„უნივერსიტეტის რექტორად დანიშნეს ჩინოვნიკი, რომელსაც აკადემიური პროფილი არ აქვს და კონცეფტუალური პულსი არ ესინჯება“

„უნივერსიტეტის რექტორად დანიშნეს ჩინოვნიკი, რომელსაც აკადემიური პროფილი არ აქვს და კონცეფტუალური პულსი არ ესინჯება“

სტუდენტური უკმაყოფილება, ხმები აკადემიური საბჭოს წევრებზე ზეწოლის შესახებ და წინასწარვე ცნობილი შედეგი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს ახალი რექტორი ჰყავს. აკადემიურმა საბჭომ რექტორის პოსტზე განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი შარვაშიძე აირჩია.

აკადემიური საბჭოს 36 წევრისგან მას მხარი 21-მა დაუჭირა, ფილოსოფოს გიორგი ბარამიძეს 6 ხმა არგუნეს, ხოლო პროფესორ ცირა ბარამიძეს - 5 ხმა, 4 ბიულეტენი კი ბათილად გამოცხადდა.

უნივერსიტეტში უკვე ამბობენ, რომ გია შარვაშიძე განათლების სამინისტროდან პორტირებული კანდიდატია და ამ არჩევნების ბედი იმთავითვე გადაწყვეტილი იყო. ამიტომაც უნივერსიტეტის შიდა წრეებში ცალკეულმა მეცნიერებმა იმთავითვე უარი თქვეს ფარსში მონაწილეობის მიღებაზე.

იყო თუ არა ეს მთლიანი საუნივერსიტეტო საზოგადოების არჩევანი, ამაზე საუბარს თსუ-ის პროფესურის ნაწილი ფარულად ამჯობინებს და ისინი თანხმდებიან, რომ ეს უნივერსიტეტისთვის პირველი შემთხვევა არ ყოფილა. ასე ხდებოდა წლების წინ, მათ შორის, 2004 წელსაც, როცა დიდმა სამეცნიერო საბჭომ „დაიწუნა“ ცნობილი მეცნიერი, კავკასიოლოგი, რუსთაველის საზოგადოების თავმჯდომარე მიხეილ ქურდიანი და სააკაშვილის მაშინდელ ფავორიტ, პროფესორ რუსუდან ლორთქიფანიძეს დაუჭირა მხარი. ცხადია, ხელისუფლებას მაშინ არ აწყობდა უნივერსიტეტის რეალური ავტონომიის მოსურნე მიხეილ ქურდიანი, რომელსაც პროფესორ-მასწავლებლებს შორის ბევრი მხარდამჭერი ჰყავდა. ამიტომაც იჯდა ეს უაღრესად ერუდირებული მეცნიერი, სტუდენტთა და პროფესორთა ფავორიტი ბოლო რიგებში და მეცნიერისთვის დამახასიათებელი თავმდაბლობით შეჰყურებდა უნივერსიტეტისთვის თავსმოხვეული რექტორის კანდიდატურას.

რაც შეეხება ახლანდელ პროცესებს, უნივერსიტეტის რექტორობის ერთ-ერთი კანდიდატი, ფილოსოფოსი, ცნობილი მეცნიერი გიორგი ბარამიძე იმთავითვე ამბობდა, რომ უნივერსიტეტში ამზადებდნენ „ლადო პაპავა 2“-ის კანდიდატურას. წინდაწინ დაწერილი სცენარის მიუხედავად, მან უბრალოდ გარისკა და სტუდენტების თხოვნა შეასრულა. სტუდენტები კი მოუწოდებდნენ კვალიფიციურ მეცნიერებს, განაცხადი შეეტანათ რექტორის პოსტზე.

დღეს გიორგი ბარამიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ მართლაც გამართლდა მოლოდინი, გიორგი შარვაშიძის არჩევა წინასწარ დაგეგმილი სცენარის მიხედვით მოხდა და, ჟარგონით რომ ვთქვათ, 23 სექტემბერს შედგა მისი რექტორობის „გაპრავება“. ამდენად, უნივერსიტეტის სამომავლო განვითარებაზე მთელი პასუხისმგებლობა დაეკისრება აკადემიური საბჭოს 21 წევრს და, მთლიანობაში, „აკადემიური საბჭო, როგორც სტრუქტურა, ამ პასუხისმგებლობას ვერ აიცილებს თავიდან. ამ ადამიანებმა ხომ უნივერსიტეტის რექტორად დანიშნეს ჩინოვნიკი, რომელსაც საერთოდ არ აქვს აკადემიური პროფილი და კონცეფტუალური პულსი არ ესინჯება“.

