ივანე ჯავახიშვილის სავარძელი 23 სექტემბრამდე ვაკანტურია. ღირსეულ მეცნიერებს აქვთ სურვილი, საკუთარი გამოცდილება უნივერსიტეტს მოახმარონ, თუმცა პოლიტიკური გავლენებისგან შეკრული წრის გარღვევა უჭირთ. ერთ-ერთი მათგანია „ნაციონალების“ დროს უნივერსიტეტიდან განდევნილი ლექტორი, ფილოსოფოსი გიორგი ბარამიძე, რომელიც ყოველთვის სტუდენტების გვერდით იდგა და მიაჩნდა, რომ სტუდენტური პროტესტი ყველაზე სამართლიანია. მის კალამს არაერთი მეცნიერული ნაშრომი ეკუთვნის, რომ არაფერი ვთქვათ, მის ულევ მთარგმნელობით მოღვაწეობაზე, რაშიც მას ორ ათეულზე მეტი ენის ცოდნა ეხმარება.
For.ge რექტორობის კანდიდატ გიორგი ბარამიძეს ესაუბრა.
საუნივერსიტეტო საზოგადოებაში, განსაკუთრებით, სტუდენტებში თქვენ თანაგიგრძნობენ. როგორია თქვენი, როგორც დამოუკიდებლად მებრძოლის, შანსი დღევანდელ ვითარებაში, თუ რექტორის არჩევნების ბედი წინასწარ გადაწყვეტილია?
- უკვე გამოქვეყნდა უნივერსიტეტის განვითარების სამოქმედო გეგმა და კონცეფცია. კანდიდატებს შესაძლებლობა გვაქვს, გავეცნოთ ერთმანეთის კონცეპტებს. რა თქმა უნდა, მე ამ საქმის სპეციალისტი, განათლებით ფილოსოფოსი გახლავართ და კონცეპტები ჩემი საქმეა. ამას ვამბობ იქიდან გამომდინარე, რომ დებატებში უცნაური ვითარება გამოიკვეთა. მაგალითად, რექტორობის კანდიდატი, ბატონი გია შარვაშიძე ამბობს, რომ იგი განათლების პოლიტიკის სპეციალისტია, რასთან დაკავშირებთაც დიდი ეჭვებია. რაც შეეხება კონცეპტუალურ მხარეს, რომ ჩვენ გვევალება, გვქონდეს უნივერსიტეტის კონცეპტი და მისი განვითარების გეგმა, ამ მხრივ სრული უბადრუკობაა რექტორობის კანდიდატის - შარვაშიძის მიერ წარდგენილ მასალაში. კონცეპტის ნასახიც კი არ არის მასში და, რბილად რომ ვთქვათ, პერსონალურად მწყრალად არის კონცეპტუალურ აზროვნებასთან. ეს ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან უნივერსიტეტი არის კონცეპტუალური აზროვნების კერა, იქ უნდა ხდებოდეს კონცეფციების გამომუშავება. ცოდნა სხვა სახით არ არსებობს, თუ არა კონცეპტების სახით. ეს არის, რაც დღეს უნივერსიტეტს არ აქვს და გამოაცალეს ისეთმა ჩინოვნიკებმა, როგორიც თვითონ შარვაშიძეა.
ტელეკომპანია „მაესტროზე“ მან თვითლუსტრაცია მოაწყო, როცა მარტო დაჯდა თავისი აზრების გამოსათქმელად და თანაბარ პირობებში ყოფნა დანარჩენ ორ კანდიდატთან ერთად არ ისურვა. ჯერ ერთი, საკუთარ თავს თვითონვე უწოდა, რომ ის პორტირებულია უნივერსიტეტში. უფრო მეტიც, განათლების მინისტრმა გააკეთა განცხადება, რომლითაც წერტილი დაუსვა არათუ უნივერსიტეტის ავტონომიურობას, არამედ დემოკრატიული აზროვნების განვითარების შესაძლებლობას საქართველოში. მან პირდაპირი ტექსტით მოუწოდა უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს, სადაც ძალზე კვალიფიციური ადამიანები არიან, რომლებმაც უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, თუ ვინ უნდა გახდეს უნივერსიტეტის რექტორი, რომ ის მოხარული იქნება, თუკი ამ პოსტზე იხილავს ბატონ შარვაშიძეს. ეს პირდაპირი ჩარევაა უნივერსიტეტის საშინაო საქმეებში და მისი ავტონომიის დასამარების მცდელობაა.
