ნაციონალური აფერა - ევროსასამართლოში საქართველოდან წარდგენილ კანდიდატებს, კენჭს 2017 წლის იანვარში უყრიან

ნაციონალური აფერა - ევროსასამართლოში საქართველოდან წარდგენილ კანდიდატებს, კენჭს 2017 წლის იანვარში უყრიან

პარიზში უკვე გაიმართა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტის სხდომა, რომელზეც საქართველოდან წარდგენილი სია დასაშვებად იქნა მიჩნეული. სხდომის დასრულების შემდეგ კომიტეტი გაესაუბრა სიაში მყოფ სამივე კანდიდატს, რასაც თავად კანდიდატებიც ადასტურებენ. გადაწყდა, რომ საბოლოო კენჭისყრა ამ სამი კანდიდატიდან ერთის შესარჩევად გაიმართება იანვარში, რადგან მოქმედ მოსამართლე ნონა წოწორიას უფლებამოსილების ვადა თებერვალში ეწურება.

თუმცა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ამტკიცებენ, რომ ევროსასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევმა კომიტეტმა საქართველოდან წარდგენილ მოსამართლეობის კანდიდატებს მხარი არ დაუჭირა. გიორგი კანდელაკის განმარტებით, გადაწყვეტილება სიაში არსებული პრობლემების გამო მიიღეს. გამორიცხული არ არის, კომიტეტმა თბილისის მიერ წარდგენილი სია უკან დააბრუნოს და ახალი შემადგენლობის დასახელება მოითხოვოს.

„პარიზში დასრულდა ევროსაბჭოს მოსამართლეთა არჩევის კომიტეტის სხდომა, რომელმაც საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი სამკაციანი სია, რომელიც სამარცხვინო პროცესის შედეგად დააკომპლექტა თეა წულუკიანმა - არ დაამტკიცა. ესეთი რამ ძალიან იშვიათად ხდება. ივანიშვილის მთავრობას მთელი ეს ვითომ ევროპულობის იმიტაცია თავზე დაემხო. მთავრობის შეცვლის შემდეგ ახალი მთავრობა ჩაატარებს ინკლუზიურ, სამართლიან კონკურსს და სტრასბურგის სასამართლოში ნამდვილად ღირსეულ კანდიდატებს წარადგენს“, - აცხადებს გიორგი კანდელაკი.

შეგახსენებეთ, რომ სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლედ საქართველოს მთავრობას ევა გოცირიძის, სანდრო ბარამიძის და გიორგი ბადაშვილის კანდიდატურები ჰქონდა წარდგენილი. საქართველოდან წარსადგენი კანდიდატების შერჩევის პროცესი ეჭვქვეშ დააყენა არსამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა, ხოლო ადვოკატთა ასოციაციის თავმდჯომარემ, ზაზა ხატიაშილმა ევა გოცირიძის კანდიდატურის წინააღმდეგ 26 სექტემბერს სტრასბურგის სასამართლოსთან აქცია გამართა.

თავად ევა გოცირიძეს არ აქვს ინოფორმაცია, რა მიზეზით არ ჩატარდა კენჭისყრა. მისვე განცხადებით, კეჭისყრა გადაიდო და მეტი განსაკუთრებული არაფერი ხდება.

„ეს მათი გადასაწყვეტია. ნამდვილად, კანდიდატურების ჩავარდნას ადგილი არ აქვს. კენჭისყრა შეიძლებოდა ჩატარებულიყო და შეიძლება არა. მათ გადაწყვიტეს, რომ სჯობს გადატანილიყო ამ საკითხზე კენჭისყრა“, - ამბობს ევა გოცირიძე

პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე არ ადასტურებს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ევროსასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევმა კომიტეტმა საქართველოდან წარდგენილ მოსამართლეობის კანდიდატებს მხარი არ დაუჭირა. მისივე თქმით, როდესაც რომელიმე ქვეყნის სიის დაწუნება ხდება, პირდაპირ მიიღება გადაწყვეტილება, რომ სია არის დაწუნებული და ქვეყანამ ახალი სია უნდა წარადგინოს, რასაც ამ შემთხვევაში, ადგილი არ ჰქონია.

