საფრანგეთმა პლასტმასის ჭურჭლის გამოყენება აკრძალა. ახალი კანონით, რომელიც 2020 წელს შევა ძალაში, იკრძალება პლასტმასის ჭიქების, დანა-ჩანგლებისა და თეფშების გამოყენება. ამიერიდან პლასტმასი ბიოლოგიური წარმოშობის პროდუქტებმა უნდა ჩაანაცვლოს. აღნიშნული კანონი მწვანე ენერგიაზე საფრანგეთის გადასვლის გეგმის ნაწილია.
აკრძალვას უკვე არაერთი მომხრე და მოწინააღმდეგე გამოუჩნდა. ეკოლოგები იწონებენ ამ სიახლეს, თუმცა ბიზნესმენები ნეგატიურად აფასებენ და აცხადებენ, რომ პლასტმასის ჭურჭლის აკრძალვის კანონი ეწინააღმდეგება ევროკავშირის კანონებს საქონლის თავისუფალი გადაადგილების შესახებ.
განსაკუთრებით, აღშფოთებულნი არიან შესაფუთი მასალების მწარმოებლები. ისინი განმარტავენ, რომ არ არსებობს მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდება ბიოლოგიური წარმოშობის ნივთიერებების უპირატესობა გარემოსთან მიმართებით.
საფრანგეთის მსგავსად, პლასტმასის ჭურჭელზე შეზღუდვების დაწესებას, სავარაუდოდ, საქართველოც გეგმავს. აქ უკვე საუბრობენ იმაზე, რომ შესაძლოა, ისეთი პროდუქციის წარმოების სუბსიდირება მოახდინონ, რომელიც ჩაანაცვლებს პლასტმასს. ასევე, აქტიურად მიმდინარეობს მსჯელობა ცელოფნის პარკების ჩანაცვლებასთან დაკავშირებით.
საქართველოში ნაკლებად ფლობენ ინფორმაციას, რა ზიანი შეიძლება მოჰყვეს პლასტმასის ჭურჭლის გამოყენებას, რომელიც ხშირად შეიცავს სინთეზურ ნივთიერება „ბისფენოლ– A“-ს.
ბავშვის საკვები ბოთლების გარდა, ბისფენოლ–A, აგრეთვე, შედის საკვებისა და სითხის შესანახი კონტეინერების, ბოთლების, შესაფუთი მასალის, დაკონსერვებული პროდუქტის ჭურჭლის, კომპაქტდისკების, სამედიცინო ხელსაწყოების შემადგენლობაშიც.
აშშ-ში ჩატარებულმა უამრავმა კვლევამ ბისფენოლ A-ს მავნებლობა დაამტკიცა. შესაბამისად, ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მიერ 2003-2004 წლებში ჩატარებული კვლევის შედეგად ამ ნივთიერების ნეგატიურ გავლენაზე ალაპარაკდნენ. იმ პერიოდში ცდები ცხოველებზე ჩატარდა და მეცნიერებმა ივარაუდეს, რომ ბისფენოლ-A უარყოფით გავლენას ახდენდა რეპროდუქციული, ნერვული და იმუნური სისტემების მუშაობაზე. ამასთანავე, იგი წარმოადგენდა კანცეროგენურ ნივთიერებას და თავის ტვინის განვითარების პათოლოგიებს იწვევდა.
კვლევებს რეკომენდაციებიც მოჰყვა. მთავარი რეკომენდაცია კი ასე ჟღერდა: მწარმოებლებმა გაყიდვიდან უნდა ამოიღონ ბისფენოლის შემცველი პროდუქცია. თუ მაინც იყენებთ პლასტმასისგან დამზადებულ ბოთლს, არ უნდა ჩაასხათ მასში მდუღარე (ცხელი) მასა. არ გარეცხოთ ბოთლი ძლიერი ქიმიური შემადგენლობის სარეცხი საშუალებით და არ გამოხარშოთ იგი. მოერიდეთ საკვებიანი პლასტმასის ბოთლის მიკროტალღოვან ღუმელში გაცხელებას. დაკაწრულ-დაზიანებული ბოთლები კი გადაყარეთ, რადგან ნაკაწრმა შეიძლება მეტი ბისფენოლ-A-ს გამოყოფა გამოიწვიოს.