შარვაშიძემ აღნიშნა, რომ ის სამჯერ იყო განათლების მინისტრის მოადგილე, ერთხელ - პირველი მოადგილე. ეს მთელი ეპოქაა და იმ პერიოდს მოიცავს, როცა განათლების სისტემა დასამარდა საქართველოში. მის დროს კონცეფციის დონეზეც კი სასიკეთო არაფერი გაკეთებულა, აღარაფერს ვამბობ პრაქტიკულ მიმართულებებზე. შარვაშიძემ თქვა, ახლა საქართველოში განათლების სისტემის ძირეული რეფორმირება იწყება, განათლება გამოცხადდა პრიორიტეტად, რაც აქამდე არ ყოფილა და სწორედ ამ ფონზე მოვდივარ უნივერსიტეტში, რათა ის ვიხსნა კრიზისისგანო. ელემენტარული ლოგიკის ამბავია, ადამიანი ორი დღის წინ იყო მინისტრის მოქმედი მოადგილე, ახლა კი სამინისტრო თავისი რიგებიდან უშვებს მას, ამ საქმის უზარმაზარ „სპეციალისტს“, როგორც მას მინისტრი ჯეჯელავა უწოდებს. როგორც ჩანს, სამინისტრო და სახელისუფლებო რგოლი შარვაშიძეს თავიდან იცილებენ, როგორც კვალიფიკაციის არმქონე ჩინოვნიკს.
შეიძლება, მხარი დავუჭიროთ სახელისუფლებო სპექტრის მიერ მიღებულ ამ გადაწყვეტილებას, რომ არა სიტუაციის არასასურველი გაგრძელება. შარვაშიძეს უშვებენ არა სახლში, არამედ უნივერსიტეტში და ის არის კანდიდატი, რომელიც უკვე რექტორის არჩევამდე დანიშნულია რექტორად. მთელი საზოგადოება ხედავს, რომ საფრთხე სადღაც ჩაბნელებულ უბნებსა და ბუჩქებში კი არ უნდა ვეძებოთ, არამედ დღეს უნივერსიტეტისა და, საერთოდ, საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის ხორცშესხმული საფრთხეა ბატონი შარვაშიძე, რომლის პორტირებასაც ახორციელებენ უნივერსიტეტის კედლებში.
ბოლო წლების განმავლობაში უნივერსიტეტს დაებედა, რომ ის კარგავდა ავტონომიას. ეს აწყობდა ხელისუფლებას, აწყობდათ გარკვეულ ძალებს, აწყობდა აკადემიური საბჭოს წევრთა ნაწილსაც, რომელზეც ძალადობით თუ კონფორმისტობით ხორციელდებოდა ზეწოლა. დღესაც საუნივერსიტეტო საზოგადოებისგან გამოდის ხმები, რომ აკადემიური საბჭოს დამორჩილებას ცდილობენ. ამიტომაც რექტორობის არაერთმა მსურველმა უარი თქვა საკუთარი კანდიდატურის წამოყენებაზე. ამ მხრივ რამდენად მოწყვლადია აკადემიური საბჭო და გაუძლებენ ზეწოლას?
- ნათლად ვხედავთ, რომ ასეთი ზეწოლა ხორციელდება. ვიმედოვნებ, საბჭოს შემადგენლობის უმრავლესობა ამ ზეწოლას არ დაექვემდებარება. იქ არიან ღირსეული და მაღალი დონის მკვლევარები, თავმოყვარე ადამიანები, რომელთაც, ყველაფერთან ერთად, მეცნიერული თავმოყვარეობა გააჩნიათ. ერთი წამითაც არ დავუშვებ, რომ ისინი ამას დაექვემდებარებიან, თუმცა არ გამოვრიცხავ, ამ საბჭოს შემადგენლობაში იყოს ზოგიერთი პირი, რომელიც ზეწოლას დაჰყვეს. ბუნებრივიცაა, ამხელა ორგანოში იყვნენ ასეთი ადამიანები. ამის მიუხედავად, უნივერსიტეტს იმხელა შინაგანი ძალა აქვს, რომ შესაძლოა, საბოლოოდ აკადემიური საბჭოს ყველა წევრმა მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც გამომდინარეობს უნივერსიტეტის (და არა გარე ძალის) ინტერესებიდან.
