. რთული ამოცანაა რუსებთან დიალოგი, როცა მისი თანასწორი არ ხარ და შენი ტერიტორიის 20% დაპყრობილი აქვთ, მაგრამ ეს უნდა შევძლოთ. ვინც ამ სამ ამოცანას წარმატებით ან უკეთ გაართმევს თავს, 8 ოქტომბერს ხმაც  მათ უნდა მივცეთ.