ქონების წართმევის ნაციონალური მეთოდი

ქონების წართმევის ნაციონალური მეთოდი

2010 წლის 27 მაისს მიხეილ სააკაშვილმა განმუხური-ანაკლიას დამაკავშირებელი ხიდი და ანაკლიის „პატრიოტთა ბანაკი“ გახსნა. თუმცა, ტერიტორია, სადაც ქვეყნის პრეზიდენტმა „პატრიოტთა ბანაკი“ გახსნა, სამეგრელო ზემო-სვანეთის სამხარეო პროკურატურამ, რომლის ხელმძღვანელიც როლანდ ახალაია იყო, ზურაბ ჯიქიას და მის ნათესავებს იძულებით დაათმობინა. სახელმწიფოს რეპრესიულ მანქანას და პროკურატურის ძალადობას ჯიქიას მამა ემსხვერპლა.

როგორ და რა გზით აჩუქა სახელმწიფოს ანაკლიის კუთვნილი მიწის ნაკვეთი, ამ საკითხთან დაკავშირებით for.ge ზურაბ ჯიქიას ესაუბრა.

როგორც ირკვევა, ანაკლიისპატრიოტთა ბანაკითქვენს კუთვნილ ტერიტორიაზე აშენდა, ბატონო ზურაბ, თქვენი სურვილით აჩუქეთ სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკევთი?

ზურაბ ჯიქია: არა, რა თქმა უნდა. 2010 წელს 17 მარტს სამხედრო სამსახურის უფროსად დავინიშნე, ეს ის პერიოდია ცნობილი დაკავებები რომ ხდებოდა, ჩვენი სამსახურიდან 6 კაცი იყო დაკავებული, ბოლოს სამსახურის უფროსი თემურ ეფენიაც დააკავეს. სამსახურეობრივი მოვალოებიდან გამომდინარე, ხშირად მიწევდა პროკურატურაში მისვლა. ამ პერიოდში პროკურატურაში ვხვდებოდი საჯარო რეესტრის უფროსს. ბევრჯერ შემხვდა პროკურატურაში და ხუმრობით ისიც კი მითხრა, ხომ ხედავ როგორც საკუთარი ოჯახი, ისე გამიხდა პროკურატურაო. როგორც საჯარო რეესტრის უფროსს, მიწის საკითხებთან დაკავშირებით უწევდა სიარული. სწორედ მას დაავალეს, რომ ანაკლიის მიწის ნაკვეთის თაობაზე პროკურატურაში მივსულვიყავი.

ოფიციალური უწყება პროკურატურაში დაბარების შესახებ არ მიგიღიათ?

- არა. ზუგდიდის საჯარო რეესტრის უფროსს დაავალეს, რომ მივისულვიყავი. მიბარებდა პროკურორი გია ბერიშვილი, მივედი პროკურატურაში, რამდენიმე საათის ლოდინის შემდეგ შემიყვანეს ოთახში, სადაც დამხვდა ბერიშვილი და კიდევ 4 კაცი. მაგიდაზე ედოთ რუკა და პირდაპირ მითხრეს, რომ შენი კუთვნილი მიწის ნაკვეთი იმ ზონაში მოხვდა, რომელიც სახელმწიფოს სჭირდება და ამიტომ ეს მიწა უნდა გადასცე სახელმწიფოსო.

სად მდებარეობდა თქვენი მიწის ნაკვეთი?

- ახლა ეს ტერიტორია სპორტის დეპარტამენტს ეკუთვნის. ეს გახლავთ ანაკლიაში არსებული ახალგაზრდული ბანაკი, რომელიც ჩემს კუთვნილ ტერიტორაზე აშენდა. როდესაც მომთხოვეს მიწის სახელმწიფოსთვის დათმობა, ვკითხე კომპენსაციას მაძლევდნენ, თუ ალტერნატიულ ფართს შემომთავაზებდნენ, რაზეც ბერიშვილმა მიპასუხა, რომ ამ საკითხზე ხმა საერთოდ არ ამომეღო. პირდაპირ მითხრა, არც კომპენსაცია და არც ალტერნატიული ფართი არ იქნებაო.

სახელმწიფოს სჭირება ეს მიწა და უნდა გადასცეო. ასევე დამავალეს, რომ იმ ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთები, რომელიც ჩემს ნათესავებს ასევე კანონერად ეკუთვნოდათ, მისულიყვნენ პროკურატურაში და დაეწერათ განცხადება მიწის ნაკვეთის სახელმწიფოსთვის ჩუქებასთან დაკავშირებით. რამდენიმეჯერ გამიმეორეს, რომ მიწა სახელმწიფოს სჭირდებაო.

ეს საუბარი, რომ სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადაგეცათ მიწის ნაკვეთი, კორექტულ ფორმებში მიდიოდა?