საკონსულტაციო კომპანია Key communications დამფუძნებელი თეონა ბაღდავაძე For.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ ამ რამდენიმე თვის წინ კამპანია „ჩაანაცვლეს“ ფარგლებში მათ მოუწოდეს საქართველოს მოსახლეობას, ყოველდღიურ გამოყენებაში პლასტმასის პროდუქცია მინის პროდუქციით ჩაენაცვლებინათ. ამის მიზეზი ის იყო, რომ საქართველოში ძალიან დაბალ დონეზე გახლდათ ცნობადობა პლასტმასის გამოყენების საფრთხესთან დაკავშირებით.
„ეს საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება შემოდგომის პერიოდში, როდესაც დიასახლისები ზამთრისთვის დამზადებულ ცხელ პროდუქტებს პლასტმასის ბოთლებში ინახავენ, რაც ნეგატიურად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე. ძირითადად ეს რეგიონებს ეხება. პლასტმასი შეიცავს მავნე ნივთიერებას - „ბისფენოლ A“-ს, რომლის ჭარბი მოხვედრაც ორგანიზმში სხვადასხვა ტიპის დაავადებას იწვევს. ამიტომაც დავიწყეთ კამპანია „ჩაანაცვლე“, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა, მათ შორის, სოციალურ ქსელებში. მოსახლეობის ნაწილმა დაიწყო თავისი ქცევის შეცვლა. თუმცა აქ უკვე ჯერი სახელმწიფოზეა, რომელმაც უნდა აიღოს პასუხისმგებლობა მოსახლეობის ინფორმირებულობის თაობაზე. მესმის, რომ პლასტმასის მწარმოებლები მაქსიმალურად შეეცდებიან საკუთარი პროდუქციის ლობირებას. ამიტომაც ცდილობენ, დაგვარწმუნონ, თითქოს პლასტმასის ჭურჭლის აკრძალვის კანონი ეწინააღმდეგება ევროკავშირის კანონებს საქონლის თავისუფალი გადაადგილების შესახებ. თუმცა, როცა ჯანმრთელობაზეა საუბარი, ჩემი მოსაზრებით, სავაჭრო ხელშეკრულებით აპელირება შეუსაბამოა. ჩვენი შვილების ჯანმრთელობისთვის ზრუნვა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სავაჭრო ხელშეკრულებები, რომლებიც შეიძლება გადაიხედოს“, - აღნიშნა თეონა ბაღდავაძემ.
მანვე განმარტა, რომ სახელმწიფომ უნდა დაგვანახოს, რაოდენ მარტივი და მნიშვნელოვანია პლასტმასის ჩანაცვლება მინით. გასაგებია, რომ საქართველოში ბრძოლა გამოუცხადეს ცელოფნის პარკებს, მაგრამ ცელოფანი მხოლოდ გარემოზე მოქმედებს უარყოფითად, მაშინ, როცა პლასტმასის ჭურჭელს აქვს უშუალო ზეგავლენა საკვებზე და ორივეზე უარყოფითად მოქმედებს, როგორც გარემოზე, ისე - ადამიანის ჯანმრთელობაზე.
თეონა ბაღდავაძის თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით ევროპელები გაცილებით ინფორმირებულნი არიან და თვითონვე აკეთებენ გამიზნულ არჩევანს. განსაკუთრებით, ეს ეხება ტრანსპორტირებად პროდუქციას, რომელიც იმპორტის სახით შემოდის და გადის ექსპორტზე.
„არის რამდენიმე ტიპის საფრთხე, ერთი, როდესაც ადამიანები სახლში მომზადებულ პროდუქციას ინახავენ პლასტმასის ბოთლებში, რაც მიუღებელია. მეორეა, როცა შემომტანი ან გამტანი კომპანია იყენებს პლასტმასს, როგორც შენახვის უფრო იაფ საშუალებას. ამის მიუხედავად, კარგია, რომ კომპანიების გარკვეული ნაწილი მინის შეფუთვას იყენებს. საქართველოში გვაქვს მინის წარმოება, ქართული მინის კომპანია უფრო და უფრო მოთხოვნადი ხდება, რადგან ბიზნესიც ხვდება, რომ მინის პროდუქციაზე მოთხოვნა იზრდება. ამის მიუხედავად, არსებობს კომპანიების დიდი ნაწილი, რომელიც კვლავაც პლასტმასში ჩამოსხმულ პროდუქციას აწვდის მომხმარებელს. ამიტომ მომხმარებელი, რომელიც გააკეთებს არჩევანს მინის პროდუქციის სასარგებლოდ, აუცილებლად მოსთხოვს სახელმწიფოს, პრიორიტეტული იყოს მისი ჯანმრთელობა. ვაჭრობა ძალზე მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს ჩვენი ჯანმრთელობის ხარჯზე“.