რუსეთის ხელისუფლება განიხილავს კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც, შრომისუნარიან მოქალაქეებს სპეციალური გადასახადი იმ შემთხვევაში დაეკისრებათ, თუკი ისინი ოფიციალურად არ მუშაობენ. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა ოლგა გოლოდეცმა განაცხადა და განმარტა, რომ გადასახადის ფორმა ჯერჯერობით განხილვის სტადიაშია.
„პრობლემა იმაშია, რომ ეს ხალხი ითვლება უმუშევრად, რადგან არსად ირიცხება. ჩვენ მათ ვერ ვაფიქსირებთ ვერც საგადასახადო სამსახურში, ვერც საპენსიო ფონდში და ვერც სხვა ოფიციალურ სტრუქტურაში“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.
სავარაუდოდ, გადასახადის დაკისრება შეეხებათ არა მარტო, პირდაპირი გაგებით, „მუქთახორებს“, არამედ ე.წ. „თვითდასაქმებულებსაც“, რომელთა რაოდენობაც რუსეთში 22 მილიონს აღწევს. შესაბამისად, ამ 22 მილიონ ადამიანს მოუწევს „მუქთახორობის გადასახადის“ გადახდა.
საუბარია იმაზე, რომ რუსეთში მხოლოდ 48 მილიონი კაცია დასაქმებული ლეგალურად. მთლიანობაში კი, შრომისუნარიანი ადამიანების რაოდენობა 75 მილიონია.
რისთვის დასჭირდა რუსეთს ე.წ. „უსაქმურობის გადასახადის“ შემოღება და რა მდგომარეობაა თვითდასაქმებულთა მხრივ საქართველოში?!
ამის შესახებ For.ge-ს ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში პაატა აროშიძე ესაუბრა.
ექსპერტის თქმით, საერთაშორისო შრომითი კანონმდებლობის მიხედვით დასაქმებული ადამიანები და ე.წ. თვითდასაქმებულები განსხვავებულ კატეგორიებს მიეკუთვნებიან. მაგალითად, საქართველოში თვითდასაქმებულები თავს არ მიიჩნევენ დასაქმებულად. ანუ ადამიანი, რომელსაც აქვს მიწის ნაკვეთი, შრომობს და გარკვეულ შემოსავალს ღებულობს, თავს დასაქმებულად არ მიიჩნევს, ან კიდევ, ტაქსტის მძღოლი, მიუხედავად იმისა, რომ ნორმალური შემოსავალი გააჩნია, თავს დასაქმებულად არ თვლის. არის შემთხვევები, როდესაც მეორადი ტანსაცმელების მაღაზიის მფლობელები თავს არ მიიჩნევენ დასაქმებულებად. ან კიდევ, კერძო სტრუქტურაში მშენებლობაზე მომუშავე ადამიანებიც დაუსაქმებლობაზე ლაპარაკობენ. არადა, ხშირ შემთხვევაში, მათ საშუალო მეტი ანაზღაურება მაინც აქვთ.
პაატა აროშიძის თქმით, ქართული მენტალიტეტია ასეთი, რომ თვითდასაქმებულები თავს დასაქმებულებად არ თვლიან, თუმცა პოსტკომუნისტური და პოსტსაბჭოთა მენტალიტეტიც ასეთია, რომ, თუ ადამიანი არ მუშაობს სახელმწიფო უწყებაში, თავს დაუსაქმებლად მიიჩნევს.
„ამის მიზეზი კი ის არის, რომ ადამიანს სურს, თავისი სპეციალობით იმუშაოს და მიიჩნევს, რომ თავისი სპეციალობით უნდა დასაქმდეს. საქართველოში არსებობდა შრომის ბირჟა, მაგრამ ის ვერანაირ ფუნქციას ვერ ასრულებდა. დღეს არსებობს დასაქმების სააგენტო, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ დამსაქმებელსა და უმუშევარს შორის მეკავშირის როლი აქვს. არა მგონია, საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყანაში, ან იმ ქვეყანაში, რომელიც ცდილობს საბაზრო ეკონომიკის დამყარებას, საქართველოზე მაქვს საუბარი, ჯარიმები ან იძულებითი ღონისძიებები რაიმე შედეგის მომტანი იყოს. სახელმწიფომ უნდა მისცეს დასაქმების არეალი მოქალაქეებს და შემდგომ უკვე ადამიანზე იქნება დამოკიდებული, აირჩევს დასაქმებას თუ უსაქმურობას. სხვათა შორის, ეკონომიკურ თეორიაში პირდაპირ არის ჩაწერილი, თუ ადამიანს სთავაზობენ იმ სამუშაოს, რომელიც მის კვალიფიკაციას და უნარებს შეესატყვისება და ის უარს ამბობს ასეთ სამუშაოზე, ის უმუშევართა კატეგორიიდან უნდა ამოიღონ. თუ საქართველოში მომუშავე ადამიანს ღირსეული შემოსავალი ექნება, ის უკვე აღიარებს, რომ დასაქმებულია, ხოლო, თუ ადამიანი კარგად მუშაობს და ამ დროს საათში 1 ან 2 ლარის მიზერული შემოსავალი აქვს, ძნელია გაამტყუნო, როცა ამბობს, არ ვარ დასაქმებულიო.