ადრე ბრძანებდით, რომ გარკვეული ძალები უნივერსიტეტში „ლადო პაპავა 2“ პროექტის განხორციელებას ცდილობენ. თუკი ასე მოხდა და უნივერსიტეტი საპროტესტო ტალღამ მოიცვა, ეს რამდენად შეარყევს ხელისუფლების იმიჯს, რომელმაც ვერ მოახერხა როგორც ერთი, ისე მეორე რექტორის შენარჩუნება და შესაძლოა, გია შარვაშიძესაც მოუხდეს უნივერსიტეტის დატოვება?
- ეს მათ იმიჯს შეარყევს. ჩემი ერთ-ერთი ძირითადი საქმიანობა მასმედიის სფერო, მისი განვითარებაა და ძალიან მაწუხებს ის ამბავი, რომ გარდა პოლიტიკური დანიშვნისა, ხდება შარვაშიძის ტელედანიშვნაც. ამის განხორციელებას შეეცადა შარვაშიძე „მაესტროზე“, როცა ორ კანდიდატთან მიმართებით სასათბურე პირობებში ჩაიყენა თავი, მაგრამ ეს სასათბურე პირობები კარგი გამოდგა თვითლუსტრაციისთვის. ვერ წარმომიდგენია, გია შარვაშიძე დიალოგში წამოსულიყო, ცხადია, ის შეეცდებოდა თავისი სისუსტეები დაეფარა.
აღმაშფოთებელია აგრეთვე როცა შეუწყნარებელ არაობიექტურობას იჩენს უნივერსიტეტის გაზეთი, რომელმაც არსებითად დაამახინჯა ჩემს ინტერვიუში მოტანილი ფაქტები და შეხედულებები. გაზეთის რედაქტორს, ქალბატონ ნინო კაკულიას მინდა შევახსენო,რომ უნივერსიტეტის გაზეთი თსუ ორგანიზაციული რგოლია და მისი სახელით გაკეთებული ყველა განცხადება და განხორციელებული ქმედება აღიქმება როგორც თსუ ადმინისტრაციის - რომლის წინაშეც ანგარიშვალდებულია გაზეთი და მისი რედაქტორი -- უხეში ჩარევა საარჩევნო პროცესში, რაც გონივრულ ეჭვს აჩენს მათ მიერ ჩემი როგორც რექტორობის კანდიდატის დისკრედიციის მცდელობაზე.
განათლების ახალმა მინისტრმა განათლების ჰაბად საქართველოს გადაქცევა დააანონსა. თუკი მართლაც აპირებენ ამ გეგმის განხორციელებას, საქართველოს ჰაბად გადაქცევა მხოლოდ მაღალფარდოვან სიტყვებად ხომ არ დარჩება? პორტირებული ადამიანები საყოველთაო განათლების რეფორმას აამაღლებენ? შეგიძლიათ, პირდაპირ დაასახელოთ ის წრეები, რომლებიც ლობირებენ შარვაშიძის კანდიდატურას?
- ასეთ პირობებში განათლების ჰაბად გადაქცევა მაღალფარდოვანი სიტყვებია. ყველას პირზე აკერია რეფორმები, პრიორიტეტები, ეს ყველაფერი ფასადი, სიტყვების რახა-რუხი და დემაგოგიაა. დემაგოგიის ნიმუშია სწორედ შარვაშიძე, მისი ე.წ. კონცეფცია, გამოსვლები. მთელი მისი მოღვაწეობა ერთი გაბმული დემაგოგიაა. ის ამბობს, რომ უნივერსიტეტში მოდის გუნდთან ერთად. ამ ძალებისთვის გუნდი არის ფეოდალური ამქარი, ანუ შარვაშიძე უნივერსიტეტში მოდის ფეოდალივით, მოჰყავს თავისი „გუნდი“, რომელიც ძალიან მალე აღმოჩნდება, რომ მისი ყურმოჭრილი ვასალია და უნივერსიტეტის 90-მილიონიანი ბიუჯეტი მათი სახრავი იქნება. ეს დგას ამ ფასადის უკან.
