„რატომაც არა?!“, - ასე უპასუხა ბიძინა ივანიშვილმა კითხვას, როგორია მისი პოზიცია ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. ექსპრემიერი აცხადებს, რომ ამ თემაზე არავისთან მსჯელობა არ ჰქონია, მათ რიცხვში, არც ირაკლი ღარიბაშვილთან.
„ღარიბაშვილი ახალგაზრდა კაცია და შეუძლია, საქართველოს პოლიტიკაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს უახლოეს მომავალში და უფრო შორსაც. ის ძალიან ღირსეულად მოემსახურა თავის ქვეყანას და ღირსეულად წავიდა. ასე რომ, მე მივესალმებოდი დღევანდელი გადმოსახედიდან, თუმცა ორი წელიწადი დიდი დროა და ჯერ უნდა დაველოდოთ მოვლენებს, შეიძლება მანამდეც მოისურვოს ირაკლიმ გამოჩენა“, - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
მისივე შეფასებით, ღარიბაშვილი პოლიტიკაში კარგი სათადარიგო ვარიანტია და საჭიროების შემთხვევაში პოლიტიკაში დაბრუნების მზადყოფნა აქვს. ყოფილი პრემიერის თქმით, ამ დროისთვის ღარიბაშვილი დედოფლისწყაროშია და ბიზნესის რომელიმე დარგის შერჩევის პროცესშია, თუმცა, ამბობს, რომ შერჩევა გაუხანგრძლივდა.
„პოლიტიკური მზაობა აქვს. კარგ ფორმაშია. მეოთხე შვილი შეეძინა - გოგონა. კარგია, რომ ქართულ პოლიტიკაში ასეთი სათადარიგო მოთამაშეები გაჩნდნენ. მე უკვე 60-ს გადავაჭარბე, სათადარიგო მოთამაშედ ვერც ჩავითვლები და არც სურვილი მაქვს, მაგრამ ირაკლი არის კარგი ვარიანტი. ძველი პოლიტიკოსები მაინცდამაინც სანდოობით ვერ გამოირჩევიან, თუმცა ამ მხრივ ირაკლი არის უნიკალური მოვლენა. მას უყვარს თავის სამშობლო, თავისი ქვეყანა და აქვს განცდა, რომ საჭიროების შემთხვევაში ის დაბრუნდება“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
არჩევნებმადე 2 წლით ადრე, მმართველი გუნდის საპრეზიდენტო კანდიდატი უკვე ცნობილია და ის ირაკლი ღარიბაშვილი იქნება. ანალიტიკოსების განცხადებით, ფაქტობრივად, ცოტა ადრე მოუვიდა ივანიშვილს საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელება, რომლის მიზანიც შესაძლოა, საზოგადოებრივი აზრის მობილიზება იყოს ღარიბაშვილის გარშემო.
ღარიბაშვილის მმართველობასთან დაკავშირებით არსებობდა კითხვები და ეს კითხვები ძირითადად ეხებოდა კლანურ მმართველობას, რაზეც თავად ივანიშვილი გამოთქვამდა უკმაყოფილებას, რომ არ მოსწონდა ღარიბაშვილის გარშემო კლანური მმართველობის გაძლიერება, რასთან დაკავშირებით გააფრხილა კიდეც ირაკლი ღარიბაშვილი.
გამომდინარე იქიდან, რომ ივანიშვილმა დასაშვებად გახადა თემა, ღარიბაშვილი როგორც მომავალი საპრეზიდენტო კანდიდატი, ექსპერტი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ ალბათ, მიმდინარეობს შესაბამისი მომზადების პერიოდი. თუმცა, მისივე თქმით, კანდიდატის ადრე დასახელებას თავისი პრობლემები აქვს, რადგან, ემზადება როგორც მის მიმართ კეთილგანწყობილი, ასევე მისი კონკურენტი.
