„მიგრანტთა კრიზისის“ გამო ევროპა რომ ჩიხშია შესული, ამას უნგრეთის პოზიციაც ადასტურებს. ცნობილია, რომ უნგრეთის მთავრობა იმთავითვე ევროკავშირის გეგმების წინააღმდეგ გამოდიოდა და ევროკავშირის წევრ 28 ქვეყანაში 160 ათასი ლტოლვილის ჩასახლების გეგმას არასწორ ნაბიჯად მიიჩნევდა.
„მიგრანტების კრიზისი არ არის უნგრეთის პრობლემა, ეს გერმანიის პრობლემაა“, - ამ ზედმეტად გულახდილი სიტყვების გამო უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ბერლინიდან და პარიზიდან გააკრიტიკეს.
ფრანსუა ოლანდმა და ანგელა მერკელმა ვიქტორ ორბანის საპასუხოდ აღნიშნეს, რომ ლტოლვილების დაცვა და შეფარება ყველა ქვეყნის ვალდებულებაა საერთაშორისო ნორმების შესაბამისად.
ამის შემდეგ ევროპამ ვიქტორ ორბანის პოზიციას წაუყრუა და 2015 წლის სექტემბერში ევროკავშირის ქვეყნები მიგრანტების გადანაწილების სისტემაზე შეთანხმდნენ, რომლის მიხედვითაც, თითოეულ სახელმწიფოს გარკვეული ოდენობის მიგრანტი უნდა მიეღო.
ვიქტორ ორბანის მთავრობამ აქაც ნახა გამოსავალი და საკუთარ ქვეყანაში რეფერენდუმი დანიშნა. რეფერენდუმის კითხვა ასე ჟღერდა: „გსურთ თუ არა, რომ ევროკავშირმა უნგრეთში ლტოლვილების იძულებითი ჩასახლება ქვეყნის პარლამენტის გარეშე გადაწყვიტოს?“
მიუხედავად იმისა, რომ უნგრეთში მიგრანტების მიღების საკითხზე რეფერენდუმი არ შედგა (რადგან რეფერენდუმში ამომრჩევლის მხოლოდ 40%-მა მიიღო მონაწილეობა), რეფერენდუმში მონაწილეთა უმრავლესობამ, ანუ 98,3%-მა ლტოლვილთა გადანაწილების კვოტირების საწინააღმდეგოდ მისცა ხმა.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა კი სიამაყით განაცხადა, რომ უნგრეთი პირველი ქვეყანა გახდა ევროკავშირში, სადაც მსგავსი რეფერენდუმი ჩატარდა.
უნგრეთის რეფერენდუმის შედეგებს იურიდიული ძალა არ აქვს და, სავარაუდოდ, ისევ გაგრძელდება რთული მარშრუტი. საუბარია მიგრანტების სავალ გზაზე, რომელიც თურქეთზე, საბერძნეთზე, მაკედონიასა დას სერბეთზე გადის, რის შემდეგაც მიგრანტები ევროკავშირის წევრ უნგრეთში ხვდებიან და ამის შემდეგ ცდილობენ გერმანიასა და საფრანგეთში გადასვლას.
გამორიცხული არ არის, უნგრეთის მაგალითს სხვა ქვეყნებმაც მიბაძონ და იქაც ჩაატარონ გამოკითხვა - „სურთ თუ არა მიგრანტების მიღება?“ - რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე სერიოზულ გამოწვევად ითვლება იძულებით გადაადგილებულ პირთა კონტექსტში.
ამ შემთხვევაში, ერთმანეთს ეჯახება ტერორისტული საფრთხე (ანუ მიგრანტებს შემოყოლილი ტერორისტები) და ევროპული გულმოწყალება, რომელმაც ათასი ჯურის ხალხს კარი გაუღო.
ეს შინაგანი ბრძოლა ევროპაში კი ერთი ინციდენტის შემდეგ დაიწყო. კერძოდ, როცა მიგრანტებით სავსე ნავი ეგეოსის ზღვაში ამობრუნდა და ჩაიძირა და იქ დედასთან და ხუთი წლის ძმასთან ერთად სამი წლის ბავშვი დაიღუპა, რომლის ცხედარიც ზღვამ ბოდრუმის პლაჟზე გამორიყა.
ბავშვის დაღუპვის შემდეგ ინტერნეტში დისკუსია გაიმართა, თუ როგორ უნდა მოექცნენ ამ ადამიანებს. უკიდურესი იყო ბრიტანეთის „დამოუკიდებელი პარტიის“ წევრის პიტერ ბაკლიჩის პოზიცია, რომელმაც დაპოსტა, რომ დაღუპულ პატარას კარგად აჭმევდნენ და აცმევდნენ, მაგრამ ის მშობლების სიხარბის გამო დაიღუპა, რომელთაც ევროპაში უკეთესი ცხოვრების აწყობა სურდათ. პიტერ ბაკლიჩის პოზიცია ინტერნეტმომხმარებლებმა დაგმეს და ამის შემდეგ ევროპა მიგრანტთა მიღების დაუოკებელმა სურვილმა მოიცვა.