შეკითხვის საპასუხოდ, ღირდა თუ არა უკვე ორგზის მონაწილეობა ასეთ არჩევნებში, გიორგი ბარამიძემ აღნიშნა, რომ მისი მონაწილეობა თუნდაც იმიტომ ღირდა, რომ მომხდარიყო მთელი ამ პროცესის საზრისის გამომჟღავნება და საზოგადოებას თავიდან ბოლომდე პოლიტიკურად ანგაჟირებული პროცესი დაენახა.

„რა თქმა უნდა, დაანონსებულ სტუდენტურ პროტესტს მეც შევუერთდები, მაგრამ მე მაქვს პროტესტის სრულიად ლეგალური, აკადემიური საშუალებები. ეს არის სტატიების, ინტერვიუების გამოქვეყნება, მასმედიის საშუალებით მესიჯების გავრცელება, რომ ბატონი შარვაშიძის სახით უნივერსიტეტში დღეიდან დესტაბილიზაციის მუდმივი წყარო შევიდა. უნივერსიტეტი გაჟღენთილია პროტესტის სულისკვეთებით. დაანონსებული პროტესტი აუცილებლად იქნება და ეს პროტესტი იქნება ძალიან მძაფრი, რაც შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე სრულიად ლოგიკურია. ამაში ბრალი მიუძღვის იმ ხალხს, რომლებმაც რექტორის არჩევნები პოლიტიკურ პროცესად აქციეს. ჩემი სუბიექტური შთაბეჭდილების მიხედვით, აკადემიური საბჭოს წევრები კეთილგანწყობილნი იყვნენ რექტორობის სამივე კანდიდატის მიმართ, მაგრამ, სავარაუდოდ, ისინი ვერ გაუძლებდნენ მათზე განხორციელებულ ზეწოლას და უნივერსიტეტში პორტირებულ რექტორს, რასაც ბატონი შარვაშიძე არც მალავდა. გარკვეულწილად, ამ განწყობას ქმნიდა განათლების მინისტრის განცხადება, რომ ის მოხარული იქნებოდა, თუკი საბჭო გია შარვაშიძეს აირჩევდა სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად “,-აღნიშნა გიორგი ბარამიძემ.

აკადემიური საბჭოს წევრებზე გარკვეული ტიპის ზეწოლაზე საუბრობს, ასევე, უნივერსიტეტის რექტორობის კიდევ ერთი კანდიდატი ცირა ბარამიძე. პროფესორი ადასტურებს, რომ სტუდენტებისგან მასაც აქვს ინფორმაცია, რომ სამინისტროსგან განხორციელებული ზეწოლის შესახებ, მაგრამ ვერ აკონკრეტებს, უშუალოდ აკადემიური საბჭოს რომელი წევრი განიცდიდა ზეწოლას.

სამაგიეროდ, აკადემიური საბჭოს წევრებზე ზეწოლის შესახებ არაფერი სმენია გია შარვაშიძეს. მას მიაჩნია, რომ მინისტრის მოადგილედ მუშაობა, ასევე, არასამთავრობო სექტორსა და საერთაშორისო განათლებაში მოღვაწეობა დაეხმარება, რათა უნივერსიტეტში „გამოცდილება და კავშირები მიიტანოს“.

„არა მგონია, განათლების მინისტრის მოადგილეობა იმას ნიშნავდეს, რომ არ მქონდეს უფლება, არჩევითი თანამდებობა დავიკავო“.

„აუდიტორია 115“-ის წევრი ნათია ქარჩილაძე For.ge-სთან საუბარში ისევ ძველებურ პოზიციას ინარჩუნებს. ის ამბობს, რომ დანარჩენ სტუდენტებთან ერთად კვლავაც ეწინააღმდეგება გია შარვაშიძის კანდიდატურას, რომელმაც მარტში სტუდენტებთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ დანაპირები არ შეასრულა.

