თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ჩინეთსა და საქართველოს შორის გაფორმებულმა ხელშეკრულებამ მოსალოდნელზე ბევრად მეტი კითხვა გააჩინა. იმის გამო, რომ ხელშეკრულება ნაცვალგების პრინციპით დაიდო, მხარეებს თანაბარი ვალდებულება დაეკისრათ. შესაბამისად, რაკი ორივე ქვეყნისთვის ერთმანეთის ბაზრები ხელმისაწვდომი გახდა, კითხვას აჩენს ერთი გარემოება, საქონელტევადი ჩინეთისთვის ქართული ბაზრის გახსნა ჩინეთზე დამოკიდებულს ხომ არ გახდის ქართულ ეკონომიკას?!
საუბარია იმაზე, რომ ექსპორტ-იმპორტის ბალანსი სულაც არ მეტყველებს საქართველოს სასარგებლოდ. რა უნდა შევთავაზოთ ჩინეთს ისეთი, რითაც ამ გიგანტი ქვეყნის ეკონომიკას დავაბალანსებთ?
აღსანიშნავია, რომ 2008 წელს ჩინეთმა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება გააფორმა ახალ ზელანდიასთან, რასაც ჩინეთიდან ახალ ზელანდიაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა მოჰყვა.
რაც შეეხება საქართველოს პერსპექტივას, For.ge გასულ წელსაც წერდა ჩინეთის ამოუწურავ შესაძლებლობებზე. იმ პერიოდში ჩვენთან საუბრისას ექსპერტები ვარაუდობდნენ, რომ საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორს - თურქეთს ქართულ ბაზარზე ჩინეთის სახით სერიოზული კონკურენტი გაუჩნდებოდა. თავად საქართველოს კი ჩინეთი, როგორც მზარდი დომინანტური საბაზრო მოთამაშე, ლოჯისტიკური ჯაჭვის ერთ-ერთი ბუნებრივ კომპონენტად განიხილავდა და ეს ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული მდებარეობიდან გამომდინარეობდა. უფრო ზუსტად, ჩინეთს სურდა, ევროპასთან სწორი საკომუნიკაციო ლოჯისტიკური ქსელის აწყობა, რაშიც მას საქართველო დაეხმარებოდა ევროკავშირთან გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების დახმარებით.
წალეკავს თუ არა ქართულ პროდუქციას ჩინური, რისი მოლოდინიც ქართველ ექსპერტთა ნაწილს უკვე აქვს?!
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში დემურ გიორხელიძე For. ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ჩინური ბაზრისთვის ქართული პროდუქცია შეიძლება საინტერესო იყოს, თუკი გაგვაჩნია ასეთი პროდუქცია. თუმცა ჯერჯერობით ამ დეინდუსტიალიზებულ, პრიმიტიული წარმოების ქვეყანაში არაფერია ისეთი, რომელიც ევროპის, ან ჩინეთის ბაზარზე გაიყიდება.
„თავისუფალი ვაჭრობა ნიშნავს, რომ ჩინელებსაც თავისუფლად შეეძლებათ თავიანთი პროდუქციის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია. ნანახი მაქვს, როგორია შეერთებულ შტატებსა და ევროპაში ჩინური პროდუქციის მოძალება. ჩვენთანაც ეს ბუნებრივად მოხდება. ამიტომ იმაზე კი არ უნდა ვიფიქროთ, რა ცუდია ჩინური პროდუქციის შემოსვლა საქართველოში, არამედ იმაზე, თუ რა პრიმიტიულია ჩვენი ეკონომიკა, რა უსაშველოდ მძიმე სიტუაციაა, როგორაა განადგურებული მცირე და საშუალო ბიზნესი, გვაქვს ოლიგოპოლიური ბაზრები, რომელიც გამორიცხავს კონკურენციას, მაგრამ მგლის შიშით ცხვარს არავინ გაწყვეტს.
უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში ფანტასტიკურად დიდი სამეცნიერო სამუშაო ჩატარდა ბრწყინვალე მეცნიერთა მიერ, თუ რატომაა ზოგიერთი ქვეყანა ღარიბი და ზოგიერთი-მდიდარი, რა უწყობს ხელს ეკონომიკურ ზრდას. ამის მსგავსი ქართულ უნივერსიტეტებში არ ისწავლება. ამიტომაც არაფერი გამოგვდის, რადგან ჩვენ რეფორმებს ვეძახით იმას, რაც რეფორმებს არ წარმოადგენს. 14-მილიარდიან ეკონომიკას (და ჩვენი შიდა პროდუქტი 14-ზე ცოტა მეტი იქნება) არანაირი კონკურენციის გაწევა არ შეუძლია მსოფლიოში“, - აცხადებს დემურ გიორხელიძე.
