ვერტიკალური პარკინგის კონსტრუქციები თბილისშიც გამოჩნდება

ვერტიკალური პარკინგის კონსტრუქციები თბილისშიც გამოჩნდება

ვერტიკალური პარკინგის სისტემის გამოცდას ქართველი სპეციალისტები რამდენიმე თვეში ელიან. თბილისისთვის მეტად უცნაური ვერტიკალური პარკინგის კონსტრუქციის საცდელი ნიმუში საპარტნიორო ფონდის დაფინანსებით შეიქმნება და, სავარაუდოდ, 3-4 თვეში გამოჩნდება ჩვენს დედაქალაქში.

უკვე ცნობილია, რომ ეს იქნება ლითონის დასაშლელი კონსტრუქცია, ე.წ. ლიფტის სისტემა. ავტომობილი დადგება პლატფორმაზე და სპეციალურ ღილაკზე ხელის დაჭერით ავა ზევით, ხოლო, როდესაც მძღოლს მანქანის დაბრუნება მოუნდება, სპეციალური კოდით შეძლებს ავტომობილის პლატფორმაზე დაშვებას.

როგორც აღნიშნული პროექტის ხელმძღვანელი მალხაზ ცისკარიშვილაცხადებს, საუბარია ავტომობილების განთავსებაზე არა ჰორიზონტალურ, არამედ ვერტიკალურ სივრცეში. ცისკარიშვილი ვარაუდობს, რომ ამით დედაქალაქი ავტომობილებისგან განიმუხტება და საცობები აღარ შეიქმნება.

„წარმოიდგინეთ, კარუსელი „ეშმაკის ბორბალი“, ოღონდ ელიფსურად გაწელილი, რათა ნაკლები სივრცე დაიკავოს“,-აცხადებს მალხაზ ცისკარიშვილი, რომლის განმარტებითაც, ამ ტიპის პარკინგის სისტემას დიდი ხანია, ევროპაში იყენებენ.

ქართველმა სპეციალისტებმა კი ამ მოწყობილობის შექმნის პატენტი მიიღეს, მაგრამ გამომგონებლებს უჭირთ კაპიტალის მოძიება, რადგან ბიზნესმენები სარისკო პროექტებში ფულს არ დებენ. ამის მიუხედავად, ქართველი კონსტრუქტორების მიერ შექმნილი ვარიანტი უფრო ჰაეროვანია, მარტივი ტექნოლოგიითა და საიმედოობით ხასიათდება.

„HUB Georgia“-ს აღმასრულებელი დირექტორი ვასილ ურუშაძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ პარკირება საცობების გამომწვევი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზია, რითაც თბილისში კატასტროფული ვითარებაა. თუ ჩვენ დავაკვირდებით, რამდენი პარკირების ადგილია დედაქალაქში და პარკირების ამ ადგილებს გავყოფთ ავტომობილების რაოდენობაზე, ძალზე საგანგაშო ციფრს მივიღებთ. კერძოდ, ერთ ოფიციალურ ადგილზე საშუალოდ 13-14 ავტომობილი მოდის. ეს ნიშნავს, რომ, როდესაც მივდივართ სამსახურში ან დანიშნულების ადგილას და ვაჩერებთ ავტომობილს, დანარჩენი 13 მძღოლი ეძებს ალტერნატიული პარკინგის ადგილს. ამიტომაც ეს 13 მძღოლი ავტომობილს აჩერებს გზის სავალ ნაწილზე, სადარბაზოს შესასვლელთან, ტროტუარზე, სადაც პარკირება არ შეიძლება. ცხადია, გზის სავალ ნაწილზე პარკირება ავიწროებს გზას და ამცირებს ავტომობილების გამტარუნარიანობას. ამიტომაც წარმოიქნება საცობი.