- იქ არ იყო დედის გინება, მაგრამ სიტყვიერი ზეწოლით, ნაწილობრივ შეშინებით, ნაწილობრივ რბილი საუბრით, ნაწილობრივ მუქარით, ოჯახის წევრების, ნათსავების და სამსახურების „თბილად“ მოხსენიებით, ბოლოს კი კატეგორიული მოთხოვნით, კატეგორიული წინადადებით გამომისტუმრეს და მითხრეს, რომ მე და ჩემ ახლო ნათესავებს დროულად დაგვეწერა განცხადებები და სახელმწიფოსთვის ნებაყოფლობით ჩაგვებარებინა მიწის ნაკვეთები. თანაც, გამაფრთხილეს, შენი ნათესავები შენ თვითონ წაიყვანე საჯარო რეესტრში ისე, რომ ზედმეტი საუბრები და მოქმედებები არ იყოსო. ისეთი ვითარება შეიქმნა, რომ უკვე გასაკეთებელი იყო ეს საქმე, სხვა გამოსავალი უბრალოდ, არ დამიტოვეს.

როდესაც გითხრეს, რომ კომპენსაცია და ალტერნატიული ფართი არ იქნებოდა, ამის მიუხედავად მაშინვე დათანხმდით კუთვნილი მიწის ნაკვეთის სახელმწიფოსთვის გადაცემას?

- არა, შევეცადე დროის გაყვანას და ვუთხარი, რომ უნდა დავეკითხო ოჯახის უფროსს-თქო. მეორედ რომ მივედი, მაშინ უკვე კატეგორიულად მითხრეს, რომ ჩემი ნათესავებიც მისულიყვნენ საჯარო რეესტრში და დაეწერათ განცხადება სახელმწიფოსთვის ჩუქების შესახებ. იძულებული გავხდი, რომ სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადამეცა ჩემი კუთვნილი მიწის ნაკევეთი, ასევე გააკეთეს ჩემმა ნათესავებმა, სხვა გამოსავალი უბრალოდ არ იყო.

ამ საქმეზე ნერვიულობამ შეიწირა მამაჩემი. იმ დროს ამოქმედებული რეპრესიული მანქანის, სრული განუკითხაობის, უკანონობის, სამართალდამცავების უმოქმედობის და ადამიანის უფლებების დარღვევის გათვალისწინებით, რამდენიმე დღის დიდი თხოვნა-მუდარის შემდეგ ძლივს დავიყოლიე ჩემი ნათესავები და 2010 წლის თებერვალში საჯარო რეესტრში სამივეს დაგვაწერინეს განცხადება, მიწის ნაკვეთების ნებაყოფლობით ჩაბარების შესახებ. ეს ამბავი, უკვე რამდენიმე წელია, ნათესავებს შორის სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაშია გადაზრდილი და რით დასრულდება, არ ვიცი.

რომ არ დაგეთმოთ რა გაგრძელება შეიძლება მოყოლოდა ამ იძულებას?

- როგორც გითხარით, ჩემი ნათესავები წინააღმდეგი იყვნენ, რომ კუთვნილი ქონება სახელმწიფოსთვის გადაეცათ, მაგრამ მე ვაიძულე, რადგან ბერიშვილმა მითხრა, რომ პროკურატურაში მაინც დაიბარებენ და ჯობია შენ იმოქმედოო. ისეთი ვითარება შეიქმნა, აზრი არ ჰქონდა წინააღმდეგობის გაწევას. იცით რა განუკითხაობა იყო და როგორ აკავებდნენ ადამიანებს, ხან იარაღს უდებდნენ, ხან ნარკოტიკს და კიდევ რას შვრებოდნენ არავინ იცის. პირდაპირ გეტყვით, რომ შიში დამეუფლა. ისეთი შიში ვნახე და ისეთი სტრესი გადავიტანე, რომ ვიხსენებ, დღესაც შოკში ვარ. დარწმუნებული ვარ უარის შემთხვევაში დამიჭერდნენ. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ წერილით მივმართე პრემიერ-მინისტრს, ჩემი წერილი პროკურატურას გადაეგზავნა, მაგრამ პროკურატურამ მომწერა, რომ სასამართლოს მიმართეთ, ეს მათი პრეროგატივა არისო.

როგორ ფიქრობთ, რიგითი პროკურორის გია ბერიშვილის დონეზე გადაწყდა თქვენთვის ქონების წართმევა?

- არა, რა თქმა უნდა, გია ბერიშვილი და სხვები არაფერ შუაში არიან. ბუნებრივია, რომ ისინი იყვნენ ხელქვეითები, მაშინ სამეგრელოში და მით უმეტეს ზუგდიდში ყველაფერს ერთი კაცი წყვეტდა და ეს არის როლანდ ახალაია. რიგით პროკურორებს რა გეგმასაც დაუდებდნენ, ის უნდა გაეკეთებინათ, წინააღმდეგ შემთხვევაში იცით რაც მოუვიდოდათ. სხვათა შორის ბერიშვილმა მითხრა, რომ ეს არ იყო მისი ინიციატივა, დავალება არის ასეთი და უნდა გავაკეთოო. ცხადია, რომ რიგითი პროკურორი თვითნებურად არ გააკეთებდა, მან შეასრულა დავალება. როლანდ ახალაია იყო პროკურორი და ბუნებრივია, რომ მის გარეშე არ გადაწყდებოდა ეს ამბავი.