პოლიტიკურ სპექტრში არ არის იმის ნება, რომ რეალური საგანმანათლებლო პოლიტიკა განხორციელდეს საქართველოში?
- ამ ხელისუფლების დროს იყო ამის მცდელობა, რომ კონცეპტუალურ ხედვაში მოექციათ ეს ყველაფერი, მაგრამ, სამწუხაროდ, ისე ხდება, რომ სახელისუფლებლო სპექტრიდან ხან ერთი ძალა წამოიწევს, ხან მეორე, რომელთაც ფეოდალური მენტალობა ახასიათებთ. ბევრ მათგანს, მათ შორის, ბატონ შარვაშიძეს გამოყოლილი აქვს საბჭოური მენტალობა, ის ტიპური პოსტსაბჭოური ჩინოვნიკია, რომელიც, თავისი მოღვაწეობით, აკადემიური კორუფციის გაფურჩქვნის გარდა ხელს ვერაფერს უწყობს.
საუნივერსიტეტო საზოგადოება ფარულ თუ ღია საუბრებში ამბობს, რომ უნივერსიტეტისთვის სასურველია სამეცნიერო გამოცდილების მქონე კანდიდატურა. შარვაშიძეს კი, როგორც მეცნიერს, ისინი არ აღიქვამენ. ეს მაშინ, როცა უნივერსიტეტი მეცნიერების კერა უნდა იყოს. სინამდვილეში, როგორი მეცნიერია გია შარვაშიძე?
- ამ ადამიანის ოპუსებში, რაც ჩემთვის ხელმისაწვდომი გახდა, მეცნიერებისა და კვლევის ნასახსაც ვერსად აღმოაჩენთ. ეს არის მხოლოდ კონტექსტიდან ამოგლეჯილი ციტატები, რომლებიც არც ერთი შკალით არ ფასდება. დაინტერესებულ მკითხველს მინდა შევახსენო, რომ პირადად მე წლების განმავლობაში გახლდით ფილოსოფიის დარგებში სამეცნიერო ხარისხების მიმნიჭებელი საბჭოს თავმჯდომარე და ძალიან კარგად მესმის, როგორ უნდა შეფასდეს სადისერტაციო ნაშრომები და კონცეფციები. სამწუხაროდ, ამ პერსონის ნამოღვაწარში, არც მის CV-ში და არც სადმე, ამის შესახებ არანაირი ანგარიშგასაწევი რამ არ მოიპოვება. პრინციპულად შეუძლებელია მოიპოვებოდეს, რადგან, როგორც აღვნიშნე, მისთვის უცხოა კონცეპტუალური აზროვნება. მას არ ესმის ის სივრცე, სადაც მოდის, უნივერსიტეტმცოდნეობა კიდევ სხვა სფეროა. უნდა იცნობდე საუნივერსიტეტო განვითარების დღევანდელ ტენდენციებს, ათობით და ასობით უნივერსიტეტის სტრატეგია, ტაქტიკა უნდა გქონდეს შესწავლილი, სხვადასხვა სფეროდან ფუნდამენტურ გამოკვლევებს უნდა იცნობდე, მათ შორის, ეკონომიკის, სოციოლოგიის, კულტუროლოგიის და სხვა. ეს ეპოქა პოსტმოდერნისტულია, ამ ეპოქის უნივერსიტეტები აბსოლუტურად განსხვავებულია. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ რაღაც ქარგაზე უნდა გამოჭრა უნივერსიტეტი, არამედ უნივერსიტეტი როგორ უნდა განვითარდეს, ეს თვითონ უნივერსიტეტმა უნდა გადაწყვიტოს.
