„უპრიანი იქნება დაველოდოთ 9 ოქტომბრის დილას და ვეცადოთ, არ დავუშვათ რაიმე ძალადობრივი ქმედებები, რომელიც აღიქმება ანტისახელმწიფოებრივ ქმედებად“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი.
for.ge სოსო ცისკარიშვილს ესაუბრა.
GFK-ს კვლევის შედეგები, რომელიც პირველ ოქტომბერს „რუსთავი 2“-ის ეთერით გავრცელდა, გაყალბებულიად დასახელდა რამდენიმე პარტიასთან მიმართებაში. შესაბამისად, რატომ უნდა ენდოს საზოგადოება GFK-ის კვლევას, რომელსაც პირდაპირი კავშირი აქვს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ლევან თარხნიშვილის მეუღლესთან და არა ცესკოს მონაცემებს?
სოსო ცისკარიშვილი: დადგა დრო ქართველი ამომრჩეველი აღარ იყოს რაიმე სიყალბის მსხვერპლი. უკანასკნელი წლების განმავლობაში ნებისმიერი ასეთი კვლევა არის მხოლოდ შფოთის საფუძველი. როდესაც ორხელისუფლებიანობის პირობებში საერთო ენა ვერ მოუნახავთ ორ წამყვან პოლიტიკურ ძალას, რასაკვირევლია, ეს არის სახელმწიფოებრივი პერსპექტივის საკმაოდ ბნელ ფერებში წარმოჩენის წინაპირობა.
უნდობლობას დავაფიქსირებთ ნებისმიერი ეგზიტპოლის მიმართ, სულაც ანგელოზის მიერაც რომ იყოს გაჟღერებული, რადგან არ გვაქვს შესაბამისი პოლიტიკური კულტურა, რომ პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე არ იქმნებოდეს ეგზიტპოლის შედეგები. უნდა ვეცადოთ, რომ მეტი ნდობით მივიღოთ ცესკოს საბოლოო შედეგები. ფაქტია, რომ მტკივნეულად რჩება როგორც ეგიტპოლების მიმართ უნდობლობა, ასევე საბოლოო ციფრები, რომელსაც წარმოადგენს ცესკო თავის საბოლოო განაჩენით. ნებისმიერ შემთხვევაში საზოგადოება საკამოდ კრიტიკულად არის განწობილი როგორც „ნაციონალური მოძრაობის“, ასევე „ქართული ოცნების“ მიმართ.
ქართველ ამომრჩევლებს აქვთ ასეთი ნიჰილიზმის მიზეზი პოლიტიკური ძალების მიმართ?
- რასაკვირველია ნიჰილიზმის მიზეზი ნამდვილად აქვთ, ამიტომ უპრიანი იქნება შედეგები იმის მიხედვით შევაფასოთ, პირველ-მეორე ადგილებს ისევ მეოცნეები და ნაციონალები გაინაწილებენ, თუ შედეგი იქნება ადეკვატური. გამომდინარე იქიდან, რომ თუკი რაიმე აერთიანებს დღევანდელ ამომრჩეველთა ხედვას, ეს გახლავთ „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ განრიდება ქართული პოლიტიკიდან.
ამ შემთხვევაში რა მიზანი აქვს კვლევით ორგანიზაციას, როდესაც მიზანიმართულად აყალბებს შედეგებს, მიზანი არის პროცესების რადიკალიზაცია?
- ამ ორგანიზაციის წარმომადგენლები ჩამოდიან საქართველოში და თავად წარმოაჩენენ საკუთარ უფლებამოსილებასაც და პროფესიონალიზმსაც, თუ შედეგები მეტნაკლებად ახლოს იქნება ცესკოს შედეგებთან. ამასთანავე, ცხადია, რომ დიამეტრულად საწინააღმდეგო იქნება „რუსთავი 2“-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგები, „ქართული ოცნების“ მიერ სამი სატელევიზო არხის ჩართულობით გამჟღავნებულ ციფრებთან. საზოგადოებისთვის ეს იქნება კიდევ ერთი საფუძველი პოლიტიკური ნიჰილიზმისა, რისი მოშუშებაც არცთუ მოკლე ხანში შეიძლება მოხდეს.
ამიტომ, უპრიანი იქნება დაველოდოთ 9 ოქტომბრის დილას და ვეცადოთ, არ დავუშვათ რაიმე ძალადობრივი ქმედებები, რომელიც აღიქმება ანტისახელმწიფოებრივ ქმედებად და რის ჩამდენად შესაძლებელია მოგვევლინოს როგორც „ნაციონალური მოძრაობის“, ასევე „ქართული ოცნების“ ვაი- მხარდამჭერები თავიანთი უდიერი ქმედებით.
