განაჩენი სასამართლოს სახელით - სააკაშვილის ბრალეულობის საკითხი ცალკე განიხილება

განაჩენი სასამართლოს სახელით - სააკაშვილის ბრალეულობის საკითხი ცალკე განიხილება

ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე, სასამართლომ ვანო მერაბიშვილი, ერეკლე კოდუა და გია სირაძე დამნაშავედ სცნო. მერაბიშვილს 6 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლი კოდუას და სირაძეს 9-9 წლიანი პატიმრობა შეეფარდათ. ვალერი გელაშვილის განცხადებით, მისი ცემის ფაქტზე ბრალდებულთა სასჯელი ადეკვატურია, თუმცა ახლა მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სასამართლო პროცესის მოლოდინშია. საქმე ორ ეპიზოდად გაიყო და გელაშვილის ცემის ფაქტზე ექს-პრეზიდენტის ბრალეულობის საკითხი სასამართლოში ცალკე განიხილება.

როგორც ცნობილია, პარლამენტის წევრ ვალერი გელაშვილზე 2005 წელს მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის და მისი ცემის საქმეზე, მიხეილ სააკაშვილს, შს მინისტრს ივანე მერაბიშვილს, სოდ-ის უფროსს ერეკლე კოდუას და ამავე დეპარტამენტის სამმართველოს ყოფილ უფროსს გია სირაძეს ბრალი 2014 წელს წაუყენეს. სააკაშვილსა და მერაბიშვილს ბრალად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზება ედებათ, ხოლო კოდუასა და სირაძეს სიცოცხლისათვის სახიფათო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და ყაჩაღობა.

მაშ ასე, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და პარლამენტის წევრ ვალერი გელაშვილზე განხორციელებული თავდასხმისთვის დამნაშავედ სცნო და გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ვალერი გელაშვილის ინტერვიუ, რომელიც 2005 წლის 29 ივნისს, გაზეთ „რეზონანსში“ გამოქვეყნდა სათაურით „ვალერი გელაშვილი თავის სახლს სააკაშვილს დაუთმობს“. ამ სტატიაში გელაშვილი გამოთქვამდა უკმაყოფილებას მოქმედი პრეზიდენტის მიმართ, იმასთან დაკავშირებით, რომ მას წაართვეს ქონება, რომლის ღირებულებასაც არ უნაზღაურებდნენ. ამავე სტატიაში მან შეურაცხმყოფელი ფორმით ისაუბრა მაშინდელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირადი ცხოვრების შესახებ.

გამოძიებით დადასტურდა, რომ სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა ვალერი გელაშვილის სამაგალითოდ დასჯის მიზნით, პირადი შურისძიების მოტივით, საქართველოს თავდაცვის იმჟამინდელ მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს დაავალა ვალერი გელაშვილზე განეხორიელებინათ ფიზიკური ანგარიშსწორება, რაზედაც ოქრუაშვილისაგან მიიღო უარი. ამის გამო, სააკაშვილმა გელაშვილის ფიზიკური ანგარიშსწორება შს მინისტრს ივანე მერაბიშვილს დაავალა.

დავალების მიღების შემდეგ მერაბიშვილმა მის დაქვემდებარებაში მყოფი სოდ-ის დირექტორის ერეკლე კოდუას ორგანიზებით უზრუნველყო დავალების ზედმიწევნით შესრულება, რომელიც განხორციელდა 2005 წლის 15 ივლისს. სოდ-ის ოპერატიულმა თანამშრომლებმა და შეიარაღებული სპეციალური რაზმის მებრძოლებმა, თბილისში, მირცხულავას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილებისას, გელაშვილის ავტომანქანა ალყაში მოაქციეს, რის შემდეგაც თავს დაესხნენ დეპუტატს და მის თანმხლებ პირებს.

გამოძიებით დადასტურდა, რომ ერეკლე კოდუას დავალებით და სოდ-ის სამმართველოს უფროსის გიორგი სირაძის ხელმძღვანელობით, მოქმედმა სპეციალური რაზმის მებრძოლებმა ძალის გამოყენებით და ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით ავტომანქანიდან თანმხლებ პირებთან ერთად გადმოიყვანეს ვალერი გელაშვილი, იარაღის კონდახებით სასტიკად ცემეს და გაიტაცეს ვალერი გელაშვილის კანონიერ მფლობელობაში არსებული „Heckler Koch“-ის მარკის ცეცხლსასროლი იარაღი, ფულადი თანხა 10 000 აშშ დოლარი და ბეჭედი, ღირებული 50 000 ლარად. ცემის შედეგად ვალერი გელაშვილმა მიიღო სიცოცხლისათვის სახიფათო სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანება.

სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს ვანო მერაბიშვილის ადვოკატი. გიორგი ჩივიაშვილის განცხადებით, ფორმალურად ყველა სამართლებრივ პროცედურას დაიცავენ, თუმცა მათ არ აქვთ მოლოდინი, რომ ეს რაიმე შედეგს მოიტანს.

