გიორგი ორველაშვილის დაპატიმრების ერთადერთი მიზეზი „ქართული ოცნების“ წევრობა და აქციებში მონაწილეობა გახდა. კახეთის საგადასახადო ინსპექციის თანამშრომელი 2012 წლის მაისში ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს. დაკავებულს კახეთის ფინანსურ პოლიციაში განუცხადეს, რომ დანაშაული უნდა ეღიარებინა და ასევე, უნდა ეთქვა, რომ ქრთამს ნაწილს ნოდარ ჯავახიშვილს და რეზო შავიშვილს აძლევდა. ორველაშვილმა გამოძიებას ცრუ ჩვენება არ მისცა, რაც გლდანის N8 საპყრობილეში მისი წამებით და ხერხემლის დაზიანებით დასრულად. მიღებული ტრავმის შედეგად გიორგი ორველაშვილი მეორე ჯგუფის ინვალიდი გახდა.
რატომ ითხოვდნენ მისგან აღიარებით ჩვენებას და რა ეტაპზეა გამოძიება? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge გიორგი ორველაშვილს ესაუბრა.
ბატონო გიორგი რა ბრალდებით დაგაკავეს?
გიორგი ორველაშვილი: „ეროვნული ფორუმის“ წევრი ვიყავი, ჩემი შევიწროება 2010 წლიდან დაიწყო, მაშინ გამგეობაში ვმუშაობდი. მითხრეს, წადი თორემ დაგიჭერენო. მოხდა ისე, რომ მუშაობა დავიწყე საგადასახადო ინსპექციაში, იქ უკვე არ მაპატიეს ჩემი პოლიტიკური დამოკიდებულება. წარმოიდგინეთ, ხელფასს მაძლევდნენ და ამ დროს ოპოზიციაში ვედექი მიშას.
ღიად აფიქსირებდით თქვენს პოზიციას?
- თანამშრომლებთან ნაკლებად, მაგრამ მოსმენებზე ვიყავი აყვანილი. საგადასახადო ინსპექციაშიც დასაჭერად დამნიშნეს, რადგან ქუჩაში თუ დამიჭერდნენ, მაშინ წამალი, ან იარაღი უნდა ჩაედოთ. იცოდნენ, რომ ორივე შორს იყო ჩემგან და ამიტომ იფიქრეს, მოდი საგადასახადოში დავნიშნოთ და ქრთამზე დავიჭიროთო. ასეც გააკეთეს, დედაჩემს მიუტანეს სახლში ფული, რომელიც მე თვალით არ მინახია.
ვინ მიუტანა ფული?
- ცნობილმა აგენტმა რუსლან მამედოვმა. მისი ხელით მიუტანეს დედაჩემს ფული.
როგორ მოხდა მამედოვი თქვენს სახლში, იცნობდით მას?
- ქრთამის ვითომდა მიმცემად და პროვოკაციის განსახორციელებლად გამოიყენეს ცნობილი აგენტი, რუსლან მამედოვი, რომელმაც, როგორც მისთვის მიძღვნილი ორსაათიანი სატელევიზიო გადაცემიდან შევიტყე, ანალოგიური პროვოკაციით დააჭერინა ოცი ადამიანი. ხუთ შემთხვევაში პროკურორი და მოსამართლე ერთი და იგივე პიროვნებები არიან. ჩემი ერთ-ერთი სასამართლო სხდომიდან ხუთ წუთში ამ დუეტმა „ქრთამზე“ გაასამართლა პიროვნება, სადაც მოწმე კვლავ მამედოვი იყო.
რუსლან მამედოვი შეგნებულად გამაცნო საგადასახადოში ჩანერგილმა აგენტმა ლევან ქათამაშვილმა. იმდენად დამიახლოვდა, რომ მერე ერთად წავედით ხინკალზე. სახლამდე მიმაცილა, ანუ დედაჩემი გაიცნო და დაუახლოვდა. ეს იყო გეგმის ნაწილი. თქვენ წარმოიდგინეთ, დედაჩემს ასწავლიდა როგორ დაერგო სტაფილო. მოხდა ისე, რომ მომიწია თბილისში წამოსვლა, ამ დროს მამედოვი მივიდა სახლში, დედაჩემს მისცა 700 ლარი და უთახრა, რომ გიამ მასესხა და მოვიტანეო. დედაჩემმაც თანხა დაიტოვა.
ეს 700 ლარი მართლა ვალი იყო?