„განათლების მინისტრის მოადგილეობისას გია შარვაშიძეს უფრო მეტი ბერკეტი ჰქონდა, რომ ყველა პრობლემა, რაზეც დღეს საუბრობს, შეესრულებინა, მაგრამ მან ეს არ გააკეთა. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ განათლების სამინისტროდან ცალკეული ადამიანები უკავშირდებოდნენ აკადემიური საბჭოს წევრებს და ეუბნებოდნენ, შარვაშიძისთვის მიეცათ ხმა. ამიტომ, რაც არ უნდა დემოკრატიული პრინციპით ჩატარებულიყო ეს არჩევნები, წინარე პროცესი არ იყო დემოკრატიული და გიორგი შარვაშიძე არ იმსახურებდა რექტორობას. მინისტრ ჯეჯელავას შეუძლია პირადი სიმპათიები ჰქონდეს გია შარვაშიძის მიმართ, არც ის არის ცუდი, რომ შარვაშიძე განათლების მინისტრის მოადგილედ მუშაობდა, მაგრამ, ვინც ჩახედილია უნივერსიტეტის შიდა სამზარეულოში, კარგად იცის, რომ უნივერსიტეტში არიან კლანები, რომლებიც თავიანთ ინტერესებს ატარებენ. არსებული ინფორმაციით კი, შარვაშიძე გაურიგდა ამ შიდა კლანებს. ამიტომაც ჩვენთვის სასურველი კანდიდატურის, გიორგი ბარამიძის შანსები ძალიან დაბალი იყო, მიუხედავად იმისა, რომ აკადემიური საბჭოს ცალკეულმა წევრებმა პირად საუბრებში გვითხრეს, რომ გია ბარამიძეს დაუჭერდნენ მხარს. მათი არგუმენტით, გია შარვაშიძე არ წაადგებოდა უნივერსიტეტს“,-აღნიშნა ნათია ქარჩილაძემ და შარვაშიძის გამარჯვების გამო მოსალოდნელ სტუდენტურ აქციებზეც გაამახვილა ყურადღება.

მისი თქმით, ადეკვატური რეაქცია მოჰყვება ამ ყველაფერს და საკუთარი გეგმების შესახებ სტუდენტები მომავალში განაცხადებენ, თუმცა პროტესტის ერთ-ერთი კომპონენტი, ალბათ, აქციებიც იქნება.

ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ რექტორის ახლანდელი არჩევნები პოლიტიკური არ ყოფილა და არც განათლების სამინისტროში მუშაობა ჩაითვლება დანაშაულად. ამიტომ შარვაშიძეს ისეთივე უფლება ჰქონდა, წამოეყენებინა საკუთარი კანდიდატურა, როგორც ნებისმიერ სხვას.

„გარედან ისმის ხმები, თითქოს აკადემიური საბჭოს წევრებზე მიმდინარეობს ზეწოლა, მაგრამ მაშინ რატომ არ გამოვიდა ამ საბჭოს რომელიმე წევრი და რატომ არ თქვა ღიად, რომ მასზე ზეწოლა ხორციელდება და ხმის მიცემა აიძულეს? თუკი „აუდიტორია 115“-ის წევრები აქციებისთვის ემზადებიან, ეს არასწორი გადაწყვეტილებაა, რადგან მათი გადასაწყვეტი არ არის, ვინ უნდა იყოს უნივერსიტეტის რექტორი. ცოტა ზედმეტის უფლებას აძლევენ საკუთარ თავს. რაც შეეხება ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებას, რომ შარვაშიძე საუკეთესო კანდიდატურაა და თითქოს ეს მესიჯია აკადემიური საბჭოსთვის, რომ შარვაშიძის სასარგებლოდ გააკეთოს არჩევანი, გამაგებინეთ ერთი, რა ვალდებულება აქვთ აკადემიური საბჭოს წევრებს განათლების მინისტრის წინაშე? ანგარიშს აბარებენ მინისტრს, თუ ვის მისცეს ხმა? აქ ფარულ კენჭისყრაზეა საუბარი. ის, რომ თურმე შარვაშიძე წინასწარ ყოფილა დანიშნული, ამით შეურაცხყოფას აყენებენ აკადემიურ საბჭოს“, - აღნიშნა გიორგი ოთხმეზურმა.