საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობისთვის ადეიშვილის ყოფილი მოადგილე - ზაზა თავაძე იბრძვის

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობისთვის ადეიშვილის ყოფილი მოადგილე - ზაზა თავაძე იბრძვის

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტი ჯერ კიდევ ვაკანტურია, თანამდებობისთვის პოლიტიკური ბრძოლა კი, უკვე დაწყებულია. for.ge-ს ინფორმაციით, საკონსტიტუციო სასამართლოს ხელმძღვანელობა მოქმედ მოსამართლეს ზაზა თავაძეს სურს, რომელიც იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის მოადგილე იყო.

საკონსტიტუციო სასამართლოს ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციით ირკვევა, რომ ზაზა თავაძე, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის მოადგილე იყო, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს, როგორც მთავარ პროკურატურაში, ასევე იუსტიციის სამინისტროში მუშაობდა.

კერძოდ, 2007 წლის მარტიდან 2008 წლის თებერვლამდე, ზაზა თავაძე საქართველოს გენერალური პროკურატურის საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი იყო, ხოლო 2008-2010 წლებში, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე.

როგორც ჩანს, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტის დაკავების მიზნით, თავაძეს აქტიური მუშაობა უკვე დაწყებული აქვს, რადგან წყაროს ცნობით, უზენაესი სასამართლოს პლენუმს საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი უზრუნველყოფისა და კვლევების დეპარტამენტის უფროსის, თეიმურაზ ტუღუშის კანდიდატურა სწორედ მისი წარდგენით შესთავაზეს.

წყაროს ინფორმაციით, თავაძე უზენაეს სასამართლოში ტუღუშის კანდიდატურის გაყვანას მურუსიძე-ჩინჩალაძით ცდილობს, რითაც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე გასვლისთვის საჭირო ხმებს აგროვებს.

უზენაესი სასამართლოს პლენუმი თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ამის თქმა რთულია, თუმცა, მიმდინარე კვირას ჩანიშნულ სხდომაზე, მოსამართლეებს კანონის იმ ნორმის გათვალისწინებაც მოუწევთ, რომლის მიხედვითაც, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა შერჩევისას საქართველოს პრეზიდენტი, პარლამენტი და უზენაესი სასამართლო კანდიდატის პროფესიულ გამოცდილებას ითვალისწინებენ, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის მაღალ სტატუსს უნდა შეეფერებოდეს.

იქედან გამომდინარე, რომ იურისტები ტუღუშის გამოცდილებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ, უპრიანია, ეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემაც გაითვალისწინოს.

იმ შემთხვევაში, თუკი უზენაესი სასამართლოს პლენუმი ტუღუშის კანდიდატურას მხარს დაუჭერს, ის საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის პოსტზე ფიცს, სავარაუდოდ, ოქტომბერში ირინა იმერლიშვილთან და გიორგი კვერენჩხილაძესთან ერთად დადებს, რომლებიც ამ თანამდებობაზე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილმა წარადგინა.

მართალია, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობა ზაზა თავაძეს სურს, თუმცა, ამ პოსტზე რეალურ კანდიდატად უშიშროების საბჭოს მოქმედი მდივანი ირინა იმერლიშვილი მოიაზრება. თავაძესაც და იმერლიშვილსაც პოსტზე დანიშვნისთვის ხუთი ხმა სჭირდებათ, ახლა კი ჯერი, მოსამართლეებზეა.

შეგახსენებთ, რომ კანონმდებლობით, საკონსტიტუციო სასამართლოს კიდევ ერთი წევრის წარდგენის ვალდებულება პარლამენტს აქვს, თუმცა, „ქართული ოცნება“ გადაწყვეტილების მიღებას მეცხრე მოწვევის პარლამენტს ანდობს და ამჟამად, კენჭისყრისგან თავს იკავებს.