ჩემი აზრით, გამოსავალი ასეთი დაპირისპირების შესაჩერებლად არის როგორც ერთსუბიექტიანი, ასევე ორსუბიექტიანი ხელისუფლების გაცილება და მრავალპარტიული სისტემით ქვეყნის მართვა. ამ ორმა ძირითადმა პოლიტიკურმა სუბიექტმა ერთმანეთზე თავდასხმის გარდა, არაფერი დატოვა ამომრჩეველთა მეხსიერებაში. დროა, რომ ბოლო მოეღოს პოლიტიკურ კინკლაობებს და პოლიტიკურ შეურაცხყოფებს. თუ ერთმანეთის გინების გარეშე არ შეუძლიათ პოლიტიკაში არსებობა, მაშინ ორივე ეს სუბიექტი ამოშლილი უნდა იყოს ჩვენი მრავალეროვანი ამომრჩევლის გონებიდან.
როგორ ფიქრობთ, ვის ინტერესში შედის პროცესების რადიკალიზაცია?
- 8 ოქტომბრის არჩევნების არალეგიტიმურობა მხოლოდ კრემლის ინტერესებშია. ის, ვინც ჩვენს სიმშვიდეს უბიძგებს კიდევ უფრო ინტენსიური შფოთვისკენ, სწორედ ის ძალა იქნება დაფიქსირებული როგორც კრემლის ოცნების აღმსრულებელი, რადგან არალეგიტიმური არჩევნების შემთხვევაში ნატოც და ევროკავშირიც უკან წაიღებს იმ კომპლიმენტებს, რომელსაც მათგან ვისმენთ.
ასეთ შემთხვევაში ნაკლები პერსპექტივა გვექნება, როგორც ამ ორგანიზაციებში გაწევრიანების, ასევე ვიზალიბერალიზაციის სასიკეთოდ მოხმარების. ამიტომ, ეს არ არის რიგითი არჩევნები. უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ თითოეული ამომრჩევლის არჩევანი ჯამში აუციელებელი წინაპირობა იქნება იმისა, რომ თითოეული ჩვენთაგანი იყოს პასუხისმგებელი იმ პარლამენტის ხარისხის, რომელსაც თავად ავირჩევთ.
ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, გაჩნდა შანსი, რომ პარლამენტში მეორე პოლიტიკური ძალის ადგილი „თავისუფალმა დემოკრატებმა“ დაიკავონ. პრაქტიკულად, ერთადერთი პარტიაა, რომელიც ინარჩუნებს პოლიტიკურ კორექტულობას საარჩევნო პროცესებში და ამავე დროს გამოკვეთილად პროდასვლური ორიენტაციის პოლიტიკურ ძალას წარმოადგენს. როგორ ფიქრობთ, აქვს ირაკლი ალასანიას შანსი, მეორე ოპოზიციური პარტიის ადგილი დაიკავოს საქართველოს პარლამენტში?
- ვინ წინ და ვინ უკან, ეს ნაკლებად საინტერესოა ჩვენი ქვეყნის პერსპექტივისთვის. მთავარია, როგორ შეძლებენ პროდასავლური პოლიტიკური სუბიექტები საქმიანობას ახალ პარლამენტში, თუ ჩვენ ვიქნებით მოწმენი იმისა, რომ ირაკლი ალასანიას, დავით უსუფაშვილის, პაატა ბურჭულაძის წარმომადგენლები ვერ მოახერხებენ ერთ კოალიციად გამყარებას. წინასწარ საუბარი იმაზე, რომ ვართ პროდასავლურები, რასაკვირველია, ნაცმოძრაობასაც ძალუძს, მაგრამ მისი საშინაო პოლიტიკის საშინელი პერიოდი კვლავ იქნება გადაულახავი ჩვენი საზოგადოების ცნობიერებაში.
ამიტომ, დიდი ალბათობით, ჩემს მიერ დასახელებული სამივე პოლიტიკური სუბიექტი იქნება პარლამენტის წევრი, მაგრამ ჩვენი ქვეყნისთვის და პლურალიზმისთვის, როგორც დემოკრატიზაციის აუციელებელი შემადგენელი, უკეთესი იქნება პარლამენტში ვიხილოთ თარხან-მოურავის და ნინო ბურჯანაძის პარტიების წარმოამდგენლებიც, რაც უფრო სრულყოფილად წარმოაჩენს ჩვენს პოლიტიკურ სპექტრს.