მისივე თქმით, ამ საქმეში მხოლოდ 2 ადამიანი იყო, ვინც უშუალოდ ვანო მერაბიშვილს ახსენებდა და ესენი არიან - ნინო ბურჯანაძე და ირაკლი ოქრუაშვილი, რომლებიც მისივე თქმით, საჯაროდ აცხადებდნენ, რომ არ გაუშვებდნენ შანსს ყოფილ მაღალი თანამდებობის პირებზე შური ეძიათ.

„არც ამ ინსტანციაში გვქონია რაიმე მოლოდინი. ჩვენ საერთო სასამართლოებს დიდი ხანია უნდობლობა გამოვუცხადეთ. ყველაზე მთავარი ჩვენთვის არა ეს განაჩენია, არამედ ის არის, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ვანო მერაბიშვილი ცნო როგორც პოლიტიკური პატიმარი. ახლა წინასაარჩევნო პერიოდია. ხელისუფლება, ბუნებრივია, ყველანაირად ცდილობს გადაფაროს ყველაფერი ამგვარი განაჩენებით, ახალი ბრალდებით.

ეს არ არის ახალი. 4 წელია გრძელდება და ერთი და იგივე წრეზე ვტრიალებთ, მაგრამ მერწმუნეთ, უახლოეს პერიოდში ხელისუფლება იძულებული იქნება სტრასბურგიდან მიღებული რეკომენდაციის საფუძველზე აღიაროს, რომ ვანო მერაბიშვილის სახით პოლიტიკური პატიმარი ჰყავს“, - აცხადებს გიორგი ჩივიაშვილი.

თავად ვალერი გელაშვილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენით კმაყოფილია და აცხადებს, რომ დაისაჯნენ როგორც ბრძანების გამცემები, ასევე შემსრულებლები. რაც შეეხება ცემაში მონაწილე რიგითებს, გელაშვილი ამბობს, რომ მათ მიმართ პრეტენზია არ გააჩნია და პატიობს, რადგან არ იცოდნენ რა სახის სპეცოპერაციაზე მიდიოდნენ.

„ასეთი განაჩენი მოსალოდნელი იყო. 11 წელიწადი ველოდებოდი დამნაშავეების დასჯას. ფაქტი როცა მოხდა, გამოძიება მაშინ უნდა დაეწყოთ, თუმცა 2005 წელსვე შეჩერდა. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ კი, 2013 წელს ხელმეორედ დაიწყო გამოძიება. ეს ყველაფერი, უკავშირდებოდა რეზიდენციის მშენებლობას“, - აცხადებს ვალერი გელაშვილი.

მისივე თქმით, 2003 წელს, როცა ხელისუფლება შეიცვალა, მიხეილ სააკაშვილს მის მფლობელობაში არსებულ სახლში უნდოდა გადასახლება და შესთავაზა, რომ სახლი სახელმწიფოსთვის მიეყიდა. როგორც გელაშვილი აცხადებს, მოხდა მასთან შეთანხმება და პარალელურად დაევალა მის მიერ დაფუძნებულ კომპანიას რეზიდენციის მშენებლობა.

„ერთი წლის განმავლობაში ჩემი კომპანია ახორციელებდა სამუშაოებს და როდესაც საქმე თანხის გადახდაზე მივიდა, მათ უარი თქვეს ფულის გადახდაზე, რასაც ჩემგან ადეკვატური რეაგირებები მოჰყვა. როდესაც უგულავამ დამიბარა და მითხრა, გადმოგვიფორმე რეზიდენცია, თორემ... თორემ? - ვკითხე, რა მომივა თქო. ამას ჩემი მხრიდან ადეკვატური რეაქციები მოყვა, რადგან ფულს არ იხდიდნენ“, - აღნიშნა ვალერი გელაშვილმა.

გელაშვილის საქმეზე სასამართლოს განაჩენს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ გელაშვილი წინა ხელისუფლების დროს სასტიკად სცემეს, სიკვდილამდე მიიყვანეს მხოლოდ იმიტომ, რომ ბიზნესმენს კუთვნილ ფულს არ უხდიდნენ.

„გელაშვილის სახე, კადრები გინახავთ, რა ჰქვია ამას? რა ხელისუფლება ჰქვია ამას? რისთვის სცემეს? ოფისი წაართვეს, არ უხდიდნენ ფულს. ისე სცემეს სიკვდილამდე მიიყვანეს, შემთხვევით გადარჩა. გელაშვილის მსგავსი ფაქტის შემდეგ კრიმინალები საოზოგადოებას პირდებიან ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციას. ისინი ამ კრიმინალს მოიტანენ უკან.

რის დეკრიმინალიზაცია?... თავშივე ცრუობს მელიაც და ხოშტარიაც. როგორ არ რცხვენიათ? რომელი ეკონომიკური დანაშაულებების დეკრიმინალიზაციაზეა საუბარი? კრიმინალურ ხელისუფლებას წარმოადგენდნენ. გელაშვილის მაგალითი იდეალურია. ალბათ, იტყვიან არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები, რომლებიც ალბათ, ნაციონალების წევრები არიან, როგორ გაბედეს და გამოაცხადეს განაჩენი, როდესაც ვალერი გელაშვილი ხაშურში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად კენჭს იყრის“, - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.