- არა, რას ამბობთ. ეს 700 ლარი ჩამითვალეს ქრთამის აღებად და ასე დამაკავეს. დილის შვიდის ნახევარზე თავზე დამადგა ფინასური პოლიციის თანამშრომლები, საცვლების ამარა წამომაგდეს ლოგინიდან და გამაქანეს კახეთის ფინანსურ პოლიციაში. ერთი დღე საცვლებით ვიჯექი დაკითხვაზე ფინანსურ პოლიციაში, შარვალი არ მაღირსეს. მითხრეს, რომ პროკურატუარაში ნამუშევარი ხარ და იცი, რომ 6-დან 9 წლამდე გემუქრება, 9 წელს მოგცემთ, პლუს, თანამდებობის ბოროტად გამოყენებისთვის 3 წელს დაგიმატებთო, ამიტომ შემომთავაზეს, რომ მეღიარებია ქრთამის აღება.
დაიწყო ჩემზე ფიზიკური ანგარიშსწორება და ფსიქოლოგიური ზემოქმედება, წყლით სავსე ბოთლით თავის არეში და მუცელში ცემა, ე.წ. „ქათმების“ საკანში ჩასმის მუქარა, დედის დაპატიმრება თანამომაწილის სტატუსით, გინება და ა.შ.
ამ წამების ფონზე აღიარეთ, რომ მამედოვმა ქრთამის სახით მოგცათ 700 ლარი?
- იძულებული ვიყავი მეღიარებინა. ჩემს ცემაში მონაწილეობდა კახეთის ფინანსური პოლიციის უფროსი, რომელმაც ამ ხელისუფლების პირობებში ძალიან დიდი თანამდებობა მიიღო, ეს გახლვათ ხუტა პაჭკორია, რომელიც სუს-ში მუშაობს. გამოძიება დაწყებულია, 8 თვეა რაც საქმე აღძრულია, ყველას გვარები მაქვს ნათქვამი გამოძიებისთვის.
დანაშაულის აღიარების მიუხედავად საპროცესო გარიგება არ შედგა და გადაგიყვანეს გლდანის N8 დაწესებულებაში, სადაც ასევე გაგრძელდა თქვენი წამება. რატომ?
- ეს ცალკე თემაა. ცემისგან გატეხილი მაქვს ხერხემლის ოთხი მალა. ვარ დაინვალიდებული, ალბათ, მთელი ცხოვრება ვერ გამოვჯანმრთელდები. ციხეში რომ შემიყვანეს, გადავთქვი ჩვენება, რომ ქრთამი ავიღე და ამიტომ მაწამეს. მერე უკვე მომთხოვეს, რომ ხელი დამედო „ერვნული ფორუმის“ წევრებზე, კერძოდ, რეზო შავიშვილზე, ან ნოდარ ჯავახიშვილზე და მეთქვა, რომ ქრთამს ვიღებდი იმისათვის, რომ მათთან მიმეტანა.
ეს ხდებოდა 2012 წლის მაისში, ამაზე რომ უარი ვუთხარი, მცემეს ისე, რომ მალა დამიმტვრიეს. ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვიყავი, ფაქტიურად დავხოხავდი, რადგან ცემის შედეგად ვერ დავდიოდი. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ 5 თვე ვეხვეწებოდი ციხის ექიმს, რენტგენი გადაეღო, რადგან ძალიან ცუდად ვიყავი, ვერ დავდიოდი. ეს ქალბატონი მომიტრიალდა და მეუბნება - დაჟეჟილი ხართ ბატონო გიორგი, რა მოხდა 16 წლის ხომ არ ხართ, გაგივლისო.
ვინ იყო ეს ექიმი?
- მაია ნოზაძე, მიცემული მაქვს მასზე ჩვენება პროკურატურაში. არ ვიცოდი, რომ მალა მოტეხილი მქონდა. მთავრობის შეცვლის შემდეგ, ზუსტად 3 ოქტომბერს გადამიყვანეს ციხის საავადმყოფოში და გადამიღეს რენტგენი. მანამდე არ გადავყავდით, უნდა მომკვდარვიყავი. აღმოჩნდა, რომ მალები დალეწილია, მიდებულია ზურგის ტვინზე. ექიმმა მითხრა, რომ ყოველ წამს შეიძლება ზურგის ტვინი გადაგეჭრათ, განძრევა არ შეიძლებაო.
ციხის ადმინისტრაციის თანამშრომლები გეუბნებოდნენ, რომ ნოდარ ჯავახიშვილისთვის და რეზო შავიშვილისთვის დაგედოთ ხელი, თუ გამომძიებელი?