„კენჭისყრა გადაიდო იანვრისთვის, რადგან მოქმედ მოსამართლეს ნონა წოწორიას ვადა თებერვლამდე აქვს. ალბათ, ევროსასამართლო თავად გაავრცელებს პრესრელიზს. კომიტეტის სხდომის დეტალების შესახებ ინფორმაცია არ მაქვს, რადგან ეს ინფორმაციები არის კონფიდენციალური. საკითხის პოლიტიზირებისაგან თავი უნდა შევიკავოთ, რადგან აქ საქმე ეხება ქვეყანას და არა რომელიმე პარტიულ სიას“, - აცხადებს მანანა კობახიძე.

სახალხო დამცველის განცხადებით, წარდგენილი იყვნენ ის კანდიდატები, ვისაც შერჩევის დაბალი ქულები ქონდათ დაწერილი. შესაბამისად, უჩა ნანუაშვილი არ გამორიცხავს, რომ სტრასბურგში კითხვები სწორედ ამ საკითხმა გააჩინა. მისივე თქმით, სავარაუდოდ, პრობლემა არის იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად იყო გამჭვირვალე კანდიდატების შერჩევის პროცესი, ვინ შეარჩია ზოგადად ეს სამი კანდიდატურა.

„ზოგიერთ კანდიდატს უფრო მეტი ქულა ქონდა, მაგრამ საბოლოო ჯამში მოხდა სამი კანდიდატის წარდგენა. მათ შორის ევა გოცირიძის, რომელსაც უფრო ნაკლები ქულა ქონდა, ვიდრე თუნდაც ნანა მჭედლიძეს, ან ანა დოლიძეს. რა თქმა უნდა, კითხვის ნიშნები რჩება, თუ რა პრინციპით იხელმძღვანელა მთავრობამ, როდესაც კანდიდატები წარადგინა.

სწორედ ამას ვუკავშირებ სტრასბურგის გადაწყვეტილებას. შეიძლება იკვეთებოდეს გარკვეული ინტერესი, ან სურვილი, რომ სტრასბურგში წარდგენილი ყოფილიყვნენ ის კანდიდატები, ვისაც ხელისუფლება ენდობა. ამიტომ, მთავრობას უფრო მეტად უნდა განემარტა ის მიზეზები, თუ რატომ მოხდა ამ კანდიდატების წარდგენა“, - აცხადებს უჩა ნანუაშვილი.

საქართველოს ყოფილი ელჩი ევროპის საბჭოში, მამუკა ჟღენტი აცხადებს, რომ საქართველო გაწევრიანდა იმ სახელმწიფოების არც თუ ისე სახარბიელო ჯგუფში, რომელსაც სტრასბურგის მოსამართლეთა შერჩევის კონტექსტში სერიოზული პრობლემები გააჩნია. მისივე თქმით, სიის არდამტკიცება, მით უმეტეს, გასაუბრების შემდეგ, რეალურად სიის უარყოფას ნიშნავს, თუმცა გარკვეული ანგარიში გაუწიეს საქართველოს და იანვრამდე საკითხის მოგვარების საშუალება მისცეს.

„კომიტეტს შეეძლო ქართული საკითხის ჩაგდება, როგორც პროცედურული, ასევე არსებითი ხასიათის მიზეზების გამო. პროცედურები ხელისუფლებამ უხეშად დაარღვია, როდესაც ჯერ გაუგზავნა და შემდეგ კი აღარ დაელოდა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეზოლუციით შექმნილი მრჩეველთა პანელის შეფასებას მოსამართლეობის ერთ-ერთ კანდიდატთან დაკავშირებით და დოსიე ასე გადაუგზავნა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას.

არსებითად კი, სახეზე იყო უამრავი დარღვევა, მათ შორის ინტერესთა კონფლიქტი, რამაც მთელი პროცესის ობიექტურობა და გამჭვირვალეობა მნიშვნელოვნად დააზარალა. ვიმედოვნებ, ხელისუფლება ამჯერად მაინც გაითვალისწინებს საღ აზრს და მხოლოდ ცალკეული მინისტრების ამბიციებს არ დაუქვემბებარებს ქვეყნის საერთაშორისო პრესტიჟისთვის ესოდენ სერიოზულ საკითხს“, - აცხადება მამუკა ჟღენტი.