ნორმალურ ქვეყნებში ბუნებრივი უმუშევრობის დონე 5-6 %-ია, მაგრამ ჩვენთან უმუშევრობის დონე საკმაოდ მაღალია და ის მონაცემი, რასაც სტატისტიკის სამსახური დებს, ანუ 13-14%-იანი უმუშევრობა, რეალობას არ შეესაბამება“, - აღნიშნა პაატა აროშიძემ.
მანვე განმარტა, რომ „თვითდასაქმებულთა“ მხრიდან მანიპულირება მხოლოდ პოსტსაბჭოური მოვლენა არ არის და ასეთი რამ ყველა ქვეყანაში ხდება. მაგალითად, შეერთებულ შტატებშიც არის ე.წ. უმუშევართა კატეგორია, რომელიც სახელმწიფო შემწეობასაც ღებულობს, მაგრამ, ამავე დროს, დასაქმებულია იატაკქვეშეთშიც, ან ჩრდილოვან სექტორში. ამ სენს ყველა ქვეყანა სხვადასხვანაირად ებრძვის.
სტატისტიკური თვალსაზრისით კი, დასაქმებულთა აღრიცხვიანობა ხდება შრომის საერთაშორისო კანონმდებლობის საფუძველზე. ეს გულისხმობს, რომ, თუ გამოსაკვლევი პირი კვირის განმავლობაში ერთი საათით მაინც მუშაობდა, ანაზღაურებას ან კომპენსაციას ღებულობდა, მაშინ ის დასაქმებულად ითვლება. პლუს ამას, კანონში არსებობდა ასეთი ჩანაწერიც, თუ ადამიანი მიწის ნაკვეთს ფლობდა, ის დასაქმებულად ითვლებოდა.
„სხვათა შორის, ამ კანონით „მოქკავშირის“ ხალხმა, იმავე სააკაშვილმა, ჟვანიამ და სხვებმა ჩაიწერეს ქულები და მაშინდელი არჩევნების დროს განაცხადეს, ჩვენ მივაღწიეთ მილიონი სამუშაო ადგილის შექმნას, რადგან მიწები ხალხს პრივატიზაციაში გადავეცითო. რა თქმა უნდა, თვითდასაქმებულთა რაოდენობა საქართველოში საკმაოდ დიდია. შეიძლება, უმუშევართა 70-75%-საც კი მიაღწიოს. რაც შეეხება რუსეთს, ეს იმხელა ქვეყანაა, რომ ძალიან ძნელია განსაჯო, ვინ არის დასაქმებული და ვინ დაუსაქმებელი. რუსეთისთვის ეს რთულია, მაგრამ „უსაქმურობის გადასახადის“ შემოღება არ უნდა იყოს დამსჯელი მექანიზმი. მართალია, სახელმწიფოსთვის კარგია, თუკი ჩრდილოვან სექტორში თვითდასაქმებული სოციალურად მასზე არ არის ჩამოკიდებული და შემწეობაც დიდი რაოდენობა არ სჭირდება, მაგრამ, მეორე მხრივ, ცუდია, რადგან ასეთი ადამიანისგან გადასახადი არ შედის ბიუჯეტში, ანუ ის საშემოსავლო გადასახადს არ იხდის. თუმცა ორმაგად ცუდია სახელმწიფოსთვის, თუ ის თვითდასაქმებასთან ერთად შემწეობასაც ღებულობს. რუსეთის რეალური მიზანიც ალბათ, ეს იყო - აღრიცხვიანობის სისტემის მოწესრიგება და ბიუჯეტში თანხის შეტანა. თუმცა რუსული გამოთქმაა ასეთი, „ვცდილობდით, კარგად გამოგვსვლოდა, მაგრამ გამოვიდა, როგორც ყოველთვის“. არა მგონია, რაიმე ქმედითი მოუტანოს ამან რუსეთს, თუმცა სჯობს, ქართველებმა რაღაც ისეთი გავაკეთოთ, რომელიც ჩვენს მძიმე სოციალურ მდგომარეობას მოაგვარებს“.