როცა ჩემი ოპონენტების წარმოდგენილ კონცეფციებში არსად არ არის ნახსენები, რომ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტი სახელმწიფო უნივერსიტეტია, ვთვლი, რომ ამას განგებ უვლიან გვერდს, რათა მათ ე.წ. კონცეფციებში არ გაიჟღეროს სტუდენტების სრულიად სამართლიანმა მოთხოვნამ, რომ სახელმწიფომ უნდა დააფინანსოს უნივერსიტეტი. ამით სურთ, არ გააბრაზონ მფარველები, რომლებიც ამ ადამიანის პორტირებას ახდენენ და მათგან საყვედური არ მიიღონ, რას ჰქვია, თქვენ უნდა მომთხოვოთ დაფინანსებაო?! უნივერსიტეტი უნდა იყოს თუ არა სახელმწიფო, ამას თავად უნივერსიტეტი გადაწყვეტს. ბატონი შარვაშიძის კონცეპტუალური აზროვნების სრული უმწეობა ჩანს მის დემაგოგიურ განცხადებებშიც, რომ უნივერსიტეტს უნდა ჰქონდეს სრული თავისუფლება და ავტონომია. მას არ ესმის, რა არის სისრულის კონცეპტი, არ იცის, განათლების კონცეპტი რა არის, რაღაც ტექნოლოგიებსა და პირამიდებზე ლაპარაკობს. ამ გაუაზრებელმა პირამიდებმა და ოთხკუთხედებმა დაღუპეს ჩვენი უნივერსიტეტი.
ჩემთვის ძალიან საპატივსაცემო, სიმპათიური ადამიანისა და მეცნიერის - ქალბატონი ცირა ბარამიძის მიერ წარმოდგენილ კონცეფციაშიც არის ისეთი მომენტები, რომელიც კონცეპტუალურად გააზრებული არ არის.
მოგვარეობის გამო არ გაგიჭირდებათ მასთან პაექრობა?
- პატივისცემის გარდა, შეუძლებელია, მის მიმართ რაიმე მამოძრავებდეს. დიდი ხანია, იგი მოღვაწეობს უნივერსიტეტში, რაღაც დონეზე იცის უნივერსიტეტის გასაჭირი, მაგრამ მანაც კონცეპტუალურ დონეზე ეს საკითხები არ იცის, არც არის ეს მისი პროფესია. უნივერსიტეტი არის უნივერსალური ცოდნის ინსტიტუტების დაწესების ფორმა. უნივერსიტეტი რომ იცოდე, ეპისტომოლოგი, ანუ ცოდნის სპეციალისტი უნდა იყო. მე ცოდნის სპეციალისტი ვარ, ეპისტომოლოგია ჩემი დარგია, ვიცი, დღეს რა ობიექტური და სუბიექტური გასაჭირი აქვს უნივერსიტეტს.
სტუდენტები, რომლებიც ბევრად უფრო გულწრფელნი არიან და თანამდებობრივი კომფორტი არ აღელვებთ, ამბობენ, რომ მოლაპარაკებების პროცესში გია შარვაშიძემ მოატყუა და დანაპირები არ შეუსრულა. მათ შორის, საუბარი იყო გარე რეფერირებაზეც, რასაც თქვენც იზიარებთ. უნივერსიტეტის ხედვის თქვენეული კონცეფცია როგორია?
- გარე რეფერირებას სტუდენტების სამართლიან და ყველაზე მნიშვნელოვან მოთხოვნად მივიჩნევ, რასაც ისინი ითხოვდნენ შარვაშიძისგან და ყველასგან, ვისაც ხელეწიფებოდა ამის გაკეთება. თუმცა მათ ეს არ გააკეთეს. ეს ნიშნავს, როცა უნივერსიტეტში აკადემიურ თანამდებობაზე შესარჩევ პირებს უცხოური ორგანიზაციები, ან საყოველთაოდ აღიარებული სპეციალისტები აფასებენ მათი ნაშრომების, გასაუბრების, ლექციების მიხედვით. გარე რეფერირება არც ერთ ჩემს ოპონენტს არ უწერია, ესეც მათი ტაქტიკაა. მათ არ სურთ, გადაიმტერონ უნივერსიტეტში გარკვეული წრეები და ისინი მათდამი ლოიალურ დამოკიდებულებაში ამყოფონ.
ამის მიზეზი, ალბათ, ისიცაა, რომ უნივერსიტეტის პერსონალს არ სურს, ისინი გარედან შეაფასონ, ამით მათი ამბიცია ილახება.