მცირერიცხოვანმა, სულ რაღაც 320-ათასიანმა ისლანდიამ 12 ათასი ლტოლვილის შეფარება გადაწყვიტა, მის მაგალითს მიჰყვნენ გერმანელები, ბრიტანელები, მიგრანტების მიღების კვოტის გაზრდის მოთხოვნით ხელმოწერები განუწყვეტლივ გროვდებოდა. და ეს გრძელდებოდა მანამ, სანამ ევროპას ტერორისტულმა საფრთხემ არ გადაუარა.
რას ნიშნავს უნგრეთის პოზიცია, რომელმაც მიგრანტების შეფარება არ ისურვა და როგორ გაუმკლავდება ამ დილემას ევროკავშირი?!
ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ რეფერენდუმის მეშვეობით უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა თავი დაიზღვია, პოზიციები გაიმყარა და უნგრელებს აჩვენა, რომ იგი საზოგადოების ინტერესების გამომხატველია. ეს იმ ფონზე ხდება, როცა უნგრეთში საკმაოდ სოლიდურ ლტოლვილთა ნაკადი დაგროვდა, რომლებიც უკვე ქმნიან პრობლემებს. მაგალითად, გერმანიისა და უნგრეთის საზღვარზე მოხდა სერიოზული შეტაკებები პოლიციასა და სირიელ ლტოლვილებს შორის და გასაკვირი არაა, უნგრეთს აწყობდეს ლტოლვილების ნაკადის შეწყვეტა.
„ეს სერიოზული გამოწვევა და დარტყმაა ევროკავშირისთვის. შეიძლება, ბრექსიტის იდეა გაგრძელდეს. ვიქტორ ორბანი ისეთი ავტორიტარული სტილის პოლიტიკოსია, რომ შესაძლოა, გადაწყვეტილება მიიღოს ევროკავშირიდან გამოსვლის თაობაზეც. არც ის არის გამორიცხული, რომ ეს ლტოლვილები კავკასიას მოადგნენ. თურქეთი საზღვარს გადაკეტავს, რადგან მილიონზე მეტი ადამიანი დაუგროვდა თავის ტერიტორიაზე. სიტუაცია ძალიან რთულია, სირიის კონფლიქტმა ევროპაში პოლიტიკური კრიზისი გაამწვავა, რასაც შეიძლება გეოპოლიტიკური ნიშნებიც ჰქონდეს“, - აღნიშნა ვახტანგ მაისაიამ.
პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ უნგრეთის რეფერენდუმს, ალბათ, გარკვეული რეზონანსი ექნება, თუმცა, მთლიანობაში, ევროკავშირი უნდა ჩამოყალიბდეს, რა პოზიციას იკავებს არა მარტო ლტოლვილებთან, არამედ, ზოგადად, დანარჩენ სამყაროსთან მიმართებით, რადგან ხვალ-ზეგ ალბათ, კიდევ დადგება სხვა სახის პრობლემები. თუ ახლა ევროკავშირი დგას ლტოლვილების პრობლემის წინაშე, რამდენიმე წლის წინ აქ ფინანსური პრობლემები იყო აქტუალური.
„ევროკავშირში ვითარება რთულდება და ახლებურ მიდგომას მოითხოვს. თუმცა არა მგონია, ევროკავშირში შემავალი ქვეყნები ბრიტანეთის გზას დაადგნენ. ბრიტანეთში ცოტა განსხვავებული ვითარება იყო, ეს არ გახლავთ გუშინ დაწყებული ამბავი ინგლისსა და კონტინენტურ ევროპას შორის. ამ დაპირისპირებას საუკუნეობრივი ისტორია აქვს. რაც შეეხება კავკასიას, არა მგონია, ლტოლვილების გადამისამართება მოხდეს კავკასიაში. კავკასიაზე როცა ვლაპარაკობთ, მაშინ უნდა დაკონკრეტდეს, რომ, სავარაუდოდ, საუბარია საქართველოზე, რადგან სომხეთი ლტოლვილებს, ცხადია, გარკვეულ მიზეზთა გამო არ მიიღებს. თუნდაც იმის გამო, რომ ისინი ევრაზიული კავშირის წევრები არიან, ლტოლვილებს არც აზერბაიჯანი გაუხსნის კარს, ჩვენ კი საკუთარი იმდენი ლტოლვილი გვყავს, რომ სხვისი ლტოლვილების მიღება წარმოუდგენელია. არა მგონია, საქართველოს ხელისუფლება ამას დათანხმდეს, როგორი პირობებიც არ უნდა შემოგვთავაზონ ევროპელებმა. ლტოლვილების მიღება ასე მარტივი არ არის, რადგან ჩვენთან რელიგიური პრობლემაც დადგება. თუ ამ წუთში ევროპაში 160 ათასი ლტოლვილის მიღების პრობლემა დგას, ეს არ გამოიწვევს ევროკავშირში დიდ ხვრელს და გერმანია და საფრანგეთი, ალბათ, მოერევიან ამ რაოდენობის ლტოლვილებს“, - აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ.