არასამთავრობო ორგანიზაციების („ქართული აკადემია“, „სამოქალაქო მოძრაობა სოლიდარობა უკანონო პატიმრებს“, „წინააღმდეგობის მოძრაობა“, „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის“, „ჰელსინკის მოქალაქეთა ასამბლეის საქართველოს ეროვნული კომიტეტი“, „კავკასიური კვლევების სტრატეგიული ცენტრი“, „თავისუფალი არჩევანი“, „სოლიდარობა განათლებული საქართველოსთვის“, „საარჩევნო პოლიტტექნოლოგიების კვლევის ცენტრი“, კოალიცია „სამოქალაქო განვითარებისათვის“, „კავკასიის რეგიონალური განვითარების ცენტრი“, „ქალთა ლაშქარი“, „ეთნიკურ და კონფესიურ ურთიერთობათა ცენტრი“, „სამხედრო მოსამსახურეთა უფლებების დაცვის ცენტრი“) ორგანიზებით 28 მაისს, 15 საათზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ხალხმრავალი აქცია გაიმართა. მსვლელობა მეტრო „რუსთაველიდან“ დაიწყო. ეს იყო საზოგადოების მდუმარე პროტესტი მიხეილ სააკაშვილის ძალადობის წინააღმდეგ.
„ვიკრიბებით, რათა გამოვხატოთ პროტესტი იმ ძალადობის მიმართ, რომელიც ბოლო ხანს ქვეყანაში დამკვიდრდა და რომლის გამოხატულება იყო 26 მაისს საპროტესტო აქციის დარბევა სასტიკი მეთოდებით. მიუხედავად ცალკეულ საკითხებზე პოზიციათა პრინციპული განსხვავებულობისა, ჩვენ ვთანხმდებით, რომ ქვეყნის სამართლებრივ საფუძვლებზე განვითარებას რეალურ საფრთხეს უქმნის ხელისუფლების მხრიდან ზოგადად ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებების იგნორირება და კონკრეტულად საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ გამოვლენილი სისასტიკე და კანონის აბუჩად აგდება“ - ასეთი იყო აქციის ინიციატორთა განმარტება.
კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მიხეილ სააკაშვილის ძალადობამ ვერ დათრგუნა ქართული საზოგადოება. ვანო მერაბიშვილის სისასტიკე კიდევ ერთ შავ ლაქად დააჩნდა საქართველოს ისტორიას.
დღევანდელი აქცია დაახლოებით, 10 ათასამდე ადამიანს ითვლიდა და გაცილებით მნიშვნელოვანი იყო იმ აქციებზე, რომელსაც პოლიტიკური პარტიები მართავდნენ. ეს ხალხის ხმა იყო, ხალხისა, რომელმაც თავად გაუკეთა ორგანიზება პროტესტის გამოხატვას. იქ არ ყოფილა რეგიონებიდან ავტობუსებით ჩამოყვანილი ხალხი და, რაც მთავარია, ქუჩაში გამოვიდნენ ის თბილისელები, რომლებიც ბოლო აქციაზე არ გამოსულან. ეს იმას ნიშნავს, რომ ხალხში საპროტესტო განწყობა კვლავაც მაღალია და რაც მთავარია, საზოგადოება გაიზარდა და მარტივად არ ყვება ცალკეული პოლიტიკოსის კაპრიზებს.
ხალხის ნების და სურვილის იგნორირება ყველა დროს, ყველა ხელისუფლებას ცუდად შემოუტრიალდა და გამონაკლისი ვერც მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება იქნება. დღეს ხალხი ქუჩაში გამოვიდა და ისევ გამოვა. ბრძოლა იწყება და მიხეილ სააკაშვილი ყოველ დარტყმას ყველაზე სუსტ წერტილებში მიიღებს.
„არა ძალადობას“, „გამოძიებული იქნას 26 მაისის დარბევა“ „დაისაჯონ დამნაშავეები“, დღეს ამ ლოზუნგებით გამოვიდნენ მომიტინგეები. ხვალ კი ქუჩაში კვლავ გამოვა ხალხი და მოთხოვნები კიდევ უფრო კონკრეტული იქნება.