- როცა ადამიანებს ეუბნები, რომ თქვენ უნდა შეგაფასონ გარედან მოსულმა სპეციალისტებმა, ცხადია, ეს არ აწყობთ. უნივერსიტეტში არის აკადემიური პერსონალის ის ნაწილი, რომელიც ვერანაირ შემოწმებას ვერ გაუძლებს, გინდ გარე და გინდ შიდა რეფერირებას. თუკი შიდა რეფერირება სამართლიანი, თანასწორი, მიუკერძოებელი და ობიექტური კრიტერიუმით წარიმართება, ძალიან კარგი იქნება. თუმცა შეუძლებელია, დღეს ეს უნივერსიტეტში განხორციელდეს, რადგან უნივერსიტეტის სტრუქტურები ფორმით დემოკრატიული, შინაარსით კი ფეოდალურ-ვასალურ დამოკიდებულებაზეა აგებული. გარე რეფერირების ერთადერთი ალტერნატივა საერთო საუნივერსიტეტო კეთილი ნებაა. ამიტომ გარე რეფერირება არავის არ უნდა აფრთხობდეს. ჩემი კონცეფციის მიხედვით, უნივერსიტეტში უნდა განვითარდეს სამივე სეგმენტი - სწავლა, სწავლება და კვლევა. როცა ლაპარაკია თანამედროვე ტიპის კლასტერულ კვლევებზე (ანუ კვლევით პროგრამებზე, რომლებსაც შეიმუშავებენ უნივერსიტეტის შესაბამისი ცენტრები, შესაბამისი პერსონალის მიერ) და ეს იქნება ხუთ ან უფრო მეტწლიანი, საერთაშორისო პრაქტიკა ამასთან დაკავშირებით ასეთია, რომ ამ კვლევითი პროექტების შეფასება უნდა მოხდეს გარე რეფერირების საფუძველზე. გარე რეფერირება არ ნიშნავს, რომ მხოლოდ უცხოეთიდან იყოს მოწვეული სპეციალისტი. თუკი ამ ტიპის რეფერირებული შემფასებლები უკვე იქნებიან ქართულ აკადემიურ სივრცეში, შესაძლებელია, შემოწმება ადგილობრივ დონეზეც განხორციელდეს. თუ ეს არ არის, მაშინ ამ საკითხს თვითონ უნივერსიტეტი გადაწყვეტს. მთავარია, უნივერსიტეტს სტაბილური განვითარების საშუალება ჰქონდეს, გარედან პორტირებული და პოლიტიკურად დანიშნული დისკვალიფიცირებული რექტორებისა და აკადემიური პერსონალის გარეშე.
თქვენს მიერ დასმულ შეკითხვას დავუბრუნდები, სახელისუფლებო სპექტრში არის თუ არა ინტერესი განათლების მიმართ?! აშკარაა, ასეთი ინტერესი არის. შეიძლება, ვიღაც შემომედავოს, ამ ინტერესის უკან რა დგას?! ამაზეც შეიძლება ლაპარაკი, მაგრამ ინტერესი აშკარაა, დაანონსებულია ტექნოლოგიური ორი უზარმაზარი ცენტრის შექმნა საქართველოში, რაც ოპტიმიზმის საფუძველს აჩენს. სამწუხაროა, რომ ვითომ კონცეფციების წერას იწყებენ წარსულიდან. წარსულს პატივი უნდა მივაგოთ, მაგრამ, ამ შემთხვევაში, წარსული არაფერ შუაშია, ყველა პრობლემის გააზრება უნდა მოხდეს მომავლის თვალსაწიერში, რადგან საუნივერსიტეტო მოწესრიგების ცენტრში დგას სტუდენტობა.
ექსპერტები დანანებით აღნიშნავენ, რომ ჩვენს ახალგაზრდებში ტექნოლოგიური ცოდნა მოიკოჭლებს და საქართველოში შემოსულ სან-დიეგოს ამერიკულ უნივერსიტეტშიც ადგილებს ამიტომაც ვერ ავსებენ.
