ზაზა ფირალიშვილი: „სააკაშვილი მე ახლა უფრო სახიფათო მეჩვენება, ვიდრე 2-3 დღის წინ იყო“

ზაზა ფირალიშვილი: „სააკაშვილი მე ახლა უფრო სახიფათო მეჩვენება, ვიდრე 2-3 დღის წინ იყო“

ღამე, რომელიც მორიგ სამარცხვინო ლაქად დარჩება მიხეილ სააკაშვილის მმართველობის ისტორიაში, კიდევ დიდხანს იქნება განხილვის საგანი – არა იმიტომ, რომ იმ ღამის ტრაგედია რთულად შესაფასებელია, ან შეფასებები სხვადასხვაგვარი იქნება. ყველაფერი გაცილებით მარტივია. ერთი მხრივ – ქვეყნის პირველმა პირმა საკუთარ ხალხზე სამარცხვინო გამარჯვება კიდევ ერთხელ იზეიმა, ხოლო მეორე მხრივ – ქვეყნის პირველობისთვის მებრძოლმა ვერ დაიოკა ამბიციები და მანაც საკუთარი ხალხის სისხლის ფასად მოინდომა „პირველზე“ შურისძიება.

და მაინც, რა მოხდა და რატომ მოხდა – კიდევ დიდხანს დავსვამთ ამ კითხვებს და პასუხად მივიღებთ იმას, რასაც ჯერ კიდევ კითხვების დასმამდე გვეუბნებოდნენ.

ამ კითხვებს პრესაგე.ტვ ამჯერად, ფილოსოფოს ზაზა ფირალიშვილს უსვამს.  

დარბევის ფაქტზე არ გკითხავთ, რადგან პასუხი გასაგებია, მაგრამ რა მოხდა თავად დარბევამდე – ეს იყო წინაწარ გამიზნული ქმედება, თუ აქციის ორგანიზატორებმა რაღაც ვერ გათვალეს?

– მრჩება შთაბეჭდილება, რომ რადიკალურ ოპოზიციას წარმოდგენა არ ჰქონდა, რა რაოდენობის ადამიანები მოიყრიდა თავს აქციაზე. როდესაც ისინი დაადგნენ აღლუმის ხელისშეშლის და ხელისუფლებასთან კონფრონტაციის გზას, ეს იყო მათი გეგმის ის ვარიანტი, რომელიც შემუშავებული ჰქონდათ იმ შემთხვევისთვის, თუ აქციაზე ბევრი ადამიანი არ მოვიდოდა. მათ სხვა გზაც არ რჩებოდათ – უნდა წასულიყვნენ კონფრონტაციაზე, ან უნდა გამოეცხადებინათ, რომ ვერ შეძლეს ადამიანების მობილიზება და უნდა დაშლილიყვნენ. რა თქმა უნდა, ესენი ამას არ გააკეთებდნენ.

მეორე მხრივ, ქართულ პოლიტიკაში გრძელდება ტრადიცია – იოლად წასვლა ისეთ კონფრონტაციაზე, რომელსაც შეიძლება ადამიანები შეეწირონ. თავის დროზე ასეთ კონფრონტაციაზე მიდიოდა მიხეილ სააკაშვილი, გავიხსენოთ ის ისტორიები, რაც აჭარასა და სამაჩაბლოში გადაგვხდა. როგორც ჩანს, საქართველოში ცოტა უცნაური პოლიტიკური კულტურა ჩამოყალიბდა.

ის, რაც მოხდა, რა პერსპექტივას უსახავს ქვეყანას?

- შეიძლება კატეგორიულად ითქვს, რომ ის, რაც მოხდა, კიდევ უფრო გააძლიერებს მიხეილ სააკაშვილის თავდაჯერებულობას, კიდევ უფრო გააძლიერებს მის ავტორიტარულ ტენდენციებს. სააკაშვილმა კიდევ ერთხელ არ დაუგდო ყური საკუთარ მოსახლეობას, იმ პრობლემებს, რომელიც ხალხში შეიძლება არსებობდეს და არ დაუგდო ყური მათ ტკივილს და გასაჭირს. ამ დარბევის შემდეგ კი, სააკაშვილი მე უფრო სახიფათო მეჩვენება, ვიდრე 2-3 დღის წინ იყო.