„კონკურენტებს დიდი დრო ეძლევა იმისათვის, რომ ძლიერი ბრძოლა გააჩაღონ საპრეზიდენტო არჩევნების დროს, აი, ეს პრობლემა აქვს ადრე დასახელებას. რაც შეეხება ღარიბაშვილთან დაკავშირებით კითხვებს, ნამდვილად, აღმასრულებელ ხელისუფლებაში უფრო მწვავე იყო კითხვები იმიტომ, რომ საკადრო პოლიტიკაში ხელგაშლილობისთვის აღმასრულებელ ხელისუფლებაში უფრო მეტი პირობებია. პრეზიდენტი კი თავის აპარატში თუ დანიშნავს ვინმე თავისიანს, თორემ მეტი გავლენა სახელისუფლებო სტრუქტურებზე არ აქვს“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.
მისივე თქმით, ერთგულების მაქსიმალური გარანტიისა და გარკვეული პოლიტიკური რეიტინგის შესაბამისად, ღარიბაშვილის საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელება გამორიცხული არ არის.
„ჭადრაკის ტერმინებით რომ ვილაპარაკოთ, ასეთ სვლაზე მეც ვიფიქრე, რადგან ივანიშვილი მარგველაშვილზე ხელახლა არ გააკეთებს აქცენტს, დასჭირდება კადრი თავისი პარტიიდან, რომ ერთგულების მაქსიმალური გარანტია ჰქონდეს, ასევე, ჰქონდეს გარკვეული რეიტინგი და ღარიბაშვილს უდაოდ აქვს პოლიტიკური რეიტინგი. შესაბამისად, ვიფიქრე, რომ ღარიბაშვილს წამოწევს წინა პლანზე, მაგრამ არ მეგონა ამ ნაბიჯს ასე ადრე თუ გადადგამდა, რადგან საპარლამენტო არჩევნებამდე საპრეზიდენტო კანდიდატზე საუბარი, ვფიქრობ, რომ ნაადრევია. თუმცა, ასეთი სვლა გამორიცხული არ არის“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.
კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ძაბირაძის განცხადებით, სანამ არ ვნახავთ რა ძალებით შევა „ქართული ოცნება“ პარლმანეტში და როგორ დაკომპლექტდება მთავრობა, მანამდე ნაადრევია საპრეზიდენტო არჩევნებზე საუბარი.
„რაც შეეხება ღარიბაშვილის პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებას, ივანიშვილმა არ გამორიცხა, რომ განიხილონ ეს საკითხი. ვფიქრობ, ეს არის დიპლომატიური გამოსავალი, როდესაც ლაპარაკობ რა და როგორ იქნება 2 წლის შემდეგ. ღარიბაშვილის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, ვთვლი, რომ ძალიან კარგი შს მინისტრი იყო, მაგრამ ვერ ზიდა პრემიერობის ტვირთი იმიტომ, რომ ძალიან ახალგაზრდა იყო ამისათვის, მის ასაკში ნებისმიერს გაუჭირდებოდა.
არა მგონია, რომ ჩვენ პრეზიდენტად უნდა ავირჩიოთ ასეთი ახალგაზრდა ადამიანი. თუ გამოვალთ იქიდან, რომ ჩვენ გვაქვს საპარლამენტო მმართველობა და არა საპრეზიდენტო, ღარიბაშვილი პრეზიდენტობისთვის ძალიან ახალგაზრდაა. მგონია, რომ საკმაოდ რთული იქნება, ასეთი აქტიური ახალგაზრდა კაცი საპარლამენტო რესპუბლიკაში იკავებდეს პრეზიდენტის პოსტს. უბრალოდ, ფსიქოლოგიურად გაუჭირდება. განა მარტო ღარიბაშვილს, არამედ ნებისმიერს გაუჭირდება.
საპარლამენტო მმართველობის ქვეყნებში პრეზიდენტები ნომილაური არიან, არანარი მექანიზმები არ გააჩნიათ, რომ ძალაუფლება განახორციელონ. ღარიბაშვილი თუ დაბრუნდება პოლიტიკაში, ვფიქრობ, ღარიბაშვილი უნდა დაბრუნდეს აქტიურ პოლიტიკაში და არა როგორც პრეზიდენტი“, - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.