- გეთანხმებით, რომ ეს სისტემური პრობლემაა. ეს პრობლემები რომ არსებობს საქართველოში, ამის ერთ-ერთი არსებითი თანამონაწილეა ბატონი შარვაშიძე. თითქმის ნახევარსაუკუნოვანი პერიოდი, რაც ეს ადამიანი ამ სფეროში მოღვაწეობს, არაპროფესიონალიზმისა და ნგრევის პერიოდია. ცინიკურია შარვაშიძის განცხადება, რომ თურმე სამწუხაროა, უნივერსიტეტის შემადგენლობიდან არ წამოვიდა რექტორობის მსურველთა განცხადებები და მხოლოდ ბოლოს დარეგისტრირდა ქალბატონი ცირა ბარამიძე. ყველამ იცის, რომ შარვაშიძემ ყველაფერი გააკეთა ამ სივრცის ჩასაკეტად. მასვე უკავშირდება ის ფაქტი, რომ რექტორის არჩევის დღე დანიშნულია 23 სექტემბერს, ანუ სწავლის დაწყებამდე სამი დღით ადრე, რადგან მან, როგორც პოლიტიკურად წინასწარ დანიშნულმა კანდიდატმა, სტუდენტების დაბრუნებამდე არჩია ამ საკითხის გადაწყვეტა.
მინდა, მეორე მხარესაც შევეხო. შესაძლოა, ქალბატონი ცირა ხაზს უსვამდეს, რომ ის უნივერსიტეტიდანაა და დღესაც მოქმედი პროფესორია, ეს რეალობაა, მაგრამ მინდა გავიხსენო ის ამბავი, რომ მე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაზრდილი ვარ. აღნიშნული უნივერსიტეტი 1980 წელს დავასრულე და, სანამ დავასრულებდი, 1979 წლიდან უკვე კათედრაზე ვმუშაობდი. გავლილი მაქვს აკადემიური სივრცისთვის სავალდებულო ყველა საფეხური. ჯერ ლაბორანტად გახლდით კათედრაზე, შემდეგ ასისტენტად, შემდეგ დავიცავი საკანდიდატო, შემდეგ სადოქტორო დისერტაცია, გავხდი ფილოსოფიის თანამედროვე პრობლემათა შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი ჯგუფის უფროსი მეცნიერ-მუშაკი, მერე გავხდი ამ ჯგუფის ხელმძღვანელი, შემდეგ - ფილოსოფიის დარგებში სამეცნიერო ხარისხის მიმნიჭებელი საბჭოს თავმჯდომარე, კათედრის პროფესორი. რამდენიმე წლის განმავლობაში გახლდით უნივერსიტეტის პროფესორი და ეს გრძელდებოდა 2012 წლამდე, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობის“ არაკვალიფიციურმა, პოლიტიკურად ანგაჟირებულმა და მოტივირებულმა კომისიამ არ გამომიშვა.
გულდასაწყვეტია, რომ, როცა პოლიტიკურად კორუმპირებული ნაცრეჟიმი შეერწყა უნივერსიტეტის ადმინისტრაციას და ჩამოყალიბდა ერთი კორუმპირებული მონსტრი, რომელმაც უამრავი ადამიანის ბედი განსაზღვრა და შეუწყვიტა მუშაობა უნივერსიტეტში, მაშინ ეს ადამიანები, ჩემი ოპონენტის სახითაც, პირში წყალჩაგუბებულნი ისხდნენ თავიანთ კაბინეტებში და სათავისოდ მუშაობდნენ. ახლაც ძალზე უცნაურია, რომ სახელისუფლებო სპექტრის ზოგიერთი წარმომადგენელი ყველაფერს აკეთებს, რომ ისევ პარტიული და პოლიტიკური გახადოს უნივერსიტეტი.
როგორც ვიცი, პოლიგლოტი ბრძანდებით, ორ ათეულზე მეტ ენას ფლობთ და სამეცნიეროსთან ერთად, მთარგმნელობით მოღვაწეობასაც ეწევით. თუმცა საინტერესოა, გაქვთ თუ არა მმართველობითი გამოცდილება?
- ვფლობ ორ ათეულზე მეტ ენას, რომელთაგანაც ამ მომენტში უნივერსიტეტში წარდგენილ საბუთებში მითითებული მაქვს ცხრა ენა. ეს ნიშნავს, რომ ახლა ამ ცხრა ენაზე ვმუშაობ ინტენსიურად და მაქვს სოლიდური მთარგმნელობითი პრაქტიკა. ამავე დროს, გამაჩნია საერთაშორისო აღიარების მქონე სოლიდური სასწავლო გამოცდილება. თუმცა შეიძლება, ვინმე ფიქრობდეს, რომ მე არ მაქვს მმართველობითი გამოცდილება. სინამდვილეში, ასე არაა. 1997-99 წლებში მე ვიყავი საქართველოს პრეზიდენტის რეგიონული პოლიტიკისა და მართვის სასწავლო კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი და ეს პოსტი მაშინდელ პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძესთან პრინციპული უთანხმოების გამო დავტოვე. ასე რომ, როგორც აკადემიური ერთეულების მართვის, ასევე, სხვა სტრუქტურების მართვის გამოცდილებაც გამაჩნია.
