სარკოზი და საქართველო

სარკოზი და საქართველო

„სარკო“ (როგორც ფრანგები ნიკოლა სარკოზის სიყვარულით მოიხსენიებენ) ისევ გამოჩნდა და, სავარაუდოდ, ისევ ელისეის სასახლეს უმიზნებს. თანაც, თავის დამსახურებებსაც არ ივიწყებს და ამ დამსახურებებში მნიშვნელოვან ადგილს საქართველოსაც უთმობს.

კერძოდ, 2017 წლის არჩევნებში საფრანგეთის პრეზიდენტობის სავარაუდო კანდიდატი, ნიკოლა სარკოზი მიიჩნევს, რუსეთისთვის სანქციების დაწესება უხეში შეცდომა იყო, რადგან მან რუსეთ-საქართველოს პრობლემა ყოველგვარი სანქციების გარეშე მოაგვარა. ამდენად, დასავლეთის მხრიდან მოსკოვთან მიმართებით ახალი ცივი ომის დაწყების მცდელობას სარკოზი უხეშ შეცდომად აფასებს: 
„საფრანგეთის პრეზიდენტად ყოფნის დროს ძალიან რთული პრობლემის მოგვარება მომიწია, რომელიც საქართველოში შეიარაღებულ კონფლიქტს ეხებოდა. ეს პრობლემა მე რუსეთის წინააღმდეგ მიმართული ყოველგვარი სანქციის გარეშე მოვაგვარე. დღეს კი, ჩვენი ხელისუფლების მიერ გამოცხადებული სანქციების და რუსეთში ექსპორტის აკრძალვის გამო, საფრანგეთის სოფლის მეურნეობა დიდ ზარალს განიცდის, ყოველწლიურად ერთი მილიარდი ევროს ოდენობით“,- განაცხადა ნიკოლა სარკოზიმ და ხაზი გაუსვა, რომ მსოფლიო დიპლომატიამ უხეში შეცდომა დაუშვა, როცა უკრაინის კრიზისის (ყირიმისა და დონბასის) გამო სანქციების გამოცხადებამდე რუსეთის პრეზიდენტთან მოლაპარაკება არ გამართა.

დღეს, როცა ტერაქტებისგან დაღლილ საფრანგეთში მხსნელს მოელიან, სარკოზის კვლავაც სოლიდური შანსი აქვს, ელისეის სასახლეში შეაბიჯოს. თუმცა რამდენად ლოიალური იქნება ის რუსეთის მიმართ და მართლაც შეძლო თუ არა რუსეთ-საქართველოს პრობლემის მოგვარება ყოველგვარი სანქციების გარეშე?!

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე For.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ ნიკოლა სარკოზის განცხადება უფრო წინასაარჩევნო პიარზეა აგებული და რეალობას სრულად არ ასახავს.

„მართალია, სარკოზის მიაჩნია, რომ მან რუსეთ-საქართველოს პრობლემა მოაგვარა, მაგრამ, იქნებ, დაეკონკრეტებინა, რა ნიშნავს პრობლემის მოგვარება? იმას, რომ ჩვენი ტერიტორიის 20% დავკარგეთ, ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია და რუსეთმა დამოუკიდებელ სახელმწიფოებად გამოაცხადა საქართველოს ორი რეგიონი? თუ გულისხმობს იმას, რომ სარკოზის ჩარევამ შეაჩერა რუსული ტანკების შემოსვლა თბილისისაკენ?! ეს ორი სხვადასხვა რამეა. კი ბატონო, რუსეთმა ხელი მოაწერა იმ ხელშეკრულებას, რომელზეც სარკოზი დღესაც ლაპარაკობს და თავის დამსახურებად მიიჩნევს, მაგრამ ეს ხელშეკრულება ფარატინა ქაღალდი გახდა, რადგან რუსეთს ერთი ნაბიჯიც არ გადაუდგამს ამ ხელშეკრულების შესასრულებლად. სარკოზის ამ მეთოდმა რომ არ გაამართლა, სწორედ ამან აიძულა დასავლეთი, უკრაინის კრიზისის გამო რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციები დაეწესებინა. მესმის, ამ სანქციებს დასავლეთში ერთმნიშვნელოვნად არ უყურებენ, იქაც თავიანთი ინტერესები აქვთ, მაგრამ დიპლომატიური ურთიერთობა არავის გაუუქმებია. სარკოზის ავიწყდება, რომ არსებობს მინსკის შეთანხმება, რომელიც ისევე არ სრულდება რუსეთის მხრიდან, როგორც ოთხთა მოლაპარაკება (საფრანგეთის, გერმანიის, უკრაინისა და რუსეთის მონაწილეობით), როცა უმაღლეს დონეზე იყო შეხვედრები, მაგრამ რეალური შედეგი არ გამოუღია“, - აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ და სარკოზის მახსოვრობა კიდევ ერთი დეტალით შეავსო. კერძოდ, პუტინის ნათქვამით, რომ იგი ყველაფერს განიხილავს, უკრაინისთვის ყირიმის დაბრუნების გარდა.