ჯონ ბასის განცხადებას არერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა საზოგადოებაში, ბევრი თვლის, რომ დარბევამდე რამდენიმე საათით ადრე ბასის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ სააკაშვილს მოქმედების თავისუფლება მისცა...

- მე არ მესმის, რომელ საზოგადოებაში იყო ამგვარი შეფასებები. თუ ვიღაცა ვერ ხედავს განსხვავებას ჯონ ბასსა და გენერალ როდიონოვს შორის, ეს მისი პრობლემაა. ჯონ ბასმა აღნიშნა ფაქტი, რომელსაც მეც აღვნიშნავდი წინა დღეებში - რომ, რადიკალური ოპოზიცია მიდიოდა სიტუაციის ესკალაციაზე. ასე რომ, ბასმა აღნიშნა ეს ფაქტი და მეტი არაფერი.

გარდა ამისა, პირადად მე და კიდევ რამდენიმე ადამიანი ვამბობდით, რომ ხელისუფლება ცდილობდა გაეტყუებინა რადიკალური ოპოზიცია სამართლებრივ ჩარჩოებს გარეთ, რადგან შემდეგ მათი დარბევა გამართლებული იქნებოდა. ჩვენ ამის შესახებ ვაფრთხილებდით, მაგრამ რადიკალური ოპოზიცია მაინც მიდიოდა ამაზე. საქმე ისაა, რომ იმღამინდელი ისტორია გათამაშდა იმ მოდელით, როგორითაც გათამაშდა 22 წლის წინ 9 აპრილის ისტორია. თუმცა, ჩვენმა ლიდერებმა ვერ გაიგეს, რომ მას შემდეგ შეიცვალა საზოგადოებაც და სამყაროც – ისტორიაში ერთი და იგივე არ მეორდება.

თქვენ ამბობთ, რომ ამ აქციამ სააკაშვილის პოზიცია კიდევ უფრო გაამყარა. აქედან გამომდინარე, რა ბედი ელის „რვიანს“?

- მანდ შესაძლოა რამდენიმე სიუჟეტი გათამაშდეს, ხელისუფლებამ შესაძლოა, მოლაპარაკებების დაწყებით სცადოს პირის მოწმენდა როგორც ქართული, ისე – საერთაშორისო საზოგადოების წინაშე, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ამ სიტუაციაში „რვიანი“ არ დათანხმდება ინტენსიურ მოლაპარაკებებს. „რვიანი“ ალბათ, რაღაც პირობებს წამოაყენებს, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს, რადგან 26 მაისის ღამემ ძალზედ შეცვალა ჩვენი პოლიტიკური რეალობა.

თუ ხედავთ მცირეოდენ შანსს იმისას, რომ სააკაშვილმა არჩევნების გზით დათმოს ძალაუფლება?

- მე საკითხს სხვაგვარად დავსვამდი - დავათმობინებთ თუ არა სააკაშვილს ხელისუფლებას არჩევნების გზით. ჩვენ ვხედავთ, რომ სააკაშვილმა საერთაშორისო საზოგადოების წინაშე კანონი მოიმარჯვა. ჩვენ გვაქვს ასევე საშუალება, რომ მის წინააღმდეგ მოვიშველიოთ კანონი. ეს, შესაძლოა, ცოტა არაქართულად გამოიყურება, რადგან ქართველს მძიმე, ვაჟკაცური პოლიტიკა გვიყვარს. მეორე მხრივ, ეს ერთადერთი იარაღია, რომლითაც შეიძლება დღეს სააკაშვილს დაუპირისპირდე და, თანაც – ხისტად. ისიც გასათვალისწინებელია, რომ საერთაშორისო საზოგადოებისათვის ჩვენ იოლად აღქმადი ვხდებით. მათ უკვე ესმით ის ენა, რომელზეც ჩვენ ვმეტყველებთ, მაშინ, როცა საერთაშორისო საზოგადოებისთვის გაუგებარი იყო ჯიგრულ-ვაჯკაცური პოლიტიკური პარადიგმა, რომელშიც ჩვენი აქციები მოექცა.