დღეს რა დამოკიდებულება გაქვთ უნივერსიტეტთან, როცა დროებით უმუშავარი ბრძანდებით?
- უნივერსიტეტიდან გამოშვების შემდეგ ერთი წამითაც არ შემიწყვეტია მასთან ურთიერთობა. ამ ურთიერთობის ხიდი და საფუძველია ჩემი დამოკიდებულება სტუდენტებთან. ინტენსიური ურთიერთობა მაქვს სტუდენტების დიდ ჯგუფთან, კვალიფიციურ, ჩამოყალიბებულ მკვლევარებსა და მთარგმნელებთან, თსუ-ის მთარგმნელობით გაერთიანებასთან, რომლის მესვეურიცაა ქალბატონი ნინო აფციაური. ჩვენ წლების განმავლობაში ვთანამშრომლობთ. ჩვენმა სტუდენტებმა მნიშვნელოვანი თანამედროვე ტექსტები თარგმნეს სხვადასხვა ენიდან, რაც ახლა გამოდის ცალკე კრებულის სახით, რომლის სამეცნიერო რედაქტორიც მე გახლავართ. ვამაყობ ასეთი სასახელო სტუდენტებით და ეს კიდევ ერთხელ მაძლევს ძალას, არ დავიშურო ძალისხმევა ჩემი შეპირებების განსახორციელებლად. ცხადია, სტუდენტებთან ჩემი მუშაობა საზოგადოებრივ საწყისებზეა და მათთან მუშაობას არ ვთვლი იმ სფეროდ, საიდანაც მატერიალური სარგებელი უნდა მივიღო, განსხვავებით, იმ დისკვალიფიცირებული პერსონალიებისგან, რომლებიც უნივერსიტეტის კედლებში ბოდვების პროპაგანდაში იღებენ ანაზღაურებას.
„აუდიტორია 115“-ის წევრები მხოლოდ თქვენს კანდიდატურას გამოარჩევენ და ამბობენ, რომ მათ მოთხოვნებს იზიარებთ. მოვლენების არასწორად წარმართვის შემთხვევაში, ისინი საპროტესტო აქციებსაც არ გამორიცხავენ.
- მეც ვიზიარებ „აუდიტორია 115“-ის სამართლიან მოთხოვნებს, მაგრამ ღია ვარ ყველა სტუდენტისთვის. ასევე, ყველამ უნდა მიგულოს თავის გვერდით, ვისაც პროფესიულად აინტერესებს საუნივერსიტეტო საკითხების გააზრება. მარტის საპროტესტო გამოსვლების დროს სტუდენტურ აქციებში აქტიურ მონაწილეობას ვღებულობდი, 2012 წლის გამოსვლებშიც ვაქტიურობდი. ვთვლი, რომ სადაც სტუდენტური პროტესტი ჩნდება, იქ სიმართლეა და არ შეიძლება, იქ არ იდგე. თუ პროფესორი ხარ, პროფესორობა ნიშნავს იმას, რომ ხარ სტუდენტის თანამშრომელი. სხვათა შორის, ვიდრე ეს არჩევნები გამოცხადდებოდა, „აუდიტორია 115“-ის სტუდენტებმა მოუწოდეს კვალიფიციურ ადამიანებს, ვინც მათ მიერ სამართლიანად ჩამოყალიბებულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებდა, გამოხმაურებოდნენ რექტორის არჩევნებს. მე გავითვალისწინე მათი თხოვნა და, მიუხედავად იმისა, რომ პიროვნული შეხვედრები სტუდენტებთან იმ პერიოდში არ მქონია, შევიტანე განცხადება და რექტორობის კანდიდატად დავრეგისტრირდი.