აქედან გამომდინარე, ქართველი პოლიტოლოგი თვლის, რომ ახლა სარკოზი ხმების მოპოვებას ცდილობს, ამიტომაც არბილებს ტონს რუსეთის მიმართ, მაგრამ, თუ გაუმართლა და ელისეის სასახლემ მიიღო, მაშინ მისი პოლიტიკა რუსეთის მიმართულებით მკვეთრი მობრუნება არ იქნება. მართალია, საბჭოთა კავშირის დროსაც საფრანგეთი რუსეთთან მიმართებით შუალედური პოლიტიკით გამოირჩეოდა, მაგრამ, როცა საქმე საქმეზე მიდგებოდა, ყოველთვის დასავლეთის მხარეს იჭერდა და, როგორც წესი, ეს თამაშები სრულდებოდა ისე, როგორი კრახითაც დასრულდა საბჭოთა კავშირის იმპერიის არსებობა.

რაც შეეხება ფრანგების მოლოდინს, რომ სარკოზი ტერორიზმთან ბრძოლის მედროშე გახდება, ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ სარკოზის დროს ლტოლვილთა ასეთი დიდი ნაკადი, მიგრანტთა კრიზისი არ ყოფილა. ბუნებრივია, სარკოზი ვერ აღუდგებოდა იმას, რაც მის დროს არ ყოფილა. დღეს კი სიტუაცია შეცვლილია და არავინ იცის, როგორ გაუმკლავებოდა მუსლიმანთა მოძალებას ნიკოლა სარკოზი.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ სარკოზი საკმაოდ კარგად იყენებს შიდა მოხმარებისათვის რუსეთ-საქართველოს ომის თემას, თუმცა მის სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ მან გმირობა გამოიჩინა და შეაჩერა ეს სრულიად გაუგებარი ომი, როგორც ერთი, ისე მეორე მხრიდან.

„სარკოზიმ დიდი როლი შეასრულა რუსეთ-საქართველოს ომის პერიოდში. მან შეაჩერა რუსული აგრესია და ეს რეალური ფაქტია.

რაც შეეხება სანქციებს, ბუნებრივია, მედვედევის პოლიტიკური რეჟიმი განსხვავდება პუტინისგან, მედვედევი იყო ლიბერალი და მასთან მოლაპარაკება შეიძლებოდა, ის მიღებული ფიგურა გახლდათ დასავლეთისთვის, ხოლო პუტინი არის ფიგურა, რომელთანაც მოლაპარაკება შეუძლებელია. ახლა, როცა ამერიკული ჰეგემონობა იკლებს და მუსლიმანური სამყაროს კონტურები იქმნება, სარკოზი საკუთარი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე საუბრობს. მას სურს, ევროკავშირმა სანქციებიდან დიალოგზე გადასვლა მოახდინოს, რადგან უკვე ამერიკელებიც კი უთანხმდებიან რუსეთს გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით და აღიარებენ მის წონას. ამერიკა-რუსეთს შორის სირიაში მიღწეული შეთანხმებაც ამის რეალური გამოხატულებაა.

თავის მხრივ, სარკოზი, როგორც საკმაოდ ჭკვიანი პოლიტიკოსი, ძლიერი ანალიტიკოსი, ობიექტურად აფასებს ქვეყნის გარეთ არსებულ სიტუაციას. ითვალისწინებს იმასაც, რომ რუსეთისთვის დაწესებულმა ეკონომიკურმა სანქციებმა დიდი ზიანი მიაყენა საფრანგეთსაც, მის სოფლის მეურნეობას და სხვა დარგებსაც“,-აღნიშნა ვახტანგ მაისაიამ.

მანვე განმარტა, რომ ნიკოლა სარკოზის შანსები საფრანგეთში საკმაოდ მაღალია. მით უმეტეს, ტერორიზმის ფონზე, რადგან სარკოზის დროს ტერაქტებს ადგილი არ ჰქონია. უფრო მეტიც, საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა რამდენჯერმე შეაჩერა ეთნიკურ ნიადაგზე დაპირისპირების საშიში ტენდენცია. ამდენად, სარკოზი ტერორიზმთან ბრძოლის საქმესაც კარგად გაუმკლავდება.