მისივე თქმით, ჩვენი ხალხის „დაბოლებაა“, თითქოს, ჩინური ბაზარი მხოლოდ ახლაღა გაიხსნა. ეს ბაზარი ადრეც იყო გახსნილი ისევე, როგორც ხელშეკრულების დადებამდეც მოქმედებდა ევროპის ღია ბაზარი. უფრო მეტიც, 7200 დასახელების საქონლის შეტანა შეგვეძლო ევროპულ ბაზარზე, ჩვენი ქვეყნისთვის პრეფერენციების სპეციალური სისტემა იყო მინიჭებული, რაც უპირატესობას გვაძლევდა, მაგრამ რამე გაგვქონდა?
„ახლა მოვაწერეთ ხელი ამ ხელშეკრულებას, ამით რა შეიცვლება? უახლოეს წლებში არანაირი გავლენა ამ ხელშეკრულებას არ ექნება ისევე, როგორც ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებას ქართულ ეკონომიკაზე არავითარი ზეგავლენა არ აქვს. სად არის მთავარი მიმართულებები, რომელიც განსაზღვრავს ქვეყნის სიმდიდრეს?“ - აინტერესებს ექსპერტს.
ექსპერტი სოსო ზაალიშვილი For. ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ დაბალი ხარისხის ჩინური პროდუქცია უკვე რამდენი ხანია, შემოდის საქართველოში. 2003 წლიდან ჩარტერული თვითმფრინავები დაფრინავდნენ და მათ ჩამოჰქონდათ ეს იაფხარისხიანი პროდუქცია. რა თქმა უნდა, მანამდეც იყო ჩინეთისკენ რეისები, მაგრამ „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ გახშირდა ფრენა.
„საერთოდ, ნებისმიერი ხელშეკრულება, რომელიც ფორმდება ისეთ დიდ ქვეყანასთან, როგორიცაა ჩინეთი, იმის საშუალებას იძლევა, გავაკონტროლოთ ჩინეთიდან შემოსული პროდუქცია. ახლა „აიფონები“ სულ ჩინეთში კეთდება, მთელი კომპიუტერული ტექნიკა ჩინეთშია აწყობილი, მაგრამ არის კარგი და ცუდი ხარისხის. ეს ხელშეკრულება იმის საშუალებას იძლევა, ჩინეთიდან კარგი პროდუქცია შემოვიდეს. თორემ ახლა პარიზში გახლდით და იქ სულ ჩინური ნივთები იყიდებოდა, მაგრამ მაღალი ხარისხის. ის, რომ ექსპორტ-იმპორტის ბალანსი საქართველოსა და ჩინეთს შორის საქართველოს სასარგებლოდ არ მეტყველებს, დამწუხრების საფუძველს არ გვაძლევს. ასე, ამერიკისა და ჩინეთის ეკონომიკური ბალანსიც არ მეტყველებს ამერიკის სასარგებლოდ. 16 ტრილიონი ვალი აქვს სახელმწიფო ობლიგაციებით ნაყიდი ჩინეთს. ანუ ამერიკასაც კი უარყოფითი ბალანსი აქვს ჩინეთთან მიმართებით. ჩინეთი მთელ მსოფლიოში უდიდესი ინვესტორია და ამ დროს საქართველოში თან უნდათ, პენსიები გაიზარდოს, თან არ უნდათ, ინვესტორი შემოვიდეს; უნდათ ისიც, რომ სამუშაო ადგილები შეიქმნას, მაგრამ არ უნდათ, ჩინელებმა მიწები იყიდონ. მაშინ უნდა ვიცოდეთ, რომ სამუშაო ადგილები არ იქნება. ეკონომიკა სხვანაირადაა აწყობილი. თუ ფული არ შემოვიდა, სამუშაო ადგილი არ გაჩნდება“, - აცხადებს სოსო ზაალიშვილი და განმარტავს, თუ გვინდა, გავხდეთ ჩრდილოეთ კორეა, მაშინ ავაშენოთ დიდი კედელი საქართველოს ირგვლივ და ინვესტიცია არ შემოვუშვათ, ერთი ატომური ბომბი გავაკეთოთ და ამით შევაშინოთ მთელი მსოფლიო.