მსახიობი მომღერლები

მსახიობი მომღერლები

შოუ-ბიზნესის ისტორიაში მოიძებნება მრავალი მომღერალი, რომელიც მისი პოპულარობიდან გამომდინარე, კინოში სათამაშოდ მიიწვიეს და ამ ახალ სფეროშიც მაღალი სიმაღლეები დაიპყრო.

მომღერლების კინოინდუსტრიაში დასაქმება ცოტა რთული პროცესია, რადგან ამ უკანასკნელებს გარკვეული სპეციფიური სასცენო ნიჭიც უნდა აღმოაჩნდეთ.

სამწუხაროდ, ზოგ მომღერალს თავს ისეთი კრიტიკა დაატყდა, რომ კინოსკენ მიმავალი გზა სამუდამოდ გადაავიწყდა. მათ რიცხვში მოხვდა მერაია ქერი, რომელიც კომედიაში „ბრწყინვალება“ გადაიღეს. მისმა როლმა ისეთი დაცინვა და ქილიკი გამოიწვია, რომ ქალბატონი მერაიას კინოკარიერა სამუდამოდ დასამარდა.

ჯენიფერ ლოპესის შემთხვევაში საწინააღმდეგო ფაქტთან გვაქვს საქმე. მისი თაყვანისმცემლებიდან ბევრს დღეს აღარც კი ახსოვს, რომ ლოპესი საესტრადო მომღერალია. ამ პიროვნებამ ჰოლივუდში საკუთარი ადგილი უკვე დაიკავა და სიმღერა რომ არ დაავიწყდეს, დროთა განმავლობაში კონცერტებსაც მართავს.

გაცნობებთ, რომ თავის დროზე ჯენიფერ ლოპესის კინოდებიუტი ფილმით „სელენა“ შედგა, სადაც მთავარი გმირის როლი შეასრულა.

გაგიგონიათ, ალბათ, ისლანდიელი მომღერალი ბიორკი. მას მხოლოდ ერთ ფილმში ― „წყვიადში მოცეკვავე“ ― აქვს მიღებული მონაწილეობა. ამ ნამუშევრისათვის ყველა სიმღერა თავადვე დაწერა და შეასრულა კიდეც. მოგვიანებით ამ სფეროში მუშაობის გაგრძელება აღარ ისურვა.

ბრიტნი სპირსმა  ითამაშა კომედიაში „გზაჯვარედინები“, სადაც ნორჩი მომღერალი განასახიერა. მიუხედავად იმისა, რომ მისმა როლმა კრიტიკოსების დადებითი შეფასება დაიმსახურა, კინოში გადაღებები აღარ მოისურვა.

ყველას გვიყვარს ფრანგი პატრისია კაასი. კინომსახიობის პროფესიით თავის დროზე ისიც დაინტერესდა და  კლოდ ლელუშის რომანტიკულ დრამაში „ახლა კი ქალბატონებო და ბატონებო“ ითამაშა. მას პარტნიორობას ჯერემი აირონსი უწევდა. ჯერემი ქურდს განასახიერებდა, კაასი კი მასზე შეყვარებულ მომღერალს.

სხვებზე ნაკლები რითი ვარო და მსახიობობა მაიკლ ჯექსონის დაიკომ, ჯანეტმაც მოინდომა. საწადელს მალე მიაღწია. ეს უკანასკნელი მაყურებელმა იხილა კომედიაში „შერეკილი პროფესორი 2“. რასაკვირველია, ჯანეტ ჯექსონის შესრულებულმა როლმა დიდი მოწონება დაიმსახურა და ეს დიაცი მალე, ალბათ, სხვა კინოშედევრებშიც მოგვევლინება.

არ გაუმართლა მომღერალ ჯესიკა სიმპსონს. მის ანგარიშზე რამდენიმე კომედიაა, მაგრამ მისგან კარგი კინომსახიობი ვერ გამოვიდა. სურათი „ქერათმიანის ამბიციები“ კი ისეთი საშინელება აღმოჩნდა, რომ კინოთეატრებამდე ვერც კი მიაღწია და მხოლოდ დი-ვი-დი დისკებით გავრცელდა.

უფრო იღბლიანი გამოდგა ბეიონს ნოულზი. ეს უკანასკნელი კინოში არცთუ ისე დიდი ხანია რაც მოღვაწეობს, მაგრამ თავი უკვე დადებითი კუთხით წარმოაჩინა. განსაკუთრებული წარმატება ფილმებმა „ოსტინ პაუერსი 3“, „ვარდისფერი ავაზა“ და „ოცნების ქალიშვილებმა“ მოუტანა.