„პარკირების პრობლემის შესახებ 2014 წლის საარჩევნო პერიოდშიც ძალიან კარგად იცოდა თბილისის მერიამ. მაშინ ბატონ ნარმანიას წინასაარჩევნო დაპირება იყო, რომ  პარკინგისთვის ახალ ინფრასტრუქტურას შექმნიდა, მოაწყობდა მიწისქვეშა და მიწისზედა მრავალსართულიანი პარკირების ადგილებს, მაგრამ არჩევნების შემდეგ ნარმანია პერიოდულად თავადვე გვახსენებს ხოლმე ამ დაპირებას და აცხადებს, რომ თბილისის მერია უკვე იწყებს მრავალსართულიანი პარკინგის მშენებლობას, მოლაპარაკებები მიმდინარეობს ინვესტორებთან და გვაცნობს კეთილ სურვილებს. ამ დროს კი რეალობა განსხვავებულია, ავტომობილების პარკინგის მიმართულებით თბილისში არც მიწისქვეშა და არც მიწისზედა, არც მრავალსართულიანი და არც ჰორიზონტალური ახალი ინფრასტრუქტურა არ შექმნილა. მეტიც, ავტომობილების პარკინგისთვის არსებული ადგილებიც გაუქმდა და იქ გაიხსნა კომერციული ობიექტები, ან აშენდა კორპუსები. ამის მაგალითია დინამო სტადიონის მიმდებარე ტერიტორია, სადაც პარკინგისთვის გამოყოფილ ადგილას დღეს უკვე სავაჭრო ცენტრია“, - აცხადებს ვასილ ურუშაძე და მსოფლიო გამოცდილებას იშველიებს.

 კერძოდ, ავტომობილების პარკირების ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით მსოფლიოში უკვე არაერთი მეთოდოლოგია დაინერგა. ეს არის მიწისქვეშა პარკინგი, პარკირებისთვის განკუთვნილი მიწისზედა შენობები, ასევე, ჰორიზონტალური პარკირება, რაც თანამედროვე ტექნოლოგიით უკვე შესაძლებელია. ანუ მჭიდროდ დასახლებულ ქალაქში, მჭიდროდ დასახლებულ უბანშიც კი, მინიმუმ 20 კვ. მეტრი თავისუფალი ადგილი თუ არის (რაც დაახლოებით სამი ავტომობილის პარკირების ტოლფასია), შეიძლება აშენდეს ინფრასტრუქტურა, სადაც შესაძლებელი იქნება 18-24 ან 30 ავტომობილის პარკირება.

„ეს აპრობირებული მეთოდია და ამის დანერგვა თბილისშიც შესაძლებელია. იმდენად განვითარდა ტექნოლოგია მსოფლიოში, რომ პარკირებისთვის ნებისმიერ შესაძლებლობას აქვს პოტენციალი. მაგალითად, იაპონიაში დაიწყეს პარკირება კორპუსის სახურავზე. ლიფტის მეშვეობით ადამიანები მანქანებს აყენებენ საცხოვრებელი ფართის სახურავებზე. ეს არის ჩვეულებრივი ლიფტი. ჩვენ მივდვართ კორპუსის გვერდით სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე, ვაყენებთ ავტომობილს, გვაქვს ბარათი, ამ ბარათით შესაბამისი პინკოდი შეგვყავს და ლიფტს ავტომატურად აჰყავს ჩვენი ავტომობილი სახურავზე. როცა გვინდა, ავტომობილი ჩამოვიდეს სახლის სახურავიდან და გავაგრძელოთ მოძრაობა, ისევ შეგვყავს პინკოდი და ლიფტს მანქანა ჩამოჰყავს სახურავიდან. ასევე, შენდება სპეციალური მრავალსართულიანი პარკინგის შენობები. ამას სწორი დაგეგმარება, სწორი პოლიტიკა, კვალიფიციური კადრები სჭირდება, რაც თბილისის მერიას არ გააჩნია. სიტუაცია ყოველდღიურად უარესდება, ავტომობილების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება, მცირდება პარკირების ადგილები და მოძრაობა ქალაქში ისე იჭედება, რომ გადაადგილება შეუძლებელი ხდება“.