- არა, გამომძიებელი იქ არ მინახია. ამას აკეთებდა ციხის ადმინისტრაცია. რეჟიმის უფროსი ოლეგ ფაცაცია ესწრებოდა ჩემს ცემას, რომელშიც რეჟიმის თანამშრომლები მონაწილეობდნენ. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ უკვე შეშინებული იყვნენ და მეორე დღესვე გადამიყვანეს მატროსოვზე, სადაც ნაცნობი ექიმი აღმოჩნდა. მოხდა ისე, რომ ჩემი საქმე, ანუ რენტგენის სურათი არ გამომაყოლეს, მაგრამ იზრუნა და მოიპოვა რენტგენის სურათი. ადამიანი გადაირია, განძრევის ნებართვა არ მომცა, რადგან არსებობდა რისკი იმისა, რომ ზურგის ტვინი გადაჭრილიყო.
ამის შემდეგ როგორ ვითარდება პროცესები, როდის დატოვეთ ციხე?
- სამოქალაქო საავადმყოფოში გამიკეთეს ოპერაცია, შემდეგ დაახლობით 2 კვირა ციხის საავადმყოფოში გადამიყვანეს, შემდეგ უკვე ამნისტიის საფუძველზე გამოვედი.
დღეს რა ვითარებაშია თქვენი უკანონო პატიმრობისა და წამების საქმე?
- 8 თვეა პროკურატურა იძიებს ამ საქმეს. მივეცი ჩვენებაც, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი ისმის პროკურატურისგან.
დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ ამბობს, რომ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს მათ მიმართ. ბატონი გიორგი, თქვენი ისტორიიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ, შეიძლება ითქვას, რომ პოლიტიკური ზეწოლა მიმდინარეობს ნაცმოძრაობის წინააღმდეგ?
- ამ ცემა-წამებისგან მეორე ჯგუფის ინვალიდი გავხდი, მაგრამ ინვალიდობასაც არ მაძლევენ და იცით რატომ? - იმიტომ, რომ სააკაშვილმა 2008 წელს ჯანდაცვის პროგრამიდან ამოიღო ხერხემალი. ადამიანს ხერხემალი სულ რომ არ ჰქონდეს, ინვალიდობას არ აძლევენ. ნახონ ჩემი ხერხემალი და მერე ილაპარაკონ პოლიტიკურ ზეწოლაზე. ე.წ. შურუპით მაქვს ხერხემალი დამაგრებული. უსუსური მთავრობა, რომ გვყავს იმიტომ საუბრობენ ნაციონალები დღეს პოლიტიკურ ზეწოლაზე. მაგათ ერთი წუთი არ დავტოვებდი გარეთ, სუყველას შევყრიდი თავიანთ შექმნილ ციხეებში და იგივე რეჟიმს ვანახებდი.
გამოიძიონ ჩემი საქმე და დაუდონ წინ, მარტო მე ვეყოფი მაგათ გასასამართლებად, 8 თვე გავიდა და რა ვერ გამოიძიეს? რა უფლებით ლაპარაკობენ ნაციონალები პოლიტიკურ დევნაზე?! ჯანამრთელობა წამართვეს, ცხოვრება თავზე დამენგრა, ისე ვარ გამწარებული, რომ ეგენი უნდა გაჭყლიტო. ნაცვლად იმისა, რომ დაისაჯონ, ისევ თანამდებობებზე არიან და ისევ პარტიულ სიებში შეიყვანეს. ეს არის გულსატკენი, ფეხებზე დაგვიკიდეს ის ადამიანები, რომლებმაც ჩვენი იდეისთვის გავიფუჭეთ ჩვენი ჯანმრთელობა.
იცით, ციხის ზედამხედველმა რა მითხრა? - შენ და შენისთანებს იმიტომ არ გაძლევდნენ მკურნალობის საშუალებას, რომ 2-3 წელიწადში უნდა მომკვდარიყავითო, რადგან ასეთი ბრძანება იყო. ცემისგან დალეწილ კაცს მაიძულებდნენ, რომ ე.წ. პრაგულკაზე გავსულვიყავი, ბიჭებს ხელით გავყავდით. ცემაზე დამაწერინეს, რომ ლოგინიდან გადმოვვარდი და ამიტომ დამემტვრა ხერხემალი - აბა, ნუ დაწერდი. იქ არავინ არ იყავი, ყოველ წამს გინება, შეფურთხება, შეურაცხყოფა, ადამიანური უნდა მოესპოთ შენში და ცხოველად უნდა ექციეთ.